ვინ იყო აინშტაინის ცოლი – მილევა მარიჩი?


ქმრის მსგავსად ისიც ფიზიკოსი იყო და არსებობს მტკიცებულებები, რომ აინშტაინის რევოლუციურ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა.

მილევა მარიჩი აინშტაინის პირველი ცოლი გახლდათ. თუმცა რამდენმა იცის ეს ბრწყინვალე მეცნიერი? მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინი მე-20 საუკუნის საუკეთესო ფიზიკოსადაა აღიარებული, მის კარიერასთან დაკავშირებით ერთი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება: რამდენად დიდი იყო მისი პირველი ცოლის როლი მის მეცნიერულ მიღწევებში? მართალია, აინშტაინის ნაშრომებიდან რომელიმე კონკრეტულ ნაწილს მას ვერ აკუთვნებენ, თუმცა მეუღლეებს შორის მიმოწერა და სხვა სახის მტკიცებულებები(1-5) საკმარის ინფორმაციას გვაძლევს, თუ როგორ თანამშრომლობდნენ ისინი გაცნობიდან (1896 წ) დაშორებამდე (1914 წ). ეს იყო წყვილი, რომელსაც აერთიანებდა ლტოლვა ფიზიკისადმი, მუსიკისა და ერთმანეთისადმი. გავეცნოთ მათ ისტორიას.

მილევა მარიჩი სერბეთის (ავსტრო-უნგრეთის) ქალაქ ტიტელში დაიბადა 1875 წელს. მის მშობლებს, მარია რუჟიჩსა და მილოშ მარიჩს, შეძლებულ და საზოგადოებაში პატივსაცემ ოჯახს, კიდევ ორი შვილი ჰყავდათ: ზორკა და მილოშ უმცროსი. როცა მილევა მაღალ კლასებში გადავიდა, სერბულ სკოლებში გოგონებს უკვე აღარ იღებდნენ. 1892 წელს მამამისმა განათლების მინისტრისგან მოიპოვა ნებართვა, რომ მილევა ბიჭებისთვის განკუთვნილ ფიზიკის ლექციებს დასწრებოდა ზაგრებში. ფიზიკასა და მათემატიკაში მას უმაღლესი შეფასებები ჰქონდა. საშუალო სკოლა ციურიხში დაამთავრა 1894 წელს და შემდგომ მისი ოჯახი ქალაქ ნოვი-სადში გადავიდა. კლასელები მილევას აღწერდნენ, როგორც ბრწყინვალე გონების პატრონს, მაგრამ არც ისე ენაწყლიანს. უყვარდა ყველაფრის გამოკვლევა, იყო შეუპოვარი და მუყაითად შრომობდა მიზნების ასასრულებლად.

ალბერტ აინშტაინი გერმანიის ქალაქ ულმში დაიბადა 1879 წელს და ერთი და, მაია ჰყავდა. მამამისი, ჰერმანი, მეწარმე იყო. დედა, პაულინ კოხი, მდიდარი ოჯახის შვილი გახლდათ. ალბერტი ცნობისმოყვარე, ბოჰემური და მეამბოხე პიროვნება იყო. ბუნებით უდისციპლინო ვერ ურიგდებოდა გერმანული სკოლების რეჟიმს, ამიტომ მაღალ კლასებში სწავლა მანაც შვეიცარიაში განაგრძო, მისი ოჯახი კი მილანში გადავიდა.

ალბერტი და მილევა ციურიხის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტი ციურიხში – ETH Zurich) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ 1896 წელს სამ სხვა სტუდენტთან ერთად: მარსელ გროსმანი, ლუი კოლროსი და იაკობ ერატი. ალბერტი და მილევა განუყრელები გახდნენ, მთელ დროს ერთად მეცადინეობაში ატარებდნენ. ალბერტი იშვიათად ესწრებოდა ლექციებს, სახლში სწავლა ერჩია. მილევა მეთოდური და ორგანიზებული იყო. როგორც ალბერტის 1899-1903 წლების არდადეგების პერიოდის წერილებიდან ვიგებთ, მილევა მას სწავლაში ხელს უწყობდა.(5) 43-დან დღემდე შემორჩილი 10 წერილი გვამცნობს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ იმ პერიოდში.

1899 წლის აგვისტოს ალბერტმა მილევას მიწერა: „ჰელმჰოლცის ნაშრომები პირველად რომ წავიკითხე, უცნაური შეგრძნება მქონდა, რომ ჩემ გვერდით არ იყავი და ამ მხრივ დღემდე არაფერი შეცვლილა. ერთად რომ ვშრომობთ, ძალიან კარგია, მარგებელი და უფრო ადვილიც.” 1899 წლის 2 ოქტომბერს კი მილანიდან მიწერა: „… აქაური კლიმატი საერთოდ არ შემეფერება, და მუშაობის მონატრებასთან ერთად შავბნელი აზრებით ვივსები – სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მენატრება ის დრო, როცა გვერდით მყავდი და სულგრძელად მაკონტროლებდი, რომ გზიდან არ გადამეხვია.”

მილევა ქალთა პანსიონატში გაემგზავრა, სადაც დიდი ხნის მეგობრებს, ელენ კაუფლერ-სავიჩსა და მილანა ბოტას შეხვდა. მოგვიანებით ორივენი საუბრობდნენ ალბერტის სისტემატურ სტუმრობაზე, რომ მილევას არყოფნის დროს ის თავისუფლად მოდიოდა წიგნების წასაღებად. ელენის შვილიშვილმა მილან პოპოვიჩმა გამოაქვეყნა წერილები, რომლებსაც მილევა სხვადასხვა პერიოდში ელენს უგზავნიდა.(4)

სწავლის დასრულებისას, 1900 წელს, მილევასა და ალბერტს მსგავსი ნიშნები ჰქონდათ (შესაბამისად 4.7 და 4.6) გარდა გამოყენებითი ფიზიკისა, სადაც მილევამ მაქსიმალური 5 ქულა მიიღო, ალბერტმა კი – მხოლოდ 1. მილევა ბრწყინავდა ექსპერიმენტულ სამუშაოში, ალბერტი კი – არა. მაგრამ ზეპირ გამოცდაში პროფესორმა მინკოვსკიმ 4 მამაკაც სტუდენტს 12-დან 11 ქულა დაუწერა, მილევას კი – 5. მხოლოდ ალბერტმა მოახერხა დიპლომის აღება.

ამასობაში ალბერტის ოჯახი მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. დედამისი ურყევად იდგა თავის პოზიციაზე. 1900 წლის 27 ივლისს ალბერტის მიერ მილევასადმი გაგზავნილ წერილში ნახსენებია მისი სიტყვები: „30 წლის რომ გახდები, ის უკვე დედაბერი იქნება!”, ასევე – „ის პატივსაცემ ოჯახში ფეხს ვერ შედგამს”. მილევა არც ებრაელი იყო და არც გერმანელი. კოჭლობდა და ალბერტის დედის აზრით, მეტისმეტად ჭკვიანი იყო, რომ არაფერი ვთქვათ უცხოელი ადამიანებისადმი ცრურწმენებზე. გარდა ამისა, ალბერტის მამა მოითხოვდა, რომ ცოლის მოყვანამდე მას სამსახური ეშოვა.

1900 წლის სექტემბერში ალბერტმა მილევას მიწერა: „ჩვენი ახალი საერთო საქმის გაგრძელებას ველი. შენ კვლევა უნდა განაგრძო – როგორი ამაყი ვიქნები, ჩემს მეუღლეს რომ დოქტორის ხარისხი ექნება, როცა მე მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნები.” 1900 წლის ოქტომბერში ერთად დაბრუნდნენ ციურიხში სადისერტაციო ნაშრომის დასაწყებად. დანარჩენი სტუდენტებიდან სამივემ მიიღო ასისტენტის პოზიცია ინსტიტუტში, მაგრამ არა ალბერტმა. ის ეჭვობდა, რომ პროფესორი ვებერი მას განზრახულად უშლიდა ხელს. სამუშაოს გარეშე დაქორწინებაზე უარს ამბობდა. საბოლოოდ კერძო მოსწავლეები აიყვანეს და „ცხოვრება და მუშაობა ძველებურად განვაგრძეთ”, როგორც ელენ სავიჩისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა მილევა.

1900 წლის 13 დეკემბერს ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს კაპილარულ ეფექტზე, რომლის ავტორად მხოლოდ ალბერტი იყო აღნიშნული. თუმცა წერილებში მას ორივე საერთო ნაშრომად მოიხსენიებდა. 1900 წლის 20 დეკემბერს მილევამ ელენს მიწერა: „ასლს პირადად გავუგზავნით ბოლცმანს, რათა გავიგოთ, რას ფიქრობს და ვიმედოვნებ, გვიპასუხებს.” ანალოგიურად 1901 წლის 4 აპრილს ალბერტმა მიწერა მილევას, რომ მისი მეგობარი, მიშელ ბესო, „ჩემი სახელით ესტუმრა ბიძამისს, პროფესორ იუნგს, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიზიკოსს და ჩვენი სტატიის ასლი გადასცა.”

როგორც ჩანს, მხოლოდ ალბერტის სახელით გამოქვეყნება ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. რატომ? რადმილა მილენტიევიჩმა, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯის ისტორიის ყოფილმა პროფესორმა 2015 წელს გამოაქვეყნა მილევას ყველაზე დაწვრილებითი ბიოგრაფია.(1) მისი აზრით, მილევას ალბათ სურდა, ალბერტს სახელის გათქმაში დახმარებოდა, რათა სამსახური ეშოვა და მასზე დაქორწინებულიყო. დორდ კრსტიჩმა, ლუბლიანას უნივერსიტეტის ფიზიკის ყოფილმა პროფესორმა, 50 წელი დაუთმო მილევას ცხოვრების კვლევას. თავის კარგად დასაბუთებულ წიგნში(2) აყენებს მოსაზრებას, რომ იმ პერიოდში ქალთა მიმართ არსებული საყოველთაო დისკრიმინაციის გამო თუკი ნაშრომის თანაავტორად ქალიც იქნებოდა დასახელებული, შეიძლება ნაკლები წონა ჰქონოდა.

ზუსტად არასდროს გვეცოდინება. თუმცა ყველაზე ნათლად თავად აინშტაინმა აღნიშნა 1901 წლის 27 მარტის წერილში, რომ ფარდობითობის სპეციალურ თეორიაზე ის და მილევა ერთად მუშაობდნენ: „როგორი ბედნიერი და ამაყი ვიქნები, როცა ჩვენ ორნი ჩვენს ნაშრომს ფარდობით მოძრაობაზე გამარჯვებით დავასრულებთ.”

ამის შემდეგ მილევას ბედისწერა მოულოდნელად შეიცვალა. კომოს ტბაზე დასვენების პერიოდში ის ალბერტისგან დაორსულდა. უმუშევარი ალბერტი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა. გაურკვეველი მომავლის მქონე მილევამ მეორეჯერ და ბოლოჯერ სცადა ზეპირი გამოცდის გავლა 1901 წლის ივლისში. ამჯერად ის პროფესორმა ვებერმა ჩაჭრა, რომელზეც აინშტაინი ეჭვობდა, რომ გამიზნულად უნგრევდა კარიერას. მილევა იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და სერბეთში გაემგზავრა, თუმცა მალევე დაბრუნდა ციურიხში, რათა ალბერტი მასზე დაქორწინებაზე დაეთანხმებინა. მილევამ გოგონა, სახელად ლისერლი გააჩინა 1902 წლის იანვარში. არავინ იცის, რა ბედია ეწია ჩვილს. სავარაუდოდ გააშვილეს ან მალევე დაიღუპა ავადმყოფობისგან. დაბადების ან გარდაცვალების მოწმობა არ შემორჩენილა.

