National Geographic-ის აპრილის დღის ფოტოები

1-ლი აპრილი, 2022 წ.
ბატების გუნდი

National Geographic-ის 1991 წლის მარტის ნომერში ასახული იყო აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამ ფოტოზე ფერმერი შინაური ბატების გუნდს მიერეკება ბეღლისკენ უნგრეთის სოფელ ხორტობადში.




2 აპრილი, 2022 წ.

რამადანის ლოცვები

ტაილანდის ქალაქ პატანიში მდებარე მეჩეთში ქალები რამადანის პერიოდში ლოცულობენ. ეს ფოტო 2014 წლის სექტემბერში გადაიღეს ტაილანდში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის დროს, თუმცა მხოლოდ ახლახანს გამოქვეყნდა. 
3 აპრილი, 2022 წ.

ხუთფერა ტბორი

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე ძიუჯაიგოუს ხეობა მრავალ ლამაზ ტბასა და ჩანჩქერს მოიცავს, მათ შორის ამ ე.წ. ხუთფერა ტბორს. ეს აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტო ძიუჯაიგოუს ნაკრძალში მობინადრე გიგანტურ პანდებთან დაკავშირებული ამბის გაშუქებისას გადაიღეს. 
4 აპრილი, 2022 წ.

მატყლის ქურთუკები

National Geographic-ის 1988 წლის მაისის ნომრის მთავარი სტატია მატყლის ხანგრძლივ და საყოველთაო ისტორიას შეეხებოდა. ამ ფოტოზე ავსტრალიის ქალაქ კანბერაში მერინოსის ჯიშის ცხვრებს ძვირფასი მატყლის დასაცავად ქურთუკები აცვიათ.

5 აპრილი, 2022 წ.

მასობრივი ქორწილი

1990-იანების დასაწყისში გადაღებულ ფოტოზე 107 წყვილი ქორწინდება ტაივანის ქალაქ ტაიბეიში. ამ პერიოდში ხშირი იყო მასობრივი ქორწილები, რაც ცერემონიასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების შემცირების მეთოდს წარმოადგენდა. 

6 აპრილი, 2022 წ.

ორქიდეის ფერმა

ფლორიდის შტატის ქალაქ ჰომსტედში მამაკაცი ორქიდეის ჰიბრიდებს ამოწმებს. National Geographic-ის 2002 წლის ივლისის ნომერში მოთხრობილი იყო, როგორ წარმოიშვნენ ყვავილოვანი მცენარეები.

7 აპრილი, 2022 წ.

საქონელი პანამაში

კოვბოი საქონელს მწყემსავს პანამაში, ერერას პროვინციაში. ეს ფოტო თავდაპირველად National Geographic-ის 1970 წლის მარტის სტატიაში გამოჩნდა, სადაც საუბარი იყო, როგორ აკავშირებს პანამა ერთმანეთთან ოკეანეებსა და კონტინენტებს.

8 აპრილი, 2022 წ.

პატარა გორილა

ცინცინატის ზოოპარკის თანამშრომელი უვლის 6 კვირის გორილას, რომელიც დედამისმა ტეხასის ზოოპარკში გაჩენის შემდეგ მიატოვა. ფოტოგრაფმა ეს კადრი დააფიქსირა თავისი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ტყვეობაში მყოფი სახეობების გადაღებაა.

9 აპრილი, 2022 წ.

სასუქის ქარხანა

სასუქის ქარხნის საწყობის მუშა ინდონეზიის ქალაქ სუმატრაში. 1989 წელს, როცა ეს ფოტო გამოქვეყნდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ეს ქარხანა ქვეყნის მასშტაბით სასუქის მეხუთედის მიმწოდებელი იყო.

10 აპრილი, 2022 წ.

ჰოლანდიური ტიტები

მილიონობით ტიტა კიოკენჰოფში, მსოფლიოში ცნობილ ბოტანიკურ ბაღში, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს. ყოველ შემოდგომაზე 100-ზე მეტ მებაღეს მოაქვს ბოლქვები დასარგავად, რათა შემდეგ წელს ასეთი ფერადი სანახაობა იყოს.

11 აპრილი, 2022 წ.

არქტიკული საძოვრები

ველური ცხენები ძოვენ მდინარე კოლიმას სანაპიროზე ჩრდილოაღმოსავლეთ ციმბირში. მიიჩნევა, რომ საძოვრების შენარჩუნება მუდმივად მზრალი ნიადაგის ლღობის ტემპს ამცირებს, რაც თავის მხრივ კლიმატის ცვლილების მავნე ეფექტებს ანელებს.

