დღეს დილას მსოფლიო საინფორმაციო გამოშვებები მოიცვა სენსაციურმა ცნობამ – მსოფლიოს #1 ტერორისტი, პარამილიტარისტული და ტერორისტული ორგანიზაციის “ალ-ქაიდას” დამაარსებელი და ლიდერი, 2001 წლის 11 სექტემბერს “მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე” ორგანიზირებულ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.
9/11-ის მოვლენის შემდეგ ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა იყო გამოცხადებული. ხოლო ბარაკ ობამამ პრეზიდენტად არჩევისთანავე გასცა ბრძანება ბინ ლადენის დაკავების ან ლიკვიდაციის შესახებ. დეკადიანი დევნის შედეგად ამერიკელმა სამხედროებმა წარმატებით ჩაატარეს სპეცოპერაცია და ტერორისტის ლიკვიდაცია, ასევე გვამის ხელში ჩაგდება მოახერხეს. ამის შესახებ ბატონმა ბარაკ ობამამ დღეს გააკეთა განცხადება.
“ალ-ქაიდას” ლიდერი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან ჩრდილოეთით, 60 კმ-ის დაშორებით იმალებოდა კერძო სახლში. ეს სახლი 1 მილიონი დოლარის ღირებულებისა იყო და 4-5 მეტრი სისქის კედლები ჰქონდა. აიგო 2005 წელს და მასში არც სატელეფონო ხაზი გაუყვანიათ, არც ინტერნეტი.
ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ჰქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება მისი დაკავების შესახებ.
ბინ ლადენის გვამს სახის ამომცნობი და დნმ-ის გამშიფრავი ტექნოლოგიებით ჩაუტარდა ანალიზი, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში იქნება. თუმცა როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ფორმალობაა და დარწმუნებულნი არიან, რომ პასუხი დადებითი იქნება.
“მე ვაცნობებ ამერიკელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს, რომ შეერთებული შტატების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ მოახდინა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია, ტერორისტისა, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე, კაცების, ქალებისა და ბავშვებისა, სხვადასხვა კანის ფერისა და რელიგიის მქონე პიროვნებებისა. სამართალი აღსრულდა! მისი სიკვდილი არ ნიშნავს რომ ჩვენი ბრძოლა დასრულდა. ეჭვგარეშეა, რომ ალ-ქაიდა გააგრძელებს ჩვენზე თავდასხმებს. ამიტომ აქ თუ საზღვარგარეთ, ფხიზლად უნდა ვიყოთ.
თუმცა კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ აშშ არასდროს აწარმოებდა ომს ისლამის წინააღმდეგ და არც მომავალში გააკეთებს ამას. მე გარკვევით განვაცხადე, ისევე, როგორც პრეზიდენტმა ბუშმა 11 სექტემბრის ტერაქტებიდან ძალიან მალე, რომ ჩვენი ომი არ არის მიმართული ისლამის წინააღმდეგ. ბინ ლადენი არ ყოფილა მუსლიმთა ლიდერი, ის მუსლიმთა მასობრივი მკვლელიც იყო. ალ-ქაიდამ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, უამრავი მუსლიმი დახოცა. ასე რომ, მისი სიკვდილი სასიხარულო უნდა იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა და ღირსება. იმათ ოჯახებს, ვინც ალ-ქაიდას უსამართლო ქმედებებს შეეწირა, შეგვიძლია ვუთხრათ: სამართალი აღსრულდა!” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ობამას გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცა. მან განაცხადა, რომ აშშ-მა ოპერაცია პაკისტანის ტერიტორიაზე განახორციელა და ბინ ლადენის პოვნაში დახმარება პაკისტანის უშიშროების ძალებმა გაუწია. ობამამ მადლობა გადაუხადა პაკისტანის პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის. აშშ-ის ძალებს ოპერაციისას დანაკარგი არ განუცდიათ, ასევე არ ყოფილა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 1 მაისის ოპერაცია 40 წუთი გრძელდებოდა. ბინ ლადენს თავში ესროლეს გაქცევის მცდელობისას, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა პატარა შვეულმფრენიდან. მისი ბედი გაიზიარა მისმა სამმა მცველმა და ერთმა ქალბატონმა, რომლის ფარად გამოყენებასაც ცდილობდნენ. გარდაიცვალა ბინ ლადენის ერთ-ერთი ვაჟიც.
ამ ამბით გახარებული ათასობით ამერიკელი შეიკრიბა თეთრი სახლის წინ და ზეიმი მოაწყეს. აფრიალებენ დროშებს, მღერიან ეროვნულ ჰიმნს და იძახიან: ‘USA! USA!’
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა უკვე მიულოცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს გამარჯვება.
ბარაკ ობამას გამოსვლა:
რატომღაც არ გამეხარდა 🙂
LikeLike
ეხა ვინღა მოუგებს ობამას არჩევნებს, ჭკვიანური სვლა იყო :ტაში:
LikeLike
გამოხმაურება: შეთქმულების თეორიები #2 « ჩრდილოეთის ციალი