5 ნოემბრის შეთქმულება და გაი ფოქსი

– ვინ იყო ეს ადამიანი? მე ვიცი – მისი სახელი იყო გაი ფოქსი და ისიც ვიცი, რომ 1605 წელს პარლამენტის აფეთქებას შეეცადა. მაგრამ ნამდვილად არსებობდა ის? როგორ გამოიყურებოდა? ჩვენ გვასწავლეს, რომ უნდა გვახსოვდეს იდეა და არა ადამიანი, რადგან ადამიანი შეიძლება დამარცხდეს, ის შეიძლება შეიპყრონ, მოკლან ან დაივიწყონ, მაგრამ იდეას 400 წლის შემდეგ ისევ შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რამხელა ძალა აქვს იდეას. მინახავს ხალხი, რომელთაც იდეის გამო კლავდნენ, ხალხი, რომელიც იდეის დაცვას შეეწირა.. მაგრამ იდეას ვერ ეამბორები, ვერ შეეხები, ვერ ჩაეხუტები. იდეებს სისხლი არ სდით, არ გრძნობენ ტკივილს, არ უყვარდებათ..

ნაწყვეტი ფილმიდან “V for Vendetta”

შეთქმულება

მე-17 საუკუნის დასაწყისში ლონდონის გარეუბნის არაფრით გამორჩეულ ბინაში სამი ინგლისელი ჯენტლმენი შეიკრიბა, რათა მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ებჭოთ. პროტესტანტი მეფე ჯეიმს I ახალი ასული იყო სრულიად ინგლისისა და ირლანდიის სამეფო ტახტზე და გამეფების წინ დადო პირობა, რომ ანტიკათოლიკურ კანონებს გააუქმებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კანონებს არათუ გაუქმება, არამედ უფრო გამკაცრება ელოდათ. ჩრდილო ამპტონშირელმა ცნობილმა კათოლიკემ რობერტ კეტსბიმ, რომლისთვისაც უცხო არ იყო ინტრიგები და შეთქმულებები, გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო შესაბამისი მოქმედება. მას აღწერდნენ, როგორც “კარგი გარეგნობის, 6 ფუტი (182 სმ) სიმაღლის, ათლეტური აღნაგობის კარგ მოფარიკავეს”. რობერტი დაუკავშირდა თავის ბიძაშვილს, ტომას ვინტურს და შეიკრიბნენ მისი მეგობრის, ჯონ რაითის სახლში. შეკრების მიზანი იყო, შეემუშავებინათ გეგმა, პარლამენტის გახსნისთანავე, 5 ნოემბერს როგორ აეფეთქებინათ ლორდთა პალატა და მასთან ერთად იმჟამინდელი მეფე, უელსის პრინცი და მინისტრების უმრავლესობა. ამის შემდეგ მმართველებად გამოაცხადებდნენ ახალგაზრდა პრინცს ჩარლზსა და პრინცესა ელიზაბეტს, სახელმწიფო რელიგიად კი კათოლიციზმს დააბრუნებდნენ.

ლონდონის ძველი რუკის ნაწილი.
წითლად აღნიშნულია ლორდთა პალატის ადგილმდებარეობა


 

1604 წლის მაისში ტომას ვინტურმა შეიამხანაგა ჯარისკაცი გაი (გვიდო) ფოქსი, რომელიც იორკში იყო დაბადებული და ინგლისის სასარგებლოდ იბრძოდა საფრანგეთსა და ესპანეთის მიერ კონტროლირებად ჰოლანდიაში. სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში ყოფნის საკმაოდ მსუყე გამოცდილების გამო ცხადია, ფოქსი ჰაერივით საჭირო ადამიანი იყო მათთვის. გარეგნულადაც შთამბეჭდავი პიროვნება იყო – მისი დროის ნახატებზე გამოსახულია, როგორც მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი მხრებზე დაყრილი წითური თმებითა და გრძელი წვერით. რობერტ კეტსბიმ ჩამოუარა მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, რათა მხარი აებათ მისი შეთქმულებისთვის და ფინანსურადაც დახმარებოდნენ. რისკიანმა გეგმამ გააერთიანა რობერტ ვინტური, ქრისტოფერ რაითი, ტომას პერსი, ჯონ გრანტი, ამბროს როკვუდი, რობერტ კაიასი, სერ ევერარდ დიგბი, ფრანსის ტრეშემი და რობერტ კეტსბის მსახური, ტომას ბეიტსი.