12 აპრილი, 2022 წ.

ღია კოსმოსში გასვლა

1984 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ბრიუს მაკკენდლეს II გახდა პირველი ადამიანი, რომელიც ბაგირის მიბმის გარეშე გავიდა ღია კოსმოსში. კოსმოსური შატლის ჩელენჯერის გარშემო ფრენისთვის ის რეაქტიულ ზურგჩანთას იყენებდა. ფოტო დაიბეჭდა 2007 წლის ოქტომბრის ნომერში, რომელშიც კოსმოსის კვლევის 50 წლისთავი აღინიშნა.

13 აპრილი, 2022 წ.

სააღდგომო ქუდები

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის სამეზობლოში, ქოქონათ-გრუვში, ქალები მეგობრის სახლში არიან შეკრებილი ქუდებზე წინასააღდგომო ფასდაკლებასთან დაკავშირებით. ეს ფოტო 1992 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა სტატიასთან ერთად, რომელიც მაიამის ისტორიასა და კულტურას ეხებოდა.

14 აპრილი, 2022 წ.

დელფინების სადილობა

პატაგონიის სანაპიროსთან მუქი შეფერილობის დელფინები ცდილობენ, ერთ ადგილას მოუყარონ თავი ქაფშიებს, შემდეგ კი სათითაოდ ინადიმონ. ეს ფოტო გამოჩნდა 2015 წლის მაისის ნომერში, სადაც დელფინების ინტელექტზე იყო საუბარი.

15 აპრილი, 2022 წ.

სტილიზებული ნახერხი

გვატემალას ქალაქ ანტიგუაში წითელი პარასკევის რიტუალური მსვლელობისას ფერადი ნახერხისგან შექმნილ ხალიჩას იყენებენ. ეს ფოტო დაიბეჭდა 1974 წლის ნოემბრის ნომერში, ცენტრალური ამერიკის რეგიონში კულტურათა შერევის შესახებ სტატიაში.

16 აპრილი, 2022 წ.

წმინდა მთა

პასექისას სამარიტელი მამაკაცები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე გრიზიმის მთის მწვერვალისკენ მიემართებიან. ეს ფოტო პირველად 2017 წლის დეკემბრის ნომერში გამოჩნდა, სადაც იესო ქრისტეს არსებობის არქეოლოგიური მტკიცებულებების ძიებაზე იყო საუბარი.

17 აპრილი, 2022 წ.

ოჯახური რწმენა

ეს ფოტო 1996 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე იყო დაბეჭდილი. ჯვრის ჩრდილის ფონზე ოჯახი სან-კრისტობალ-დე-ლას-კასასის ეკლესიისკენ მიემართება მექსიკის შტატ ჩიაპასში.

18 აპრილი, 2022 წ.

იელოუსტოუნის ჩანჩქერები

იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ჩანჩქერების ფოტო 1922 წლის აპრილის ნომრიდან სტატიაში „ჩრდილოეთ ამერიკის პეიზაჟები“. ჩანჩქერები სიმაღლეში 94 მეტრს აღწევენ — ნიაგარას ჩანჩქერებზე თითქმის ორჯერ მეტს.

19 აპრილი, 2022

მღვდლები ლოცვისას

ებრაული სამღვდელოების კოჰანიმის წევრები გოდების კედელთან ლოცულობენ. კოჰანიმის ყველა წევრს ერთი წინაპარი ჰყავს — სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს ფოტო 1999 წლის ოქტომბრის ნომერში, რომელიც გენეტიკას შეეხებოდა.

20 აპრილი, 2022 წ.

პატარა მწვანე სახურავი

სან-ფრანცისკოში მდებარე ავტობუსის გაჩერების ეს ფოტო 2009 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიას ერთვოდა თან, სადაც მწვანე სახურავებზე იყო საუბარი. ფართო მასშტაბით გამოყენებისას მწვანე სახურავები ამცირებენ ქარიშხლის თანმდევ წყალდიდობებს, ებრძვიან ტრადიციული ქალაქური სიცხის ეფექტს და, ცხადია, ქალაქის იერსახეს სასიამოვნოდ ცვლიან.

21 აპრილი, 2022 წ.

ორქიდეის დამმტვერავი

პანამის ქალაქ სერო-პუნტაში კოლიბრი ორქიდეას მტვერავს. ეს ფოტო 2009 წლის სექტემბრის ნომერში გამოჩნდა ორქიდეების ბიოლოგიისა და ევოლუციის შესახებ დაწერილ სტატიაში.

22 აპრილი, 2022 წ.

