კომედიანტი

ედვარდ მორგან ბლეიკი, ცნობილი როგორც კომედიანტი, DC Comics-ის სუპერგმირი და ალან მურის კომიქსების სერიის, “Watchmen”-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

ის ერთ-ერთი იყო თავგადასავლების მოყვარულ ნიღბიანთა ჯგუფიდან, რომელსაც “Minutemen” ერქვა, მისი დაშლის შემდეგ კი ახალ პროექტში, “Crimebusters”-ში გაწევრიანდა. ძირითადად ჩნდებოდა, როგორც სიგარაგარჭობილი, იარაღგადაკიდებული მეთვალყურე ირონიული ღიმილით. ახასიათებდა ნიჰილიზმი, არ იჩენდა შებრალებას ადამიანების მიმართ. ცხოვრებას ახასიათებდა, როგორც სადიტურ ხუმრობას, რომელსაც მხოლოდ თვითონ იგებდა. ამ თვისებების გამო ის შეიძლება სოციოპათად ჩაითვალოს.

Minutemen

კომედიანტი 1918 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი იყო ედვარდ ბლეიკი. დანაშაულთან ბრძოლამდელ პერიოდში მასზე არაფერია ცნობილი. 1939 წელს, როცა კოსტუმირებული თავგადასავლების მაძიებელი გახდა, ჰოლის მეისონმა მას უწოდა “საოცრად ღვარძლიანი და სასტიკი ახალგაზრდა”, რომელიც მუდამ ფხიზლად იყო და გონიერებითაც გამოირჩეოდა. ბლეიკმა შეძლო ნიუ-იორკის ყველაზე ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა.

იმავე წლის შემოდგომაზე ერთ-ერთ გაზეთში ვინმე ნელსონ გარდნერის განცხადებას წააწყდა, რომელიც ნიღბიან გმირებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. ასე შეიქმნა “Minutemen”. გამომდინარე იქიდან, რომ ბლეიკი ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, ხშირად ქილიკობდა და ხუმრობდა, რომ ის ყველაზე დიდხანს იცოცხლებდა და სიკვდილამდე დანარჩენ წევრებს დამარხავდა. ხშირად ეარშიყებოდა ჯგუფის მომხიბვლელ წევრს, აბრეშუმის ზმანებას (Silk Spectre).

1940 წელს “Minutemen”-ის წევრებს ფოტოგრაფმა სურათები გადაუღო. გამოსაცვლელად ოთახში შესულ სალი იუპიტერს, იგივე აბრეშუმის ზმანებას ბლეიკი შეუვარდა და ძალის გამოყენებით მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. სალისგან უარმა რომ არ გაჭრა, მისი სახის დაკაწვრა სცადა. ბლეიკმა მუცელსა და სახეში მუშტი გაუქანა და დაასისხლიანა, შემდეგ იატაკზე დააგდო და განძრევის საშუალება არ მისცა. ამ დროს ოთახში შემოვიდა კაპიუშონიანი სამართალი (Hooded Justice) და როცა გააანალიზა, რა ხდებოდა, ბლეიკთან ხელჩართული ჩხუბი გამართა, გაუტეხა ცხვირი და საზარდულში მუხლი ამოარტყა. ბლეიკს ნიკაპიდან სისხლი წამოუვიდა და პერანგზე მისი სიმბოლო დაალაქავა.

ამ დროს გაიცინა და თქვა: “ეს მოგწონს? ესაა, რაც აღგაგზნებს?” პასუხად კაპიუშონიანმა სამართალმა მიუგო: “გაეთრიე”.

40-იანი წლები 

მალე ბლეიკი “Minutemen”-დან გარიცხეს და იძულებული გახდა, მარტო გაეგრძელებინა მოქმედება. 1941 წელს მას წვრილმანი ხულიგანი დაესხა თავს და შეტაკების დროს სერიოზულად დაშავდა. გამოკეთების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუმჯობესებინა კოსტუმი და შეეცვალა მასალა ტყავით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის ტარება დაიწყო.

ბლეიკი იბრძოდა II მსოფლიო ომში. გამოჩენილი მამაცობისთვის ომის გმირად შერაცხეს. 1945 წელს სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგა 7 იაპონელი ტყვის დახოცვის გამო. ეს საქციელი არც მეტი, არც ნაკლები, ნიძლავის გამო ჩაიდინა. თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლეს.

1948 წელს კიდევ ერთხელ მოუწია საქმის დაჭერა სალი იუპიტერთან. ამ დროს ეს უკანასკნელი ლოურენსზე იყო დაქორწინებული. 1 წელიწადში სალიმ გოგონა გააჩინა, რომელსაც ლორი დაარქვა. კომიქსების დასასრულს აღმოჩნდება, რომ ლორი კომედიანტის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ არსადაა ნათქვამი, ისე ჩანს, რომ მეორე სექსუალური კავშირი წყვილს შორის თანხმობით მოხდა. სალის საუბრისას ეტყობა, რომ კომედიანტის მიმართ გრძნობები აქვს.

