რამდენ ხანს იარსებებს სიცოცხლე დედამიწაზე?


როგორც სხვა ყველაფერი, დედამიწაზე არსებული სიცოცხლეც ოდესმე განადგურდება. მაგრამ რამდენი ხანია დარჩენილი მანამდე ან რას შეუძლია, მთელი პლანეტა უნაყოფოდ აქციოს?

ნამარხების არქივი გვამცნობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მინიმუმ 3.5 მილიარდი წელია, არსებობს. ამ პერიოდში მან გაუძლო გამყინვარებებს, კოსმოსიდან შემოჭრილი ქვის ნატეხების წვიმებს, მასიურ მოწამვლას და სასიკვდილო რადიაციასაც კი. აშკარაა, რომ დედამიწის სრული სტერილიზაცია ძალიან ძნელია.

თუმცა პოტენციური აპოკალიფსების დეფიციტსაც არ განვიცდით. რომელი მათგანი აქცევს პლანეტას უნაყოფოდ?

ზოგჯერ ვულკანური ამოფრქვევები ხმელეთის დიდ ფართობს ფარავს

 

ვულკანური აპოკალიფსი

დროის ინტერვალი: 0-100 მილიონი წელი

სიცოცხლეს სრული განადგურების ყველაზე რეალური საფრთხე 250 მილიონი წლის წინ დაემუქრა, პერმული პერიოდის ბოლოს მომხდარი მასიური გადაშენებისას. ამ მოვლენამ მოსპო ხმელეთის სახეობების 85% და ოკეანეში მობინადრეთა 95%.

ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ შემთხვევითობა არ უნდა იყოს, რომ გადაშენება დაემთხვა ვულკანების აპოკალიფსურ დონეზე გააქტიურებას. დღესდღეობით გვაფორიაქებს იელოუსტოუნის მსგავსი სუპერვულკანების გამანადგურებელი ძალა. მაგრამ მათ მიერ მოტანილი ზიანი არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც 250 მილიონი წლის წინ მოხდა.

მაშინ ციმბირში ადგილი ჰქონდა ისეთ მასშტაბურ და ხანგრძლივ აქტიურობას, რომ ლავამ დიდ ბრიტანეთზე რვაჯერ დიდი ფართობი დაფარა. ამ მასშტაბის ვულკანური აქტივობა იშვიათია, თუმცა არა უნიკალური.

არავინ იცის, შემდეგი ეპიზოდი როდის იქნება, ამბობს ოსლოს უნივერსიტეტის გეოლოგი ჰენრიკ სვენსენი. მსგავსი ამოფრქვევები მოხდა 200, 180 და 65 მილიონი წლების წინ, ამიტომ მათ რეგულარული ხასიათი არ აქვთ. თუმცა ოდესმე ისევ მოხდება და მთავარი ის იქნება, საიდან ამოხეთქავს.

ციმბირის პუტორანას პლატო ვულკანური აქტივობისგან წარმოიქმნა

 

სვენსენის კვლევის მიხედვით, მეგა-ამოფრქვევის მიერ სახეობების განადგურების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, დედამიწის ზედაპირის რომელი მონაკვეთიდან ამოიფრქვევა. ეს იმის გამოა, რომ 250 მილიონი წლის წინანდელი ვულკანური აქტივობა შესაძლოა უშუალო პასუხისმგებელი არ იყო მასიურ გადაშენებაზე. მკვლელი ინგრედიენტი სავარაუდოდ მარილი იყო.

ციმბირი მდიდარია მარილოვანი ნარჩენებით. როცა ისინი ვულკანურმა აქტივობამ გაახურა, სვენსენის აზრით, ატმოსფეროში გამოთავისუფლდა დიდი რაოდენობით ოზონის გამანადგურებელი ქიმიკატები. მთელი მსოფლიოს სახეობებს მოუწიათ კოსმოსიდან შემოჭრილ მავნე რადიაციასთან გამკლავება, რომელსაც, როგორც წესი, ოზონი ისრუტავს ხოლმე. ამ ფაქტორმა სავარაუდოდ მათი უმეტესობა ამოწყვიტა.

ცუდი ისაა, რომ ამჟამად დედამიწაზე მარილების მრავალი მასიური მარაგია. „აღმოსავლეთ ციმბირი ისევ შედის უმსხვილეს საცავებში”, ამბობს სვენსენი. „ბრაზილიის სანაპიროც გამორჩეულია”.

თუკი მეგა-ამოფრქვევა აქედან ერთ-ერთ რეგიონში მოხდება, მრავალი სახეობა დაიღუპება. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, თავად სიცოცხლე გაქრეს. პერმული გადაშენების შედეგად მცენარეებსა და ცხოველებს დიდი ზიანი მიადგათ, მაგრამ ერთუჯრედიანი ორგანიზმები, მაგალითად ბაქტერიები, თითქმის უვნებლად გადარჩნენ.

ასტეროიდის ჩამოვარდნა მრავალ სახეობას მოსპობს

 

ასტეროიდების საფრთხე

დროის ინტერვალი: 450 მილიონ წელიწადში

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ასტეროიდები და დინოზავრები ერთმანეთს ვერ ეწყობიან. თუკი მასიურმა ასტეროიდმა ამოწყვიტა მსოფლიოს ყველა მსხვილი დინოზავრი, შესაძლებელია თუ არა, მისმა მსგავსმა სიცოცხლე გააქროს?

ისევ და ისევ, ეს დამოკიდებულია იმაზე, სად დაეცემა. ვიცით, რომ დედამიწაზე საკმაოდ მსხვილი ასტეროიდები ჩამოცვენილა, მაგრამ სიცოცხლის გამანადგურებლის სტატუსი არ მიუღიათ.

კანადაში მდებარე მანიკუაგანის კრატერი – პლანეტაზე არსებული ერთ-ერთი უდიდესი შეჯახების კვალი – 215 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. მაგრამ ნამარხების არქივი აჩვენებს, რომ მას დინოზავრების გადაშენების მასშტაბის მოვლენა არ გამოუწვევია. ეს შესაძლოა იმის გამოა, რომ კრატერი წარმოიქმნა შედარებით ინერტულ კრისტალურ ქანებში. ხოლო აქროლადი ნივთიერებებით მდიდარ დანალექ ქანებში წარმოქმნილი კრატერი პირიქით, კლიმატის შემცვლელ აირებს უშვებს ატმოსფეროში და მასიურ გადაშენებას უყრის საფუძველს.

კარგი ისაა, რომ დინოზავრების მკვლელი მასშტაბის შეჯახებები იშვიათია. ამხელა ასტეროიდები დედამიწაზე მხოლოდ 500 მილიონ წელში ერთხელ ცვივა.

თუმცა თუკი მაინც მოხდება, მასიური გადაშენება ნაკლებად იქცევა მასიურ სტერილიზაციად. ეს მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუკი ასტეროიდზე უფრო დიდი ობიექტი შეგვეჯახება: მოხეტიალე პლანეტა.

ამის ალბათობაც არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ დედამიწას ჩამოყალიბებიდან მალევე შეასკდა მოხეტიალე პლანეტა და შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევების ღრუბელი მთვარედ შეიკრა. „ამას შეგვიძლია მელანქოლიის ჰიპოთეზა ვუწოდოთ, ლარს ფონ ტრიერის ფილმის მიხედვით”, ამბობს სვენსენი. თუმცა მოხდენის შესაძლებლობა მაინც ნაკლებად რეალური ჩანს.

გარკვეული დროის შემდეგ დედამიწის ბირთვი გამყარდება

 

ბირთვის გაყინვა

დროის ინტერვალი: 3-4 მილიარდ წელიწადში

რადგან ფილმებს შევეხეთ, განვიხილოთ 2003 წლის „ბირთვი” (The Core). შინაარსის მიხედვით, დედამიწის ბირთვმა მოულოდნელად შეწყვიტა ბრუნვა, ამიტომ აშშ-ის მთავრობა გეგმავს, ბირთვამდე გათხაროს ორმო და პროცესი ხელოვნურად განაგრძოს – რადგან აქტიური ბირთვის გარეშე დედამიწა დაკარგავს მაგნიტურ ველს და სიცოცხლის ყველა ფორმას საფრთხე შეექმნება.

ფილმი მეტწილად სისულელეა და მეცნიერებისგან დაცინვაც საფუძვლიანი იყო. თუმცა ყველა მეცნიერულ საკითხში არ ცდება. მკვლევართა ნაწილი მართლაც თვლის, რომ დედამიწის მაგნიტური ველი მიმართულებას უცვლის მზისგან მომავალ იონიზირებულ ნაწილაკებს, რომლებიც სხვაგვარად პლანეტას ატმოსფეროს გარეშე დატოვებდნენ. თუკი მათი მოსაზრება სწორია, მაშინ მაგნიტური ველის გარეშე ატმოსფეროსაც დავკარგავთ და სიცოცხლესაც.

მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო მარსზე, რომელიც ერთ დროს უფრო სტუმართმოყვარე იყო სიცოცხლისთვის, ვიდრე დედამიწაა ამჟამად.

1997 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა ჯოზეფ კირშვინკმა კოლეგებთან ერთად მიაგნო მტკიცებულებას, რომ მარსს ერთ დროს გააჩნდა მაგნიტური ველი და შემდეგ დაკარგა. „მარსის მაგნეტოსფერო დაახლოებით 3.7 მილიარდი წლის შემდეგ კოლაფსირდა, სწორედ ამ დროს შევიდა პლანეტა მუდმივი თოვლის მდგომარეობაში”, ამბობს კირშვინკი.

მარსი ცივი, მშრალი და შიშველია, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა

 

შესაძლოა გსმენიათ, რომ დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება. მაგრამ არ აღელდეთ: მიზეზი ისაა, რომ მაგნიტური ველი მიმართულებას იცვლის და არა ის, რომ ქრება. მსგავსი ცვლილებები პერიოდულად, რამდენიმე მილიონ წელში ერთხელ ხდება.

„ველი თუ მიმართულებას შეიცვლის, ეს არ ნიშნავს, რომ აღარ იარსებებს”, ამბობს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერი რიჩარდ ჰოლმი. ამან შეიძლება მაგნიტურ ველს უცნაური რამეები დამართოს, მაგრამ „სიცოცხლეს დიდად არ ავნებს”.

შესაძლებელია თუ არა, დედამიწის მაგნიტური ველი სრულად გაქრეს? ახლო მომავალში არა, თვლის რიჩარდ ჰარისონი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

საამისოდ ბირთვი სრულად უნდა გამყარდეს. ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ნაწილია მყარი, გარე შრე კი თხევადია. „[შიდა ნაწილი] წელიწადში ერთი მილიმეტრით იზრდება”, ამბობს ჰარისონი, თხევადი გარე შრე კი 2300 კმ სისქისაა.

