ბერმუდის სამკუთხედი გეოგრაფიული რეგიონია ატლანტის ოკეანეში, რომელიც მოიცავს ფლორიდის ქალაქ მაიამის, ბერმუდის კუნძულისა და პუერტო-რიკოს შორის მდებარე ტერიტორიას. ამ არეალში დროდადრო მრავალი გემი და თვითმფრინავი უჩინარდება, ისე რომ კვალიც კი არ რჩება, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით რაღაც უჩვეულო ხდება. ყველა შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ გაუჩინარებული ხომალდები სამუდამოდ ქრება, ხოლო თვითმფრინავების შემთხვევაში საწვავის კვალიც კი არ რჩება ოკეანეზე, რაც ავარიების შემთხვევაში ჩვეულებრივი ინდიკატორია უბედური მოვლენის ადგილის ამოსაცნობად. დროთა განმავლობაში ამ ავარიების ასახსნელად რამდენიმე განსხვავებული თეორია შეიქმნა.