აყვავებული მანანა

2017 წლის მაისში National Geographic-ის ჟურნალში საუბარი იყო შოტლანდიის ჭაობიანი ადგილების მომავალთან დაკავშირებულ დავაზე. ლანდშაფტის საოცარ ფოტოებს შორის იყო ეს კადრი, რომელზეც აბერდინშირში აყვავებული მანანა ჩანს. 

23 აპრილი, 2022 წ.

პიკნიკი პარკში

სეფარდი ებრაელების ოჯახი აღნიშნავს მიმუნას, პასექის მომდევნო დღესასწაულს, იერუსალიმის ცენტრში მდებარე პარკში. 1996 წლის მაისის ნომერში ეს ფოტო თან ახლდა სტატიას, რომელშიც საუბარი იყო იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ტრადიციებზე იმის გათვალისწინებით, რომ სამივე რელიგიის წარმოშობა იერუსალიმთან არის დაკავშირებული.

24 აპრილი, 2022 წ.

მართლმადიდებლური ტრადიცია

ბერძნულ სოფელ ოლიმპოსში ტრადიცია გახლავთ აღდგომის შემდეგ სამშაბათ დღეს მართლმადიდებლური ეკლესიიდან სასაფლაომდე ხატებით მსვლელობა. ეს ფოტო 1983 წლის დეკემბრის ნომერში ოლიმპოსის შესახებ დაწერილ სტატიას ერთვოდა. ამ სოფელში სულ რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს და საუბრობენ დიალექტზე, რომელიც ჯერ კიდევ ჰომეროსის დროინდელია.

25 აპრილი, 2022 წ.

დიდი კანიონი

ეს ფოტო, რომელზეც დიდი კანიონის კიდეზე მდგარი ადამიანი ჩანს, 1922 წლის აპრილის ნომრიდანაა. დიდი კანიონის ეროვნული პარკი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბუნებრივი სანახაობაა მნახველთა რაოდენობის მიხედვით – აქ ყოველ წელს 5 მილიონი ტურისტი ჩამოდის.

26 აპრილი, 2022 წ.

წმინდა გამოქვაბული

ლამა და მისი მოციქული მედიტირებენ წმინდა გამოქვაბულში ლოსარის დროს, რომელიც ტიბეტური ახალი წელია. ზღვის დონიდან 4900 მეტრზე მდებარე ამ გამოქვაბულში მოხვედრა მხოლოდ კიბეებისა და გვირაბების რიგის გავლით შეიძლება.

27 აპრილი, 2022 წ.

წინაპართა მიწები

ავსტრალიაში, კაკადუს ეროვნულ პარკში, აბორიგენი მამაკაცი სათევზაო შუბს ეყრდნობა და თავისი ოჯახის კუთვნილ მიწებს გაჰყურებს. ეს ფოტო დაიბეჭდა 1988 წლის თებერვლის ნომერში, რომელიც ავსტრალიის დაარსების 200 წლისთავს ეძღვნებოდა.

28 აპრილი, 2022 წ.

წმინდა თოკები

1994 წლის მაისის ნომერში საუბარი იყო ბრინჯის ნათესების მსოფლიო საჭიროებაზე. ამ კადრში ჩანს ბრინჯის დაწნული ღეროების უზარმაზარი სტრუქტურა, სახელად სიმენავა, რომელიც იაპონიაში მდებარე სინტოისტურ სალოცავზე, იძუმო ტაისიაზეა გადმოკიდებული. 

29 აპრილი, 2022 წ.

მწვანე პლანეტა

დამთვალიერებლები სეირნობენ 25 მ სიმაღლის ხელოვნური ხის გარშემო „მწვანე პლანეტაში“, რომელიც დუბაიში მდებარე ბიოგუმბათია (დახურული ეკოსისტემა) და ტროპიკული მცენარეებისა და ცხოველების 3000 სახეობის თავშესაფარს წარმოადგენს. დუბაი ცდილობს, გარემოზე ადამიანის მავნე ზეგავლენა შეამციროს, რის შესახებაც საუბარი იყო 2017 წლის ოქტომბრის ნომერში.

30 აპრილი, 2022 წ.

პურის აღლუმი

პორტუგალიის კუნძულ პიკუზე, ქალაქ რიბეირაშში, ქალები თავით დაატარებენ უზარმაზარი პურის კალათებს, რაც სულთმოფენობის აღნიშვნის შემადგენელი ნაწილია. ეს ფოტო 1976 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა აზორის კუნძულების სტატიასთან ერთად. ეს გახლავთ პორტუგალიის სანაპიროსთან მდებარე 9 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი. 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s