მთავრობის სამსახურში 

50-იან წლებში ედი ბლეიკი იყო ერთადერთი მოქმედი თავგადასავლების მოყვარული ნიღბიანი. ამ პერიოდში ის მთავრობის სამსახურში იყო და მათ დაკვეთებს ასრულებდა. 1963 წელს საცხოვრებლად გადავიდა დალასში, ტეხასის შტატში და რიჩარდ ნიქსონის დაცვაში მუშაობდა. მას ახლდა იმ დღესაც, როცა პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს. ხშირად გაჩენილა ეჭვები, რომ ეს მკვლელი თავად ბლეიკი იყო ან მინიმუმ შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას.

დოქტორ მანჰეტენთან ერთად კომედიანტმა დიდი როლი ითამაშა აშშ-ვიეტნამის ომში. მანჰეტენის ღვთაებრივი ფიგურის გამოჩენა ვიეტნამელ ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა და მაშინვე ნებდებოდნენ. ერთხელ ბარში ბლეიკს მიადგა ვიეტნამელი ქალი, რომელიც მისგან იყო ორსულად. მან უხეშად სცადა მოშორება, უთხრა, რომ ქვეყნის დატოვებას მის გარეშე აპირებდა. ქალმა ამის გაგონებაზე ბოთლი დაამტვრია და ნატეხით სახე გაუფხაჭნა. ბლეიკმა იარაღი ამოიღო და მოკლა.

სიცოცხლის ბოლომდე ეტყობოდა ჭრილობისგან დარჩენილი ნაიარევი, რომელიც მარჯვენა თვალთან იწყებოდა და პირთან მთავრდებოდა. ეს აძლევდა ისეთ გამომეტყველებას, თითქოს მუდამ იცინოდა. ამ შემთხვევის შემდეგ ისეთი ნიღბის ტარება დაიწყო, რომელიც იარას ფარავდა. ამ ქალის მოკვლის გამო სასამართლოს წინაშე ხელმეორედ მოუწია წარდგომა, მაგრამ ისევ გადარჩა საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო.

Crimebusters 

1966 წელს ჰოლის მეისონმა, იგივე პირველმა ღამის ბუმ (Nite Owl), გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული ნაშრომი “Under the Hood”, სადაც ბლეიკის მიერ სალი იუპიტერის გაუპატიურების მცდელობაზეც დაწერა. ამავე წელს კაპიტანმა მეტროპოლისმა მიიწვია თავისთან, რომ ახალ პროექტში, “Crimebusters”-ში გაწევრიანებულიყო. ბლეიკს სასაცილოდ არ ეყო და მასხრად აგდება დაუწყო, რითიც მის ოცნებებს საფუძველი გამოაცალა. უთხრა, რომ ამას მხოლოდ პატივმოყვარეობისა და დიდებისთვის აკეთებდა. იქვე დაამატა, რომ დანაშაულთან ბრძოლის ძველი მეთოდები ყოვლად უსარგებლო იყო, რადგან მსოფლიოს ბირთვული ომი ემუქრებოდა.

ამავე დროს კომედიანტი შეხვდა ლორის, სალის შვილს და მასთან საუბრის გაბმა სცადა, თუმცა სალიმ დაინახა ეს და გაბრაზებულმა შეაწყვეტინა. ამის გამო კომედიანტი გულწრფელად დადარდიანდა. ლორიმ მანქანიდან დაინახა, რომ ის მათ სევდიანად უყურებდა და მის გამო გული დაწყდა. თუმცა შემდეგ დედისგან ძველი ისტორია მოისმინა (მაგრამ ის არ გაუგია, რომ კომედიანტის შვილი იყო), რის გამოც ზიზღი და სიძულვილი დაეუფლა ბლეიკის მისამართით.

70-იანებში კონგრესის მიერ ახალი კანონი შემოვიდა – კინის აქტი, რომელიც სუპერგმირებს ავალდებულებდა რეგისტრაციის გავლას და სახელმწიფოს მითითების შესრულებას, სხვაგვარად მათი ქმედება უკანონოდ ჩაითვლებოდა. თითქმის ყველამ გაანება თავი დანაშაულთან ბრძოლას, მხოლოდ რორშახმა არ დაიხია უკან. კომედიანტმა და დოქტორმა მანჰეტენმა კი მთავრობის სამსახურში განაგრძეს საქმიანობა.

