ინგლისის ერთ-ერთ სოფელს, სახელად ვულპიტს, საინტერესო და უცნაური ისტორია უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მეფე სტეფანის (1135-1154) მეფობის დროს, XII საუკუნის ერთ ზაფხულს აქ ორი უცნაური ბავშვი – და და ძმა – იპოვეს. მუშები მინდორში მოსავალს იღებდნენ, როცა შემზარავი კივილი გაიგეს. ისინი ხმას მიყვნენ და მგლების დასაჭერად გაკეთებულ ორმოში ორი ბავშვი, გოგო და ბიჭი, აღმოაჩინეს. აღნაგობა მათ ჩვეულებრივი ადამიანისა ჰქონდათ, თუმცა ორივენი უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ტანსაცმელი ისეთი მასალის იყო, რაც მანამდე არავის ენახა და რაც ყველაზე მთავარია, ორივეს კანი მწვანე ფერის იყო.