გამა სხივების აფეთქებებს მეცნიერები წარსული გადაშენებების მიზეზად თვლიან

 

გამა სხივების აფეთქება

დროის ინტერვალი: არსებობს ახლომდებარე ბინარული ვარსკვლავების წყვილი WR 104, რომელმაც შესაძლოა გამა სხივები წარმოქმნას 500 000 წელიწადში, თუმცა მოხდენის შემთხვევაშიც კი შესაძლოა, სხივები აგვცდეს

მარტონი ვართ სამყაროში? თუკი არა, რატომ ვერ დავამყარეთ კონტაქტი არამიწიერ ცივილიზაციასთან? მიზეზი შესაძლოა, სიცოცხლის კიდევ ერთი გამანადგურებელი ფაქტორი იყოს: რადიაციის, სახელად გამა სხივების აფეთქების (გსა) ინტენსიური ტალღები.

გსა ყალიბდება კოსმოსში მომხდარი მძლავრი აფეთქებების შედეგად, მაგალითად როცა გიგანტური ვარსკვლავი ფეთქდება ან ორი ვარსკვლავი ერთმანეთს ეჯახება. ეს ყველაფერი შეიძლება წამის უმცირეს მონაკვეთში მოხდეს ან რამდენიმე წუთი გაგრძელდეს. თეორიულად, ხანგრძლივ გსა-ს შეუძლია, დედამიწას ოზონის შრე შემოაცალოს და ზედაპირზე მყოფი ორგანიზმები დაუცველი დატოვოს მზის მომაკვდინებელი ულტრაიისფერი რადიაციის წინაშე.

შესაძლოა, ხშირმა გსა-ებმა სამყაროს მრავალი რეგიონი დაუსახლებლად აქცია, ნათქვამია ბარსელონას უნივერსიტეტის კოსმოლოგის რაულ ხიმენესისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის ცვი პირანის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში. თუმცა ჩვენი სამეზობლო შეიძლება უსაფრთხო იყოს. გსა ძირითადად ხდება გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს და იმ რეგიონებში, სადაც ვარსკვლავები ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული, დედამიწა კი არცერთ ამ რეგიონში არ მდებარეობს.

„სიცოცხლე იმიტომ არსებობს, რომ დედამიწა შედარებით დაცულია მავნე ხანგრძლივი გსა-სგან, რომელსაც შეუძლია, სრული გადაშენება გამოიწვიოს”, ამბობს ხიმენესი. „დედამიწა გალაქტიკის ცენტრთან ორჯერ ახლოს რომ ყოფილიყო, სიცოცხლე გაქრებოდა”.

გამა სხივების აფეთქება

 

თუმცა დედამიწას შესაძლოა, გამოცდილი ჰქონდეს პერიოდული გსა და კვალი შეიძლება ნამარხების არქივშიც კი მოიძებნებოდეს. დაახლოებით 440 მილიონი წლის წინ მრავალი სახეობა ამოწყდა ორდოვიკულ-სილურულ გადაშენებაში, რაც მეცნიერთა ნაწილის აზრით, გსა-მ გამოიწვია.

გინდაც ასე იყოს, სრული გადაშენება ნამდვილად არ მომხდარა. დროდადრო ჩნდებოდა მინიშნებები, რომ მომაკვდინებელი გსა ერთ დღესაც დედამიწაზე მთელ სიცოცხლეს გაანადგურებდა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახლომდებარე პოტენციური წყაროები ამხელა საფრთხეს შეიცავდეს.

უფრო კარგი ისაა, რომ გსა-ების მოხდენის სიხშირე კლებულობს. ფერმილაბის ლაბორატორიის ასტროფიზიკოსმა ჯეიმს ანისმა გარკვეული გამოთვლები ჩაატარა და დაადგინა, რომ საშუალო გალაქტიკაში ყოველ მილიარდ წელიწადში 5-50 გსა ხდება. რადგან ირმის ნახტომი დიდია, დედამიწის სიახლოვეს გსა-ის შანსი უმნიშვნელოა.

და თუკი მაინც დაატყდება დედამიწას თავს ეს კატაკლიზმა, ანისის აზრით, მაინც ვერ მოსპობს ყველა ორგანიზმს, რადგან ზღვის წყალი რადიაციის შესანიშნავი ფარია. „ძნელი დასაჯერებელი მგონია, რომ გსა-ები გაანადგურებენ ღრმა წყლებში გავრცელებულ მცენარეებსა და ცხოველებს. ისიც კი არ მჯერა, რომ ოკეანის თევზების უმეტესობა დაიხოცება. უფრო რეალური მგონია, რომ გსა-ისგან დაიხოცება ხმელეთზე გავრცელებული სიცოცხლე და შესაძლოა, ზღვის ზედაპირთან მყოფი მსხვილი ორგანიზმები, რაც ევოლუციურ საათს დააბრუნებს უკან, ხმელეთის კოლონიზაციამდელ ეპოქაში”.

ადამიანები, ცხადია, განადგურდებიან, მაგრამ სხვა ცოცხალი არსებები განვითარებას განაგრძობენ.

შოლცის ვარსკვლავი მზესთან ჩავლისას

 

მოხეტიალე ვარსკვლავები

დროის ინტერვალი: მომდევნო რამდენიმე მილიონ წელიწადში

მილიარდობით წლის განმავლობაში მზის სისტემის პლანეტები მუდმივად მოძრაობდნენ მზის გარშემო. მაგრამ რას მოხდება, თუკი სხვა ვარსკვლავი ჩაგვიქროლებს? იდეა თითქოს წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ 2015 წლის თებერვალში მკვლევარებმა როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორის ერიკ მამაიეკის ხელმძღვანელობით განაცხადეს, რომ მსგავსი რამ უკვე მოხდა – თანაც ახლო წარსულში.

სულ რაღაც 70 000 წლის წინ, როცა ჩვენმა სახეობამ აფრიკა მიატოვა, წითელმა ჯუჯამ, სახელად შოლცის ვარსკვლავმა მზის სისტემის გარე საზღვრებს ჩაუარა. მან გაიარა რეგიონი სახელად ოორტის ღრუბელი, რომელიც მეჩხრად მოგროვილი პატარა ყინულოვანი ნატეხების გროვას წარმოადგენს და პლანეტების ორბიტის მიღმაა.

შოლცის ვარსკვლავი არ იყო პირველი მოხეტიალე ვარსკვლავი, რომელმაც მზის სისტემას ჩაუარა და არც უკანასკნელი იქნება. ასტრონომებმა რამდენიმე ვარსკვლავს მომდევნო რამდენიმე მილიონ წელიწადში მზის სისტემასთან შეჯახება უწინასწარმეტყველეს.

ასევე 2015 წლის თებერვალში მაქს პლანკის ინსტიტუტის ასტრონომმა კორინ ბეილერ-ჯონსმა გამოყო ორი ვარსკვლავი, რომლებიც შეიძლება პრობლემატურები იყვნენ. Hip 85605 ჩვენს მეზობლეად იქნება 240 000 – 470 000 წელიწადში, ხოლო GL 710 – 1.3 მილიონ წელიწადში. GL 710 „შოლცის ვარსკვლავზე ცოტა დიდია”, ამბობს მამაიეკი, მაგრამ სავარაუდოდ მოშორებით ჩაგვივლის. მაგრამ რაც გინდა იყოს, ემუქრება თუ არა სიცოცხლეს საფრთხე მისგან ან Hip 85605-ისგან?

ოორტის ღრუბელი პლანეტებზე ბევრად შორსაა

 

ერთი სიტყვით, არა. „მარტო იმის გამო, რომ ვარსკვლავი ოორტის ღრუბელში შემოდის, არ ნიშნავს, რომ დედამიწის აღსასრული დგება”, ამბობს ბეილერ-ჯონსი.

თუმცა ვარსკვლავმა შესაძლოა, ოორტის ღრუბლის რამდენიმე პატარა ობიექტს უბიძგოს და გეზი დედამიწასთან შეჯახების მიმართულებით ააღებინოს. თუმცა როგორც უკვე ვიცით, შეჯახების შემთხვევაშიც კი ისინი ალბათ ვერ შეძლებენ სიცოცხლის სრულად განადგურებას.

თეორიულად, ვითარება გაუარესდება, თუკი უფრო მსხვილი ვარსკვლავი ჩაუვლის ოორტის ღრუბელს და ამ დროს ზეახლად გარდაიქმნება. ის მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ გამა სხივებს გამოუშვებს. „რაც უფრო ახლოსაა ზეახალი, მით უფრო ინტენსიურია [იონიზირებული რადიაცია]”, აღნიშნავს ბეილერ-ჯონსი. „შესაძლოა საკმაოდ მძლავრი იყოს და სერიოზული ზიანი გამოიწვიოს”. თუმცა „სრულყოფილი ქარიშხლის” მოხდენის ალბათობა მაინც უმნიშვნელოა.

მოხეტიალე ვარსკვლავი უფრო საშიში იქნება, თუკი მზის სისტემის შიდა ნაწილში გაივლის, სადაც პლანეტები მოძრაობენ. მაგრამ ესეც ნაკლებ სავარაუდოა. „ჩვენთვის ცნობილი ყველა ვარსკვლავი უდიდესი ალბათობით მზის სისტემის შიგნით არ გაივლის”, ამბობს ბეილერ-ჯონსი. დედამიწიდან მზემდე მანძილი 50 000-ჯერ მცირეა ოორტის ღრუბლის კიდემდე დისტანციასთან შედარებით.

მკვლევარები სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე უამრავ ჰიპოთეზას აგებენ. 2015 წლის თებერვალი ალბათ აპოკალიფსური თვე იყო, რადგან კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, უნდა გვაშფოთებდეს ჩვენი გალაქტიკის მისტიკური „ბნელი მატერია”. თუმცა მამაიეკის თქმით, სადარდებელი ნაკლებად გვაქვს, რადგან ბნელ მატერიაზე ჯერ ძალიან ცოტა ვიცით. „არ ვიცით, რომელი ნაწილაკებისგან შედგება ბნელი მატერია და როგორ ხდება მათი ანიჰილაცია ან ხდება თუ არა ენერგიის მისაღებად”.

ამ კვლევებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მზის სისტემის მიღმა არ არსებობს რეალური საფრთხე, რომელიც მომდევნო რამდენიმე მილიარდ წელიწადში სიცოცხლეს მოსპობს. „არსებობენ ორგანიზმები, რომლებიც თითქმის ყველანაირ კატაკლიზმას გადაიტანენ”, ამბობს მამაიეკი.

დედამიწაზე არსებული სიცოცხლე შეიძლება ფუნდამენტურად არასტაბილური იყოს

 

საშიში არაფერია, გარდა თავად სიცოცხლისა

დროის ინტერვალი: 500 მილიონ წელში

თუმცა არსებობს გამანადგურებელი ფაქტორი, რომელიც უდავოდ საკმაოდ ძლიერია და შეუძლია სახეობები სრულად გაწყვიტოს. სიცოცხლეს უდიდესი საფრთხე შეიძლება შიგნიდან დაემუქროს, ასე თვლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი და პალეონტოლოგი პიტერ უარდი.

