კარლ სეიგანი – სკეპტიციზმის ტვირთი

Sagan_Viking

რა არის სკეპტიციზმი? ამაში განსაკუთრებულად მისტიკური არაფერია. სკეპტიციზმთან ყოველდღიურად გვაქვს შეხება. მეორადი მანქანის ყიდვისას, თუკი მცირეოდენი ჭკუა მაინც გაგვაჩნია, ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩენილ სკეპტიკურ უნარებს გამოვავლენთ – ის, რაც განათლების მიღების შემდეგ დაგვრჩა. შეიძლება თქვათ, „პატიოსანი ადამიანი ჩანს. რასაც მთავაზობს, შევიძენ“.  ან გაიფიქროთ, „მსმენია, რომ მეორადი მანქანების გაყიდვისას გარკვეულ მცირე ეშმაკობებს აქვს ადგილი, რაც შესაძლოა გამყიდველის მხრიდან დაუდევრობის შედეგიც იყოს“ და რაღაც მოიმოქმედოთ. ფეხს მიარტყამთ საბურავებს, კარებს გახსნით, კაპოტს ახდით და ნაწილებს შეხედავთ (ამას გააკეთებთ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არ იცოდეთ, კაპოტის ქვეშ რა უნდა დაგხვდეთ, ან შესაძლოა საკითხში გარკვეული მეგობარი გაიყოლოთ). თქვენ იცით, რომ გარკვეულ დონეზე სკეპტიციზმი საჭიროა და გესმით, რატომაც. უსიამოვნოა ის პროცესი, როცა მეორადი მანქანის გამყიდველს რაღაცაში არ ეთანხმებით ან ისეთ კითხვებს უსვამთ, რაზეც ის უხალისოდ გპასუხობთ. მეორადი მანქანის შეძენას თან ახლავს მინიმუმ მცირე დოზით უთანხმოება და ამას სასიამოვნოდ არავინ თვლის. თუმცა ამ ყველაფერს თავისი მიზეზი გააჩნია – თუკი მინიმალური სკეპტიციზმიც კი არ გაგაჩნიათ და ადვილად დამყოლი ხართ, ამის საფასურს რაღაც დონეზე მომავალში გადაიხდით. შემდეგ ინანებთ, რომ თავის დროზე სკეპტიციზმს არ მოუხმეთ.

ამის გასაგებად საჭირო არ არის, 4 წლიანი უმაღლესი განათლება მიიღოთ. ეს ყველას ესმის. პრობლემა იმაშია, რომ მეორადი მანქანა ერთი საკითხია, ხოლო სატელევიზიო რეკლამები და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები – მეორე. გარკვეული საკითხებისადმი სკეპტიციზმს ვავლენთ, სხვა რამეების მიმართ კი – სამწუხაროდ არა.

მაგალითად, არსებობს ტკივილგამაყუჩებელი წამლის რეკლამები, სადაც გეტყვიან, რომ კონკურენტი პროდუქტი საკმარისი რაოდენობით არ შეიცავს იმ ინგრედიენტს, რომელსაც ექიმები ყველაზე მეტად უწევენ რეკომენდაციას. რა არის კონკრეტულად ეს საიდუმლო ინგრედიენტი, არ გაგიმხელენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი პროდუქტი მას ბევრად დიდი დოზით (1.2-2-ჯერ მეტი თითო აბში) შეიცავს. შესაბამისად, მათი პროდუქტი უნდა შეიძინოთ. მაგრამ რატომ არ შეიძლება ამის ნაცვლად კონკურენტი პროდუქტის ორი აბის მიღება? ეს კითხვა არ უნდა დასვათ. ამ საკითხთან მიმართებაში სკეპტიციზმი არ უნდა გამოიყენოთ. არ იფიქროთ. ნახვამდის.

კომერციულ რეკლამებში გაკეთებული ამგვარი განცხადებები პატარა ეშმაკობას წარმოადგენს. მათი გავლენით ცოტათი მეტს ვიხდით პროდუქტში ან შეიძლება უფრო ნაკლებად ეფექტური პროდუქტის ყიდვისკენ გვიბიძგოს. ეს არც ისე ცუდი რამ არის. თუმცა ამაზე დაფიქრდით:

მე აქ ხელთ მაქვს წლევანდელი „Whole Life Expo-ს“ პროგრამა, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართება. შარშანდელ პროგრამას 20 ათასი ადამიანი დაესწრო. გთავაზობთ ზოგიერთ პრეზენტაციას: „შიდსის პაციენტების ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები: აღგიდგენთ ბუნებრივ დაცვას და აგარიდებთ იმუნური სისტემის მოშლას – გაიგეთ ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ, რომელსაც მასმედია დიდი ხანია, აიგნორებს“. ვფიქრობ, ეს პრეზენტაცია რეალური ზიანის მომტანი იქნება. „როგორ იწვევენ სისხლის გაჭედილი ცილები ტკივილსა და ტანჯვას“. „კრისტალები, თილისმა თუ უბრალო ქვები?“ (ამაზე ჩემი აზრი მაქვს.) აქ აღნიშნულია, „კრისტალი ბგერისა და სინათლის კონცენტრირებას ახდენს რადიოსა და ტელევიზიაში“ — კრისტალის კომპლექტები დიდი ხანია, აღარ გამოიყენება — „ანალოგიურად, მას შეუძლია, მგრძნობიარე ადამიანის სულიერი რხევები გააძლიეროს“. სანაძლეოს ჩამოვალ, მხოლოდ აბსოლუტური უმცირესობაა ასეთი მგრძნობიარე. ახლა სხვა ვნახოთ: „ქალღმერთის დაბრუნება, წარდგენითი რიტუალი“. კიდევ ერთი: „სინქრონულობა, შეცნობის გამოცდილება“. ამის წარმდგენი არის „ძმა ჩარლზი“. შემდეგ გვერდზე ვკითხულობთ: „თქვენ, სენ-ჟერმენი და იისფერი ალით განკურნება“. ასე გრძელდება, მრავალი რეკლამაა „შესაძლებლობათა“ შესახებ — ორაზროვნიდან აშკარა სიყალბემდე — რომლებიც „Whole Life Expo-ზეა“ ხელმისაწვდომი.

