
მოწმენდილ ღამის ცას თუ დააკვირდებით, მანათობელ ნისლიან ზოლს შენიშნავთ, რომელიც ცის თაღზეა გადაჭიმული.
ათასწლეულების მანძილზე დამკვირვებლები მსჯელობდნენ ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, ბუნებაზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ზევსმა გადაწყვიტა, ჰერაკლესთვის მძინარე ჰერას ძუძუ ეწოვებინა, რათა მოკვდავ ალკმენესგან შობილ ბავშვს ღვთაებრივი თვისებები შეეძინა. პროცესში ჰერას გაეღვიძა, ჩვილს ხელი კრა და დაღვრილი რძის წვეთებისგან ეს ზოლი წარმოიქმნა. ძველი ეგვიპტელები ირმის ნახტომის რკალს ძროხის რძედ აღიქვამდნენ, ავსტრალიელი აბორიგენები კი – ზეციური სამყაროს მდინარედ.