● ორქიდეის ჩოქელა ყვავილს ჰგავს
მისი მეცნიერული სახელია Hymenopus coronatus, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იმავე ტაქსონომიურ ოჯახშია გაწევრიანებული, რომელშიც – ჩვეულებრივი ჩოქელები. თუმცა მას სხვა წევრებისგან გამოარჩევს კამუფლაჟის საოცარი უნარი, რომლითაც ორქიდეას ეხამება, სახელიც აქედან მიიღო. ნოტიო და თბილი ადგილების მოყვარული ორქიდეის ჩოქელა პატარაობაში შავ და ნარინჯისფერ ფერებშია გამოწყობილი, მაგრამ ზრდასთან ერთად ფერები მკრთალდება და გარემოს ემსგავსება. ყველაზე ხშირად მის სხეულს თეთრი და მოვარდისფრო ტონები დაკრავს. სილამაზისა და უჩვეულო კამუფლაჟის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ბევრს სახლშიც ჰყავს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა: როგორც ყველა ჩოქელა, ეს არსებაც ძალიან აგრესიული მტაცებელია და ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს.
ჭდე: უნარი
ქვეცნობიერის საიდუმლოებები
თქვენს თავებში გამოუკვლევი სამყარო იმალება. მასში ინახება ყველანაირი ინფორმაცია – რა იცით, რას გრძნობთ, ფიქრები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გაქვთ. დღესდღეობით მეცნიერება ჩვენი გონების მიუწვდომელ სიღრმეებს იკვლევს, რათა დაადგინოს მისი რეალური ძალა და ქვეცნობიერის საიდუმლოებები ამოხსნას.
ქვეცნობიერი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი შიშებისა და სურვილების წყაროსა და სიზმრების სათავეს, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ალტერ ეგო იმალება. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერების კვლევების შედეგად აშკარა ხდება, რომ ქვეცნობიერი აკონტროლებს ცხადში მიმდინარე ყველა მომენტს. თუკი სრულად შევიცნობთ ჩვენი გონების იდუმალ მხარეებს, შეგვეძლება გავხდეთ უფრო ჭკვიანები, ჯანმრთელები და შემოქმედებითები, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.
უილიამ ჯეიმს სიდისი – უჭკვიანესი ადამიანი ისტორიაში
უილიამ ჯეიმს სიდისი იყო ამერიკელი ვუნდერკინდი, რომელსაც ზებუნებრივი მათემატიკური და ლინგვისტური უნარები ჰქონდა. ნაადრევი განვითარებითა და ექსცენტრიკულობით მან შორს გაითქვა სახელი და ფართო მასების ყურადღების ობიექტად იქცა. ზრდასრულ ასაკამდე მან შეძლო იმდენი, რასაც ადამიანთა უმეტესობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ახერხებს.
უილიამი დაიბადა 1898 წლის 1 აპრილს ნიუ-იორკში, უკრაინელ-ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. მისი მშობლები გამოჩენილები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში – მამა, ბორის სიდისი, ფილოსოფიისა და მედიცინის დოქტორი იყო. ის 1887 წელს გახდა ემიგრანტი, რადგან პოლიტიკური ნიშნით დევნას გაექცა. დედა, სარა მანდელბაუმ სიდისი, 1889 წელს ოჯახთან ერთად გაექცა პოგრომებს. სარამ ბოსტონის უნივერსიტეტში ისწავლა და 1897 წელს მედიცინის ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა. ბორისმა სამეცნიერო ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიცვა და იქვე ასწავლიდა ფსიქოლოგიას. ბორისი ასევე იყო ფსიქიატრი და დაწერა უამრავი წიგნი, გამოაქვეყნა მრავალი სტატია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პათოლოგიურ ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა. ამ ყველაფერთან ერთად ის პოლიგლოტიც იყო, რაც გენებით მის შვილს გადაეცა.