რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს უცხოპლანეტელებთან?


მეცნიერთა გამოთვლებით, 100 მილიარდი პლანეტაა „ირმის ნახტომში”, რომელიც თავად ასობით მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთია. ვიცით, რომ ერთ-ერთ პლანეტაზე, დედამიწაზე, სიცოცხლე აღმოცენდა, მაგრამ მისი მსგავსი დასახლებადი პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევიან, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში მილიონობით უნდა იყოს. ეს კი დიდ კითხვას აჩენს: სად არიან უცხოპლანეტელები?

ეს ის პრობლემაა, რომელიც დიდი ხანია, ასტროფიზიკოსებს აწუხებს და ზუსტი პასუხი ჯერაც ვერ უპოვიათ. საკითხი ცნობილია, როგორც ფერმის პარადოქსი, რადგან პირველად იტალიელმა ასტრონომმა ენრიკო ფერმიმ ჩამოაყალიბა 1950 წელს. თუკი სიცოცხლე ასეთი გავრცელებულია, ამბობდა ის, რატომ არაფერი გვსმენია მათგან?

არსებობს პრობლემის რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა, რომელთაგან ზოგი არც ისე სასიამოვნოა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

კოსმოსი უბრალოდ ძალიან დიდია

პირველი და სავარაუდოდ ყველაზე პოპულარული პასუხი ეხება კოსმოსის უზარმაზარ მასშტაბებს. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებული დასახლებადი პლანეტები შეიძლება ათასობით სინათლის წლის მოშორებით მდებარეობდეს, რაც ელექტრომაგნიტური რადიაციით – კომუნიკაციის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი გზით – ორმხრივ კომუნიკაციას თითქმის შეუძლებელს ხდის. ირმის ნახტომის მიღმა, მილიონობით სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკების შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულდება. შესაძლოა, დისტანციები ზედმეტად დიდია საიმისოდ, რომ დიალოგი განხორციელდეს.

საკმარისად არ გვიძებნია

შესაძლოა, ჯერ ხელის ჩაქნევა ადრეა. დღემდე გონიერი უცხოპლანეტელების ძიება მხოლოდ შეზღუდულ კვლევებს მოიცავს, რომლებშიც რამდენიმე ტელესკოპი იყო ჩართული. მათი უმეტესობა SETI-ს ინსტიტუტმა განახორციელა, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი აღმოაჩინა.

ივლისში დაანონსდა $100 მილიონიანი პროექტი სახელად „Breakthrough Listen”, რომელსაც აფინანსებს რუსი მილიარდერი იური მილნერი. ეს იქნება სიგნალების საძიებო უმსხვილესი კვლევა. მასში ჩართული იქნება მსოფლიოს ორი უძლიერესი რადიოტელესკოპი – დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე გრინ-ბენკი და ავსტრალიური პარკსის ობსერვატორია, რათა გულდასმით გამოიკვლიონ დედამიწის უახლოესი მილიონი ვარსკვლავი და 100 გალაქტიკა მათგან გამიზნულად ან შემთხვევით წამოსული სიგნალების აღმოსაჩენად. ჯერჯერობით ეს რაიმეს აღმოჩენის საუკეთესო შანსია, რაც ხელთ გვაქვს.

დიდი ფილტრი

„Breakthrough Listen” 10 წლიანი პროექტია, თუკი ამ პერიოდშიც ვერაფერს იპოვიან, სიტუაცია ცოტა არ იყოს, რთულდება. ფერმის პარადოქსის კიდევ ერთი ამონახსნის მიხედვით, სამყაროში არსებობს ე.წ. „დიდი ფილტრი”, რაც ხელს უშლის სიცოცხლის წარმოშობას ან გონიერი სიცოცხლის რაღაც დონემდე განვითარებას. შესაძლოა, მათ თვითგანადგურებით ან სხვა გზით მოისწრაფონ სიცოცხლე. გამორიცხული არაა, ჩვენ ვიყოთ პირველი სახეობა, რომელმაც ეს ფილტრი გადალახა ან მომავალში უნდა მივაღწიოთ მას – ხოლო ჩვენამდე არსებული ყველა განვითარებული ცივილიზაცია განადგურდა. რას ვიზამთ.

ჩვენ ძალიან პრიმიტიულები ვართ

ზოგიერთის მოსაზრებით, არსებობს კომუნიკაციის სხვა საშუალებები, რომლებზეც ჯერ არაფერი ვიცით. შეიძლება მოშორებით მყოფი უცხოპლანეტური ცივილიზაციები ელიან, როდის მივაღწევთ ტექნოლოგიური მომწიფების გარკვეულ დონეს, რათა ჩვენთან დაკავშირება შეძლონ. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ სანამ არ დავადგენთ, კომუნიკაციის რა ფორმებზეა საუბარი, ვერაფერის გაკეთებას ვერ შევძლებთ.

მარტონი ვართ?

ფერმის პარადოქსის ბოლო ამოხსნა განიხილავს ერთ-ერთ ასევე უსიამოვნო თემას: შესაძლოა სამყაროში მარტონი ვართ.

გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ წარმოიშვა მრავალუჯრედიანი სიცოცხლე პლანეტაზე, როგორ შეძლო სიცოცხლემ ერთი უჯრედიდან კომპლექსურ ორგანიზმად გარდაქმნა. ისიც ბურუსითაა მოცული, საერთოდ როგორ გაჩნდა სიცოცხლე, საიდან მოვიდა ამდენი წყალი და ა.შ.

რას ვიტყვით იმ პირობებზე, რომლებმაც ადამიანის ევოლუციას შეუწყო ხელი? ჩვენი პლანეტა ხელსაყრელ მანძილზე უვლის გარშემო მზეს და დასახლებად ზონაში მდებარეობს, ტემპერატურა კი ზომიერია და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. ასევე უნდა გვეცადა, სანამ დინოზავრებს მასიური ასტეროიდი ამოწყვეტდა და პლანეტაზე ძუძუმწოვრები მოიკიდებდნენ ფეხს. ამ ყველაფრის შემდეგაც კი ადამიანური ცივილიზაცია მხოლოდ რამდენიმე ათასი წლისაა, რაც საოცრად მცირე მონაკვეთია 13.8 მილიარდი წლის სამყაროსთვის. შესაძლოა, დედამიწა ერთადერთი იღბლიანი წერტილია კოსმოსში, სადაც გონიერი სიცოცხლის განვითარება გახდა შესაძლებელი.

planets

მრავალი ექსპერტი ამჯობინებს, ბოლო მოსაზრება უარყოს. სანაცვლოდ ისინი ფიქრობენ, რომ მომდევნო რამდენიმე ათწლეულში მზის სისტემის შიგნით მიკრობულ სიცოცხლეს აღმოვაჩენთ, მანამდე ან მას შემდეგ კი მზის სისტემის მიღმა არსებული ცივილიზაციისგან სიგნალს მივიღებთ. მაგრამ მაინც შემაცბუნებელია ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ვერაფერს წავაწყდით.

სანამ საწინააღმდეგოს მტკიცებულებას არ აღმოვაჩენთ, ითვლება, რომ მარტონი ვართ კოსმოსში მონავარდე ამ ქვის ბურთულაზე. ჩვენ წარმოვადგენთ სამყაროში არსებული მგრძნობიარე სიცოცხლის ერთადერთ ცნობილ მაგალითს. ეს კი კაცობრიობასა და დედამიწას საოცრად განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს, ამიტომ პირველ რიგში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ გასაოცარი და სიცოცხლის მასპინძელი პლანეტის დასაცავად, რომელზეც ჩვენ ვბინადრობთ.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანელმა მწერალმა სერ არტურ კლარკმა შესანიშნავად აღნიშნა: „არსებობს ორი ვერსია: ან მარტონი ვართ სამყაროში, ან არა. ორივე ვარიანტი ერთნაირად საშიშია”.

iflscience.com

6 thoughts on “რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს უცხოპლანეტელებთან?

  1. lasha

    ჯერ ისიც კი არ ვიცით არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და არც ის თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე იქნებ ისინიც უფალმა შექმნა ჩვენ რა ვიცით ან ვინ გვეკითხება
    კაი სტატიაა ასეთები ხშირად დადეთ

    Like

  2. zaza

    წინა საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე ხედავდნენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, ალექსანდრე მაკედონელის დროსაც კი დაუნახავთ მფრინავი ობიექტი…
    საკვირველი ის არის რომ (თუ კეთილის მოსურნენი არიან) როდესაც ქრისტიანული რწმენა ძლიერდებოდა ადამიანებში საუკუნეების განმავლობაში მფრინავი ობიექტების არსებობის რწმენა ნელ-ნელა სუსტდება ხოლმე…
    მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში უკვე მეტი ინფორმაციები მოიპოვებოდა, რატომ? მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი განწყობები იყო გაძლიერებული იმაზე რომ თითქოს და არსებობენ სხვა ცივილიზაციები… თუ კარგად დავუკვირდებით ეს არსებები არ შედიან კონტაქტში ისეთ ადამიანებთან რომლებსაც ღმერთის გაძლიერებული რწმენა აქვთ… ისინი კონტაქტში მხოლოდ ისეთ ხალხთან შედიან ვისაც მაგათი სწამთ, და მაგათ რწმენას და იდეებს გაატარებენ, გაიზიარებენ, ვინც ღმერთის რწმენაში სუსტები არიან…
    მაგალითად თუ გავიხსენებთ, (40-იან წლებშიც, ომის დროს) 90-იან წლებს მაშინ ძალიან ხშირად ჩნდებოდნენ, რატომ, იმიტომ რომ როდესაც მსოფლიოში, ან რომელიმე ქვეყანაში ქაოსია, ადამიანები დაბნეულები, შეშინებულები, მშივრები და რწმენას, გამოსავალს ეძებენ, სწორედ მაშინაა ადვილი მათი შეცდენა, (შეცდენას ვგულისხმობ რომ დაგაჯეროს თავის არსებობა და თავის სიკეთე) და მაშინვე ჩნდებიან რადგან მოაჩვენონ თავი როგორც მხსნელებად…
    მიუხედავად იმისა რომ ესეთ თემებზე ბევრი ფაქტები არსებობს, 100%-ით მაინც არ არის დამტკიცებული, მათი არსებობისა, ყოველთვის ვარაოდის დონეზეა, ყველა ის მტკიცებულება რომელიც რელიგიას ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეპარვით ხდება, თითქოს სიმართლეა, თითქოს არ არის სიმართლე და სწორედ ეს ფაქტებიც უწყობს ხელს იმას რომ დავიჯეროთ ის რომ ეს არსებები არ შედიან კონტაქტში ისეთ ადამიანებთან რომლებსაც ღმერთის გაძლიერებული რწმენა აქვთ…
    უფალი ხომ ხილულად მოვიდა და დაენახვა ადამიანებს და მტკიცებულება გაუღრმავა ღმერთის არსებობისა ადამიანებს, ის ხომ ჩუმად არ მოპარვია ადამიანებს და არც შეშინებია არავისი, ამ არსებებს კი ეშინიათ, თუ მართალი ხარ და სიკეთე გინდა რატომ გეშინია ადამიანებისა, ეჩვენე ჩვეულებრივ ყველა ადამიანს განურჩევლად რწმენისა და რელიგიისა, და უთხარი რომ სიკეთე გინდა…

    ესენი, ოდესღაც ღმერთისგან არიან გადმოყრილნი სხვადასხვა პლანეტებზე გაფანტულები, ეშმაკისეულნი არიან, სატანის მხარდამჭერნი, ყოფილი ანგელოზები და სხვადასხვა სახით ეჩვენებიან ადამიანებს…
    ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ, უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.
    წმ. მამა გაბრიელი

    Like

    1. ყველაზე ხშირად მგონი შტატებში ხედავენ და მაგაზე რელიგიური ქვეყანა იშვიათია, 70%-ია ქრისტიანი და მხოლოდ 7% – აგნოსტიკ/ათეისტი. უცხოპლანეტელებზეც სულ ეგენი იღებენ ფილმებს 😀

      ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს რაც შეეხება, ჩემი სუბიექტური აზრით, ციური სხეულები ან ოპტიკური მოვლენები იყო, რაც მაშინ ზებუნებრივად აღიქვეს. მთლად ლოგიკური არ მგონია, რომ განვითარებულმა ცივილიზაციამ ათასობით ან მილიონობით სინათლის წელი იმისთვის გამოიაროს, რომ თვალი შეგვავლოს და შუა საუკუნეების ნახატებზე ან ლეგენდებში აისახოს.

      არსებობს ღრუბლის ფორმირებები, რომლებიც დისკოს ჰგავს. რამდენიმე წლის წინ ნორვეგიის ცაზე რუსული რაკეტა აფეთქდა და კაი ხანი ამო ეგონათ. 51-ე ზონის ექსპერიმენტებში დამზადებული თვითმფრინავებიც მიაგავს ამოებს

      Like

  3. zaza

    რატომ მარტო შტატებში, 90-იან წლებში, როდესაც სამოქალაქო ომი იყო არეულობები ქაოსი და განუკითხაობა… თბილისის თავზე ძალიან ხშირად ხედავდნენ ადამიანები, თუმცა მე პირადად არასოდეს დამინახავს….
    90-იანების შემდეგ რაც დაწყნარდა სიტუაცია ისე ხშირად რატომ აღარ ჩანან, თუ როდისმე გამოჩენილან ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ მათთვის ყველაზე კარგი დრო არის როცა შეშინებული ხარ, მშიერი ხარ და რწმენადაკარგული ხარ ან რწმენადასუსტებული…
    კი, ხანდახან არის ხოლმე ღრუბლებისგან რაღაც ფიგურების ილუზია და ასე შემდ… ამერიკელებსაც და რუსებსაც და არიან კიდე ქვეყნები ვისაც აქვთ მფრინავი თეფშები თუ რაღაც ამდაგვარი ობიექტები, მე არ მჯეროდა და არც მჯერავს სხვა ცივილიზაციების, მე ვფიქრობ რომ რასაც ადამიანური ცივილიზაცია ჰქვია მხოლოდ ჩვენ ადამიანები ვართ ამ მილიარდობით გალაქტიკებს შორის და არის სხვა განზომილებები სადაც ადამიანების სულები სხვადასხვა დროს გარდაცვლილები ცხოვრობენ, (ვიდრე მეორედ მოსვლა არ მოხდება) მე ასე მგონია, მაგრამ ბევრი ადამიანისგან გამიგია რომ ნამდვილად დავინახეო ამბობდნენ, სხვადასხვა დროს დღითაც და ღამითაც, კადრებიც არსებობს გადაღებულები, ვიღაცეებთან კონტაქტში რომ არიან, და საერთო ხედვა ზოგადად ამ თემის მიმართ ესეთი იქმნება, თითქოს არსებობენ მაგრამ არ არსებობენ, რათა ადამიანებში დაბნეულობა იყოს მუდმივად და ვერ გაიგონ თუ რა უნდა იწამონ, აქედან გამომდინარე ისევ მამა გაბრიელის სიტყვებს მოვიშველიებ,
    ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.
    აქედან გამომდინარე დავუჯერებ მამა გაბრიელს რომ არსებობენ რაღაც არსებები რომლებიც ჩვენთვის, ადამიანების მიმართ არ არიან განწყობილნი კეთილად, რადგან ხშირ შემთხვევაში ღმერთის მორწმუნეებს ერიდებიან, და მხოლოდ ნაკლებად მორწმუნეებს ეჩვენებიან, ამერიკაში კი ქვიათ რომ ქრისტიანები ცხოვრობენ მაგრამ ეგენიც ისეთი ქრისტიანები არიან როგორებიც რუსები, მსოფლიოში თუ რაიმე გარყვნილობა ან რაიმე არარელიგიური, ღმერთის საწინააღმდეგო ყველაფერი მაგათგან მოდის მთელს მსოფლიოში, თუმცა კანონებით უხვევენ თვალს ადამიანებს რომ აი რა სტროგი კანონები გვაქვსო, მაგრამ ფიცი მწამს საქმე მაკვირვებს… რუსებს სახელი ჰქვიათ ქრისტიანები (თუმცა ბევრი წმინდანები ჰყავდათ და ჰყავთ, მაგრამ მაინც, ზოგადად, უმრავლესობა და მათი პოლიტიკა…), რა გაუკეთებიათ ან რას აკეთებენ ქრისტიანულს, ქრისტიანობის გარდა ყველაფერს აკეთებენ, მაინც მონღოლური სისხლი ყივის ხოლმე რუსების სისხლში, 300 წელი ცოტა არ არის იმისათვის რომ გადაეჯიშებინათ მონღოლებს… :))))
    კი, არც ქართველები ვართ ნაკლებები არაქრიატიანული საქციელებისგან მაგრამ ქრისტიანული უფრო ბევრი გვაქვს, ჯერ მარტო სხვა რომ არაფერი გავიხსენოთ ყველაფერს ფარავს 100 000 მოწამე, მსოფლიოში არავის გაუკეთებია ის რაც მათმა გააკეთეს (განა ის საოცრება არ არის რომ ჩვენ დღეს ვარსებობთ ქრისტიანობამ გადაგვარჩინა, ჩვენს გარშემო ამხელა ვეშაპებივით ისლამური ქვეყნები გვებრძოდნენ მაგრამ…)

    Like

  4. lasha

    კოსმოსი ძალიან დიდია გადაადგილება კი მაქსიმუმ სინათლის სიჩქარითაა შესაძლებელი ასე რომ უცხოპლანეტელებს ვერ შევხვდებით ძალიანაც რომ მოვინდომოთ და ვერც იმას გავიგებთ თუ რა ხდება სხვა მზის სისტემებში რას წარმოადგენენ ეგზოპლანეტები არის თუ არა მათზე სიცოცხლე და ასე შემდეგ უცხოპლანეტელები ან არსებობენ ან არა მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვერ გავიგებთ გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვის და კოსმოსის მასშტაბების გამო ასე რომ მაგაზე არ ინერვიულოთ უნდა ჩავთვალოთ რომ უცხოები არ არსებობენ უბრალოდ მათთან შეხვედრის შანსი 0 ია

    Like

დატოვე კომენტარი