დედამიწაზე ადამიანთა ბატონობის ნებისმიერ მომენტში რომ აღმოჩნდეთ, შეამჩნევთ გავრცელებულ, მეტნაკლებად მსგავს რწმენათა სისტემებს. ისინი სწრაფად იცვლება, ხშირად რამდენიმე წელშიც კი. თუმცა ზოგჯერ ეს რწმენის სისტემები მრავალ ათასწლეულს გასტანს ხოლმე. მინიმუმ რამდენიმე მათგანი ყოველთვის არსებობს. ვფიქრობ, ლოგიკურია, ვიკითხოთ რატომ. ჩვენ ჰომო საპიენსი ვართ. ეს არის ჩვენი მახასიათებელი თვისება – საპიენსი. ჩვენ ჭკვიანები უნდა ვიყოთ. მაშ რატომ გვახასიათებს ასეთი რამ? პირველ რიგში, ამ რწმენათა სისტემების დიდი ნაწილი ეხება ადამიანთა იმ რეალურ მოთხოვნილებებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ვერ აკმაყოფილებს. ეს გახლავთ დაუკმაყოფილებელი სამედიცინო საჭიროებები, სულიერი მისწრაფებები და საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან ურთიერთობის მოთხოვნილება.

ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება უფრო მეტი ასეთი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება იყოს, ვიდრე ადამიანთა ისტორიაში აქამდე ყოფილა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ხალხი ძიებას იწყებს და სხვადასხვა რწმენის სისტემაში გარკვევას ცდილობს, რათა ნახონ, დაეხმარებათ თუ არა.

მაგალითისთვის ავიღოთ მოდური ახირება, ჩენელინგი. მისი ფუნდამენტური წინამძღვარი, მსგავსად სპირიტუალიზმისა, ის გახლავთ, რომ სიკვდილის შემდეგ არ ვქრებით, არამედ ჩვენი ნაწილი არსებობას განაგრძობს. გვამცნობენ, რომ ამ ნაწილს შეუძლია, მომავალში ადამიანის ან სხვა არსების სხეულში შევიდეს, შედეგად სიკვდილი ჩვენზე პიროვნულ გავლენას კარგავს. უფრო მეტიც, თუკი ჩენელინგის დაშვებები მართებულია, ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობაც გვაქვს.

ჩემი გადმოსახედიდან რომ ვისაუბრო, მოხარული ვიქნებოდი, რეინკარნაცია რომ მართლა არსებობდეს. ბოლო წლებში ორივე მშობელი დავკარგე და სიამოვნებით ვისაუბრებდი მათთან კიდევ ერთხელ, რათა მეთქვა, როგორ არიან ბავშვები, დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი რიგზეა იქ, სადაც არიან. ეს ძალიან ამაღელვებელი რამ არის. მაგრამ ამავდროულად, სწორედ ამ მიზეზის გამო, ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაობლებულის სისუსტით ისარგებლებენ. სპირიტუალიზმისა და ჩენელინგის მიმდევრებს სჯობს, უდავო არგუმენტები ჰქონდეთ.

ან ავიღოთ იდეა, რომ გეოლოგიურ დანალექებთან დგომით და დაჟინებული ფიქრით შეგიძლიათ, ამოიცნოთ, სად არის მინერალების ან ნავთობის საბადო. ამაზე ური გელერი აცხადებს პრეტენზიას. თუკი მინერალების ან ნავთობის მაძიებელი კომპანიის დირექტორი ხართ, თქვენი შემოსავალი მინერალების ან ნავთობის აღმოჩენაზეა დამოკიდებული. ამიტომ გარკვეული თანხის გადახდა, რომელიც ბევრად მცირეა იმასთან შედარებით, რაც გეოლოგიურ კვლევებს სჭირდება, ოღონდ ამჯერად ექსტრასენსორული მეთოდების გამოყენებისთვის, არც ისე ცუდად ჟღერს, შესაბამისად შეიძლება ცდუნებამ გძლიოთ.

ან განვიხილოთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები – მოსაზრება, რომ სხვა პლანეტის მობინადრეები კოსმოსური ხომალდებით მუდმივად გვსტუმრობენ. ჩემთვის ეს ძალიან მიმზიდველი იდეაა. სულ მცირე, ერთფეროვნებას არღვევს. ჩემი მეცნიერული მოღვაწეობის მანძილზე საკმარისად დიდი დრო დავუთმე არამიწიერი ინტელექტის ძიების საკითხზე მუშაობას. წარმოიდგინეთ, რამდენად ნაკლები გარჯა დამჭირდებოდა, უცხოპლანეტელები რომ სისტემატურად გვსტუმრობდნენ. მაგრამ როდესაც რაღაც საკითხისადმი ემოციური მგრძნობელობა გაგვაჩნია, სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ მთელი ძალებით სკეპტიციზმს. სწორედ აქ შეიძლება გაგვაცურონ.

ახლა კი ჩენელინგს მივუბრუნდეთ. ვაშინგტონის შტატში არის ქალბატონი, რომელიც ირწმუნება, რომ 35 ათასი წლის პიროვნებასთან, რამთასთან დაამყარა კონტაქტი. სხვათა შორის, ეს პიროვნება ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურად ინდური აქცენტით. დავუშვათ, რამთა აქ არის და კომუნიკაციაზე თანახმაა. შეგვიძლია, მას გარკვეული კითხვები დავუსვათ: საიდან ვიცით, რომ რამთა ნამდვილად 35 ათასი წლის წინ ცხოვრობდა? ვინ დაითვალა ეს ათასწლეულები? როგორ მოხდა, რომ ზუსტად 35 ათასი წლისაა? ეს ძალიან მრგვალი რიცხვია. 35 ათასს პლიუს-მინუს რა? რა ხდებოდა 35 ათასი წლის წინ? როგორი კლიმატი იყო? დედამიწის რა ნაწილში ცხოვრობდა რამთა? (ვიცი, რომ ინგლისურად საუბრობს ინდური აქცენტით, მაგრამ რომელ რეგიონში ხდებოდა ეს?) რას ჭამს რამთა? (არქეოლოგებს აქვთ გარკვეული ცოდნა იმაზე, რითი იკვებებოდა მაშინ ხალხი.) რეალური შესაძლებლობა გვექნებოდა, გაგვერკვია, რამთას განცხადებები სიმართლეს შეესაბამება თუ არა. თუკი ეს მართლაც 35 ათასი წლის წინ მაცხოვრებელი ადამიანია, ამ პერიოდზე ბევრ რამეს შევიტყობდით. ასეა თუ ისე, რამთა ან მართლაც 35 ათასი წლის წინ ცხოვრობდა, რა შემთხვევაშიც ამ ეპოქაზე რაღაც ახალს აღმოვაჩენთ — ეს ვისკონსინის გამყინვარებამდელი პერიოდია, საინტერესო დრო — ან ის ყალთაბანდია და რაღაც შეცდომას დაუშვებს. რომელი იყო ადგილობრივი ენები, როგორი სოციალური სტრუქტურა იყო, ვისთან ერთად ცხოვრობდა რამთა — შვილები, შვილიშვილები — როგორია სიცოცხლის ციკლი, ჩვილთა სიკვდილიანობა, როგორი სამოსი ჰქონდა, როგორი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა, იარაღები, მცენარეები და ცხოველები? გვიამბეთ. ამის ნაცვლად ვიღებთ მხოლოდ ყველაზე ბანალურ ქადაგებებს, რომლებიც არ განსხვავდება უცხოპლანეტელების მიერ იმ საბრალო ადამიანებისთვის გადაცემული დანაბარებისგან, რომლებიც მტკიცების თანახმად, ამ უცხოპლანეტელებს ჰყავდათ გატაცებული.

სხვათა შორის, ხანდახან ვიღებ წერილებს ადამიანებისგან, რომლებიც არამიწიერ ცივილიზაციასთან არიან „კავშირზე“ და მთავაზობენ, „ნებისმიერი რამ ვკითხო“. საამისოდ კითხვების სია მაქვს. გახსოვდეთ, უცხოპლანეტელები ძალიან განვითარებულები არიან. ამიტომ ასეთ კითხვებს ვსვამ: „გთხოვთ, ფერმას ბოლო თეორემის მოკლე მტკიცებულება წარმოადგინოთ“.  ან გოლდბახის პრობლემა. შემდეგ კი იმის ახსნა მომიწევს, ესენი რა არის, რადგან უცხოპლანეტელები ფერმას ბოლო თეორემას არ უწოდებენ, ამიტომ მოკლე ხარისხობრივ განტოლებას ვწერ. პასუხს არასდროს ვიღებ. მეორე მხრივ, თუკი ვიკითხავ, „უნდა ვიყოთ თუ არა ადამიანები კეთილები?“, პასუხი ყოველთვის მომდის. ვფიქრობ, პასუხის შერჩევითად გაცემაზე დაყრდნობით გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. ისინი მოხარული არიან, პასუხი გასცენ ბუნდოვან კითხვებს, მაგრამ საკმარისია დასვათ სპეციფიკური კითხვები, რომლებიც შესაძლებლობას გაძლევთ, გაიგოთ, იციან თუ არა რამე სინამდვილეში, და პასუხად მხოლოდ დუმილს მიიღებთ.

ფრანგი მეცნიერი ანრი პუანკარე აღნიშნავდა, რატომ არის გულუბრყვილობა ასე ფართოდ გავრცელებული: „ჩვენ ვიცით, როგორი სასტიკია ხშირად სიმართლე და ვინტერესდებით, იქნებ თავის მოტყუება უფრო მანუგეშებელია“. სწორედ ამის თქმას ვცდილობდი მაგალითების მოყვანით. მაგრამ არ მგონია, ეს იყოს ერთადერთი მიზეზი მიმნდობლობისა. სკეპტიციზმი უპირისპირდება დადგენილ წესებს. თუკი ყველას, მაგალითად მაღალკლასელ მოსწავლეებს, ვასწავლით სკეპტიკურ მიდგომას, მათი სკეპტიციზმი ალბათ არ შემოიფარგლება ასპირინის რეკლამებითა და ჩენელინგის 35 ათასი წლის მიმდევრებით. მათ შესაძლოა დასვან უხერხული კითხვები ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ან რელიგიური ინსტიტუტების შესახებ. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი? სკეპტიციზმი საშიშია. სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, მისი ფუნქცია. სკეპტიციზმის აზრი ისაა, რომ საშიში იყოს. სწორედ ამიტომ არ აქვთ სურვილი, სკოლაში ისწავლებოდეს. სწორედ ამიტომ არ აძლევენ ზოგადად გასაქანს სკეპტიციზმს მასმედიაში. მეორე მხრივ, როგორ ავიცილებთ თავიდან ძალიან საშიშ მომავალს, თუკი არ გვექნება ელემენტარული გონებრივი შესაძლებლობები, რათა გამჭრიახი კითხვები დავსვათ იმათთან მიმართებაში, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, განსაკუთრებით დემოკრატიულ წყობაში?

ვფიქრობ, საჭირო მომენტია იმის გასააზრებლად, რამხელა ეროვნულ გასაჭირს ავიცილებდით თავიდან, სკეპტიციზმი რომ უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული ამერიკულ საზოგადოებაში. ირან-ნიკარაგუას სკანდალი იმდენად აშკარა მაგალითია, ჩვენი საბრალო, გასაჭირში მყოფი პრეზიდენტის [რეიგანი] მდგომარეობით არ ვისარგებლებ და აღარ დავკონკრეტდები. ხელისუფლების წინააღმდეგობა ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებისადმი და მისი უწყვეტი მიდრეკილება ბირთვული იარაღების აფეთქებისკენ — რაც ბირთვული რბოლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია — ჩვენი „უსაფრთხოების“ საბაბით კიდევ ერთი ასეთი საკითხი გახლავთ. სკეპტიკური აზროვნების ჩვევების განვითარებას, რასაც მხარს უჭერს CSICOP (პარანორმალური მოვლენების მეცნიერული კვლევის კომიტეტი), დიდი მნიშვნელობა აქვს ერისთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხებში. ორივე პარტია იმდენ სისულელეს ავრცელებს, მიუკერძოებელი სკეპტიციზმი ეროვნული მიზანი უნდა იყოს, ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელი რამ.

მინდა, ცოტა ვრცლად ვისაუბრო სკეპტიციზმის ტვირთზე. შეიძლება გსიამოვნებთ, როცა თქვენს წარმოდგენაში დასცინით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენსავით ცხადად ვერ აღიქვამენ მოვლენებს. ეს პოტენციური სოციალური საფრთხეა, რომელსაც ნათლად აღვიქვამთ ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა CSICOP. საჭიროა, ფრთხილად ვიმოქმედოთ ამის წინააღმდეგ.

ჩემი აზრით, საჭიროა ნატიფი ბალანსი ორ წინააღმდეგობრივ მოთხოვნილებას შორის: ერთი მხრივ, ჩვენ წინაშე არსებული ყველა ჰიპოთეზის მკაცრი სკეპტიკური შემოწმება და ამავდროულად ახალი იდეების მიმღებლობა. ცხადია, აზროვნების ეს ორი ფორმა გარკვეულ დაპირისპირებაშია ერთმანეთთან. მაგრამ თუ მხოლოდ ერთ მათგანს იყენებთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელს, დიდი გასაჭირში ხართ. თუკი მხოლოდ სკეპტიკური დამოკიდებულება გაგაჩნიათ, მაშინ ახალ იდეას არასდროს აღიარებთ. ვერასდროს ისწავლით რამე ახალს. ჩამოყალიბდებით ჭირვეულ მოხუც ადამიანად, რომელიც დარწმუნებულია, რომ მსოფლიო აბსურდმა მოიცვა (ცხადია, ამ შეხედულების გასამყარებლად მტკიცებულება საკმარისად გექნებათ). მაგრამ ზოგჯერ, შეიძლება ას შემთხვევაში ერთხელ, ახალი იდეა მართებული, დასაბუთებული და საუცხოო აღმოჩნდება. თუკი ყველაფრის მიმართ ზედმეტად სკეპტიკური იქნებით, ეს იდეები გამოგეპარებათ ან უკუაგდებთ მათ, და ყველა შემთხვევაში შეცნობისა და პროგრესის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებით. მეორე მხრივ, თუკი იდეებისადმი ღიაობა გულუბრყვილობაში გადაგდით და სკეპტიციზმის ნასახი არ გაგაჩნიათ, ვერ შეძლებთ, სასარგებლო იდეები უხეიროსგან განასხვავოთ. თუკი ყველა იდეას თანაბრად საფუძვლიანად თვლით, გზააბნეული ხართ, რადგან გამოდის, რომ სინამდვილეში არცერთ იდეას არ გააჩნია  მართებულობა.

ზოგი იდეა სხვებზე უკეთესია. მათი ამოცნობის მექანიზმი აუცილებელი რამ არის ცხოვრებაში და განსაკუთრებით მომავალთან მიმართებაში. აზროვნების ამ ორი ფორმის შერწყმა გახლავთ სწორედ მეცნიერების წარმატების საფუძველი.

კარგი მეცნიერები ორივეს იყენებენ. საკუთარ თავთან საუბრისას უამრავი ახალი აზრი მოსდით და შემდეგ თავადვე დაუნდობლად აკრიტიკებენ. ამ აზრების უმეტესობა სხვა ადამიანებამდე არასდროს აღწევს. მხოლოდ ის იდეები გასაჯაროვდება, რომლებმაც მკაცრი გაფილტვრა გაიარეს და დანარჩენი სამეცნიერო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდებიან. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საყოველთაოდ აღიარებული იდეები მცდარი აღმოჩნდება, ან სულ მცირე ნაწილობრივ არამართებული, ან უფრო კარგი განზოგადების მქონე იდეებით ჩანაცვლდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ამას თან ახლავს გარკვეული პიროვნული დანაკლისი — როგორიცაა ემოციური ბმა იმ იდეისადმი, რომლის ჩამოყალიბებაშიც რაღაც როლი ითამაშეთ — კოლექტიური ეთიკა გულისხმობს, რომ ასეთი იდეები ყოველ ჯერზე უნდა უარვყოთ და ჩავანაცვლოთ ალტერნატივით, რომელიც მეცნიერული საქმიანობისთვის უფრო ხელშემწყობი იქნება. მეცნიერებაში ხშირად ხდება, რომ მეცნიერები ამბობენ, „იცი, ეს კარგი არგუმენტია. არასწორი პოზიცია მეკავა“. შემდეგ აზრს იცვლიან და იმ ძველ მოსაზრებას მათგან ვეღარ გაიგებთ. ამას ნამდვილად აკეთებენ. ისე ხშირად არ ხდება, როგორც საჭიროა, რადგან მეცნიერებიც ადამიანები არიან და ცვლილება ზოგჯერ მტკივნეულია. მაგრამ მაინც ყოველდღე ხდება. ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ჰქონდა ადგილი მსგავს რამეს პოლიტიკაში ან რელიგიაში. ძალიან იშვიათია, რომ მაგალითად სენატორმა თქვას: „ეს კარგი არგუმენტია. ჩემს პოლიტიკურ პოზიციას შევიცვლი.“

მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო მასტიმულირებელ შეხვედრებს არამიწიერი ინტელექტის ძიების ან ცხოველთა ენის შესახებ CSICOP-ის კონფერენციაზე. მეცნიერების ისტორიაში ადგილი აქვს მსხვილი ინტელექტუალური დაპირისპირებების ყურადსაღებ პროცესს. ყველა ეს დაპირისპირება საბოლოო ჯამში ეხება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროში ადამიანი. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ბრძოლები ანტიკოპერნიკული პატივმოყვარეობის შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

ჩვენ სამყაროს ცენტრი ვართ. ყველა პლანეტა, ვარსკვლავი, მზე და მთვარე ჩვენ გარშემო მოძრაობს (მართლაც ძალიან განსაკუთრებული უნდა ვიყოთ). ეს გახლდათ დამკვიდრებული აზრი — თუ არ ჩავთვლით არისტარქეს — კოპერნიკის პერიოდამდე. ბევრ ადამიანს მოსწონდა ეს აზრი, რადგან მათ არსებობას სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, როგორც ინდივიდები, გამორჩეულები არ ყოფილიყვნენ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დედამიწაზე ცხოვრობდით, პრივილეგირებულად გაქცევდათ. ეს კარგი შეგრძნება იყო. შემდეგ გამოჩნდა მტკიცებულება, რომ დედამიწა უბრალოდ პლანეტა იყო და ცაში მოძრავი მანათობელი წერილებიც ასევე პლანეტებს წარმოადგენდნენ. გულდასაწყვეტია. დამთრგუნველიც კი. ის დრო სჯობდა, როცა მნიშვნელოვანი და უნიკალური ვიყავით.

სამაგიეროდ მზე მაინც არის სამყაროს ცენტრი. არა, ის სხვა ვარსკვლავებიც მზის მსგავსია და უფრო მეტიც, ჩვენ გალაქტიკის მიყრუებულ ადგილას ვართ. გალაქტიკის ცენტრთან ახლოსაც კი არ ვართ. ძალიან დამთრგუნველია.
სამაგიეროდ ირმის ნახტომის გალაქტიკაა სამყაროს ცენტრი. ამას მოყვა მეცნიერების შემდგომი პროგრესი და აღმოჩნდა, რომ სამყაროს ცენტრი არ გააჩნია. გარდა ამისა, ასობით მილიარდი სხვა გალაქტიკა არსებობს. ჩვენი გალაქტიკა არაფრითაა გამორჩეული. ღრმა მწუხარება.
სამაგიეროდ ჩვენ, ადამიანები, ღვთის შემოქმედების მწვერვალი ვართ. ჩვენ ცალკე მდგომი სახეობა ვართ. ყველა დანარჩენი ორგანიზმი, მცენარეები და ცხოველები, ჩვენზე დაბლა დგანან. ჩვენ მათზე მაღლა ვართ. მათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ყველა ცოცხალი არსება დამოუკიდებლად შეიქმნა. აქ ასპარეზზე შემოდის დარვინი. აღმოვაჩენთ ევოლუციის უწყვეტ სპექტრს. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს სხვა ცხოველებთან და მცენარეებთან. უფრო მეტიც, ჩვენი უახლოესი ბიოლოგიური ნათესავი შიმპანზეა. ესენი არიან ჩვენი ნათესავებიეს არსებები? რა სირცხვილია. ყოფილხართ ზოოპარკში და შეგიხედავთ შიმპანზეებისთვის? იცით, რას აკეთებენ? წარმოიდგინეთ, რა უხერხული იქნებოდა ეს აღმოჩენა ვიქტორიანულ ინგლისში, როცა დარვინი ამ დასკვნამდე მივიდა.
სხვა მნიშვნელოვანი მაგალითებიც არსებობს — პრივილეგირებული ათვლის სისტემები ფიზიკაში და არაცნობიერი გონება ფსიქოლოგიაში — რომლებსაც არ ჩავუღრმავდები. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ დებატების ამ ხანგრძლივ ტრადიციაში — რომელთაგან ყოველ მათგანში გაიმარჯვეს კოპერნიკელებმა, ანუ მათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ არაფრით განსაკუთრებული არ ვართ — არსებობდა ღრმა ემოციური ტენდენცია, რასაც ადგილი ჰქონდა CSICOP-ის ორივე შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ვახსენე. არამიწიერი ინტელექტის ძიება და ცხოველთა შესაძლო „ენის“ ანალიზი კოპერნიკამდელი რწმენათა სისტემების ერთ-ერთი მაგალითია:

სხვა თუ არაფერი, მთელ სამყაროში ყველაზე ჭკვიანი არსებები ვართ. თუკი სხვაგან გონიერი სიცოცხლე არ არსებობს, თუნდაც შიმპანზეებს ვენათესავებოდეთ, თუნდაც ამ ვრცელი და საოცარი სამყაროს ჯურღმულში ვიყოთ, მაინც გაგვაჩნია რაღაც განსაკუთრებული. მაგრამ როგორც კი არამიწიერ ინტელექტს აღმოვაჩენთ, პატივმოყვარეობის ეს ბოლო ნაპერწკალიც ჩაქრება. ვფიქრობ, არამიწიერი ინტელექტის იდეისადმი წინააღმდეგობა სწორედ ანტიკოპერნიკული პატივმოყვარეობაა. ანალოგიურად, თუკი არ დავიკავებთ რომელიმე მხარეს დებატში იმის შესახებ, არიან თუ არა სხვა ცხოველები — განვითარებული პრიმატები, განსაკუთრებით ადამიანის მსგავსი მაიმუნები — საკმარისად გონიერები ან აქვთ თუ არა საკუთარი ენა, ცხადია, რომ ემოციურ დონეზე ეს იგივე საკითხია. თუკი ადამიანებს განვსაზღვრავთ, როგორც არსებებს, რომლებსაც აქვთ ენა და სხვა არცერთ სახეობას არ აქვს ენა, ამ საკითხში მაინც ვიქნებით უნიკალური. მაგრამ თუკი აღმოჩნდება, რომ ამ ბინძურ, საძაგელ, სასაცილო შიმპანზეებსაც შეუძლიათ, ჟესტების ენით ან სხვაგვარად კომუნიკაცია დაამყარონ იდეების გაცვლისთვის, რა არის ჩვენ შესახებ განსაკუთრებული? მეცნიერულ დებატებში ადგილი აქვს ამ საკითხებისადმი ემოციურ წინასწარგანწყობას, ხშირად არაცნობიერად. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მეცნიერული დებატები, მსგავსად ფსევდომეცნიერული დებატებისა, შეიძლება ემოციებით იყოს სავსე, ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო.
ახლა ყურადღებით განვიხილოთ არამიწიერი ინტელექტის ძიება რადიოტალღებით. რით განსხვავდება ეს ფსევდომეცნიერებისგან? რამდენიმე რეალურ მაგალითს მოგიყვანთ. ადრეულ 60-იან წლებში საბჭოთა კავშირმა მოსკოვში გამართა კონფერენცია, სადაც განაცხადეს, რომ შორეული რადიოგამოსხივების წყარო, სახელად CTA-102, სინუსოიდურად იცვლებოდა, სინუსოიდალური ტალღის მსგავსად, დაახლოებით 100 დღიანი პერიოდით. რატომ მოიწვიეს პრეს-კონფერენცია იმის აღსანიშნავად, რომ შორეული რადიოგამოსხივების წყარო ცვალებადია? იმიტომ, რომ მათ ეგონათ, ეს იყო განუზომლად ძლიერი უცხოპლანეტური ცივილიზაცია. საამისოდ ნამდვილად ღირს პრეს-კონფერენციის მოწვევა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა სიტყვა „კვაზარი“ არც კი არსებობდა. დღეს ვიცით, რომ CTA-102 კვაზარია. ჯერ კარგად არ ვიცით, კვაზარი რას წარმოადგენს. მეცნიერულ ლიტერატურაში მათ ასახსნელად რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ახსნა არსებობს. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა განიხილავს სერიოზულად იმ აზრს, რომ CTA-102-ის მსგავსი კვაზარი გალაქტიკის მასშტაბის უცხოპლანეტური ცივილიზაციაა, რადგან მისი თვისებების ასახსნელად არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომლებიც მეტნაკლებად თავსებადია ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებთან და არამიწიერი სიცოცხლის არსებობის დაშვებას არ საჭიროებენ. უცხოპლანეტელთა ჰიპოთეზა არის უკანასკნელი მცდელობა. ის მხოლოდ მაშინ უნდა განიხილოთ, როცა სხვა ვერაფერმა გაამართლა.

მეორე მაგალითი: 1967 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს რადიოგამოსხივების ახლომდებარე კაშკაშა წყარო, რომელიც ბევრად მცირე შუალედით იცვლებოდა და მისი პერიოდი მუდმივად ძალიან ზუსტი გახლდათ. რა იყო ეს? პირველად იფიქრეს, რომ ეს ჩვენთვის განკუთვნილი გზავნილის მსგავს რამეს წარმოადგენდა ან ვარსკვლავთშორისი ნავიგაციის შუქურა იყო კოსმოსური ხომალდისთვის, რომელიც ვარსკვლავებს შორის სივრცეში დაფრინავდა. მათ ეს ობიექტი აღნიშნეს, როგორც LGM-1 — პატარა მწვანე ადამიანები. თუმცა (ისინი საბჭოთა მეცნიერებზე უფრო გონიერები იყვნენ) მათ პრეს-კონფერენცია არ მოუწვევიათ და მალე გაირკვა, რომ სინამდვილეში ეს იყო ციური სხეული, რომელსაც ამჟამად „პულსარს“ ვუწოდებთ. უფრო მეტიც, ეს პირველი პულსარი გახლდათ, კიბორჩხალას ნისლეულის პულსარი. რა არის პულსარი? პულსარი არის ქალაქის ზომამდე შეკუმშული ვარსკვლავი, რომლის სტაბილურობას, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს არა აირის წნევა, არა ელექტრონების გადაგვარება, არამედ ბირთვული ძალები. გარკვეული თვალსაზრისით, ეს გახლავთ პასადენას ზომის ატომბირთვი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს იდეა არანაკლებ უცნაურია, ვიდრე ვარსკვლავთშორისი ნავიგაციის შუქურა. რა არის პულსარი, ამ კითხვაზე პასუხია რაღაც ძალიან უცნაური. ეს არ არის არამიწიერი ცივილიზაცია, არამედ რაღაც სხვა. რაღაც, რაც გვეხმარება თვალების გახელასა და გონების გახსნაში და მიგვანიშნებს ბუნებაში არსებულ შესაძლებლობებზე, რომლებიც აქამდე ფიქრადაც არ გაგვივლია.

ამის შემდეგ მოდის ცრუ დადებითების საკითხი. ფრენკ დრეიკს ოზმას ექსპერიმენტში, პოლ ჰოროვიცს პლანეტარული საზოგადოების მიერ დაფინანსებულ მეტას (არამიწიერი ანალიზის მეგაარხი) პროგრამაში, ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებსა და ბევრ სხვა ჯგუფს დაუფიქსირებიათ ანომალიური სიგნალები, რომლებიც გულს აგიჩქარებთ. გარკვეულ მომენტში ფიქრობენ, რომ რეალური სიგნალი დააფიქსირეს. ზოგ შემთხვევაში ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა იყო სინამდვილეში. სიგნალები აღარ მეორდება. მეორე ღამეს იგივე ტელესკოპს ცის იგივე მონაკვეთისკენ მიმართავთ იგივე მოდულაციით, სიხშირითა და ზოლური ფილტრით, ყველაფერი იგივეა, მაგრამ ვერაფერს აფიქსირებთ. ამ მონაცემებს არ აქვეყნებთ. შესაძლოა, დეტექტორის სისტემა გაუმართავად მუშაობდა. შეიძლება საჰაერო კონტროლისა და მართვის სისტემის სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა და მისი კვალი დაფიქსირდა იმ სიხშირეზე, რომელიც მხოლოდ რადიოასტრონომიისთვის უნდა იყოს გამოყოფილი. შეიძლება სადმე ახლოს მდებარე დიათერმიის აპარატი იყო. ბევრი შესაძლებლობაა. მაშინვე ვერ გამოაცხადებთ, რომ არამიწიერი ცივილიზაცია აღმოაჩინეთ მხოლოდ იმიტომ რომ უჩვეულო სიგნალი დააფიქსირეთ.

თუკი ეს სიგნალი მეორდება, უნდა გამოაცხადოთ? არა. შეიძლება მისტიფიკაციას აქვს ადგილი. იქნებ თქვენს სადამკვირვებლო სისტემას რაღაც დაემართა და ამის გასარკვევად საკმარისად გამჭრიახი არ ხართ. ამის ნაცვლად მოუხმობთ სხვა რადიოტელესკოპებზე მომუშავე მეცნიერებს და ეტყვით, რომ ცის ამ კონკრეტულ წერტილში ამა და ამ სიხშირეზე, ზოლურ ფილტრზე, მოდულაციასა და სხვა პარამეტრებზე რაღაც უცნაურს აფიქსირებთ. იქნებ ისინიც დააკვირდნენ და რამე მსგავსი აღმოაჩინონ? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე დამოუკიდებელი დამკვირვებელი დააფიქსირებს ერთი და იგივე სახის ინფორმაციას ცის ერთ წერტილში, შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაცას მიაგენით. ამ დროსაც კი ვერ გეცოდინებათ, რომ ეს რაღაც სინამდვილეში არამიწიერი ინტელექტია, მაგრამ იმას მაინც დაადგენთ, რომ დედამიწიდან არ იღებს სათავეს (და ასევე არ მდებარეობს დედამიწის ორბიტაზე; არამედ ბევრად შორსაა). ეს გახლავთ მოვლენათა პირველი მიმდევრობა, რომელიც საჭიროა იმაში დასარწმუნებლად, რომ არამიწიერი ცივილიზაციისგან მიიღეთ სიგნალი.

ახლა ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ადგილი აქვს გარკვეულ დისციპლინას. სკეპტიციზმი ტვირთად გვაწვება. ასე უბრალოდ ვერ დაიწყებთ „პატარა მწვანე ადამიანების“ ძახილს, რადგან შეიძლება სულელად გამოჩნდეთ, როგორც საბჭოთა მეცნიერებს დაემართათ CTA-102-თან დაკავშირებით, როცა აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში სულ სხვა რამ არის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როცა ასეთ სარისკო საქმეს ეხებით. მტკიცებულებების არსებობამდე დასკვნა არ უნდა გავაკეთოთ. ცუდი არაფერია იმაში, თუკი დარწმუნებული არ ხართ.

ხშირად მისვამენ კითხვას, „როგორ ფიქრობთ, არსებობს არამიწიერი ინტელექტი?“ სტანდარტული არგუმენტებით ვპასუხობ — სამყაროში ბევრი პლანეტაა, ვიყენებ სიტყვა მილიარდებს და ა.შ. შემდეგ ვამბობ, რომ ჩემთვის განსაცვიფრებელი იქნებოდა იმის გაგება, რომ არამიწიერი ინტელექტი არ არსებობს, თუმცა ცხადია, საამისოდ მყარი მტკიცებულება არ გაგვაჩნია. შემდეგ მეკითხებიან, „დიახ, მაგრამ რეალურად რას ფიქრობთ?“ მე ვპასუხობ, „უკვე გითხარით, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ“. „დიახ, მაგრამ წინათგრძნობა რას გეუბნებათ?“ ვცდილობ, წინათგრძნობას არ ვენდო. სრულიად მისაღებია, მტკიცებულებების არსებობამდე არ იმსჯელოთ.

