კამერაზე აღბეჭდილი ფატალური შემთხვევები


ვიდეოკამერის გამოგონების შემდეგ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მომენტები გადაეღოთ, შეენახათ და შემდეგ სხვისთვის ეჩვენებინათ. ამ ვიდეოებში ასახულია ნეგატიური მოვლენები – გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევები, რომლებმაც ადამიანთა სიცოცხლეები იმსხვერპლეს და რომლებიც შემთხვევით აღიბეჭდა. მსგავსი ვიდეოები ხშირად ხდება შესწავლის ობიექტი, მკვლევარები საათების განმავლობაში აანალიზებენ მათ, რათა მომავალში მსგავსი რამეები თავიდან აიცილონ.

***

2001 წლის 24 მაისს იერუსალიმში, ვერსალის დარბაზში კერენ და ასაფ დრორების ქორწილს მათი ასობით მეგობარი და ნათესავი ესწრებოდა. უეცრად მესამე სართულზე იატაკის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, რამაც იმსხვერპლა 23 ადამიანი და დააშავა 380.

***

1988 წლის 28 აგვისტოს 300 000 ადამიანი ესწრებოდა რამშტაინის ყოველწლიურ საჰაერო შოუს დასავლეთ გერმანიაში. შოუს მსვლელობისას მოხდა ავარია და რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი Aermacchi MB-339 დაზიანდა. არეულობაში დაიღუპა 3 პილოტი და 67 მაყურებელი, 346-მა ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო აფეთქებებისა და ცეცხლის შედეგად.

***

1985 წლის 11 მაისს ბრედფორდის საფეხბურთო სტადიონზე (ინგლისი, დასავლეთ იორკშირი) 11 076 გულშემატკივარი იყო შეკრებილი ბრედფორდის სეზონური თამაშების საყურებლად. მოულოდნელად უკანა რიგებში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც სწრაფად გავრცელდა და მთელ სტადიონს მოედო. სახურავმა ნგრევა დაიწყო, ხისა და ასფალტის მასა მაყურებლებს დაეცათ. 4 წუთზე ნაკლებ დროში მთელი არეალი ცეცხლმა მოიცვა. დაიღუპა 56 ადამიანი და დაშავდა მინიმუმ 265.

***

2002 წლის 27 ივლისს 10 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს უკრაინაში, ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ საჰაერო შოუს. ტრიუკების შესრულებისას უკრაინის საჰაერო ძალების პილოტმა, რომელიც Сухой Су-27-ს მართავდა, კონტროლი დაკარგა და თვითმფრინავი ხალხის მასაში ჩამოვარდა. პილოტი გადარჩა, თუმცა გარდაიცვალა 77 მაყურებელი, მათ შორის 17 ბავშვი. დაშავდა 543, მათგან 100-ს დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება თავის მძიმე დაზიანების გამო.

***

2003 წლის 20 თებერვალს როდ-აილენდში, ვესტ უორვიკის ღამის კლუბში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც სწრაფად გავრცელდა. იქ მყოფებს თავდაპირველად ეს შოუს ნაწილი ეგონათ, მაგრამ როცა ცეცხლის ალები ჭერს მიწვდა, მაშინ გააანალიზეს, რომ საფრთხეში იყვნენ. 5.5 წუთში ცეცხლმა მთელი კლუბი მოიცვა. იმ დღეს 100 ადამიანი გარდაიცვალა.

***

1996 წლის 23 ნოემბერს ეთიოპიური ავიახაზების რეისი 961-ის თვითმფრინავი გატაცებულ იქნა ადის-აბებადან ნაირობიმდე მიმავალ გზაზე. გატაცების მიზეზი ის იყო, რომ სამ ეთიოპიელს ავსტრალიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურდათ. გამოუცდელმა ტერორისტებმა ლიქიორის შეფუთული ბოთლი ბომბად წარმოაჩინეს და პილოტს, კაპიტან ლეულ აბატს, რეისის შეცვლა უბრძანეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ავსტრალიამდე ჩასაფრენად თვითმფრინავს საკმარისი საწვავი არ ჰქონდა და პილოტმა აფრიკის სანაპიროს გასწვრივ დაიწყო ფრენა. ტერორისტებმა ეს შენიშნეს და კურსი შეაცვლევინეს კომოროს კუნძულებისკენ, არად ჩააგდეს გაფრთხილებები. მალე საწვავი გამოილია და ლეული იძულებული გახდა, თვითმფრინავი 320 კმ/სთ სიჩქარით დაეშვა. წყალთან შეხებისას ზედაპირს მარცხენა ძრავა და ფრთა შეეჯახა, რამაც Boeing 767 მაშინვე გადაწია მარცხნივ და ნაწილებად დაშალა. 172 მგზავრიდან 122 კატასტროფას ემსხვერპლა.

***

1963 წლის 22 ნოემბერს აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი ცოლთან, ჟაკლინთან ერთად თავღია ავტომობილით მგზავრობდა, როცა სნაიპერის სამიზნე გახდა. პირველი ტყვია მას ზურგის არეში მოხვდა, მეორემ კი თავში გაიარა და თითქმის მაშინვე იმსხვერპლა. კენედი ამ დღეს 46 წლის იყო და ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილ პრეზიდენტად ითვლება.

***

2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში უპრეცედენტო ტერორისტული აქტი განხორციელდა – 4 თვითმფრინავის გატაცებით ალ-ქაიდას ტერორისტებმა დაახლოებით 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს ნიუ-იორკში, ვირჯინიასა და პენსილვანიაში. მათ შორის იყვნენ მეხანძრეები, ექიმები და ჟურნალისტები.

***

2011 წლის 11 მარტს იაპონიის სანაპიროს წყალქვეშა მიწისძვრა და მოგვიანებით მისგან გამოწვეული ცუნამი დაატყდა თავს. მაგნიტუდამ 9 ბალი შეადგინა, რაც იაპონიაში მომხდარი ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა ბოლო 100 წლის განმავლობაში. ცუნამის ტალღები 38 მეტრს აღწევდა, რამაც დიდი ზარალი მოუტანა ქვეყანას. მიწისძვრით გამოწვეულმა ზიანმა 300 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც ისტორიაში ყველაზე ძვირი ბუნებრივი კატარასტროფა გახდა. იაპონიის პოლიციის სააგენტომ 15 000 გარდაცვლილი დააფიქსირა.

***

LZ 129 Hindenburg იყო კომპანია “ზეპელინის” მიერ აგებული კომერციული სამგზავრო დირიჟაბლი. ამ ტიპის საფრენ აპარატებში ის ყველაზე დიდი იყო – 245 მ სიგრძის და 200 000 კუბური მეტრი მოცულობის. 1937 წლის 6 მაისს, დილის 7:25 საათზე 200 მეტრის სიმაღლეზე თვითმხილველებმა ნაპერწკლები და ცეცხლი შენიშნეს. ჩამოვარდნისას დირიჟაბლში არსებული წყალბადი აფეთქდა და ხანძარი გააძლიერა. ჰინდენბურგზე მყოფი 97 ადამიანიდან 35 გარდაიცვალა, ერთიც ქვემოთ მყოფთაგან. ცეცხლის წარმოშობის მიზეზი დღემდე გაურკვეველია.

***

კრიშნან ნაირი, იგივე ჯაიანი, ინდოელი მსახიობი იყო, რომელიც 1980 წლის ნოემბერში მორიგ ფილმში, “კოლიკაკამში”, იღებდა მონაწილეობას. 16 ნოემბერს ერთ-ერთ საშიშ ეპიზოდს იღებდნენ – ჯაიანი მოტოციკლზე დგებოდა, ვერტმფრენზე ძვრებოდა და კაბინაში უნდა შესულიყო. ბოლო მომენტში ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ჯაიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო და მოგვიანებით გარდაიცვალა.

***

1994 წლის 24 ივნისს სტრატეგიული ბომბდამშენის, USAF B-52H-ის ეკიპაჟი სადემონსტრაციო ფრენას ატარებდა. პილოტმა 75 მ სიმაღლეზე მარცხნიდან 360 გრადუსიანი მობრუნება გადაწყვიტა, როცა უეცრად სწრაფად დაეშვა ძირს და მიწას შეეჯახა. თვითმფრინავში მყოფი ეკიპაჟის ოთხივე წევრი გარდაიცვალა.

***

2004 წლის 26 დეკემბერს ინდონეზიის კუნძულ სუმატრადან ჩრდილო-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 7 საათზე, 58 წუთსა და 53 წამზე 9.1-9.3 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ინდოეთის ოკეანეში ცუნამების სერია მოჰყვა. ბუნებრივმა კატასტროფებმა მთლიანობაში 230 000 ადამიანი იმსხვერპლა 14 ქვეყნის მასშტაბით.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: