უცნაური და ტვინის ამრევი საკითხია, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს, შევიდეს სკოლაში და მოსწავლეების ხოცვა დაიწყოს? 2012 წელს საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა სპეციალური პროგრამები შეიმუშავეს, რომელთა მიზანია, შეამციროს მსგავსი შემთხვევების მოხდენის ალბათობა და მოსწავლეებში აგრესია გაანელოს. სკოლებმა უფრო მეტად გაამკაცრეს მეთვალყურეობა და შენობაში იარაღის ტარებაზე კონტროლი. სამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ეკიდებიან ინტერნეტში განთავსებულ მუქარის წერილებსაც.
იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც სკოლაში მოსწავლეებს ხოცავს, შემთხვევიდან მალევე თავს იკლავს. ეს სავარაუდოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ დამნაშავეებს არ სურთ მათი ქმედების მნიშვნელობისა და შედეგის გაცნობიერება. ამის გამო პოლიციასაც არ ეძლევა მათი დაკითხვის და შესაბამისად, მოტივის გამოაშკარავების საშუალება. ამ ტიპის მკვლელები დანაშაულის ჩადენის მომენტში ჩუმად არიან და იშვიათად ლაპარაკობენ, მაშინაც ლაკონური ფრაზებით შემოიფარგლებიან. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ადამიანები უმეტესწილად საზოგადოებისგან გარიყულნი არიან, მსხვერპლთა დახოცვისას კი ახასიათებთ შეუბრალებლობა და საერთოდ არ განიცდიან სინდისის ქენჯნას.