ავსტრალიელი დიზაინერი წყალს ჰაერიდან იღებს


27 წლის ავსტრალიელმა დიზაინერმა ედვარდ ლინაკრმა მოიპოვა ჯეიმს დაისონის პრიზი გამოგონებისთვის, რომელსაც მეცნიერულზე უფრო მეტად მაგიის ელფერი აქვს. ედვარდის ტექნოლოგია ჰაერის მასებიდან წყალს ქაჩავს და მიწების ირიგაციას ახდენს. ამ ნოვაციამ შეიძლება სამუდამოდ მოაგვაროს გვალისგან დაზიანებული ტერიტორიების პრობლემა.

ტექნოლოგიას სახელად “Airdrop” ჰქვია. ის დაბალი ღირებულებისაა და არ სჭირდება ენერგიის დამატებითი წყარო. ავსტრალიაში თავს დამტყდარი საშინელი გვალვის შემდეგ ედვარდმა გამოსავლის ძებნა დაიწყო. მან შეისწავლა ნამიბიური ხოჭო, რომელიც ყველაზე მშრალ ადგილებში ბინადრობს. წელიწადში 130 მმ-მდე ნალექის პირობებში ხოჭო იმ ნამით საზრდოობს, რომელსაც დილით ადრე თავის ჰიდროფილურ კანზე აგროვებს. იგივე მეთოდით მუშაობს Airdrop, დაფუძნებულია რა იმ პრინციპზე, რომ ყველაზე მშრალი ჰაერიც კი შეიცავს წყლის მოლეკულებს და ტემპერატურის კლებით მისი გამოყოფაა შესაძლებელი. მიწისქვეშა მილების მეშვეობით Airdrop ტუმბავს ჰაერს, შემდეგ კი აგრილებს და მცენარეთა ფესვებს მიღებული წყლით ამარაგებს. უცხელეს უდაბნოშიც კი 1 კუბური მეტრიდან ამ მეთოდით მინიმუმ 11.5 მმ ნალექის მიღება შეიძლება.

Falcon HTV-2 – მორიგი ტექნოლოგიური ნახტომი და მორიგი მარცხი


წინასწარი ვარაუდებით, ეს იქნება რევოლუცია საფრენ ხომალდებში – Falcon HTV-2 ლონდონიდან სიდნეიმდე მანძილს სულ რაღაც 1 საათში დაფარავს. 11 აგვისტოს უკვე განახორციელა საცდელი ფრენა უპილოტო სარაკეტო თვითმფრინავმა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 21 000 კმ/სთ-ს შეადგენს. ეს კი ბგერის სიჩქარეს 20-ჯერ აღემატება. თუმცა რამდენიმე საათში Falcon-მა მარცხი განიცადა. გაშვება წარმატებული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაკეტისგან გამოცალკევდა, კონტაქტი დაიკარგა და ადგილმდებარეობა გაურკვეველი დარჩა.

Falcon HTV-2-ის სიგრძე 3.6 მეტრია, წონა – 900 კგ. დამზადებულია ექსპერიმენტული მასალით, რომელიც უძლებს 2000 გრადუსს. დამზადება $308 მილიონი დაჯდა. შეუძლია ზიდოს 5.5 ტონა ტვირთი, მათ შორის ატომური ბომბი. პენტაგონი მის იარაღად გამოყენებას გეგმავს, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა კომერციულ მგზავრობაში დიდი ნახტომი იქნება – Falcon HTV-2-ს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე მისაღწევად მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება.

პირველი მოაზროვნე რობოტი, რომელიც სიახლეებს ითვისებს

ის მთლად “ტერმინატორის” სკაინეტი არაა, თუმცა აქვს უნარი, თავისით ისწავლოს ის, რაც მის პროგრამაში არ დევს. იაპონელმა მეცნიერებმა ტოკიოს ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან შექმნეს რობოტი, რომელიც ითვისებს გარკვეულ ფუნქციებს – ფუნქციებს, რომლებიც მისთვის არ ჩაუნერგავთ. მექანიზმი წარსულ გამოცდილებასა და ცოდნას იყენებს, რათა ახალ, უცნობ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს. ჯერჯერობით, მისი შესაძლებლობები მწირია, მაგალითად, წყლიანი ჭიქის აღება და მასში ყინულის ჩადება. თუმცა იაპონელები იმედოვნებენ, რომ მსგავსი რობოტები ბავშვებივით შეიძენენ ახალ უნარებს და დროთა განმავლობაში განვითარდებიან.

ველოსიპედი, რომელიც ტვინით კონტროლდება

მსოფლიოში პირველად შეიქმნა სავარჯიშო ველოსიპედი – Toyota Prius Project Parlee PXP, რომლისთვისაც დონეების შეცვლა ფიქრებით ხდება. მისი გამოყენება ყველას შეუძლია – თავზე იმაგრებთ სპეციალურ, ე.წ. “ნეირონულ” ჩაფხუტს, რომელიც უზრუნველყოფს ტვინიდან წამოსული ტალღების გარდაქმნასა და გადაცემას მექანიზმისთვის.