მას შემდეგ, რაც ჟურნალ „Parade-ში“ დაიბეჭდა ჩემი სტატია „მონაჩმახის გამოვლენის ნატიფი ხელოვნება“ (1987 წლის 1-ლი თებ.), ალბათ მიხვდებით, რომ ბევრი წერილი მივიღე. „Parade-ს“ 65 მილიონი ადამიანი კითხულობს. სტატიაში მოყვანილი მქონდა იმ რაღაცების გრძელი სია, რომლებიც ჩემი თქმით, „დამტკიცდა ან ივარაუდება, რომ მონაჩმახია“ — 30 ან 40 საკითხი. მათი მომხრეები ერთნაირად აღშფოთდნენ, ამიტომ ბევრმა მომწერა. ასევე ნახსენები მქონდა ძალიან ელემენტარული წინაპირობები, რაც უნდა გავითვალისწინოთ მონაჩმახებზე მსჯელობისას — ავტორიტეტისადმი მიმართვა არ მოქმედებს, მტკიცებულებათა ჯაჭვში თითოეული ეტაპი დასაბუთებული უნდა იყოს და ა.შ. ბევრმა ადამიანმა მომწერა, „ზოგად წესებთან დაკავშირებით სავსებით მართალი ბრძანდებით; სამწუხაროდ ეგ წესები ჩემს დოქტრინას არ ეხება“. მაგალითად, ერთ წერილში ავტორი მწერდა, რომ დედამიწის მიღმა გონიერი სიცოცხლის არსებობის იდეა მონაჩმახის არაჩვეულებრივი მაგალითია. ის ასკვნიდა, „ამაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც ნებისმიერ რამეში. სამყაროში სხვაგან არსად არსებობს ცნობიერი სიცოცხლე. ამიტომ კაცობრიობა სამართლიანად დაუბრუნდება თავის ადგილს – სამყაროს ცენტრს“.

სხვა წერილის ავტორი ასევე დამეთანხმა ზოგად წესებში, მაგრამ აღნიშნა, რომ როგორც გამოუსწორებელ სკეპტიკოსს, სიმართლისადმი გონება მქონდა დახშული. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ მტკიცებულების დაიგნორება, რომ დედამიწა 6000 წლისაა. საქმე იმაშია, რომ არ დამიიგნორებია. განვიხილე აღნიშნული მტკიცებულება და შემდეგ უარვყავი. მათ შორის განსხვავება არსებობს და სწორედ ეს განსხვავებაა წინასწარ შექმნილ აზრსა და მტკიცებულების განხილვის შემდეგ გაკეთებულ დასკვნას შორის. პირველი საშინელია იმ გაგებით, რომ უსამართლოდ იქცევით და სერიოზულ შეცდომებს უშვებთ. მეორე არ არის საშინელი. ცხადია, სრულყოფილი ვერ იქნებით. შეიძლება შეცდომები დაუშვათ. თუმცა მტკიცებულებების განხილვის შემდეგ დასკვნის გაკეთება მისაღებია. ზოგ წრეში ამას ახალისებენ კიდეც.

ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რაც მეცნიერებას სტიმულს აძლევს, განცვიფრების წყურვილია. ეს ძალიან ძლიერი ემოციაა. მას ყველა ბავშვი გრძნობს. პირველკლასელთა ოთახში მას ყველა გრძნობს, მე-12 კლასში კი – თითქმის აღარავინ ან სულ მცირე, არ აღიარებენ. პირველ და მეთორმეტე კლასებს შორის რაღაც ხდება და ეს მხოლოდ მომწიფება არ არის. სკოლები და მასმედია არამარტო არ ასწავლიან სკეპტიციზმს, არამედ განცვიფრების მღელვარე შეგრძნებასაც არ ახალისებენ. მეცნიერებაც და ფსევდომეცნიერებაც აღვიძებს ამ შეგრძნებას. მეცნიერების არასაკმარისი პოპულარიზაცია ეკოლოგიურ ნიშას ქმნის ფსევდომეცნიერებისთვის.

საშუალო ადამიანს მეცნიერებას რომ ვუხსნიდეთ გასაგები და ამაღელვებელი ფორმით, ფსევდომეცნიერების ადგილი აღარ დარჩებოდა. თუმცა არსებობს გრეშემის კანონის მსგავსი რაღაც, რის გამოც პოპულარულ კულტურაში ცუდი მეცნიერება განდევნის კარგ მეცნიერებას. ვფიქრობ, ამაში პირველ რიგში უნდა დავადანაშაულოთ მეცნიერული საზოგადოება, რადგან სათანადოდ არ ვეწევით მეცნიერების პოპულარიზაციას და მეორე რიგში მასმედია, რომელიც ამ საკითხში ერთგვაროვნად შემაძრწუნებელია. ამერიკაში ყველა გაზეთს აქვს ყოველდღიური ასტროლოგიის სვეტი. რამდენ მათგანს აქვს ყოველკვირეული ასტრონომიის სვეტი? მჯერა, რომ ბრალი საგანმანათლებლო სისტემასაც მიუძღვის. ჩვენ არ ვასწავლით, როგორ იაზროვნონ. ეს ძალიან სერიოზული მარცხია, რომელმაც შეიძლება 60 000 ბირთვული იარაღით აღჭურვილ მსოფლიოში ადამიანთა მომავალზე ცუდად იმოქმედოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მეცნიერება ბევრად საოცარია, ვიდრე ფსევდომეცნიერება. გარდა ამისა, მეცნიერებას გააჩნია არც ისე უმნიშვნელო თვისება, იყოს მართალი.

კარლ სეიგანი
გაზეთი „Skeptical Inquirer“, 1987 წლის შემოდგომა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s