სიკვდილი / მემკვიდრეობა 

ერთ-ერთი მისიის შესრულებისას თვითმფრინავით გადაფრენის დროს ბლეიკმა რუკაზე აღუნიშნავი კუნძული დააფიქსირა, სადაც საეჭვო სიტუაცია იყო. საქმის გარკვევისას აღმოაჩინა, რომ იგეგმებოდა რაღაც ძალიან მასშტაბური და შემაძრწუნებელი. ეს სიახლე იმდენად ძნელად აღსაქმელი იყო მისთვის, რომ სახლში მიადგა ედგარ იაკობს, იგივე მოლოქს (Moloch), რომელიც წლების განმავლობაში მისი მტერი იყო და ნანახის შესახებ რაღაცები მოუყვა. ადრიან ვეიტს, იგივე ოზიმანდიასს (Ozymandias), რომელიც ამ მომავალი პროექტის ავტორი იყო და აკონტროლებდა საიდუმლო კუნძულს, მოლოქის სახლში მიკროფონები ჰქონდა დამონტაჟებული, შესაბამისად კომედიანტის ნალაპარაკევი მანაც მოისმინა. მალე ის ბლეიკს მიადგა სახლში და ფანჯრიდან გადაგდებით მოკლა. ამ ამბის გამოძიებით იწყება სწორედ რორშახის დღიური.

დოქტორ მანჰეტენთან კამათის დროს, როცა ცდილობდა დაერწმუნებინა ის, რომ აერიდებინა მსოფლიოსთვის ბირთვული ომი, ლორიმ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ კომედიანტი მამამისი იყო. თავად მაჰეტენიც განცვიფრებული იყო იმის აღმოჩენით, რომ ისეთ განსხვავებულ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ ედვარდ ბლეიკი და სალი იუპიტერი, სექსი ჰქონდათ, ლორი კი მათი შვილი იყო. მან გადაწყვიტა, რომ კაცობრიობა მაინც იმსახურებდა გადარჩენას და ლორის დედასთან შერიგება სთხოვა.

Watchmen 

“მეთვალყურეების” (Watchmen) ისტორია იწყება 1985 წლიდან, როცა ვინმე ედვარდ ბლეიკს გარდაცვლილს იპოვიან. სიკვდილის წინ ის სასტიკად იყო ნაცემი, შემდეგ კი ფანჯრიდან გადავარდნილი. რორშახი მარტო იძიებს ამ საქმეს. მისი საცხოვრებლის თვალიერებისას მიაგნებს საიდუმლო საცავს და წააწყდება კომედიანტის კოსტუმს, რითიც ხვდება, რომ ეს ორი პიროვნება ერთი და იგივე იყო.

Watchmen-ის პერიოდში კომედიანტი ცოცხალი აღარაა, თუმცა ის ხშირად აგონდებათ სხვა სუპერგმირებს. მის შესახებ ისტორიები გვხვდება კომიქსების მეორე და ბოლო თავებში. მეორე თავი კომედიანტის დაკრძალვაა, ბოლო თავი კი ისტორიის დასასრული.

შესაძლებლობები 

ბლეიკს შესანიშნავად გამოსდიოდა ხელჩართული ჩხუბი, იყო არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში სიკვდილის დროსაც კი, 61 წლის ასაკში. ჰოლის მეისონის წიგნში “Under the Hood” ჩანს, რომ ოზიმანდიასსა და კომედიანტს მანამდეც მოუვიდათ შელაპარაკება, რომელიც ორთაბრძოლაში გადაიზარდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. კარგად ფლობდა .45 კალიბრიან პისტოლეტს და დასატუმბ პნევმატურ თოფს.

ომებში მონაწილეობა იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო ტაქტიკაშიც მარჯვე იყო. ომის დროს წარმატებით იყენებდა ცეცხლსატყორცნებს, ფეთქებად ნივთიერებებს, ყუმბარებსა და სატყორცნ დანადგარებს. ასევე შეეძლო უჩუმრად მოქმედება, ოპერაციის მაღალ დონეზე შესრულება, რის გამოც დიდი ხნით იყო დაქირავებული მთავრობის მიერ. ასევე იყო მაღალი და კარგი აღნაგობის.

კომედიანტი გამოირჩევა გამომძიებლის ალღოთიც. ის ერთ-ერთია, ვინც შიფრავს ოზიმანდიასის გეგმას, არის პირველი პერსონაჟი, რომელიც ხვდება, რომ დოქტორ მანჰეტენს თანდათან გული უცივდება საზოგადოების მიმართ და უგრძნობი ხდება, ასევე სწორად ხვდება, რომ კაპიუშონიანი სამართალი სექსუალური ორიენტაციით გეია (თუმცა ამ მხრივ ერთადერთი არ ყოფილა).

Advertisements

One response to “კომედიანტი

  1. Kate_AlukaЯD 24/03/2011, 9:44 PM

    არ მევასება ეს პერსონაჟი :დ
    ჯეფრი დინ მორგანიც დიდი უნდილი ვინმეა :დ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: