ბიბლიის გამოცანები: დაკარგული ქალაქები


ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს?

დაახლოებით 4000 წლის წინ სოდომისა და გომორის მაცხოვრებლებს სამარცხვინო რეპუტაცია ჰქონდათ, თუმცა ბიბლია არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რის გამო მოხდა ეს. დაბადების წიგნი უბრალოდ ამბობს, რომ „ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს”. მოგვიანებით ნახსენებია სიძულვილიც, რაც არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ იყო ეს ხალხი. მაგრამ თუკი ბიბლია ბუნდოვანია სოდომელების მიერ ჩადენილ ცოდვებზე, სავსებით ნათლად გვიამბობს მათ თავს დატეხილ სასჯელზე. „აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი”. მოგვიანებით ბიბლია გვამცნობს, რომ სოდომისა და გომორის განადგურების შემდეგ გადარჩენილმა ადამიანებმა თავს უშველეს და ქალაქი მიატოვეს. თუკი მსგავს რამეს მართლაც ჰქონდა ადგილი, სავარაუდოდ მოხდებოდა მკვდარი ზღვის სიახლოვეს, სადაც ამჟამად ცარიელი და უკაცრიელი ტერიტორიაა.

დაბადების წიგნის მიხედვით, ყველაფერი დაიწყო აბრაამის პერიოდში, მოსეს ეგვიპტიდან გამოსვლამდე საუკუნეებით ადრე. აბრაამი მომთაბარე ტომების პატრიარქი იყო და ქალაქებს ერიდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაა სოდომსა და გომორზე მცირე ინფორმაცია. ბიბლია გვამცნობს, რომ მომთაბარეები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს საძოვარი მიწების გამო. დავის გადასაწყვეტად აბრაამმა და მისმა ძმიშვილმა ლოტმა გადაწყვიტეს, გზები გაეყოთ. ლოტი სოდომის მახლობლად დასახლდა. „გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე.” ასე რომ ლოტის გადასვლისას სოდომი უკვე დასახლებული იყო. სოდომი წარმოადგენდა ბრინჯაოს ხანის ტიპიურ ქალაქს, დაახლოებით 1000 მაცხოვრებლით. დღემდე არავის აღმოუჩენია იმის მტკიცებულება, რომ ეს ბიბლიური ქალაქი ოდესღაც მართლაც არსებობდა.

1924 წელს არქეოლოგი უილიამ ოლბრაიტი მკვდარი ზღვისკენ გაეშურა. მასთან მყოფ მკვლევარებს ბიბლიური ტექსტის დახმარებით სოდომისა და გომორის აღმოჩენა სურდათ მკვდარი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. კვლევის დასასრულს ისინი წააწყდნენ ბაბ-ედ-დრას – ბრინჯაოს ხანის ტერიტორიას, თუმცა არ არსებობდა მინიშნება, რომ ის ქალაქი იყო. უფრო მეტიც – ის სასაფლაოს ჰგავდა. ოლბრაიტს იმ მომენტში არ გააჩნდა საკმარისი რესურსები, რომ გათხრები ეწარმოებინა და დაახლოებით 50 წელი გავიდა, ვიდრე ამ ადგილს ხელახლა მიუბრუნდებოდნენ.


1967 წლის გათხრებს ხელმძღვანელობდა არქეოლოგი პოლ ლეპი. გათხრებში მონაწილეობას იღებდა ტომას შაუბიც, რომელიც შემდგომში კიდევ ბევრჯერ ეწვია ამ ადგილს და აღმოაჩინა სასაფლაო, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო ბრინჯაოს ხანის სტანდარტებითაც კი. აქ წააწყდნენ ასობით ჭურჭელს, ჩონჩხსა და ძვლებს. ასევე იყო ოქროს სამკაულები, კერამიკის 700-მდე ნატეხი, ტანსაცმელი და ხის უცნაური სარები, რომლებიც ერთად იყო შეკრული და გვამის დასაწვენად გამოიყენებოდა, რათა სასაფლაომდე მიეტანათ.

ეს გასაოცარი აღმოჩენა იყო – სასაფლაო, რომელიც 1000 წლის განმავლობაში მოქმედებდა, მათ შორის სოდომის განადგურებისა და აბრაამის პერიოდში. თუმცა ვერაფრით უკავშირებდნენ მას სოდომს, გარდა ერთი რამისა – ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2350 წელს გარდაცვლილთა დასაფლავება მოულოდნელად შეწყდა, მიზეზი კი გაუგებარი იყო. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ აღარ სახლობდნენ აქ ადამიანები. შესაძლოა, წყლის მიწოდება შეწყდა და მთავარი წყარო დაშრა, ან გარემო და კლიმატი შეიცვალა. შესაძლოა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს თავს დაესხნენ მტრები და სრულად ამოჟლიტეს.

შემდეგი რამდენიმე სეზონის განმავლობაში არქეოლოგებმა გააფართოვეს კვლევის არეალი და უფრო აქტიურად ეძებდნენ დაკარგულ ქალაქს. მალე მათ აღმოაჩინეს ადამიანთა დასახლების კვალი იმ გორაკზე, რომელიც სასაფლაოს გადაჰყურებდა. აქ აღმოაჩინეს ქვები და თიხის ნაკეთობები. არქეოლოგების სამწუხაროდ, დაკარგული ქალაქები, როგორც წესი, მიწისქვეშ მდებარეობენ. სწორედ ამიტომ აღმოაჩინეს ტომას შაუბმა და მისმა კოლეგებმა ბრინჯაოს ხანის კედლის ნარჩენები, რომელიც გორაკზე მდებარეობდა. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლებოდა ქალაქისთვის მიეგნოთ. მალე გაჩნდა მნიშვნელოვანი კითხვაც: სოდომი აღმოაჩინეს თუ გომორი?

არქეოლოგებმა თხრა განაგრძეს და მალე დასახლებასაც წააწყდნენ. ერთ აღმოჩენას მეორე მოჰყვა და მალე არქეოლოგები მიხვდნენ, რომ რაღაც უნიკალური იპოვეს – იმ ქალაქის საძირკველი, რომელიც აბრაამის პერიოდის იყო, შეიძლება უფრო ძველიც, თანაც იქ მდებარეობდა, სადაც სავარაუდოდ ბიბლიური სოდომი. სასაფლაოს მსგავსად, ქალაქმაც მოულოდნელად განიცადა გაუდაბნოება იმავე დროს. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? იყო თუ არა მსგავსი რამ ჩვეულებრივი მოვლენა ბრინჯაოს ხანაში? რა აკავშირებდა ბაბ-ედ-დრას სოდომთან? ალბათ გასაკვირი არაა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა.

1960-70-იან და მომდევნო წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა აბრაამის პერიოდის რამდენიმე დასახლება აღმოაჩინა, მათგან ყველაზე დიდი ბაბ-ედ-დრა იყო. ერთი შეხედვით, ეს იგივე სოდომი უნდა ყოფილიყო. თუმცა მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ნასახლარები უმეტესად ძვ.წ. მესამე ათასწლეულით თარიღდებოდა და 4000 წლის წინ იყო მიტოვებული. ამ პერიოდში კი მოსახლეობა ქანაანელები იქნებოდა.

ბიბლიის მწერლები ქანაანელებს არც ისე დადებითად წარმოაჩენენ. აბრაამის ტომის წევრები სავარაუდოდ ხვდებოდნენ ქალაქში დასახლებულ ქანაანელებს და მათ გარყვნილ და უწესო ადამიანებად თვლიდნენ. ეს მიესადაგება სოდომელების აღწერასაც. ხოლო ლოტმა საბოლოოდ უარი თქვა კარვებით მოგზაურობაზე და ქალაქში დასახლდა.

ბიბლია გვამცნობს, რომ აბრაამი ცხოვრობდა ჰებრონის მახლობლად, ქანაანის სამხრეთით. მას ანგელოზები გამოეცხადნენ და ამცნეს, რომ სოდომისა და გომორის განადგურებას აპირებდნენ. აბრაამმა ჰკითხა ღმერთს, თუ დაინდობდა ქალაქს მასში კარგი ადამიანების აღმოჩენის შემთხვევაში. მას იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა თავისი ძმისშვილის, ლოტის მსგავს ადამიანებს. საბოლოოდ ის 10 მართალ ადამიანზე შეუთანხმდა ღმერთს.

სოდომის მოსანახულებლად ანგელოზები გაემგზავრნენ. როდესაც ლოტის სახლს მიადგნენ, სოდომის ერთადერთმა კეთილმა მაცხოვრებელმა ისინი სახლში შეიპატიჟა. მათ ივახშმეს ლოტთან, მის ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად. თუმცა სხვა სოდომელები ასეთი სტუმართმოყვარეები არ აღმოჩნდნენ – მათ ანგელოზებთან სექსი მოინდომეს. ლოტმა მათ წინააღმდეგობა გაუწია… და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზა: „ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.”

სოდომელებმა ლოტის შემოთავაზება უარყვეს, რის გამოც ანგელოზებმა ისინი დააბრმავეს. ეს შემთხვევა ღმერთისთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა და ქალაქის განადგურება გადაწყვიტა. ლოტის ოჯახი სოდომს გაერიდა და ორმა ქალაქმა მალე საშინელი რისხვა იწვნია.

არის თუ არა ბიბლია ისტორიულად ზუსტი წიგნი, ამაზე დავა საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა. გამონაკლისი არც სოდომისა და გომორის ამბავი ყოფილა. ბიბლიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს რეალური ისტორიაა, მოწინააღმდეგეები კი რომელიმე კატასტროფული მოვლენის გაზვიადებულ ვარიანტად თვლიან.


ცხადია, ქალაქის განადგურება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სხვადასხვა მიზეზების გამო ისტორიის განმავლობაში რამდენიმე ქალაქი განადგურებულა, მათი სახელები კი ადამიანთა მეხსიერებაში რჩებოდა. ტროა და კართაგენი ომმა შეიწირა, იგივე ბედი ეწია ჰიროსიმასა და ნაგასაკის. ბუნების რისხვამ პომპეი 6 მეტრი სისქის ფერფლის ქვეშ მოაქცია, როცა ვულკანი ვეზუვი ამოიფრქვა. 1906 წლის მიწისძვრამ სან-ფრანცისკო მიწასთან გაასწორა, ქარიშხალმა კატრინამ ნიუ-ორლეანის 80% წყალქვეშ მოაქცია. სადაზღვევო კომპანიები ასეთ მოვლენებს „ღმერთის შემოქმედებას” უწოდებენ, ბრინჯაოს ხანის ადამიანებს კი ამაში ეჭვიც არ შეეპარებოდათ.

მრავალი გამანადგურებელი ბუნებრივი კატასტროფა არსებობს, თუმცა სოდომისა და გომორის შემთხვევას ერთ-ერთი მათგანი ყველაზე მეტად ესადაგება. როდესაც ცეცხლის წვიმაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში გვახსენდება ვულკანი. მისი ძალა ხშირად ასოცირდებოდა ღმერთის რისხვასთან. მიწისძვრა, ცეცხლის სვეტები, ფერფლისა და ქვების წვიმა, პიროკლასტური ნაკადები, რომლებიც ადამიანებს ადგილზევე ანადგურებს – სავსებით ესადგება სოდომისა და გომორის შემთხვევას. მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ბიბლიურ დროში მკვდარი ზღვის სიახლოვეს ადგილი ჰქონდა ვულკანის ამოფრქვევებს. თუმცა არსებობს მინიშნებები, რომ ხდებოდა სხვა სახის გეოლოგიური ცვლილებები, რაც ამ არეალს ანადგურებდა. ამ ძალამ გაანადგურა კიდევ ერთი ქალაქი მკვდარი ზღვიდან არც ისე შორს – იერიქონი.

ბიბლიის მიხედვით, ებრაელმა ლიდერმა იესო ნავეს ძემ იერიქონი დაიპყრო მას შემდეგ, რაც ქალაქის კედლები მისტიკურად ჩამოინგრა. თუმცა შესაძლოა, ამ ყველაფერს სავსებით ბუნებრივი და არც ისე მისტიკური ახსნა ჰქონდეს. როგორც აღმოჩნდა, იერიქონი აგებული იყო სეისმურად აქტიურ რეგიონში და ყოველ საუკუნეში 1-2 მიწისძვრა მაინც ხდებოდა, ზოგჯერ შესაძლოა 6-იც. სან-ფრანცისკოს მსგავსად, ისიც არახელსაყრელ ადგილას იყო გაშენებული.

იერიქონი ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებადი ქალაქია მსოფლიოში. აქ ადამიანები 10 000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და დღემდე ცხოვრობენ. მას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს და უძველეს ნანგრევებს ათვალიერებს. კედლებზე აშკარად ჩანს მიწისძვრის კვალი, რომელიც შესაძლოა უჭერდეს ან არც უჭერდეს მხარს ბიბლიურ ვერსიას.

როგორც ბიბლია გვიამბობს, იესო ნავეს ძის ჯარი მდინარე იორდანეს შორეულ მხარეს შეიკრიბა. იესო ნავეს ძე მომთაბარეებთან ერთად აღმოსავლეთით დაბანაკდა და ეძებდა გზას, რომ მდინარე გადაეკვეთა. მოულოდნელად მიწისძვრა მოხდა, შემდგომ განვითარებული მოვლენები კი აშკარად მოგვაგონებს მოსეს ეგვიპტიდან გამოსვლის ეპიზოდს: წყალი ორად გაიყო და იესო ნავეს ძემ თანმხლებ პირებთან ერთად მშრალ მიწაზე გაიარა. თუმცა ამ სასწაულს შესაძლოა, ბუნებრივი ახსნა ჰქონდეს.

როდესაც დამიას რეგიონში მიწისძვრა ხდება, წარმოიქმნება მასიური ზვავი, რომელიც მდინარეს 1-2 დღის განმავლობაში კეტავს. დინება ჩერდება, წყალი გუბდება და მშრალი მიწა ჩნდება. შესაძლოა თუ არა, ეს ყველაფერი დამთხვეოდა იესოს მოქმედების მომენტს? დიახ, რადგან ბიბლია გვამცნობს, რომ მოვლენებს ადგილი ჰქონდა გაზაფხულზე, მოსავლის აღების პერიოდში. თუმცა ალყისთვის ეს საკმაოდ ცუდი პერიოდი იყო: ქალაქს საკმარისად ჰქონდა საკვები, ნათესებში კი არაფერი იყო დარჩენილი ჯარის გამოსაკვებად.


შემდეგ მომხდარ მოვლენებს სასწაულის ელფერი აქვს: 6 დღის განმავლობაში ებრაელები გარს უვლიდნენ ჩაკეტილ იერიქონს. მეშვიდე დღეს მათ ბუკებს ჩაჰბერეს და ყიჟინა დასცეს, რასაც კედლების ნგრევა და ქალაქის დაპყრობა მოჰყვა. ახსნა ამასაც მოეძებნება: მიწისძვრის მოხდენამდე დამახასიათებელია გრგვინვის მსგავსი ხმა. თვითმხილველები მას თვითმფრინავის ან ელვის ხმას ადარებენ ხოლმე. ბიბლია ამბობს, რომ კედლების ჩამონგრევის შემდეგ „ავიდა ხალხი ქალაქში”, რაც შესაძლოა ესადაგებოდეს გარკვეულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, როგორიცაა ტელის საძირკველში ნაპოვნი ჩამოქცეული კედლები. როგორც ეტყობოდა, ეს იყო სქელი, აგურისა და ტალახისგან ნაშენები კედლები, რომელთა ნგრევის პერიოდი ემთხვევა იერიქონის განადგურებას. ამან ქალაქში ბუნებრივი დაქანება შექმნა, რაც დამპყრობლებს მასში შეღწევას გაუადვილებდა.

ებრაელებმა ქალაქი გადაწვეს, თუმცა არ გაუძარცვავთ. ეს ესადაგება ნანგრევებში აღმოჩენილ ხორბალსა და ქერს. მარცვლეულით სავსე ჭურჭელი იმაზე მიანიშნებს, რომ მოსავალი ახალი აღებული იყო, როგორც ბიბლია ამბობს. მაგრამ რატომ დატოვეს ეს ყველაფერი იერიქონში და შემდეგ ცეცხლს მისცეს? ბიბლია ახსნას გვთავაზობს – მარცვლეული უნდა დამწვარიყო, როგორც ღმერთისადმი მიძღვნილი მსხვერპლი.

არქეოლოგების უმეტესობა თანხმდება, რომ ბიბლიურ დროში იერიქონი მინიმუმ ერთხელ განადგურდა, მაგრამ თარიღი იესო ნავეს ძის ალყას არ ესადაგება. იერიქონი ცეცხლმა მოიცვა ძვ.წ. 1500-1475 წლებს შორის პერიოდში და დამნაშავეებად ეგვიპტელები გვევლინებიან. რაც შეეხება ძვ.წ. მე-13 საუკუნეს, ამ დროს იერიქონს კედლები არ ჰქონდა, შესაბამისად, ვერაფერი დაინგრეოდა, ხოლო ტერიტორია მოსახლეებისგან უმეტესად დაცლილი იყო. გამოდის, რომ იესო ნავეს ძემ გაანადგურა ის, რაც იმ დროს არ არსებობდა.

მიუხედავად იმისა, განადგურდა თუ არა იერიქონი ისე, როგორც ბიბლია ამბობს, ერთი რამ ფაქტია: აქ ხშირად ხდებოდა მიწისძვრები. იერიქონის ქვეშ გამავალი სეისმური ხაზი გრძელდება სამხრეთით და შესაძლოა გადიოდა სოდომსა და გომორზეც.

5000 წლის წინ ადამიანებს არ გააჩნდათ რაციონალური ახსნა, თუ რატომ ხდებოდა ბუნებრივი კატასტროფები და რატომ ექცეოდა სტიქია ასე უმოწყალოდ დედამიწას. ქარიშხლები, ტორნადოები, წყალდიდობები და მიწისძვრები თითქოს უმიზეზოდ ხდებოდა. მსგავსი მოვლენები განსაკუთრებით ხშირი იყო ბიბლიურ ტერიტორიებზე და ზოგჯერ ლანდშაფტი ერთ ღამეში ტრანსფორმირდებოდა. შეიძლებოდა, მდინარეს მიმართულება მკვეთრად შეეცვალა, რის გამოც ადამიანებს უწევდათ, ხელახლა გაეყვანათ გზები და აეშენებინათ სახლები, ზოგჯერ 12-15 წელიწადში ორჯერაც. სამყარო ძალიან ქაოსური ჩანდა, რის მაგალითსაც ვხვდებით უძველესი ქალაქის, მაშკან-შაპირის ნანგრევებში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.

ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაშკან-შაპირის ამბავი გახდა სოდომისა და გომორის ლეგენდის შექმნის შთაგონება. მიზეზის დანახვა ძნელი არაა: მაშკან-შაპირს რაღაც მისტიკური შეემთხვა, იმდენად უცნაური რამ, რომ ქალაქი აღარასდროს აღუდგენიათ და ადამიანებით მეტად აღარ დასახლებულა. სოდომისა და გომორის მსგავსად, მაშკან-შაპირიც ცეცხლის წვიმამ გაანადგურა. ეს ქალაქი აგურისა და ტალახისგან იყო ნაშენები, რაც მართალია, აალებადი მასალა არაა, მაგრამ ხანძრის მასშტაბები მაინც შთამბეჭდავი იყო – მან ქალაქის მინიმუმ მესამედი მოიცვა და ცხოველებისგან მხოლოდ ძვლები დატოვა.

დღესდღეობით ჩვენ ისეთი რამ ვიცით მაშკან-შაპირზე, რაც ძველი პერიოდის ადამიანებს არ ეცოდინებოდათ და შესაძლოა, ამით აიხსნას, თუ რა მოხდა რეალურად. მაშკან-შაპირი, ისევე როგორც ტიგროსისა და ევფრატის რეგიონში 4000 წლის წინ აგებული თითქმის ყველა ქალაქი, მდებარეობდა ბუნებრივი აირისა და ნავთობის აუზებზე. პრობლემაც სწორედ ამაშია – თუკი მიწისძვრა შესაბამისი მიმართულებით განვითარდება, ბუნებრივი აირი გაფართოებას დაიწყებს და მიწიდან ამოხეთქავს, ისევე როგორც ვულკანის ამოფრქვევისას ხდება, საბოლოოდ კი ვიღებთ ბუნებრივი აირის შადრევნებს. ბუნებრივ აირს ნავთობი მოჰყვება, რაც ჯამში სასიკვდილო კომბინაციას ქმნის. ერთადერთი, რაც მას სჭირდება, არის პატარა ნაპერწკალი, თუნდაც ქოხში დანთებული ცეცხლიდან.


ეფექტი შთამბეჭდავი იქნება – გიგანტური საწვავის ბომბის აფეთქება, რომელიც სწრაფად ვრცელდება ქალაქში. ქუვეითის ხანძრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რამხელა ზიანი მოაქვს მსგავს მოვლენას. ამასთან, მას ახლავს მუქი შავი კვამლი, რომელიც მზეს აბნელებს და ვარსკვლავებს ფარავს, გარშემო კი ყველგან მური იყრება. ერთადერთი, რასაც დაინახავთ, არის მიწიდან ამომავალი და ცისკენ მიმართული უზარმაზარი ალები, ცეცხლის ჩანჩქერები, რომლებიც ქალაქს ანათებს. ქალაქი ისეთმა რამემ გაანადგურა, რასაც ვერავინ ვერაფრით ახსნიდა, გარდა ცეცხლისა და გოგირდის მოშველიებით. შეიძლებოდა თუ არა, მსგავსი რამ დამართნოდა სოდომსა და გომორს? დიახ.

მკვდარი ზღვის მიდამო და ახლომდებარე არეალი არამარტო ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწისქვეშა საბადოებით გამოირჩევა – ამ ტერიტორიის ნიადაგი მდიდარია კუპრითა და გოგირდით. ნავთობი, აირი, კუპრი და გოგირდი, ამას დამატებული სეისმურად აქტიური ზონები – სოდომისა და გომორის, ასევე ბაბ-ედ-დრას მოსახლეობა ფაქტიურად ბომბზე ცხოვრობდა. თუკი მაშკან-შაპირის სცენარი აქაც განმეორდა, თავიდან რყევები უნდა მომხდარიყო. ყველაფერი დაიწყებოდა ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით, რასაც რხევები და ქანაობა მოჰყვებოდა. ეს იქნებოდა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, თუმცა განსაკუთრებით ძლიერი მიწისძვრისას წუთ-ნახევარიც გრძელდება.

მიწისძვრა გამოათავისუფლებდა ბუნებრივ აირსა და ნავთობს, ზედაპირზე კი კუპრისა და გოგირდის გროვები ამოიფრქვეოდა. სავარაუდოდ მოსახლეები ამ დროს სახლში საჭმელს ამზადებდნენ და ცეცხლი ენთოთ, რომელიც გამოთავისუფლებულ მასას მოეკიდებოდა და ბრინჯაოს ხანის უდიდესი კატასტროფა მოხდებოდა. აირი წვას დაიწყებდა, ნავთობი, კუპრი და გოგირდი კი აგიზგიზდებოდა. ცეცხლი მთელ ქალაქს მოიცავდა. ამ არეალში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი ცოცხლად დაიწვებოდა.

მოშორებით მყოფი ადამიანები, როგორიც იყო ლოტი და მისი ოჯახის წევრები, რაღაც უჩვეულოს და განმაცვიფრებელს შენიშნავდნენ. ბიბლიის მიხედვით, ცოდვილი ქალაქების განადგურებისას ლოტმა და მისმა ნათესავებმა გეზი ცოღარისკენ აიღეს. ანგელოზებმა ისინი გააფრთხილეს, უკან არ მოეხედათ, მაგრამ ლოტის ცოლმა ყურად არ იღო რჩევა, ალმოდებულ ქალაქს თვალი შეავლო და მაშინვე მარილის სვეტად იქცა. თუმცა ბაბ-ედ-დრაში, რომელსაც ზოგი სოდომად თვლის, ცეცხლით განადგურების ნიშნები არ მოიპოვება. ამის ნაცვლად, ქალაქი სავარაუდოდ დასავლეთიდან შემომავალი დამპყრობელი არმიის მსხვერპლი გახდა. მასიური ხის ჭიშკრის მოსაშლელად მის სიახლოვეს ცეცხლი დაანთეს. უცნობია, შეაღწიეს თუ არა ქალაქში, თუმცა არმიამ ქალაქს ნამდვილად მიაყენა დიდი დარტყმა.

ამჟამად შეუძლებელია იმის გარკვევა, როდის მოხდა ეს თავდასხმა და რა ბედი ეწია მოსახლეობას. მხოლოდ ის ვიცით, რომ ძვ.წ. 2350 წელს აქ უკვე აღარავინ ცხოვრობდა და არც სასაფლაო ფუნქციონირებდა. ლოტისა და მისი ქალიშვილების მსგავსად, გადარჩენილი ბაბ-ედ-დრელები ბედის ანაბარად დარჩნენ.

ბიბლიაში სოდომისა და გომორის ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს, არც ლოტის შემთხვევაში, რომელმაც ახლობლებთან ერთად დააღწია თავი ამ კატასტროფას. ლოტმა ცოღარში გადაინაცვლა, თუმცა აქ ცხოვრების ეშინოდა. ლოტმა და მისმა ქალიშვილებმა გამოქვაბულს შეაფარეს თავი. სამყაროსგან მოკვეთილმა და შესაძლოა გარყვნილი ქალაქის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ქალიშვილებმა საკუთარი მამის ცდუნება გადაწყვიტეს. მათ ლოტი ღვინით დაათვრეს და შემდეგ მასთან სარეცელი გაიყვეს. ორივე დაორსულდა და მათი ვაჟები გახდნენ ქანაანელთა ორი ახალი ტომი მამამთავრები, რომლებიც შემდგომ ებრაელებმა დაიპყრეს.

ბიბლია ცოღარს თანამედროვე ქალაქ საფისთან ათავსებს, ბაბ-ედ-დრადან 50 კმ-ით სამხრეთით. 1989 წელს ბერძენმა არქეოლოგმა აქ ისეთი რაღაც აღმოაჩინა, რაც ათასი წლის განმავლობაში დაფარული იყო – ბიზანტიური მონასტერი, აშენებული გამოქვაბულის წინ, მიძღვნილი წმინდა ლოტისადმი. ბიზანტიელები ფიქრობდნენ, რომ ეს სწორედ ის გამოქვაბული იყო, სადაც ლოტმა თავის ქალიშვილებთან ერთად შეაფარა თავი. მართალია, ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუმცა არის საინტერესო დეტალი: გამოქვაბულში იმ პერიოდის ნასახლარებს მიაგნეს. ამ გამოქვაბულში ადამიანები ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ, ისევე როგორც ბაბ-ედ-დრაში.


ბაბ-ედ-დრას სამხრეთით ტომას შაუბმა და მისმა კოლეგამ მეორე დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გორაკის თავზე ქვის უცნაური ფორმირება შენიშნეს, რაც საბოლოოდ ქალაქის გალავანი აღმოჩნდა. კერამიკის ნამტვრევების შესწავლამ ისინი დაარწმუნა, რომ ნამდვილად ადრეული ბრინჯაოს ხანის ქალაქს მიაგნეს. მათ ამ ადგილს ნუმეირა უწოდეს. ბაბ-ედ-დრას მსგავსად, მასაც კედელი ერტყა გარშემო, თუმცა უფრო პატარა იყო და მაქსიმუმ რამდენიმე ასეულ ადამიანს დაიტევდა. ბაბ-ედ-დრასგან განსხვავებით, ნუმეირა აშენებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მიატოვეს. სავარაუდოდ ის 1 საუკუნეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში იყო დასახლებული და მას შემდეგ აქ აღარავის უცხოვრია.

ორი დასახლება, ერთი დიდი და ერთი პატარა, დაშორება კი რამდენიმე საათის სავალ მანძილს შეადგენს. იყო თუ არა ნუმეირა სოდომის ძმობილი ქალაქი, გომორი? მრავალი ადამიანის გონებაში ბაბ-ედ-დრა და ნუმეირა დაკარგული ბიბლიური ქალაქების მთავარ კანდიდატებად იქცნენ. ნუმეირას ანალიზი აჩვენებდა, რომ მოსახლეები აქედანაც გაიქცნენ და არასდროს დაბრუნებულან, მაგრამ ეს არ მომხდარა ომის გამო. ქალაქში არ არის კედლების ნგრევის ნიშნები ან იარაღების ნარჩენები, არც დახოცილ ჯარისკაცთა სხეულები. ამის ნაცვლად, აქ დახვდათ ორი ჩონჩხი, რომლებიც გაჭყლეტვით დაიხოცნენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი იყვნენ ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც კოშკის ჩამოქცევამ იმსხვერპლა. მათი სიკვდილი მოულოდნელი იყო და არც დაუმარხავთ, ამასთან ეს მოხდა ქალაქის არსებობის ბოლო დღეებში. შესაძლოა, ისინი კოშკის მცველები იყვნენ და როცა კოშკი დაინგრა, ხალხი ქალაქიდან გარბოდა, ამიტომ მათი დაკრძალვისთვის არ ეცალათ. მეცნიერებმა მომხდარში დამნაშავედ მიწისძვრა მიიჩნიეს. შესაძლოა, მოსახლეობა წინასწარმა რყევებმა დაზაფრა და უსაფრთხო ადგილისკენ იღეს გეზი, რათა თავი გადაერჩინათ. მცირეოდენი, შესაძლოა გუშაგები, ქალაქში დარჩა და დაიღუპა.

ნუმეირას ნანგრევებში აღმოაჩინეს კიდევ ერთი რამ, რაც ბიბლიურ ამბავს მოგვაგონებს. განსხვავებით მისი ძმობილი ქალაქისგან, ნუმეირა ცეცხლმა გაანადგურა. არქეოლოგებმა 30-40 სმ სისქის ფერფლის ფენა აღმოაჩინეს, ასევე ნამსხვრევები და ყოველდღიური ნივთების ნარჩენები. ასე რომ ხანძარი საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო და მთელი არეალი მოეცვა. თუკი ცეცხლს თან ახლდა ბუნებრივი აირის აფეთქებები, კუპრისა და გოგირდის წვა, შედეგები დაუვიწყარი იქნებოდა.

ამ კატასტროფების შემდეგ ორივე ქალაქში დარჩებოდა ჩონჩხები, რომლებსაც ათასობით წლების განმავლობაში ჩაუვლიდნენ მოგზაურები და მოისმენდნენ ისტორიებს, თუ როგორ დაიხოცნენ ისინი. საუკუნეების მანძილზე მომთაბარეების თაობებში ეს ამბები ცხადია, ცვლილებებს განიცდიდა და საბოლოოდ შეიძლებოდა ისეთი ფორმა მიეღო, რომ რეალურს მკვეთრად აცდენოდა. ეჭვგარეშეა, რომ 4000 წლის წინ რაღაც მოხდა, მაგრამ ის, თუ კონრეტულად რა იყო ეს – მიწისძვრა, შემოსევა, ცეცხლი ან სამივეს კომბინაცია, ალბათ არასდროს გვეცოდინება.

მიუხედავად ამისა, არის ერთი რამ, რაც სათვალავში ჩასაგდებად ღირს: სიტყვა „სოდომი” წარმოდგება ებრაული სიტყვიდან „ს’დომ”, რაც „დამწვარს” ნიშნავს. ხოლო გომორის საწყისია სიტყვა „ამორა”, რაც „დამარხულად” ან „ჩაძირულად” ითარგმნება. ძნელია მოიძებნოს სხვა სიტყვები, რომლებიც უკეთ აღწერდნენ ბაბ-ედ-დრასა და ნუმეირას იმ პერიოდში, როცა ისინი განადგურდნენ. ასე რომ შესაძლოა, ბიბლიის ავტორები ნამდვილ ამბავს ყვებოდნენ, ოღონდ ისე, როგორც თავად ესმოდათ. რეალობის მათი ვერსია მოიცავდა სექსსა და კატასტროფებს, ცოდვებსა და ღმერთის რისხვას. ეს არის ამბავი, რომელიც ათასობით წელია, არსებობს და შესაძლოა, ყველაზე დიდი მორალური ისტორია იყოს, უდიდესი გაკვეთილი გარყვნილების წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში იქნება ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი საგანი ადამიანთათვის.

მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

მსგავსი სტატიები:
წმინდა გრაალი
წმინდა შუბის ისტორია
ბიბლიის გამოცანები: ნოეს ძიებაში
ბიბლიის გამოცანები: კაენი და აბელი
ბიბლიის გამოცანები: ისრაელის მეფეები
ბიბლიის გამოცანები: აღთქმის კიდობანზე ნადირობა
ბიბლიის გამოცანები: ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან
ბიბლიის გამოცანები: იოანეს გამოცხადების საიდუმლო

29 thoughts on “ბიბლიის გამოცანები: დაკარგული ქალაქები

  1. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ხშირად ვკითხულობ შემეცნებითი ხასიათის ბლოგებს, ეს გვერდი ძალიან, ძალიან მომეწონა და წავიკთხავ ხოლმე ❤

    Like

  2.  სავარაუდოდ მოსახლეები ამ დროს სახლში საჭმელს ამზადებდნენ და ცეცხლი ენთოთ, რომელიც გამოთავისუფლებულ მასას მოეკიდებოდა და ბრინჯაოს ხანის უდიდესი კატასტროფა მოხდებოდა. <— ამაზე ცოტა არ იყოს გამეცინა,

    Like

  3. სოდომში ცხოვრობდა მართალი ლოტი თავის ცოლითა და ორი ქალიშვილითურთ. ამ ქალაქში ღმერთმა ორი ანგელოზი გამოგზავნა ადამიანის სახით შემოსილნი. საღამო იყო. სტუმართმოყვარე ლოტმა შინ მიიწვია ისინი. მან არ იცოდა, რომ ანგელოზები იყვნენ ისინი.ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ მოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი, ჭაბუკიდან მოხუცამდე, და გარს შემოეხვივნენ სახლს. და დაუძახეს ლოტს და უთხრეს მას: ”სად არიან კაცები, რომლებიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რათა თანავეყვნეთ მათ”. და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან და კარი გამოიკეტა და თქვა: ”ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას… ამ კაცებს ნუღარაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსულნი”… და კვლავ უთხრეს: ”უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად და სამართალს სჯი? ახლა შენ მასზე უარესს დაგმართებთ”. და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და ჩაკეტეს კარები. ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს პატარიდან დიდამდე… უთხრეს ლოტს ანგელოზებმა: ”გავანადგურებთ ჩვენ ამ ქალაქს, რადგან ამაღლდsrulad ა მათი ღაღადი უფლის წინაშე”… ხელი ჩასჭიდეს მას, მის ცოლს და მის ორ ას ულს, მათდამი სიბრალულის გამო და გაიყვანეს ისინი ქალაქის გარეთ… და უთხრა მათ ერთმა ანგელოზთაგანმა: ”ნუ მიიხედავთ უკან… მთას შეეფარეთ, თუ გინდათ, რომ გადარჩეთ”…

    Like

    1. არ გცოდნია შენ სრულად ეგ ისტორია : ))
      ან მომდევნო უფრო საინტერესო ნაწილს თავს არიდებ : ))
      იმ ღმერთის რჩეულმა ლოტის ქალიშვილებმა რომლებსაც წესით სუფთა სინდისი უნდა ჰქონოდათ,მამა დაათვრეს და მასთან დაწვნენ,აწი კაცს სადღა ვნახავთო : ))

      Like

  4. http://www.youtube.com/watch?v=vNBQX5z1i58&feature=youtube_gdata_player , სოდომის და გომორის არსებობაში ეჭვს ვერ შეიტან , როდესაც არსებობს ასეთი ფაქტები ! ასევე ლოტის ცოლი რომელიც მარილის სვეტად გადიქცა , დღემდე არსებობს.

    Like

    1. “მეცნიერულად შეუძლებელია მკვდარი ზღვის არსებობა” – ფილმი რომ ასე იწყება, ძნელია, დოკუმენტური უწოდო :დ

      Like

  5. შესავალს თუ ბოლომდე მოისმენდი კარგი იქნებოდა, მაგ სიტყვების შემდეგ მოჰყავს უამრავი ფაქტი, რომელიც ადასტურებს მის არსებობას, მაგრამ ზოგ ადამიანს ფაქტს ცხვირ წინ უდებ , მაგრამ მაინც არ სჯერა, შენი ნებაა . მაგრაm ფაქტი ისაა რომ – რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება – თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) – მთელი აზროვნების ბოლოში. მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობენ, რომ ღმერთის არარსებობა დაaმტკიცoნ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარყოn. უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთის არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის.

    Like

    1. საბუნებისმეტყველო მეცნიერება იკვლევს მატერიალურ სამყაროს, შესაბამისად ღმერთის ცნება არ სჭირდება. დღემდე არცერთ მეცნიერულ თეორიაში, მოსაზრებაში თუ მოდელში არ ფიგურირებს ღმერთი, სულები და სხვა ზებუნებრივი არსებები. სამყაროს ყველა მოვლენა, რომელიც გამოიკვლიეს, ექვემდებარება ბუნების კანონებს, რომლებიც გამოისახება მათემატიკური ფორმულებით. მეცნიერება არ ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ეს ცნება არ სჭირდება სამყაროს კვლევის საკითხში

      Like

      1. ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისაგან შეიქმნა

        დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ, რომ ღმერთის სრულყოფილმა ხელმა „უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა“ (თ. XI, 18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას – უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია. 

        ის, რომ დედამიწას საყრდენი არა აქვს, ყველაზე პირველად ბიბლიაში დაიწერა

        ცნობილია, რომ დედამიწა არც სპილოზე დგას, არც ვეშაპზე და არც კუზე, როგორც ამას წარმართები თვლიდნენ. ბიბლიაში ამის შესახებ იობის წიგნშია ნათქვამი: ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (თ. XXVI, 7). იობი ქრისტეს შობამდე 1900-იან წლებში, ე.ი. 3900 წლის წინათ ცხოვრობდა. დაუკვირდით, ეს ნათქვამია მაშინ, როცა არც ასტრონომია არსეობობდა და არც დედამიწის გარშემო მოგზაურობანი! 

        ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწას უფსკრული აკრავს

        ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე  როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვატყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ.წმ. ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: „უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ („უქუსთა დღეთა“). გამოთქმა: „აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი. წმ. კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში – „სწავლანი კათაკმეველთათვის“ გვამცნობს: „დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია“. დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს. 

        ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია

        ეს პირველად XVI ს-ის მეცნიერებსა და მოგზაურებს არ უთქვამთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს აზრი გამოთქვა, წმ. იოანე ოქროპირი იყო, როცა იგი ესაიას წინასწარმეტყველებას განმარტავდა (თ. LX, 22):„ხედავ, რომ დედამიწა წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე. აუცილებელია ამის ცოდნა, რათა არ შეგვაცდინოს წარმართი ფილოსოფოსების არაკებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ღარტაფს, ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს“.მაშ, ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებაში წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დედამიწას მრგვალი ფორმა აქვს. ის კი, რომ იგი იდეალური სფერო არ გახლავთ, ყველასათვის ცხადზე ცხადია, ვისაც კი ოდესმე მიწაზე წაუბორძიკნია. 

        ჰაერის წონადობის შესახებ პირველად ბიბლიაში ითქვა

        1643 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ „აღმოაჩინა“ ატმოსფერული წნევა. მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჰაერი უწონო იყო. მაგრამ იმის შესახებ, რომ ატმოსფეროს ნამდვილად გააჩნია წონა, ნათქვამი არის ბიბლიაში, კერძოდ, იობის წიგნში, იქ სადაც საუბარია სამყაროს შექმნის პირველ დღეებზე, „როდესაც იგი (ღმერთი) ქარს წონას უწესებდა“ (იობი, თ. XXVIII, 25).დაუკვირდით, რომ ნათქვამია არა უბრალოდ „ჰაერი“, არამედ „ქარი“. მართლაც, მოძრავი ჰაერის (ქარის) მასებს აქვთ სხვადასხვა წონა იმისდა მიხედვით, თუ როგორია ჰაერი – ნოტიო თუ მშრალი, ცხელი თუ ცივი. არადა, ჰაერის მოჩვენებითი უწონადობა აღიარეს და „დაამტკიცეს“ იმდროინდელი მეცნიერების ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ გალილეი და კოპერნიკი და ისინი ამ ცდომილებაშივე აღესრულნენ. მხოლოდ შემდგომ თაობაში დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება. 

        Like

        1. სიბრძნე სოლომონისა რომ ბიბლიის წიგნი არაა და არაკანონიკურად ითვლება, მაგას რა ვუყოთ? 😀

          რაც შეეხება დედამიწის სიმრგვალეს, ოქროპირამდე კლასიკურ საბერძნეთში მცხოვრებმა მოაზროვნეებმა იცოდნენ, როგორიც იყო პითაგორა (რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომიც მოგვიანებით ქრისტიანმა ბერმა გაანადგურა), ჰეროდოტე,პლატონი, არისტოტელე, ასევე რომის იმპერიაში და აზიაში.

          რაც შეეხება იობს, მუხლი სრულად ასე ჟღერს: “განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა”. რა ვუყოთ პირველ ნაწილს?

          ან რა ვუყოთ ეკლესიასტეს 1:5-ს?
          “აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.”

          ან:
          20. ყოველნაირი მწერი – მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე – უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის.
          21. გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.

          ოთხზე მოსიარულე მწერი არ არსებობს

          ან:
          ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმინდურია თქვენთვის

          ბოცვერი არც იცოხნის და არც ჩლიქი აქვს :დ

          რომ არაფერი ვთქვათ დაბადების წიგნის სრულ წინაღმდეგობაზე მეცნიერების ელემენტარულ კანონებთან, როგორიცაა ჯერ სინათლის გაჩენა და მერე სინათლის წყაროსი, ჯერ დედამიწის შექმნა და მერე მზისა, ჯერ მცენარეების გაჩენა და მერე მზისა,მზისა და მთვარის გარეშე დილის და საღამოს არსებობა და ა.შ.

          Like

          1. მოკლედ გეტყვი , ბიბლია არ შექმნილა თქვენნაირებისთვის(უბრალოდ, მშრალად რომ კითხულობთ ისიც იმიტომ რომ მასში ფაქტების არაზუსტობა აღმოაჩინოთ და რაიმე ხინჯი უპოვოთ, ბიბლიას) ბიბლია სულიერების ევოლუციაა,
            ადამიანი ღმერთს ვერსად გაექცევა. მას შეუძლია, საკუთარი თავი ღმრთის უარმყოფელად – ათეისტად ჩათვალოს, მაგრამ ვერ შეძლებს, უარყოს წყურვილი ღმრთისა ,შენშიც ეს ხდება, თორე სხვა შემთხვევაში ამდენ პოსტს არ დაწეrდი.
            უბრალოდ შენ გულში არ უშვებ უფალს.

            Like

            1. ვიცოდი, რომ რამე მასეთს მეტყოდი. მორწმუნეების ტრადიციული ლოგიკაა,რომ თუ რომელიმე მუხლი ან მისი ნაწილი ეთანხმება თანამედროვე მეცნიერებას, ე.ი.პირდაპირ უნდა გავიგოთ და ბიბლია თანხმობაშია მეცნიერებასთან, ხოლო როცა ეწინაღმდეგება, აღმოჩნდება, რომ გადატანითი მნიშვნელობითაა ნახმარი 😦

              “ამდენ პოსტს” რას ნიშნავს? სხვადასხვა კატეგორიებია ბლოგზე და თითოეულში ვწერ შესაბამის პოსტს, უბრალოდ ეს National Geographic-ის დოკ. ფილმების სერიაა სახელად “ბიბლიის გამოცანები” (Riddles of the Bible) და გადავწყვიტე, ყველა მეთარგმნა. 2 სერია მაქვს დარჩენილი. თანაც ეს არის მეცნიერული კვლევა და თუ მისი მტკიცებულებები ბიბლიის საწინააღმდეგოს ამბობს, პირველ რიგში ბიბლიის ავტორიტეტი უნდა დადგეს ეჭვქვეშ. მეცნიერული მეთოდი ასეთია – მთავარია ფაქტი და არა პიროვნების ან ნაშრომის ავტორიტეტი საზოგადოებაში. სხვაგვარად ერთ ადგილზე გავიყინებით.

              ბიბლია რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, მაგრამ შენ რაც წერ, იმ მიზეზით არცერთხელ

              Like

      2. ნიუტონი (1642-1727 წწ.) – თავის კაპიტალურ ნაშრომში – „სამყაროს სისტემები“ – წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს. ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“.კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) – XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.მე ღმრთის ნატერფალს, მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ ქმნილებებშიც კი ვხედავდი. რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება! ვაკვირდებოდი, უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერი არსებები, როგორ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ სამყაროსთან, თავის მხრივ, მცენარეული სამყარო – მინერალურ ნივთიერებებთან, რომლებიც დედამიწის სფეროს ფესვებშია; თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს. ვხედავდი, მზე და ყველა ვარსკვლავი, მთელი მზის სისტემა, უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში, სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყაროს მიუწვდომელ პირველსაწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს“.ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) – დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ – ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი – „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე – თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა – რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ. მაგრამ რადგან ისეთი ადამიანებიც არიან, სხვაგვარ პოზიციებზე რომ დგანან, უპრიანი იქნება, ვნახოთ, თვით დარვინი ამ საკითხს როგორ განიხილავდა.

        მოვიტანთ ფრაგმენტებს მისი ცნობილი წიგნიდან – „სახეობათა წარმოშობა“, რომელშიც მისი შეხედულებები ღმრთისა და ქვეყნიერების ურთიერთობაზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. დარვინმა ეს წიგნი რამდნჯერმე გამოსცა, ამასთან, უკანასკნელად – სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშასადამე, ამ შეხედულებებს იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა, პირველ რიგში, საგულისხმო და საყურადღებოა ეპიგრაფები. წიგნის დასაწყისში პირველი ეპიგრაფი: მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით შეგვიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგი რამ დავუშვათ: ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები გამოწვეულია არა საღმრთო ძალის ცალკეული ჩარევებით, ძალისა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენს, არამედ საერთო კანონების დადგინებითა და არსებობით“ – უდველი. აქ, როგორც ვხედავთ, არამც და არამც უარყოფილი არ არის თვით საღმრთო ძალის არსებობა და მნიშვნელობა სამყაროს წარმოშობის საკითხში. მეორე ეპიგრაფი სიტყვა „ბუნებრივის“ მნიშვნელობას განმარტავს. მესამე ეპიგრაფი უკვე მათ წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც სურთ, ადამიანური გონება ღვთიურ გონებას დაუპირისპირონ და განვითარების დარვინისტული თეორია ანტირელიგიური მიზნებით გამოიყენონ. „ამიტომ დავასკვნით, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება არა აქვს ჯანსაღი აზრის მიმართ, არ ეგების, ფიქრობდეს ან, მით უმეტეს, ამტკიცებდეს, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს და ამომწურავად შეისწავლოს ღმრთის სიტყვა, ღმრთისმეტყველება ანდა ფილოსოფია. მაგრამ, დაე, ადამიანები ამ მიმართულებით ან უსასრულო სრულქმნილებისაკენ მიილტვოდნენ ან წარმატებას ესწრაფოდნენ“ – ბეკონი. მეცნიერების პროგრესი.მთელი ნაშრომისათვის წამძღვარებული ეს ეპიგრაფი იმდენად ნათლად მეტყველებს, თვით დარვინი როგორ და რომელ მსოფლმხედველობას იცავდა და უჭედა მხარს, რომ ყოველეგვარი კამათი აქ, უბრალოდ, ზედმეტად მიგვაჩნია. ეს ეპიგრაფები საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა წიგნის დამამთავრებელი სიტყვები, რითაც დარვინი, ფაქრობრივად, სახეობათა წარმოქმნის საკუთარ თეორიას აჯამებს: „ყველა ეს მშვენივრად აგებული ფორმა, ერთმანეთისაგან ესოდენ განსხვავებული და, ამავე დროს, ერთმანეთზე ესოდენ დიდებულად ურთიერთდამოკიდებულნი, იმ კანონთა წყალობით შეიქმნა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დღემდე მოქმედებენ. ყველაზე ფართო გაგებით, ამ კანონების არსი – ზრდა და კვლავწარმოება, მემკვიდრეობითობა, თითქმის გარდუვალად რომ გამომდინარეობს კვლავწარმოებიდან, ცვალებადობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ცხოვრების პირობათა მოქმედებაზე და ვარჯიშსა და უვარჯიშებლობაზეა დამოკიდებული. იმდენად მაღალია გამრავლების პროგრესია, რომ მას სიცოცხლისათვის ბრძოლასთან და მის შედეგთან – ბუნებრივ შერჩევასთან მივყავართ, რასაც ნაკლენად სრულყოფილი ფორმების კვდომა მოჰყვება. ამრიგად, ამ მძვინვარე ბრძოლიდან, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, შიმშილიდან და სიკვდილიდან, უშუალოდ გამომდინარეობს ისეთი მაღალი შედეგი, როგორის წარმოდგენაც კი გონებას შეუძლია, – ცხოველური სიცოცხლის უმაღლეს ფორმათა წარმოქმნა. სიცოცხლის შესახებ ასეთ შეხედულებაში არის სიდიადე, – სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ძალა იმთავითვეა შემოქმედის მიერ ჩადებული ფორმათა ან უმნიშვნელო რაოდენობაში, ან მხოლოდ – ერთში. ამასთან ერთად, ჩვენი პლანეტა დღესაც აგრძელებს სივრცეში თავისი გზით გარშემოვლას მიზიდულობის უცვლელი კანონების ძალით. სწორედ მისი სივრციდან დაიწყეს გაჩენა და დღესაც აგრძელებენ გაჩენას განსაცვიფრებლად სრულყოფილი და მშვენიერი ურიცხვი ფორმები“. ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი – „სახეობათა წარმოშობა“.
        თავის არანაკლებ ცნობილ ნაშრომში: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, დარვინი თავში – „ღმრთის იდეის წარმოშობა“ – წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს ღმრთის იდეის წარმოშობის შესახებ არაფერი საერთო არა აქვს თვით შემოქმედი ღმრთის არსებობის საკითხთან, საკითხთან, რომელზედაც კაცობრიობის მრავალ უდიდეს გონებათა პასუხი დადებითი იყო“.„ჩემზე, – ამბობს დარვინი სხვა ადგილას, – გაცილებით უფრო მძაფრ და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა წყარო, რომელიც ღმრთის არსებობაში გვარწმუნებს და რომელიც გონებიდან მომდინარეობს და არა გრძნობიდან. ასეთი რწმენა ჩნდება უკიდურესი სირთულიდან და შეუძლებლობიდანაც კი, უსაზღვრო და გასაოცარ სამყაროს განვიხილავდეთ ადამიანთან ერთად, რომელიც დაჯილდოებულია წარსულის განსჯისა და მომავალზე ფიქრის უნარით (რაც არის შეედეგი ბრმა შემთხვევის ან აუცილებლობისა). ყოველივე ამაზე ფიქრი მაიძულებს, ვაღიარო პირველმიზეზი, რომელიც, გარკვეულწილად, ფლობს ადამიანურ ინტელექტს; ამიტომ თეისტის, ე.ი. ღმრთის მორმწუნის სახელს ნამდვილად ვიმსახურებ“.ლუი პასტერი (1822-1895 წწ.) – „დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიის სისულელეებს სასაცილოდ აიგდებენ. რაც უფრო მეტს ვმუშაობ, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ ბუნების შესწავლას, მით უფრო მოწიწებული და მოკრძალებული განცვიფრება მიპყრობს შემოქმედის საქმეთა მიმართ. ლაბორატორიაში მუშაობის დროს ყოველთვის ვლოცულობ“ (Журнал «Вера и разум»; 1905, № 9, გვ. 370).ნ.ი. პიგოროვი (1818-1891 წწ.) თავის ცნობილ „დღიურში“ წერს: „რწმენა და უმაღლესი არსება, როგორც სიცოცხლის წყარო, სამეცნიერო მტკიცებებს არ ეწინააღმდეგება. მე რომ ღმრთის არსებობის უარყოფა მომესურვებინა, ამას ვერ შევძლებდი ისე, ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი. თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ შემთხვევიდან – შემთხვევამდე ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში გადასვლას ძუძმწოვრების სახეობამდე მივყავართ, აქედან კი ერთი ხელის გაწვდენაღა რჩება ადამიანამდე, რომლის გონებაც, ბოლოს და ბოლოს, გაუმხელს და გაუმჟღავნებს მას, რომ მის წარმომქმნელ უჯრედს არსებითად არაფერი არ განასხვავებს სხვა ცოცხალი უჯდრებისაგან, და რომ მხოლოდ გარემოს, შემთხვევისა და დროის წყალობით უჯრედისაგან წარმოიქმნა და განვითარდა ადამიანი ან მისი მონათესავე მაიმუნი. ამ დოქტრინის მიმდევრობამ პიედისტალზე აიყვანეს შემთხვევა, შემთხვევით შეცვალეს ღმერთი, და როგორც ზედმეტი ხარახურა, ისე მოისროლეს სამყაროში არსებული გეგმაც და მიზანშეწონილობაც. დოქტრინაში წარსული აწმყოსთანაა შეთანხმებული. და ეს მისი მიმზიდველი მხარეა; ყველაფერი დაბადებულია, და არა – შექმნილი. მაგრამ რას წარმოადგენს ეს შემთხვევა ორიგანული წარმომქმნელი ძალის გარეშე, რომელსაც გარკვეულ დაჯგუფებებამდე მივყავართ, – არ ვიცი. ან იქნებ საერთოდ არც არსებობს შემთხვევა, ან იქნებ შემთხვევასა და ყველა იმ მოქმედებასა და მიზეზს შორის კავშირი არსებობს? ასეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, იძენს მოქმედების სტატუსს, რისი მიზეზებიც სრულიად უცნობია, მრავალი მოვლენის შესახებ კი მართლაც შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ არც არასოდეს გახდება ცნობილი“. ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) – მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა:„ჩემი რელიგია – ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“.„იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, – ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“.ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღვთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა.ზოგჯერ ეკლესიას განიკითხავენ, რომ იგი თითქოსდა მეცნიერების მოწინავე და საუკეთესო წარმომადგენლებს დევნიდა. სანიმუშოს კოპერნიკის, გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებას ასახელებენ ხოლმე.ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) – ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი, კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა – მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის სამშობლოში.ეპოქა, რომელშიც კოპერნიკი, ბრუნო, გალილეი ცხოვრობდნენ, მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხლობდა ძველ დროთა ტრადიცია,  – ჭეშმარიტება განესაზღვრათ და დაეკანონებინათ ძალადობის გზით. პირველ რიგში, იმ ეპოქაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი დიფერენციაცია. იმ დროში მეცნიერებაც და დასავლეთ-ევროპული ფილსოფიაც ჯერ მხოლოდ თავიანთი საერთო დედის – რელიგიის ფრთებქვეშ იმყოფებოდა და რელიგია ორივეს იცავდა და მფარველობდა.ის ადამიანები, რომელტაც გალილეი გაასამართლეს, ერთსა და იმავე დროს ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მეცნიერებისაც. ხოლო ჯორდანო ბრუნოს გასამართლებისას წმინდა პოლიტიკური მომენტებიც ჰქონდათ მხედველობაში. შესაძლოა, იგი ასე არც დაღუპულიყო, მის მიმართ სამონასტრო შემოსავლებისა და მისი ქონების წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდება რომ არ წამოეყენებინათ. როგორც ეს უტყუარი, ნამდვილი დოკუმენტებითაა დამოწმებული და დადასტურებული, დაკითხვის დროს ინკვიზიტორებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე ჰქონდათ კონცენტრირებული (გადა ატანილი). რას ვიზამთ, არ უყვართ ადამიანებს, როცა მათ ქონებას ართმევენ!

        Like

  6. გოეთე წერდა: „ის პატივისცემა და ქება-დიდება, რაც დედამიწის ყველა ხალხისა და კაცობრიობის უამრავი თაობის მიერ აღევლინება ბიბლიის მიმართ, თვით მისი შინაგანი ღირსების შედეგია. იგი, უბრალოდ, მარტო სახალხო წიგნი კი არ არის, არამედ ხალხთა წიგნია, რადგან მასში ერთი ხალხის ბედი მსოფლიო ხალხთა სიმბოლოდ იქცა. ამ ხალხის ისტორიის გადმოცემას ბიბლია თითქმის სამყაროს შექმნიდან იწყებს და სულიერ-მატერიალური მოვლენებისა და თავგადასავლების მთელი რიგი საფეხურების შემდეგ თვით მარადიულობის შორეულ საფეხურებამდე აჰყავს. ეს წიგნი ღირსია არა მარტო საყოველთაო წიგნად, არამედ ხალხთა ყოვლისმომცველ ბიბლიოთეკად იწოდებოდეს. უდაოა, რომ საუკუნეთა განმავლობაში, რაც უფრო ამაღლდება განათლების დონე, მით უფრო მეტად შეძლებენ (ცხადია, არა ზედაპირული და უვიცი, არამედ ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანები), ბიბლია აღზრდის საფუძვლად და საშუალებად გამოიყენონ.

    Like

  7. ბიბლიას, – აცხადებს გოეთე, – თავის თხზულებაში სიმართლე და პოეზია, – პროტესტანტულ რელიგიურ გარემოში მიღებული აღზრდის ტრადიციისა და ჩვეულების მიხედვით ვსწავლობდი… განსაკუთრებით მხიბლავდა და მიზიდავდა ძველი აღთქმის მკაცრი ბუნებრიობა და მისი ფაქიზი გულითადობა. ბიბლია ჩემში არანაირ ეჭვს არ აღძრავდა და არ აღვიძებდა. სულიერად იმდენად დავუნათესავდი ამ წიგნს, რომ მისი გვერდიდან მოცილება აღარ შემეძლო. ბიბლიის მიმართ დაცული ვიყავი ყოველგვარი დაცინვისაგან, რადგან ვხედავდი მათ უპატიოსნობას, რომელთაც ბიბლიისადმი კადნიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ბიბლიაზე ამგვარი თავდასხმები ზოგჯერ წონასწორობას მაკარგვინებდა და მრისხანებაში მაგდებდა. მე პირადად, მიყვარდა, ვაფასებდი ამ წიგნს, რადგან ჩემი ზნეობრივი აღზრდა თითქმის მთლიანად მისი დამსახურება იყო. მასში გადმოცემულმა მოძღვრებამ, ფაქტებმა, იგავებმა და სიმბოლოებმა ჩემზე უღრმესი, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და მრავალმხრივი ზემოქმედება მოახდინა. ამიტომ ბიბლიაზე, რა თქმა უნდა, არასამართლიანი თავდასხმები ყოველთვის ზიზღს მგვრიდა“…

    Like

  8. ჰაინრიჰ ჰაინე: „არც ხილვით, არც არამიწიერი ექსტაზით, არც ზეციური ხმით, არც სხვა რამ სასწაულებრივი სიზმრით ან შევდგომივარ გზას ხსნისას, არა! ჩემი შინაგანი გასხივოსნება წიგნთან შეხვედრით მოხდა. წიგნთან? დიახ, ეს გახლდათ ისეთივე უბრალო წიგნი, როგორც თავად ბუნებაა, ისეთივე ყოველდღიური, როგორიც მზე, რომელიც გვათბობს, და პური, რომელიც გვასაზრდოებს; წიგნი, რომელიც ისეთივე სიყვარულით, ისეთივე მაკურთხებელი სიკეთით გვიმზერს, როგორც სათვალიანი, ხნიერი ბებია, რომელიც მთრთოლვარე ბაგეებით მოუცილებლად კითხულობს ამ წიგნს“.ამ წიგნს სახელიც უბრალო აქვს – ბიბლია. მას სამართლიანად წმინდა წერილსაც უწოდებენ ხოლმე. ვინც ღმერთი დაკარგა, კვლავ მოიპოვებს ბიბლიაში, ხოლო ვინც არასოდეს იცნობდა ღმერთს, ამ წიგნიდან ღმრთის სიტყვის სუნთქვასა და სურნელს შეიგრძნობს. ებრაელები, რომელთაც ბრწყინვალედ იციან ძვირფასეულობის ფასი, იცოდნენ, რას აკეთებდნენ, როცა მეორე ტაძრის დაწვის დროს ოქროსა და ვერცხლის სატაძრო ჭურჭელი, კანდელაბრები და ლამპრები, თვით პირველმღვდელმთავრის დიდი, ძვირფასი ქვებით შემკობილი შესამოსელი რომ გაიმეტეს და მხოლოდ ბიბლია გადაარჩინეს. დიახ, სწორედ ბიბლია იყო ტაძრის ჭეშმარიტი საუნჯე და, დიდება უფალს, რომ ეს წიგნი ცეცხლმა არ შთანთქა.

    Like

  9. გამოხმაურება: ბიბლიის გამოცანები: მკვდარი ზღვის გრაგნილები « ჩრდილოეთის ციალი

  10. მაკრინულა

    ერთერთი რასაც ვერ დავეთანხმები, ის არის, რომ თითქოს ეს განადგურება შეიძლება მოდიოდეს ლანდშაფტია ცვლილებიდან , რაც იწვევს გაზის და ნავთობის ურთიერთქმედებას. რადგან დაბადებაში გარკვევით წერია “ციდან აწვიმაო” და თუ ამაში ეჭვი უნდა შევიტანოთ , მაშინ აღარცერთი სიტყვა აღარ დაიჯერება ბიბლიიდან. თუ დღემდე ვერ აღმოუჩენიათ დამდასტურებელი ფაქტები, ეს საერთოდ არ ნიშნავს რომ ეს არ მომხდარა ისე, როგორც დაიწერა. ყოვლისშემძლე ღმერთს ციდან კი არა , გვერდიდან ძალუძს აწვიმოს და ათოვოს რაც უნდა ის. უბრალოდ ადამიანური გონებისთვის წაურმოდუგენელ მოვლენებს ასე ვუძებნით ხოლმე მარტივ გამოსავალს.

    Like

დატოვე კომენტარი