შეთქმულები


 

კესტბიმ ვესტმინსტერის სასახლესთან ახლოს პატარა სახლი იქირავა და პარლამენტის შენობამდე გვირაბის გათხრა დაიწყეს. ჯენტლმენები ასეთ მძიმე სამუშაოს არ იყვნენ მიჩვეულნი, ამიტომ პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. საბედნიეროდ, 1605 წლის მარტში ტომას პერსიმ შეძლო სამეფო კართან თავისი კავშირების გამოყენება და დაიქირავა სარდაფი ზუსტად ლორდთა პალატის ქვემოთ. გვირაბის თხრას თავი გაანებეს და გაი ფოქსმა საწყობში 36 ბარელი (4200 ლიტრზე მეტი) მოცულობის შავი დენთი გადაატანინა, რომელიც ნახშირითა და შეშით დაფარეს. ყველაფერი მზად იყო: ახლა შეთქმულების ავტორებს ლოდინიღა დარჩენოდათ.

ღალატი

როგორც ჩანს, შეთქმულებმა იჩქარეს, ან გუნდი არასწორად დაკომპლექტდა, რადგან მათში მურმანიც აღმოჩნდა და დაფიქრდა, რომ პარლამენტში მისი მეგობრებიც იქნებოდნენ და ეს საქმე მათაც შეიწირავდა. პარლამენტის გახსნამდე 10 დღით ადრე ლორდი უილიამ პარკერი ჰოქსტონში სადილობდა, როცა უცნობი პირისგან წერილი მიუვიდა.

– ჩემო ბატონო, იმ სიყვარულის გამო, რომელიც თქვენი მეგობრების მიმართ მაქვს, მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაცნობოთ. თუკი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია, მოიგონეთ რაიმე მიზეზი, რათა პარლამენტის გახსნას არ დაესწროთ, რადგან ღმერთმა და ადამიანებმა პირი შეკრეს, რათა ჩვენი დროის ბოროტება გაანადგურონ. ნუ მოეკიდებით ამ თხოვნას უგულისყუროდ, წაბრძანდით თქვენს მამულში და იქ უსაფრთხოდ იქნებით. ვერ მოესწრებით პარლამენტის აფეთქებას, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან პერსონას შეიწირავს და ვერც მიხვდებიან, ვინ გააკეთა ეს. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, რომელიც მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. იმედი მაქვს, ღმერთი დაგეხმარებათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება..

დღემდე უცნობია, ვინ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა და წერილის ავტორის ვინაობა გაურკვეველია, თუმცა ლორდი ფრანსის ტრეშემის სიძე იყო, რაც შესაბამის ეჭვს ბადებს.

ანონიმური წერილი


 

ლორდმა წერილი დაუყოვნებლივ აჩვენა სელისბერის პირველ გრაფს და ამავდროულად სახელმწიფო მდივანს, რობერტ სესილს. საიდუმლო საბჭომ განიხილა საქმე და მალევე მიაგნეს ძაღლის თავს. ისინი მიადგნენ ტომას პერსის სარდაფს, სადაც გაი ფოქსი იმყოფებოდა. ძალის გამოყენებით სარდაფში ჩავიდნენ, სადაც, რა თქმა უნდა, უზარმაზარი რაოდენობის დენთი იპოვეს და ფოქსი ადგილზევე დააპატიმრეს.

დასჯა

როგორც კი გაიგეს, რომ გეგმა ჩაიფუშა, რობერტ კეტსბიმ და ტომას ვინტურმა თანამოაზრეებთან ერთად თავს უშველეს ცენტრალურ ინგლისში, მიდლენდში გაქცევით, მაგრამ იქ საიმედო თავშესაფარი ვერ მონახეს. 3 დღის განმავლობაში გადაინაცვლეს რამდენიმე მეგობრისა და გულშემატკივრის სახლებში, სანამ სტეფორდშირში სამხედროებს არ გადააწყდნენ. დანებებაზე უარი განაცხადეს, რასაც სროლა მოჰყვა. რობერტ კეტსბი, ტომას პერსი და ქრისტოფერ რაითის ორი ძმა სისხლიანი შეტაკებისას დაიღუპა, დაჭრილი ტომას ვინტური და ამბროს როკვუდი კი ლონდონში გადაიყვანეს. დარჩენილი წევრები რამდენიმე დღეში შეიპყრეს (მხოლოდ რობერტ ვინტური დაიჭირეს 2 თვის შემდეგ). შეთქმულების ყველა წევრი გაასამართლეს და სახელმწიფო ღალატის გამო სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდეს – ჯერ ცხენზე გამოაბეს და მოედნამდე ათრევინეს, შემდეგ ყულფში გააყრევინეს თავი და სანამ გონების დაკარგვამდე მივიდოდნენ, მანამ ჰყავდათ ჩამოკიდებული, ბოლოს კი გამოშიგნეს, სხეული დაანაწევრეს და დაწვეს. თავები კი ლორდთა პალატის წინ მდებარე ჭიშკრის კბილანებზე ჩამოაცვეს, რათა ყველას დაენახა.

შეთქმულების დასჯა

მოწყობილობა, რომელზეც შეთქმულები აწამეს


 

ვერსიები

ფრენსის ტრეშემი პატიმრობის დროს დაიღუპა და ბევრჯერ გამოითქვა ვერსია, რომ მისი სიკვდილი წინასწარ იყო დაგეგმილი. სხვა ვერსიით, ტრეშემმა მისი სიძე ლორდ მონტიგლი გაცილებით ადრე გააფრთხილა, შემდეგ კი ერთად მოიფიქრეს გეგმა, რომლითაც შეთქმულების ავტორებს საკმაო დრო მისცეს გასაქცევად. პოპულარული თეორიები ამბობენ, რომ ფოქსიც ტრეშემის მსგავსად ორმაგი აგენტი იყო. ასევე არის აზრიც, რომ სელისბერის აგენტებმა დასაწყისშივე გაშიფრეს გეგმა და მოქმედება გვიან დაიწყეს, რათა დრამატული ელფერი მისცემოდა. შესაბამისად, შეიძლება მეფე არც არასდროს ყოფილა საფრთხეში. დღემდე მიდის დავა, ვინ იყვნენ შეთქმულების ავტორები – ქვეყნის ერთგული შვილები თუ მოღალატეები? ინგლისელთა ნაწილი პირველ ვერსიას ემხრობა და მის ქმედებას რობინ ჰუდთან ამსგავსებს კიდეც.

შემდგომი პერიოდი

იმის მიუხედავად, რომ შეთქმულებაში 13 მონაწილე იყო, მისი სახე მაინც გაი ფოქსი გახდა. 5 ნოემბერი დიდ ბრიტანეთში აღინიშნება, როგორც გაი ფოქსის დღე. მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ტარდებოდა ცერემონიები, რომლებშიც გაის დასჯას ასახავდნენ სიმბოლურად. ამისთვის ბავშვები გაზეთებისგან აწყობდნენ ადამიანის ფორმას, აცმევდნენ ტანისამოსს და უკეთებდნენ ნიღაბს, შემდეგ კი წვავდნენ. სიტყვა “გაი” (guy) თანდათანობით იქცა უცნაურად ჩაცმული ადამიანის სიმბოლოდ, ხოლო ამერიკაში ის ზოგადად მამაკაცის აღმნიშვნელია.

1776 წელი, "გაი ფოქსის ღამე"


 

1841 წელს უილიამ ჰარისონ აინსვორტმა გამოუშვა ისტორიული რომანი “გაი ფოქსი, ანუ დენთის ღალატი”, სადაც მთავარი პერსონაჟი ნათელ ფერებში ასახა, რითაც ბევრისთვის დადებითი პერსონა გახადა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოსულ საბავშვო წიგნებში გაი ფოქსს გმირის სტატუსი აქვს. ეს კიდევ უფრო გაამყარა 80-იანებში გამოსულმა ალან მურის კომიქსმა “V for Vendetta” და 2006 წელს გამოსულმა იმავე სახელწოდების ფილმმა.

“დენთის შეთქმულებასთან” დაკავშირებით არსებობს ძველი ხალხური ლექსი, რომელიც ყველა ინგლისელმა ბავშვმა ზეპირად იცის:

“Remember, remember, the 5th of November
The Gunpowder Treason and plot ;
I know of no reason why Gunpowder Treason
Should ever be forgot.

Guy Fawkes, Guy Fawkes, ‘Twas his intent.
To blow up the King and the Parliament.
Three score barrels of powder below.
Poor old England to overthrow.
By God’s providence he was catch’d,
With a dark lantern and burning match

Holloa boys, Holloa boys, let the bells ring
Holloa boys, Holloa boys, God save the King!
Hip hip Hoorah ! Hip hip Hoorah !

A penny loaf to feed ol’Pope, A farthing cheese to choke him.
A pint of beer to rinse it down, A faggot of sticks to burn him.
Burn him in a tub of tar, Burn him like a blazing star.
Burn his body from his head, Then we’ll say: ol’Pope is dead.”

 

აფეთქების რეკონსტრუქცია

2005 წელს ბრიტანულმა ტელეარხმა ITV-მ გადაწყვიტა, აეხდინა გაი ფოქსის ოცნება და ააგეს ლორდთა პალატის ზომის შენობა, რომელსაც ქვემოთ დენთის კასრები ჩაუდგეს და ააფეთქეს. ტესტმა აჩვენა, რომ გაი ფოქსის ჩანაფიქრი რომ ასრულებულიყო, შენობაში არსებულ ყველა ცოცხალ არსებას დახოცავდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ 2 მ სისქის ბეტონის კედლები ნატეხებად დაიშალა. ამ ყველაფრის დანახვა შესაძლებელი იყო რამდენიმე კმ-ის მოშორებით, ხოლო ხმა კიდევ უფრო შორს ისმოდა. მხოლოდ იმის ნახევარი რომ აფეთქებულიყო, რაც შეთქმულებმა სარდაფში ჩაიტანეს, სავსებით საკმარისი იქნებოდა გეგმის ასასრულებლად.

2002 წლის მარტში, როცა მუშები იკვლევდნენ ჯონ ეველინისა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკის არქივებს, იპოვეს რამდენიმე ყუთი, რომელიც სავსე იყო დენთით და თან ახლდა პატარა ბარათი, რომელიც იუწყებოდა, რომ ის ეკუთვნოდა გაი ფოქსს..

Advertisements

2 responses to “5 ნოემბრის შეთქმულება და გაი ფოქსი

  1. cucqira7 03/04/2011, 11:12 PM

    დანებებაზე უარს იტყოდნენ აბა რასიზავდნენ, იცოდნენ ყულფში თავის გაყოფა ელოდათ 🙂

    Like

  2. Pingback: ჯგუფი “Anonymous” 5 ნოემბერს ფეისბუქს დაჰაკავს « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: