კეპლერმა შესაძლოა უცხოპლანეტური მეგასტრუქტურა აღმოაჩინა

alien-planet
ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დანიშნულება იმ პატარა ქვის პლანეტების აღმოჩენაა, რომლებიც შორეულ ვარსკვლავებს უვლიან გარს. თუმცა ეგზოპლანეტები არ გახლავთ ერთადერთი რამ, რისი პოვნაც კეპლერს შეუძლია – სხვადასხვა მისიების დროს ვარსკვლავებზე მომხდარი აფეთქებები, ვარსკვლავების ლაქები და პლანეტარული რგოლები მისი დაკვირვების ობიექტები გამხდარან.

თუმცა არსებობს მოსაზრებები იმაზეც, რომ კეპლერს შეუძლია ბუნებრივ ფენომენზე მეტის აღმოჩენა. თუკი მსგავსი რამ მართლაც არსებობს, კეპლერი იპოვის ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ხელოვნური სტრუქტურების ნიშნებს. წარმოიდგინეთ განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც კარდაშევის შკალის მოწინავე პოზიციებს იკავებს და ენერგიის მიღება პირდაპირ მზიდან შეუძლია. ამ ჰიპოთეტურ უცხოპლანეტურ ცივილიზაციას შესაძლოა მოუნდეს უზარმაზარი მეგასტრუქტურების აგება, მაგალითად სუპერზომის მზის პანელები, რომლებიც მათი მასპინძელი ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ და იმდენად დიდები არიან, რომ ვარსკვლავისგან წამოსული სინათლის მნიშვნელოვან ნაწილს ბლოკავენ.

ეგზოპლანეტის აღმოჩენას კეპლერი ახერხებს მოცემული ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის უმნიშვნელოდ გამკრთალებაზე დაკვირვებით. პრინციპი მარტივია: ეგზოპლანეტა ვარსკვლავის წინ აღმოჩნდება (ეს მოვლენა ცნობილია, როგორც „ტრანზიტი”), კეპლერი შენიშნავს ვარსკვლავის მცირეოდენ გაფერმკრთალებას და ქმნის „სინათლის მრუდს” – რაც წარმოდგენს დროის გარკვეულ პერიოდში სინათლის შესუსტების გრაფიკას. სინათლის მრუდიდან ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება, როგორიცაა მოძრავი ეგზოპლანეტის ფიზიკური ზომა. თუმცა ასევე შეიძლება ეგზოპლანეტის ფორმის დადგენაც.

როგორც წესი, ეგზოპლანეტის ფორმა გასაკვირი არაა ხოლმე, რადგან მას ტრადიციული პლანეტის ფორმა აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მრგვალია. პლანეტების ფორმირების ფიზიკური კანონები მკაცრად განსაზღვრავს, რომ პლანეტარული სხეული, რომელსაც გარკვეულ ზომაზე მეტი მასა აქვს, იმართება ჰიდროსტატიკური წონასწორობით. მაგრამ განვიხილოთ შემთხვევა, როცა კეპლერის აღმოჩენილი ობიექტი მრგვალი არაა. მაშინ ვითარებას უცნაური ელფერი ეძლევა.

უმეტესწილად ვარსკვლავის სიკაშკაშის შესუსტება შეიძლება რომელიმე ბუნებრივ მოვლენას მიეწეროს. მაგრამ იქნებ ყველა ვარიანტი გამოირიცხება და მხოლოდ ერთი სცენარიღა რჩება? იქნებ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ობიექტი ხელოვნურია? ანუ იქნებ ის უცხოპლანეტურია?

ვარსკვლავს, სახელად KIC 8462852-ს, საკმაოდ საინტერესო ტრანზიტული სიგნალი აღმოაჩნდა. ჟურნალში „სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ყოველთვიური ცნობები” გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი ასტრონომები, მათ შორის „პლანეტებზე მონადირეთა” პროგრამის წევრები, იტყობინებიან: „კეპლერის მისიის განმავლობაში KIC 8462852-ზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ ის განიცდის არარეგულარულ, აპერიოდულ შეფერხებებს გამოსხივებაში დაახლოებით 20%-იან დონემდე”.

სამეცნიერო სტატია დაწვრილებით აღწერს მოვლენას და აღნიშნავს, რომ ვარსკვლავი უნიკალურია – მისი მსგავსი არაფერი უნახავთ. კეპლერი მის შესახებ ინფორმაციას 4 წელია, აგროვებს. ეს არაა ტექნიკური შეცდომა. კეპლერს არაფერი ეჩვენება. სიგნალი რეალურია.

„ამ ვარსკვლავის მსგავსი არასდროს არაფერი გვინახავს”, ამბობს ტაბეტა ბოიაჯიანი, იელის უნივერსიტეტის მკვლევარი და მთავარი ავტორი. „ეს ძალიან უცნაურია. ვფიქრობდით, რომ შესაძლოა არასწორი ინფორმაცია იყო ან კოსმოსურ ხომალდს ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ ყველაფერი გადავამოწმეთ”.

„პლანეტებზე მონადირეები” კეპლერის ვარსკვლავებში ეძებენ ტრანზიტებს გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ეს საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციაა, რადგან კეპლერის თავდაპირველი ხედვის არეალში 150 000 ვარსკვლავი შედის. KIC 8462852-ს ისინი აღწერენ, როგორც „უცნაურს”, „საინტერესოსა” და „გიგანტურ ტრანზიტს”. არც ცდებიან.

სისტემატური კვლევები ფოკუსირებას ახდენს ორ საინტერესო ტრანზიტულ მოვლენაზე. პირველი დაფიქსირდა კეპლერის მისიის 788-ე და 795-ე დღეებს შორის, მეორე კი 1510-ე და 1570-ე დღეებს შორის. მეცნიერებმა ამ მოვლენებს უწოდეს D800 და D1500.

D800, როგორც ჩანს, ერთეული ტრანზიტი იყო, რომელმაც ვარსკვლავის სიკაშკაშე 15%-ით შეამცირა, ხოლო D1500 – რამდენიმე ტრანზიტის ერთობლიობა, შესაძლოა სხვადასხვა ობიექტთა დაჯგუფება, რამაც სიკაშკაშე 22%-ით დააგდო. ასეთი მაჩვენებლის მისაღწევად ტრანზიტული ობიექტი უზარმაზარი უნდა იყოს.

მეცნიერებმა განიხილეს ყველა ცნობილი შესაძლებლობა, თუმცა ყოველი მათგანი ახალ პრობლემას წარმოშობდა. მაგალითად, მათ დაუშვეს, რომ ეს იყო გარკვეული სახის მტვრის დისკო ვარსკვლავის გარშემო, მაგრამ ამ დისკოებთან ასოცირებულ ინფრაწითელ სიგნალს ვერსად წააწყდნენ. გარდა ამისა, ვარსკვლავი F ტიპისაა, ჩვენს მზეზე 1.5-ჯერ დიდი. ვარსკვლავური დისკოები კი, როგორც წესი, ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემოა.

ასევე განხილულ იქნა დიდი პლანეტების შეჯახების შესაძლებლობა: იქნებ ამ კატასტროფის შედეგად გაფანტული ნამსხვრევები ქმნიდნენ უცნაურ სიგნალს? იმის ალბათობა, რომ პლანეტების შეჯახებას დავაკვირდებით, უკიდურესად დაბალია. ნასას ფართო ველის ინფრაწითელი კვლევის ექსპლორერის (WISE) მიერ შეგროვებულ მონაცემებში შეჯახების კვალი არ ჩანს, რაც მხოლოდ პატარა ალბათობას ტოვებს, რომ თუკი მსგავსი ასტრონომიულად ნაკლებმოსალოდნელი მოვლენა საერთოდ მოხდა, WISE-ის მისიის დასასრულსა და კეპლერის მისიის დასაწყისს შორის უნდა ყოფილიყო.

ერთადერთი ბუნებრივი ახსნა, რომელსაც მეცნიერებმა უპირატესობა მიანიჭეს, ეგზოკომეტების დაჯგუფებას გულისხმობს.

„ერთ-ერთი გზა, რომლითაც კომეტების ამხელა ჯგუფის ამოქმედება შეიძლება, სისტემაში სხვა ვარსკვლავის გავლაა”, აღნიშნავენ მკვლევარები.

KIC 8462852

მართლაც, არსებობს ახლომდებარე ვარსკვლავი, რომლის მიქცევა-მოქცევის ძალებმა შესაძლოა გავლენა იქონია KIC 8462852-ის ვარსკვლავური სისტემის ყველაზე შორეულ რეგიონებში მდებარე უმოქმედო კომეტებზე. ეს პატარა ვარსკვლავი 1000 ასტრონომიული ერთეულითაა (1 ა.ე. დედამიწასა და მზეს შორის მანძილია, ანუ 150 მილიონი კმ) დაშორებული KIC 8462852-დან და ბინარული პარტნიორია თუ უბრალოდ სტუმარი, მისმა სიახლოვემ შესაძლოა კომეტების ალიაქოთი გამოიწვია. თუმცა სხვა სცენარების მსგავსად, ეგზოკომეტური ახსნაც სრულად დამაკმაყოფილებელი არაა.

სამეცნიერო ნაშრომი ფოკუსირებას ახდენს მხოლოდ ბუნებრივ და ცნობილ შესაძლებლობებზე. ამჟამად მზადდება მეორე ნაშრომი, რომელიც განიხილავს ტრანზიტის სრულიად განსხვავებულ სცენარს, შესაძლებლობას, რომ მიზეზი განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაციის მიერ შექმნილი მეგაინჟინრული პროექტია.

თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ჩვენი გალაქტიკა 13 მილიარდ წელზე მეტია, არსებობს და წარმოსახვის დაძაბვა სულაც არაა საჭირო იმის დასაშვებად, რომ სადღაც არსებობს უცხოპლანეტური ცივილიზაცია, რომელიც იმდენად განვითარდა, რომ ვარსკვლავების გარშემო მეგასტრუქტურებს აგებენ.

„უცხოპლანეტელები ყოველთვის უკანასკნელი ჰიპოთეზა უნდა იყოს განსახილველთა შორის, თუმცა ეს სწორედ იმას ჰგავს, რასაც უცხოპლანეტელი ცივილიზაციებისგან უნდა ველოდოთ”, განაცხადა ჯეისონ რაითმა, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომმა.

უზარმაზარი სტრუქტურების ძიება, რომლებიც ვარსკვლავებიდან წამოსულ სინათლეს ბლოკავენ, ახალი ხილი არაა. არამიწიერი ტექნოლოგიის ძიება (SETT) ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სწორედ ამ საქმეს აკეთებს. ახლო წარსულში ჩატარდა სამყაროს ახლომდებარე რეგიონების კვლევა იმის იმედით, რომ ტექნოლოგიურად მოწინავე ცივილიზაციის (განსაკუთრებით II ტიპის ცივილიზაციის) მიერ წარმოებული სითბოს ნარჩენების აღმოჩენა მოხერხდებოდა.

კარდაშევის შკალაზე მეორე ეტაპზე მყოფ ცივილიზაციას შეუძლია ვარსკვლავისგან გამოსხივებული მთელი ენერგიის ათვისება. მზის გარშემო განთავსებული დიდი გარსის ან რგოლების სერიის მეშვეობით დაისონის სფეროს მსგავსი სტრუქტურის აგებაა შესაძლებელი. მისი ერთ-ერთი ეფექტი ხილულ სინათლის ტალღებში ვარსკვლავის გადაფარვაა, ხოლო როცა მის ენერგიას უცხოპლანეტური ცივილიზაცია სრულად მოიხმარს, ენერგია აღარ გარდაიქმნება ტალღებად და ინფრაწითელ რადიაციად გაიფანტება.

უცხოპლანეტელების ნარჩენი სითბოს ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო და კვლევის დასკვნით, ახლომდებარე რეგიონებში სავარაუდოდ არ არსებობენ გონიერი უცხოპლანეტელები, რომლებიც ვარსკვლავის სითბოს ითვისებენ, შესაბამისად არც II ტიპის ცივილიზაციის ნიშნები გვაქვს.

მაგრამ KIC 8462852-ზე დაკვირვება მიანიშნებს, რომ შეიძლება ეს დასკვნა ნაადრევია და რაღაც არსებობს – მაგალითად გონიერი ცივილიზაცია, რომელიც განვითარების მეორე ეტაპს აღწევს და ვარსკვლავის გარშემო ხელოვნურ სტრუქტურას აგებს.

ცხადია, ეს მისტიკური ტრანზიტული მოვლენები არ წარმოადგენს უცხოპლანეტელთა არსებობის მტკიცებულებას. უფრო მეტიც, ჯერჯერობით ის არაფრის მტკიცებულება არაა და ბევრი მუშაობაა საჭირო სიტუაციაში გასარკვევად.

მეცნიერთა შემდეგი ნაბიჯი KIC 8462852-კენ რადიოანტენის მიმართვა იქნება იმის დასადგენად, გამოიყოფა თუ არა სისტემიდან ხელოვნური რადიოსიგნალები, რომლებიც მიანიშნებენ ისეთი რამის არსებობაზე, რასაც „გონიერს” ვუწოდებთ. ბოიაჯიანი და რაითი ამჟამად თანამშრომლობენ ენდრიუ სიმიონთან, კალიფორნიის უნივერსიტეტში მდებარე სეტის კვლევითი ცენტრის დირექტორთან, რათა ვარსკვლავს რადიოტელესკოპით მოუსმინონ. ხელოვნური სიგნალის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი VLA-ს (Very Large Array) ობსერვატორიიდან შეეცდებიან იმის დადგენას, ვარსკვლავიდან წამოსული რადიოსიგნალები მართლაც უცხოპლანეტური ცივილიზაციის ნიშნებია თუ არა.

შეიძლება საბოლოო პასუხის მიღებას დიდი დრო დასჭირდეს და იმის ალბათობაც უფრო მაღალია, რომ ეს მოვლენა სინამდვილეში კომეტების გროვა ან სხვა ბუნებრივი ფენომენია, რომელიც ჯერ არ გაუთვალისწინებიათ, თუმცა კვლევად ნამდვილად ღირს, განსაკუთრებით თუკი მართლაც აღმოჩნდება, რომ არსებობს სტრუქტურების მაშენებელი არამიწიერი ცივილიზაცია ან სულაც დიდი ხნის წინ გამქრალი ცივილიზაციის დანატოვარი უძველესი სტრუქტურებია იმ ვარსკვლავის გარშემო, რომელსაც დედამიწიდან მხოლოდ 1500 სინათლის წელიწადი აშორებს.

Discovery News

7 thoughts on “კეპლერმა შესაძლოა უცხოპლანეტური მეგასტრუქტურა აღმოაჩინა

  1. lasha

    დაისონის სფერო მხოლოდ და მხოლოდ ფანტასტიკაა მაგხელა სტრუქტურას ვინ ააგებს საერთოდ ეს კი რაღაც ბუნებრივი ფენომენი იქნება და მეტი არაფერი

    Like

    1. ფანტასტიკა ჩვენთვისაა, მაგრამ თუკი ცივილიზაციის არსებობა მილიონობით წელს ითვლის, მაგ დონემდეც მივლენ

      Like

  2. გამოხმაურება: ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც ასტრონომებს უცხოპლანეტელთა სიგნალი ეგონათ | ჩრდილოეთის ციალი

  3. გამოხმაურება: პირველი დაკვირვება „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურის” მქონე ვარსკვლავზე | ჩრდილოეთის ციალი

  4. გამოხმაურება: რა სიახლეები გველის მეცნიერებაში 2017 წელს | ჩრდილოეთის ციალი

  5. zaza

    ისე ზოგადად, ცხოვრებას თუ შევხედავთ ფანტასტიკა არ არსებობს, ყველაფერი რეალობაა…
    მხოლოდ დროზეა დამოკიდებული, დღეს ფანტასტიკად ვთვლით ხვალ აღარ ითვლება ფანტასტიკად, მაგალითად; რადიო, ტელევიზორი, მობილური, კომპიუტერი და რავიცი კიდე ბევრი და ბევრი რაღაცეები… (ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი) ხომ ფანტასტიკა იყო, დღეს ეს ყველაფერი რომ გაგიკვირდეს სასაცილოდ არ გეყოფა, რაც დრო გადის ფანტასტიკა რეალობად იქცევა…
    მაგრამ, უცხოპლანეტელების რა მოგახსენოთ, ნაკლებად მჯერავს…

    Like

დატოვე კომენტარი