ის ამ იდეას მედეას ჰიპოთეზას უწოდებს. სახელი გვაგონებს ცნობილ გაიას ჰიპოთეზას, რომელსაც დედამიწის ბერძნული ქალღმერთის მიხედვით უწოდეს ასე და მის მიხედვით, სიცოცხლე ეხმარება დედამიწას, იყოს დასახლებადი. ამის საპირისპიროდ, მედეა არის ბერძნული მითოლოგიის ფიგურა, რომელიც ცნობილი გახდა საკუთარი შვილების დახოცვით. უარდი მიიჩნევს, რომ დედამიწის ისტორიაში მასიური გადაშენებების უმეტესობა სიცოცხლემ გამოიწვია.

მაგალითად, დაახლოებით 2.3 მილიარდი წლის წინ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ჟანგბადი გაუშვეს ახალი ფორმის ფოტოსინთეზურმა ორგანიზმებმა. თავისუფალი ჟანგბადი მანამდე არ არსებობდა, ამიტომ დედამიწაზე მცხოვრები მიკრობებისთვის შეგუება ძნელი აღმოჩნდა და შედეგად მათი მასიური გადაშენება მოხდა.

შემდეგ წარმოიშვნენ ხმელეთის პირველი მცენარეები, დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ. მცენარეებმა ფესვები ნიადაგში გაიდგეს, მინერალებს შორის ქიმიური რეაქცია დააჩქარეს და ნახშიროჟანგის მასიურად მოხმარება დაიწყეს. ამან ატმოსფერო ნახშიროჟანგისგან გააღარიბა და სათბურის ეფექტი შეამცირა, რამაც სასიკვდილო გამყინვარება გამოიწვია.

მზე რომ ძალიან გახურდება, დედამიწის ოკეანეები აორთქლდება

 

დედამიწის შორეულ მომავალში ამ სახის ეფექტებმა შეიძლება პლანეტა უნაყოფოდ აქციოს, ამბობს უარდი. მზე ასაკის მატებასთან ერთად უფრო მხურვალე ხდება, შედეგად კი დედამიწაც უფრო გათბება. შესაბამისად დაჩქარდება ნახშიროჟანგთან დაკავშირებული ქიმიური რეაქციებიც. საბოლოოდ ჰაერს იმდენი ნახშიროჟანგი გამოეცლება, რომ მცენარეები ვეღარ შეძლებენ ფოტოსინთეზის წარმოებას. ყველა მცენარე დაიღუპება და ცხოველებიც დიდხანს ვერ იარსებებენ. უარდის აზრით, ეს შეიძლება გასაოცრად მალე მოხდეს, დაახლოებით 500 მილიონ წელიწადში. მიკრობები ისევ იარსებებენ, თუმცა მოწყვლადები იქნებიან.

მსგავსად აგატა კრისტის 1934 წლის ნოველისა „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში”, საჭირო იქნება რამდენიმე მკვლელი, რომლებიც დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მოქმედებენ, რათა მთელი დედამიწის სიცოცხლე გაანადგურონ. „ეს შეიძლება იყოს მსხვილი ასტეროიდების შეჯახება, ან ახლომდებარე ზეახალი, ან ბირთვის გაყინვა. მხოლოდ ერთი მოვლენა ამას ვერ შეძლებს”. მაგრამ თუკი სიცოცხლის გადარჩევის შემდეგ მასიური კოსმოსური ობიექტი ჩამოვარდა ან გამა სხივების აფეთქება მოხდა, შესაძლოა მასიური გადაშენება ავტომატურად მოყვეს.

უცხოპლანეტელმა მეცნიერებმა შეიძლება დაასკვნან, რომ დედამიწაზე არსებულმა სიცოცხლემ თავად მოუღო ბოლო საკუთარ თავს.

მზე გაფართოვდება და საბოლოოდ დედამიწას ჩაყლაპავს

 

გაფართოებადი მზე

დროის ინტერვალი: 1-7.5 მილიარდ წელიწადში

თუკი სხვა ვერაფერი დაგვაკლებს რამეს, მზე მოგვიღებს ბოლოს. ჩვენი მშობლიური ვარსკვლავი სინათლით გვანებივრებს და ენერგიით ასაზრდოებს დედამიწის თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმს. მაგრამ ყოველთვის ასეთი მეგობრული არ იქნება.

როგორც უკვე ითქვა, მზე ნელ-ნელა ხურდება. საბოლოოდ იმ დონეზე გაცხელდება, რომ ააორთქლებს დედამიწის ოკეანეებს და გამოიწვევს უკონტროლო სათბურის ეფექტს. ეს პროცესი შეიძლება მილიარდ წელიწადში დაიწყოს და მას მხოლოდ ყველაზე გამძლე მიკროორგანიზმები გადაურჩებიან.

მზე რომ ასეთი გახდება, სიცოცხლის აღსასრული დადგება

 

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 5 მილიარდი წლის შემდგომ მზე გაფართოვდება და წითელი გიგანტის ფაზაში შევა. 7.5 მილიარდ წელში მისი ზედაპირი გაცდება დედამიწის ამჟამინდელ ორბიტას. ასე რომ გაფართოებადი მზე შთანთქავს და გაანადგურებს დედამიწას.

გამოითქვა აზრი, რომ დედამიწა შეიძლება გადარჩეს. მზე ზრდასთან ერთად მასას დაკარგავს, ამიტომ დედამიწა უკან დაიხევს. მაგრამ 2008 წელს ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, ეს საკმარისი მაინც არ იქნება.

თუ ეს სცენარი განხორციელდა, ერთადერთი იმედი ჩვენშია. თუკი ადამიანები ისევ იარსებებენ, შესაძლოა ჰქონდეთ საიმისო ტექნოლოგია, რომ დედამიწას მდებარეობა შეუცვალონ და უსაფრთხო რეგიონში მოათავსონ. სხვაგვარად დედამიწაზე სიცოცხლეს მაქსიმუმ 7.5 მილიარდი წელი აქვს დარჩენილი.

BBC

11 thoughts on “რამდენ ხანს იარსებებს სიცოცხლე დედამიწაზე?

  1. zaza

    ღმერთმა ადამიანებს შეუქმნა დედამიწა და სანამ ადამიანი იცხოვრებს დედამიწაზე მანამდის იქნება ცხოვრება, ადამიანი როგორც გაუფრთხილდება დედამიწას ისე განაგრძობს არსებობას, ჩვენი ბედი, დედამიწის და საერთოდ, ბუნების ბედი ჩვენს ხელშია, ვერც ვულკანები დააკლებენ ვერაფერს, ვერც მზე, ვერც მეტეორიტები და ასე შემდ…
    ფაქტები ხო მრავლადაა ისტორიაში, ხან როგორი სტიქია უტევდა დედამიწას და ხან როგორი მაგრამ ამდენი წლების მანძილზე მაინ ვერ განადგურდა, დედამიწის განადგურება მხოლოდ ადამიანს შეუძლია, მეტი ვერავის და ვერაფერს, ეს ფაქტია…
    დედამიწაზე ადამიანზე ძლიერი არავინ და არაფერია.
    ყველაფერი ჩვენს თავშია, გონებაშია, რას როგორ და როდის გამოვიყენებთ…

    Like

    1. რეზო

      საიდან იცი რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა და თან ადამიანებისთვის?

      “სანამ ადამიანი იცხოვრებს დედამიწაზე მანამდის იქნება ცხოვრება”

      ადამიანი იცხოვრებს თუ არა, მაგას არ აქვს მნივნელობა. სანამ ადამიანი გაჩნდებოდა, დედამიწაზე მანამდეც მშვენივრად არსებობდა სიცოცხლე მილიონობით წლის განმავლობაში და არამგონია მომავალში ადამიანის არ არსებობამ ხელი შეუშალოს ამას.

      “ჩვენი ბედი, დედამიწის და საერთოდ, ბუნების ბედი ჩვენს ხელშია, ვერც ვულკანები დააკლებენ ვერაფერს, ვერც მზე, ვერც მეტეორიტები და ასე შემდ…”

      ვულკანებმა შეიძლება მართლაც დიდი ვერაფერი დააკლონ, მაგრამ მზეზე და მეტეორიტებზე რა გითხრა 😀

      “ფაქტები ხო მრავლადაა ისტორიაში, ხან როგორი სტიქია უტევდა დედამიწას და ხან როგორი მაგრამ ამდენი წლების მანძილზე მაინ ვერ განადგურდა, დედამიწის განადგურება მხოლოდ ადამიანს შეუძლია, მეტი ვერავის და ვერაფერს, ეს ფაქტია…”

      ჯერ მზე არ აფეთქებულა დაიცადე 😀 აბა წყალდიდობები და ტყეში გაჩენილი ხანძრები ვერ გაანადგურებს დედამიწას. ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი სტიქია, რომ დედამიწის არსებობას საფრთხე დამუქრებოდა. მზე თუ აფეთქდა ჯობია დედამიწიდან მოვტყდეთ, აქ ვეღარაფერი გვიშველის მერე ვეღარც ჩვენ და ვეღარც დედამიწას.

      Like

  2. გაბრიელი

    100 წელი მეცნიერებისთვის ძალიან დიდი დროა და წარმოდიგინეთ სანამ მაგ საფრდხიდან ერთერთი სერიოზულად დაგვემუქრება ჩვენ უკვე’განვითარების ისეთ დონეზე ვიქნებით რომ სხვა პლანეტებზე კოლონიები და კოამოსში მრავალი მეგასტრუქტურა გვექნება აგებული

    Like

    1. რეზო

      მეც ეგრე ვფიქრობ. 100 წელიწადში თუ არა რამდენიმე საუკუნეში მაინც. თუ ჩვენი ცივილიზაცია მანამდე არ განადგურდა.

      Like

  3. zaza

    :)))))) გეტყობათ ძალიან ბევრ ფანტასტიკურ ფილმებს უყურებთ…
    საიდან იცი რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა და თან ადამიანებისთვის?
    ამ კითხვას შემოგიბრუნებ და მეც იგივე კითხვას დაგისვამ, საიდან იცი სანამ ადამიანი გაჩნდებოდა, დედამიწაზე მანამდეც რომ არსებობდა სიცოცხლე, ან საიდან იცი რომ მზე აფეთქდება, არ შეიძლება რომ მეცნიერები ცდებოდნენ? (თუმცა არაერთხელ შემცდარან)
    ისევ და ისევ ფილმებიდან, თუ იმ მეცნიერებიდან რომლებიც ღმერთს უარყოფენ?
    რატომ მაინცდამაინც იმ მეცნიერებს უჯერებთ ვინც ყველაფერს გიმუქებენ და გიმძაფრებენ, ღმერთს უარჰყოფენ და რატომ იმ მეცნიერებს არ უჯერებთ ვისაც ღმერთის სწამთ?
    საიდან იცით რომ ისინი მართლები არიან?…
    მერწმუნეთ, ისე არასოდეს არანაირი სტიქია არ მოხდება რომ ადამიანი საერთოდ გაქრეს დედამიწიდან, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, ტყუილად თმის ღერი არ ჩამოგვარდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, შენ, ადამიანმა რბილად რომ ვთქვათ, თუ არ გააფუჭე თავისით არაფერი არ ფუჭდება, (თავისით არაფერი არ ხდება…) რაც შეეხება მზეს, მზის ნუ შეგეშინდებათ, არაფერი არ მოუვა მზეს იქამდე სანამ საჭიროა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, როდის რა მოხდება ეს არავინ იცის, ეცადეთ, ფილმებს მთლად სერიოზულად ნუ აღიქვამთ, მხოლოდ გაერთეთ… :))) ყველაფერი კარგად იქნება, თუ ხვალინდელი დღის იმედი გექნება… :))

    Like

  4. რეზო

    “ამ კითხვას შემოგიბრუნებ და მეც იგივე კითხვას დაგისვამ, საიდან იცი სანამ ადამიანი გაჩნდებოდა, დედამიწაზე მანამდეც რომ არსებობდა სიცოცხლე, ან საიდან იცი რომ მზე აფეთქდება,”

    იქიდან ვიცი, რომ უამრავი მტკიცებულება ადასტურებს ამას. ევოლუციის თეორია გამყარებულია ფაქტებით, დაკვირვებებითა და ექსპერიმენტებით. პალეონტოლოგიური ნამარხებიც იმას ადასტურებს, რომ ჩვენამდე არსებობდა სხვადასხვა სახეობის ცხოველები და ისინიც როგორც ყველა ცოცხალი ორგანზმი, ევოლუციურად ვითარდებოდნენ. ასევე გენეტიკა და დნმ-ის კვლევაც ამას ამტკიცებს. თანამედროვე ადამიანი (ჰომო საპიენსი) დაახლოებით 200 000 წლის წინ ჩამოყალიბდა. მანამდეც იყო სიცოცხლე დედამიწაზე აბა 6000 წლის წინ კი არ გაჩნდა. ასე რომ საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს მჯეროდეს ევოლუციის თეორიის სისწორის და იმისაც, რომ ადამიანის ჩამოყალიბებამდეც არსებობდა სიცოცხლე. თვითონ ადამიანიც ციდან კი არ ჩამოფრინდა, არამედ მისი წინაპარი ჰომოერექტრუსისგან განვითარდა და დღევანდელი სახე მიიღო.
    მზე რომ აფეთქდა ეგ როდის ვთქვი 😀 რომ აფეთქებულიყო აქ კი ვერ დავწერდი კომენტარებს 😀

    ” არ შეიძლება რომ მეცნიერები ცდებოდნენ? (თუმცა არაერთხელ შემცდარან)”

    ცალკე მეცნიერი შეიძლება ცდებოდეს, მერე რაა? მაგრამ თუ რაიმე აღმოჩენას გააკეთებს, იმას უდასტურებენ სხვა მეცნიერებიც და ათასნაირად ამოწმებენ. უბრალოდ კი არ იჯერებენ ან იწამებენ მის ნათქვამს და მორჩა 😀 ფაქტია, რომ მეცნიერება წარმატებით მუშაობს. ყველაზე სანდო დღესდღეობით არის მეცნიერული კვლევები. ამას შედეგებიც მოწმობს. ევოლუციის თეორია დარვინის სიკვდილის შემდეგ მივიწყებას კი არ მიეცა, პირიქით, უამრავი მტკიცებულებებით გამყარდა.

    “რატომ მაინცდამაინც იმ მეცნიერებს უჯერებთ ვინც ყველაფერს გიმუქებენ და გიმძაფრებენ, ღმერთს უარჰყოფენ და რატომ იმ მეცნიერებს არ უჯერებთ ვისაც ღმერთის სწამთ?
    საიდან იცით რომ ისინი მართლები არიან?”

    მე მეცნიერებს არ ვუჯერებ. ჩემ შეხედულებებს ავტორიტეტებზე დაყრდნობით არ ვაყალიბებ.
    ეგრე არ ვაყენებ საკითხს-ვინც უფრო ჭკვიანია იმას დავუჯერო. არავინ არაფერს ამუქებს, ევოლუციის თეორია არის ფაქტი. სიცოცხლე, რომ ადამიანის ჩამოყალიბებამდეც არსებობდა ეგეც ფაქტია. თვითონ ჰომოსაპიენსიც მისი წინაპრებისგან განვითარდა. თავიდანვე ჰომოსაპიენსად კი არ დაიბადა. თავის მხრივ, ჰომოერექტრუსმაც იგივე გზა გაიარა და ა.შ.

    კიდევ გიმეორებ, მეცნიერებს და ავტორიტეტებს კი არ უნდა ვუჯერებდეთ, უნდა ვუჯერებდეთ მათ მტკიცებულებებს, მათ აღმოჩენებს. თუ რა თქმა უნდა ეს აღმოცენები დადასტურდება სხვა მეცნიერების მხრიდანაც.

    ვინ გითხრა რომ იმ მეცნიერებს არ ვუჯერებ ვისაც ღმერთის სწამს? კრეაციონისტ მეცნიერებსაც ვუჯერებ ძირითად მეცნიერულ საკითხებში, მაგრამ არ ვეთანხმები რელიგიურ შეხედულებებში, რაც მხოლოდ მათი პირადი რწმენის საკითხია და არა მეცნიერების. ადამიანები მეცნიერები ხდებიან თავისი მეცნიერობით და არა რელიგიური შეხედულებების გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ მეცნიერების 99%-ს სჯერა ევოლუციის თეორიის ძირითადი პრინციპების სისწორის. ამიტომ ვერ დავუპირისპირდები მთელ მეცნიერებას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანულ თუ ბიბლიურ წარმოდგენებთან წინააღმდეგობაში მოდის.

    მზის ისედაც არ მეშინია 😀 ჯერ არამგონია აფეთქებას აპირებდეს მინიმუმ მილიარდი წელიწადი 😀 აი ჩვენი შთამომავლობა კი, თუ მანამდე არ გადაშენდა, უკვე დედამიწაზე აღარც იქნება (ჩემი აზრით). მეც იმედი მაქვს რომ არ მოხდება ჯერ აპოკალიფსი 😀 😀 😀

    Like

  5. საერთოდ არ ვეთანხმები, მოსაზრებებს დაგროვილი მარილის შესახებ პერმულ ხანაში, არც ასტეროიდთან დაკავშირებით, არც ბირთვთან და მზესთან დაკავშირებით, საერთოდ არაკომპეტენტური მოსაზრებებია ჩამოყალიბებული რაც ჩემი დაცინვის ობიექტი გახდა, დავიწყებ, დანალექი მარილის ქანებზე პერმულ ხანაში,
    1- დაკავშირებულია არა ვულკანის ამოფრქვევასთან არამედ დედამოწის გეოლოგიური ქანების ჩამოყალიბებასტან, ნატრიუმის ქლორიდისა და გალციუმის კარბონატის კრისტალიზაციის პერიოდთნ, რაც შეეხება ვულკანის ამოფრქვევის დამაზიანებელ შედეგს, დაკავშირებულია ნახშირბადისა და ტოქსიკური აირების კონცენტრაციის მზარდ მომატევასთან ატმოსფეროში, გოგირდის დიჰიდრო სულფატთან , და სულფ ჰიდრირულ ჯგუფებთან, და ა.შ.
    2-ასტეროიდი რომლის დიამეტრი 1 ან 2 კილომეტრს აგემატება სრულიად გამოიწვევს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის ლეტალიზებას, ამის მიზეზია დედამიწასთან შეჯახების დროს დარტყვითი ტალღა, რომელიც მთელ დედამიწას დაფარავს, რამოდენიმე წუთში სიცოცხლის ნებისმიერ ფორმას გაანადგურებს, მათ შორის უმარტივესებსაც, და ვირუსულ ორგანიზმებსაც, და ა.შ.
    3-რაც შეეხება მზეს, ჩვენი მზე 5 მილიარდი წლისაა, როცა მისი ბირთვი გაცივებას დაიწყებს და გამოილება წყალბადი , რომლის შედეგია სწორედ მზეზე მიმდინარე პროტუმბერაციული და კორპუსკულური ატომბირთვული რეაქციები ის დაახლოებით 500 გაფართოვდება, და იმდენად მოუახლოვდება დედამიწას რომ, მთლიანად გაანადგურებს ნებისმიერი სიცოცხლის ფორმას, დედამიწის ზედაპირი ვულკანის გამდნარ ლავად იქცევა, ზედაპირის ტემპერატურა 2500 გრადუს პარენჰეიტზე ავა. და ა.შ.
    4-ხოლო ბირთვს რაც შეეხება , არის ურანის და პლუტონიუმის დიდი რაოდენობა რომლებიც გამუდმებით განიცდიან ატომ ბირთვულ რეაქციებს და , რის სედეგადაც გამოყოფენ სუბ ატომრ ნაწილაკებს, პროტონებს, ნეიტრონებს, რომლებიც, ჰიპერონებად და მეზონებად ასევე პოტონებად გარდაიკმნებიან, სწორედ ეს ქმნის გრავიტაციიასა და ელექტრო მაგნიტურ ველს , რაც შეხება ოზონის შრეს ის წარმოიქმნება აზოტის ატომისაგან, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობიტა ატმოსფეროში, როცა მზის გამოსხივების ერთი კვანთი რომელიც ჰელიუმის ატომბირთვის მუხტის სიდიდისა, და შეიცავს 2 პროტონსა და 2 ნეიტრონს, არის ალფა გამოსხივება, იწვევს აზოტის ბირტვში კვანტურატომურ მუტაციიას რის შედეგად მიიღება ჯანგბადის ალოტროპიული სახესხვაობა ოზონი, გაიგენ ტიტონ ოზონის შრე კი არ შთანთქავს არამედ აზოტი შთანთქავს და ქმნის ოზონს, როლო ელექტრო მაგნიტური ველი აირეკლავს და ქმნის ჩრდილოეთის ციალს, ხოლო ზოონის შრე თავისმხრივ, კოსმოსური არამაიონიზებელი რადიაციისა და გლობალური დათბობის პროცესშია ჩართული

    Like

    1. 1. პირველ პუნქტს რაც შეეხება, ან ყურადღებით არ წაგიკითხავს, ან არასწორად გაიგე.

      2. ასტეროიდის ზომა არსად წერია და რა შუაში იყო, გაუგებარია.

      3. რაც მესამე პუნქტში გიწერია, სტატიაშიც წერია.

      4. ოზონის შრე წარმოიქმნება მაშინ, როცა ჟანგბადის მოლეკულები ულტრაიისფერი რადიაციის ზეგავლენას განიცდიან, იყოფიან ცალკეულ ატომებად და უერთდებიან დაუშლელ ჟანგბადის მოლეკულას. ჩეპმენის ფორმულებით ასეა:

      O2 + ℎνuv → 2O
      O + O2 ↔ O3

      ასე რომ შენი აღშფოთების მიზეზი კიდევ ერთი გაუგებარი რამაა.

      Like

  6. რეალობა ის არის, რომ ტექნოლოგიურად იმდენად თუ ვერ მოვასწარით განვითარება, რომ სხვა სიცოცხლისუნარიანი პლანეტების კოლონიზაცია მოვახდინოთ ყველანაერად დანძრეული გვაქვს, და ჩემთვის გაუგებარია ადამიანები ამ უაზრო კამათის გამო დროს რატომ კარგავს

    Like

დატოვე კომენტარი