გასული კვირა მეცნიერებაში [6.01-12.01]


● აღმოაჩინეს ყველაზე ხნიერი გალაქტიკები.
ჰაბლისა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპების მიერ ერთობლივად განხორციელებულმა დაკვირვებებმა აღმოაჩინა ყველაზე ადრეული გალაქტიკები. ისინი იმ პერიოდში ჩამოყალიბდნენ, როცა ვარსკვლავების ფორმირების პროცესები პიკში შედიოდა. ტელესკოპიდან გალაქტიკები ისეთი ფორმით ჩანან, როგორც 10 მილიარდი წლის წინ იყვნენ. ისინი განსხვავებულია ჩვენს წარმოდგენაში არსებული გალაქტიკებისგან – ზომით პატარები, ყველაზე დიდი კი „ირმის ნახტომის” მეათედი მასის მქონეა. არ გააჩნიათ სპირალური ან ელიფსური ფორმა, არამედ ვარსკვლავების არარეგულარული ფორმის კლასტერებს წარმოადგენენ. აღმოჩენილებს შორის არის 13 მილიარდი წლის 4 გალაქტიკა, რომლებიც „ირმის ნახტომზე” 50-ჯერ სწრაფად ყალიბდებოდნენ. „ნასა” მალე დაიწყებს ადრეული გალაქტიკების უფრო დაწვრილებით შესწავლას, 2018 წელს კი ამ მისიას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი განაგრძობს.


 


● ეგზოპლანეტები კონტინენტებით და ოკეანეებით.
ზოგიერთი მასიური ეგზოპლანეტა შეიძლება უფრო მეტად ჰგავდეს დედამიწას, ვიდრე აქამდე ეგონათ. საკმაოდ დიდი შანსია, რომ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტებს ჩვენნაირი ლანდშაფტი ჰქონდეთ, ოკეანეებისა და კონტინენტების ჩათვლით. სუპერდედამიწას ისეთ პლანეტებს უწოდებენ, რომელთა მასა დედამიწისა და ურანის (დედამიწაზე 15-ჯერ მძიმე) წონას შორისაა. გეოფიზიკის პრინციპებისა და არსებული ცოდნის გამოყენებით დადგინდა, რომ ტექტონიკურად აქტიური სუპერდედამიწები წყლის უმეტეს ნაწილს მანტიაში ინახავენ, დედამიწის მსგავსად. მასიურობის გამო ოკეანის ფსკერზე არსებული წნევა წყალს მანტიაში მოაქცევს. თუ დავამატებთ ტექტონიკური ფილების ფაქტორს, ზღვის დონე ცვალებადი იქნება, რაც კონტინენტების არსებობას სავსებით შესაძლებელს ხდის. ეს ყველაფერი კი გავლენას მოახდენს კლიმატზე და დააბალანსებს ამინდს. რაც თავის მხრივ იმის შანსს ზრდის, რომ ასეთ პლანეტებზე ოდესმე დედამიწის მსგავს სიცოცხლის ფორმებს ვიპოვით.

 


● აღმოაჩინეს ახალი კლასის ვარსკვლავები.
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელი კარგ საქმეს აკეთებს იმ მხრივ, რომ გრავიტაციული ძალის მეშვეობით ვარსკვლავებს გალაქტიკიდან „გაქცევის” საშუალებას არ აძლევს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, არსებობს ჰიპერსიჩქარის მქონე თავნება ვარსკვლავები, რომლებიც მას გაურბიან და უფრო მეტიც, წარმოადგენენ სრულიად ახალ კლასს. ჰიპერსიჩქარის მქონე ვარსკვლავი, როგორც წესი, დიდი ლურჯი ვარსკვლავია, ისინი შავ ხვრელთან ახლოს ჩნდებიან და წარმოუდგენელ სიჩქარეს ავითარებენ. ჯერჯერობით მხოლოდ 18 ასეთი ვარსკვლავია აღმოჩენილი, რაც აჩვენებს, როგორი ძნელია შავი ხვრელისგან თავის დაღწევა. თუმცა ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავები მზის ზომის არიან და ცენტრიდან არ მოდიან, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა. მაგალითად, როგორ განავითარეს ამხელა სიჩქარე? ისინი სავარაუდოდ საათში მილიონ კმ-ს გადიან და უცნობია ის მექანიზმი, რაც მათ ასეთ შესაძლებლობებს მისცემდა. არის ვარაუდი, რომ ისინი „ირმის ნახტომში” არ გაჩენილან და უბრალოდ გზაში გაიარეს ჩვენი გალაქტიკა, თუმცა ქიმიური შემადგენლობით აქაურ ვარსკვლავებს გვანან.

 


● ზოგიერთ ყავისფერ ჯუჯაზე რკინის წვიმა მოდის.
ყავისფერი ჯუჯები მზეზე გაცილებით პატარები და ცივები არიან. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი მასა გულში ბირთვული რეაქციების საწარმოებლად, მაგრამ გამოირჩევიან ექსტრემალური პირობებით. სპიცერის ტელესკოპით დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყავისფერ ჯუჯებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მაღალი სიჩქარის დამდნარი რკინის შტორმები. შტორმს თან ახლავს ჩქარი ქარები და ელვა. ეს შედეგი დაკვირვებული 40-ზე მეტი ყავისფერი ჯუჯიდან ნახევარში აღმოაჩინეს. მომავალი კვლევები უფრო დაწვრილებით შეისწავლის ყავისფერი ჯუჯის ამინდის თავისებურებებს და ასევე მოიცავს იუპიტერის მსგავს აირის გიგანტებს. ყავისფერი ჯუჯა განუხორციელებელ ვარსკვლავს წარმოადგენს. ფორმირებისას მათ ვერ მოიკრიბეს საკმარისი მასა ატომური რეაქციებისთვის, რის გამოც „კვდებიან”, მაგრამ არ გარდაიქმნებიან სუპერნოვად. ყავისფერი ჯუჯა იუპიტერზე დაახლოებით 13-80-ჯერ მძიმეა, პირველი მათგანი კი 1995 წელს აღმოაჩინეს.

 


● სამყარო დიდი სიზუსტით გაზომეს.
„კოსმოსური სახაზავი”, რომლითაც ასტრონომები სამყაროში სიგრძეებს ზომავენ, 1%-იან ცდომილებამდე დაიყვანეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კოსმოსური სახაზავით იზომება სამყაროს ზომების ცვლილება დროთა განმავლობაში, რაშიც გალაქტიკებს იყენებენ. გაზომვის სიზუსტე დიდად გაიზარდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, მანამდე კი 50%-იანი სიზუსტეც მისაღები იყო. ბარიონის ოსცილაციის სპექტროსკოპული კვლევა და კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის რადიაცია დიდ როლს თამაშობენ სამყაროს გაფართოების ტემპისა და ბნელი ენერგიის საკითხის განსაზღვრაში. აღმოჩნდა, რომ ბნელი ენერგია დროთა განმავლობაში ძირითადად უცვლელია. გარდა ამისა, გაკეთდა დასკვნები სამყაროს ფორმაზე. როგორც ჩანს, ის მთლიანად ბრტყელია უმნიშვნელო გამრუდებებით. ეს მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ სამყარო უსასრულოა და მუდმივი გაფართოების პროცესში იქნება.

 


● Y ქრომოსომა არ კვდება.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ვარაუდები Y ქრომოსომის გადაშენებაზე ნაადრევია. როგორც ცნობილია, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომა და მასთან ერთად მამაკაცები შესაძლოა 5 მილიონ წელიწადში გაქრნენ. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცები არსად აპირებენ წასვლას და Y ქრომოსომა კიდევ დიდხანს იარსებებს. 200 მილიონი წლის წინ, როცა ძუძუმწოვრები დედამიწაზე ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, X და Y ქრომოსომები ინტერაქტიული წყვილივით არსებობდნენ. ყოველ თაობაში მათ გადაჰქონდათ გენების ნაწილი და ასე ურევდნენ მშობლების გენეტიკურ ნიშნებს ერთმანეთში. შემდგომში მამაკაცურმა ნიშან-თვისებებმა თავი მოიყარა Y ქრომოსომაში, მათ შორის იყო სათესლე ჯირკვლები და სპერმა. ეს ქალებისთვის საშიში იყო და შესაბამისად ამის შემდეგ ქრომოსომებმა დამოუკიდებლად დაიწყეს განვითარება. დღესდღეობით ქალებს აქვთ წყვილი X ქრომოსომა, კაცებს კი – XY. რადგანაც ეს ქრომოსომები გენებს არ ცვლიან, სულ უფრო ძნელი ხდება Y ქრომოსომაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. ამის გამო ის უფრო მგრძნობიარეა ბუნებრივი გადარჩევის მიმართ და როგორც მეცნიერები თვლიან, დროთა განმავლობაში დეგრადაციას განიცდიდა.

 


● მზეზე დიდი აფეთქება მოხდა.
მზის ზედაპირზე მოხდა მასიური აფეთქება – ამოიფრქვა დედამიწაზე 7-ჯერ დიდი მასა. ეს წელს პირველი მთავარი აფეთქებაა და ნასას მეცნიერთა თქმით, ბოლო ათწლეულშიც უდიდესია. მზეზე მომხდარი აფეთქებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობით რადიაცია, რომელიც დედამიწისკენ სინათლის სიჩქარით მოძრაობს და 8 წუთში აღწევს. დედამიწაზე მას იწოვს ატმოფეროს ერთ-ერთი ფენა – იონოსფერო. ამის გამო ის ვერ მოახდენს მავნე ფიზიკურ გავლენას ადამიანებზე, თუმცა შეიძლება შეაფერხოს GPS და საკომუნიკაციო მექანიზმები. რადიოსიგნალების შეფერხება შეიძლება 1-2 წუთი ან სულაც რამდენიმე საათი გაგრძელდეს. ამ ამოფრქვევამ კი შეაფერხა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ სატვირთო ხომალდის გაგზავნა. ნასამ დაადასტურა, რომ სადგურში მყოფ კოსმონავტებს საფრთხე არ ელით.

 


● პლანეტის დასახლებადი ზონა გაფართოვდა.
მეცნიერებს ჯერ არ აღმოუჩენიათ უცხოპლანეტური სიცოცხლე, თუმცა ირკვევა, რომ მათი არსებობის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე ეგონათ. შოტლანდიელი მკვლევარების თქმით, დედამიწის ზომის პლანეტა სიცოცხლისთვის ხელმშემწყობი შეიძლება მაშინაც კი იყოს, თუკი მზისგან ათჯერ უფრო შორს იქნება. კომპიუტერული მოდელი აჩვენებს, რომ მზისგან სამჯერ უფრო შორს მყოფი დედამიწა ისევ შეინარჩუნებს სიცოცხლეს – ზედაპირიდან 5 კმ-ის სიღრმეში ისევ იქნება თხევადი წყალი. დასახლებად ზონაში ყოფნა კი ისეთ პირობებს ქმნის, რომ ზედაპირზე იყოს ზომიერი ტემპერატურა და თხევადი წყალი. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დასახლებადი ზონის განსაზღვრისას არ ხდება სიცოცხლის მიწისქვეშ არსებობის გათვალისწინება, სადაც ტემპერატურა ზედაპირთან შედარებით იზრდება და რაღაც დონეზე თხევადი წყალიც იქნება. ამჟამად მიიჩნევა, რომ დედამიწის მსგავსი ზომიერი ტემპერატურა ჩვენს გალაქტიკაში 40 მილიარდ პლანეტაზეა. თუმცა ეს რიცხვი შეიძლება მალე გაიზარდოს.

3 thoughts on “გასული კვირა მეცნიერებაში [6.01-12.01]

  1. ვაიბი

    Y ქრომოსომის გაქრობაზე კომიქსს კითხულობდა მეგობარი http://goo.gl/VZZwEq , კარგი რამე ჩანს. ახლა აქ რომ ვნახე თვალები გამიფართოვდა :დ სანამ ბოლომდე არ წავიკითხე ვერ დავმშვიდდი :დ

    Like

  2. გაბრიელი

    უცხოპლანეტელების არსებობის რატომ არ ჯერა ამ ხალხს ვერ გავიგე

    Like

  3. გაბრიელი

    შანსი არაა სამყაროში ჩვენს გარდა ერთი პლანეტა მაინც არ იყოს დასახლებული

    Like

დატოვე კომენტარი