1901 წლის დეკემბერში მათი ჯგუფელის, მარსელ გროსმანის, მამის დახმარებით, ალბერტმა ბერნის საპატენტო ბიუროში იპოვა სამსახური. მუშაობა 1902 წლის ივნისში დაიწყო. ოქტომბერში მამამისმა სიკვდილის წინ დაოჯახების ნება მისცა. ალბერტი და მილევა 1903 წლის 6 იანვარს დაქორწინდნენ. ალბერტი კვირაში 6 დღე დღეში 8 საათს შრომობდა, მილევა კი საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. საღამოობით ერთად მუშაობდნენ, ზოგჯერ გვიანობამდეც. ამის შესახებ ორივე საუბრობდა მეგობრებთან, ალბერტი – ჰანს ვოლვენდთან, მილევა – ელენ სავიჩთან 1903 წლის 20 მარტს, როცა მწუხარებას გამოთქვამდა, რომ ალბერტს ამდენი შრომა უწევდა საპატენტო ბიუროში. 1904 წლის 14 მაისს დაიბადა მათი ვაჟი – ჰანს-ალბერტი.

მიუხედავად ამისა, 1905 ამჟამად ცნობილია, როგორც ალბერტის „საოცარი წელი”. მან გამოაქვეყნა 5 ნაშრომი: ერთი – ფოტოელექტრონულ ეფექტზე (რისი წყალობითაც 1921 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა), ორი – ბრაუნის მოძრაობაზე, ერთი – სპეციალურ ფარდობითობაზე და ცნობილი E=mc². ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ შეაფასა 21 მეცნიერული ნაშრომი და გამოაქვეყნა თავისი დისერტაცია მოლეკულების განზომილებაზე. მოგვიანებით ალბერტმა უთხრა რობერტ შანკლენდს(6), რომ ფარდობითობა მისი ცხოვრების აზრი იყო 7 წლის მანძილზე, ფოტოელექტრონული ეფექტი კი – 5 წლის. პიტერ მიშელმორი, მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი(7), წერდა, რომ სპეციალური ფარდობითობის საფუძვლების დასასრულებლად 5 კვირიანი შრომის შემდეგ ალბერტი „ორი კვირა იწვა საწოლში. მილევა სისტემატურად ამოწმებდა ნაშრომს და ბოლოს ფოსტით გაუგზავნა”. ღონეგამოცლილი წყვილი სერბეთში ჩავიდა, სადაც უამრავი ნათესავი და მეგობარი ნახეს, მათ მონაყოლში კი ხშირად ფიგურირებს, როგორ თანამშრომლობდნენ ალბერტი და მილევა.

მილევას ძმა, მილოშ უმცროსი, რომელიც გულწრფელობით იყო ცნობილი, რამდენჯერმე დარჩა აინშტაინების ოჯახში, როცა პარიზში მედიცინას სწავლობდა. კრსტიჩი(2) წერდა: „[მილოში] აღწერდა, საღამოობითა და ღამღამობით, როცა ქალაქში სიჩუმე იდგა, როგორ დასხდებოდა ერთად მაგიდასთან ახალგაზრდა წყვილი და ნავთის ლამპის შუქზე ერთად მუშაობდნენ ფიზიკის პრობლემებზე. მილოშ უმცროსი აღწერდა, როგორ ანგარიშობდნენ, წერდნენ, კითხულობდნენ და კამათობდნენ.” კრსტიჩმა ეს ინფორმაცია მილევას ნათესავებისგან, სიდონია გაინისა და სოფია გალიჩ გოლუბოვიჩისგან მიიღო.

ზარკო მარიჩი, მილევას მამის ბიძაშვილი, სასოფლო დასახლებაში ცხოვრობდა, სადაც აინშტაინები დასასვენებლად ჩადიოდნენ. ის მოუყვა კრსტიჩს, როგორ ანგარიშობდა, წერდა და მუშაობდა მილევა ალბერტისთვის. წყვილი ხშირად სხდებოდა ბაღში ფიზიკაზე მსჯელობისთვის. მათ შორის ჰარმონია და ორმხრივი პატივისცემა ჭარბობდა.

გაინი და ზარკო მარიჩი ასევე იხსენებდნენ მილევას მამისგან გაგონილს, თუ როგორ უყვებოდა მას მილევა: „წამოსვლამდე დავასრულეთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ჩემს ქმარს მთელ მსოფლიოში გაუთქვამს სახელს.” კრსტიჩმა იგივე ინფორმაცია მიიღო 1961 წელს მილევას ბიძაშვილისგან, სოფია გალიჩ გოლუბოვიჩისგან, რომელიც ამ მომენტს ესწრებოდა.

დესანკა ტრბუოვიჩ-გიურიჩმა პირველმა გამოაქვეყნა მილევას ბიოგრაფია სერბულ ენაზე 1969 წელს(3). მოგვიანებით წიგნი გერმანულ და ფრანგულ ენაზეც ითარგმნა. ის აღწერდა, როგორ მასპინძლობდა ხშირად მილევას ძმა ახალგაზრდა ინტელექტუალთა შეკრებებს. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე ალბერტმა განაცხადა: „მე მჭირდება ჩემი ცოლი. ის ჩემს ყველა მათემატიკურ პრობლემას ჭრის”, რასაც, როგორც ამბობენ, მილევაც დაეთანხმა.

1908 წელს წყვილმა კონრად ჰაბიჩთან ერთად ააგო ულტრამგრძნობიარე ვოლტმეტრი. ტრბუოვიჩ-გიურიჩი ამ ექსპერიმენტულ ნაშრომს მილევასა და კონრადს მიაწერს და აღნიშნავს: „როცა მიღწეულით ორივენი დაკმაყოფილდნენ, ალბერტს აპარატის აღწერა მიანდეს, რადგან ის პატენტების ექსპერტი იყო.” მოწყობილობა აინშტაინ-ჰაბიჩის პატენტად დარეგისტრირდა. როცა ჰაბიჩმა მილევას ჰკითხა, რატომ არ ისურვა თავისი სახელის ჩართვა, ის გერმანულად გაეხუმრა: „Warum? Wir beide sind nur ein Stein.” („რატომ? ჩვენ ორნი ერთ ქვასავით ვართ”).

აღიარება 1908 წლიდან დაიწყო. ალბერტი აუნაზღაურებლად ატარებდა ლექციებს ბერნში, 1909 წელს კი ციურიხში პირველად შესთავაზეს აკადემიური პოზიცია. მილევა ისევ ეხმარებოდა. ალბერტის ლექციების პირველი ჩანაწერის 8 გვერდი მისი დაწერილია. ასევე 1910 წელს შედგენილი წერილიც მაქს პლანკის საპასუხოდ, რომელსაც ალბერტის აზრი აინტერესებდა. ორივე დოკუმენტი ალბერტ აინშტაინის არქივებში (AEA) ინახება იერუსალიმში. 1909 წლის 3 სექტემბერს მილევამ ელენ სავიჩს მიწერა: „ის ახლა საუკეთესო გერმანელ ფიზიკოსად არის აღიარებული და პატივს სცემენ. ძალიან მიხარია მისი წარმატება, რადგან სრულად იმსახურებს. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ პოპულარობას მის ადამიანურ ბუნებაზე ცუდი გავლენა არ ექნება.” მოგვიანებით დაამატა: „ამ პოპულარობის გამო ცოლისთვის ცოტა დრო რჩება. […] რა შეიძლება ითქვას, ზოგს მარგალიტი ხვდება, ზოგს ნიჟარა.”

მათი მეორე ვაჟი, ედუარდი, 1910 წლის 28 ივლისს დაიბადა. 1911 წლამდე ალბერტი მილევას სასიყვარულო ბარათებს უგზავნიდა. მაგრამ 1912 წელს რომანი გააბა თავის ბიძაშვილთან, ელზა ლიოვენტალთან, როცა ბერლინში გადასულ თავის მშობლებს სტუმრობდა. ორ წელზე მეტხანს საიდუმლოდ წერდნენ ერთმანეთს. ელზამ მისი გამოგზავნილი 21 წერილი შეინახა, რომლებიც ამჟამად აინშტაინის ნაშრომებთან ერთად ინახება. ამ პერიოდში ალბერტს სხვადასხვა აკადემიური პოზიციები ეჭირა ჯერ პრაღაში, შემდეგ ციურიხში და ბოლოს ბერლინში 1914 წელს, რათა ელზასთან ახლოს ყოფილიყო.

ამან მათ ქორწინებას ბოლო მოუღო. 1914 წლის 29 ივლისს მილევა ორ ვაჟთან ერთად ციურიხში დაბრუნდა. 1919 წელს განქორწინებაზე დათანხმდა იმ პირობით, რომ თუკი ალბერტი ოდესმე ნობელის პრემიას მიიღებდა, ფული მას გადაეცემოდა. ასეც მოხდა და ამ თანხით ორი პატარა მრავალბინიანი სახლი იყიდა, იქიდან მიღებული შემოსავლით კი ხელმოკლედ ცხოვრობდა. მისი ვაჟი, ედურადი, ხშირად რჩებოდა სანატორიუმში და მოგვიანებით შიზოფრენია განუვითარდა. სამედიცინო ხარჯების გამო მილევას მთელი ცხოვრება ფინანსური პრობლემები ჰქონდა და საბოლოოდ ორივე სახლი დაკარგა. თავის სარჩენად მოსწავლეებს ამზადებდა, ასევე ალბერტისგან ალიმენტსაც იღებდა, თუმცა არარეგულარულად.

1925 წელს ალბერტმა ანდერძში ჩაწერა, რომ ნობელის პრემიის დარჩენილი თანხა მისი ვაჟების მემკვიდრეობას წარმოადგენდა. მილევამ ეს გააპროტესტა, ამტკიცებდა, რომ ფული მას ეკუთვნოდა და ურჩევდა, ნაშრომებში გაწეული მისი წვლილი ეღიარებინა. რადმილა მილენტიევიჩი აციტირებს ალბერტის მილევასადმი გაგზავნილ წერილს 1925 წლის 24 ოქტომბერს. „გამეცინა, როდესაც შენი მოგონებებით დამუქრება დამიწყე. ერთი წამით მაინც თუ გიფიქრია, რომ არავინ არასდროს დაუგდებდა ყურს შენს ნათქვამს, თუკი ის, ვიზეც საუბარობ, რაღაც მნიშვნელოვანს არ მიაღწევდა? როდესაც ვიღაც სრულიად უმნიშვნელოა, სათქმელი არაფერია და თავდაჭერა და გაჩუმება სჯობს. სწორედ ამის გაკეთებას გირჩევ.”

მილევამ გაჩუმება არჩია, თუმცა მისმა მეგობარმა მილანა ბოტამ 1929 წელს სერბულ გაზეთს ურჩია, სპეციალური ფარდობითობის წარმომავლობის გასარკვევად მილევას გასაუბრებოდნენ, რადგან ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. 1929 წლის 13 ივნისს მილევამ ელენ სავიჩს მიწერა: „გაზეთში ასეთში განცხადებების გაკეთება ჩემს ხასიათს არ შეესაბამება, თუმცა მჯერა, რომ მილანას გაუხარდა და ალბათ ფიქრობდა, რომ მეც გამახარებდა, რადგან სურდა, დამსახურებული აღიარება მქონოდა. დაე იყოს ასე, რადგან სხვაგვარად ყველაფერი სისულელე იქნება.”

კრსტიჩის მიხედვით(2), მილევა თავის წვლილზე დედასთან და დასთან საუბრობდა. ასევე უხსნიდა თავის ნათლიებს, როგორ ეხმარებოდა ყოველთვის ალბერტს და როგორ დაუნგრია მან ცხოვრება. მისი ვაჟი, ჰანს-ალბერტი, უხსნიდა კრსტიჩს, როგორ გაგრძელდა „მისი მშობლების მეცნიერული თანამშრომლობა ქორწინების შემდეგ და ახსოვდა, ერთსა და იმავე მაგიდასთან როგორ მუშაობდნენ ერთად ყოველ საღამოს”. ჰანს-ალბერტის პირველმა ცოლმა, ფრიდამ, სცადა იმ წერილების გამოქვეყნება, რომლებსაც მილევა და ალბერტი თავიანთ ვაჟებს უგზავნიდნენ, მაგრამ სასამართლოს ძალით შეაჩერეს აინშტაინის ანდერძის აღმასრულებლებმა, ელენ დუკასმა და ოტო ნათანმა, რათა „აინშტაინის მითი” არ შებღალულიყო. ასევე ხელი შეუშალეს სხვა პუბლიკაციებსაც, მათ შორის კრსტიჩის(2) ადრეულ კვლევებს 1974 წელს.

წერილები და სხვა სახის მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მილევა მარიჩი და ალბერტ აინშტაინი სწავლის პერიოდიდან 1914 წლამდე თანამშრომლობდნენ. ალბერტი ამას გამუდმებით აღნიშნავდა წერილებში, მაგალითად: „ჩვენი ნაშრომი ფარდობით მოძრაობაზე.” მათი კავშირი სიყვარულსა და ორმხრივ პატივისცემას ეყრდნობოდა, რისი შედეგიც ეს უჩვეულო ნაშრომი იყო. მილევა გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც მისი ტალანტი ამოიცნო. მის გარეშე აინშტაინს შეიძლება ამხელა წარმატებისთვის ვერ მიეღწია. მილევამ უარი თქვა თავის მისწრაფებებზე, ბედნიერი იყო მასთან მუშაობით და მის წარმატებაში წვლილის შეტანით, თვლიდა, რომ ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ. თანდათანობით ნაშრომებში მისი სახელის დაიგნორება ჩვეულებად იქცა. მილევა სავარაუდოდ თანხმდებოდა ამაზე, რადგან მისი ბედნიერება ქმრის წარმატებაზე იყო დამოკიდებული. ის აღიარებას და სახალხო ყურადღებას არ ეძებდა. და როგორც ყოველთვის ხდება ახლო თანამშრომლობაში, ცალკეული ადამიანის წვლილის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია.

სქოლიო:
(1) რადმილა მილენტიევიჩი: მილევა მარიჩ-აინშტაინი: ცხოვრება ალბერტ აინშტაინთან, გაერთიანებული მსოფლიო პრესა, 2015 წ.
(2) დორდ კრსტიჩი: მილევა და ალბერტ აინშტაინები: მათი სიყვარული და მეცნიერული თანამშრომლობა, 2004 წ.
(3) დესანკა ტრბუოვიჩ-გიურიჩი: მილევა მარიჩ-აინშტაინი: ალბერტ აინშტაინის ჩრდილში. სერბულად 1969 წელს, გერმანულად 1982 წელს და ფრანგულად 1991 წელს.
(4) მილან პოპოვიჩი: ალბერტის ჩრდილში – მილევა მარიჩის, აინშტაინის პირველი ცოლის, ცხოვრება და წერილები. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პრესა, 2003 წ.
(5) იურგენ რენი და რობერტ შულმანი: ალბერტ აინშტაინისა და მილევა მარიჩის სასიყვარულო წერილები, პრინსტონის უნივერსიტეტის პრესა, 1992 წ.
(6) პიტერ მიშელმორი: აინშტაინი, ადამიანის პროფილი, დოდის და მიდის კომპანია, 1962 წ.
(7) რობერტ შანკლენდი: საუბარი ალბერტ აინშტაინთან, ამერიკული ფიზიკის ჟურნალი, 1962 წ.

Scientific American

1 thoughts on “ვინ იყო აინშტაინის ცოლი – მილევა მარიჩი?

დატოვე კომენტარი