ბიბლიის გამოცანები: კაენი და აბელი


ბიბლიასა და ყურანში აღწერილია პირველი სიკვდილი და პირველი მკვლელობა. ბრაზისა და ეჭვიანობისგან გაცოფებული კაენი კლავს თავის ძმას აბელს, რის შემდეგაც ესჯება გადასახლება და მარტოდმარტო ხეტიალი. ეს ისტორია სავსეა გამოცანებით. ის გვიამბობს, როგორ მიანიჭა ღმერთმა უპირატესობა ორი ძმიდან ერთ-ერთს და ახსენებს უცნაურ ნიშანს, რომელიც 2000 წლის განმავლობაში ბევრი ადამიანისთვის სიძულვილისა და ფანატიზმის გამომწვევ მიზეზად იქცა. სწავლულები და არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ ამ უცნაურ, სასტიკ და შემაცბუნებელ ამბავს – კაენისა და აბელის საიდუმლო ისტორიას.

კაენისა და აბელის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული მონაკვეთია ბიბლიიდან. ის აღწერს როგორც პირველ სიკვდილს, ისე პირველ მკვლელობას, თანაც ძმის მიერ. მაგრამ რაც ამ ამბავს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ისაა, რომ კაენისა და აბელის შემთხვევა გაკვეთილია არამარტო ერთი ოჯახისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. დაბადების წიგნში ის 16 მუხლშია მოქცეული და თითქმის ყველა მომენტი ბურუსითაა მოცული.

თავიდან ღმერთი ადამსა და ევას განდევნის სამოთხიდან, რის შემდეგაც მათ ორი ვაჟი უჩნდებათ. პირველი შვილი, კაენი, მიწათმოქმედებას მისდევს, ხოლო მისი უმცროსი ძმა, აბელი, მწყემსი ხდება. ორივე ძმა ცდილობს, ღმერთს ასიამოვნოს და სამაგიერო გადაუხადოს მსხვერპლის შეწირვით. ეს არის პირველი რიტუალური მსხვერპლშეწირვა, რომელსაც ბიბლიაში ვხვდებით.

ორივე ძმა იმას ირჩევს მსხვერპლად, რისი გაღებაც თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეუძლია – კაენს მოსავალი მიაქვს, აბელს კი კრავები. ღმერთი იწონებს აბელის შემოთავაზებას, მაგრამ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარყოფს კაენისას. ეს არის ამ ამბის მრავალი საიდუმლოდან პირველი: რატომ ამჯობინა ღმერთმა ერთი შესაწირი მეორეს და ერთი ძმა მეორეს? ამ საკითხზე დაბადების წიგნი დუმს, თუმცა ისტორია გრძელდება.

კაენი ბრაზდება და ეჭვიანობა ეწყება თავისი ძმის მიმართ, რომელიც მასზე წარმატებული აღმოჩნდა. „როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.” აქ მორიგი თავსატეხი ჩნდება: თუკი მანამდე არავინ მომკვდარა, რომ არაფერი ვთქვათ მოკვლაზე, საიდან იცოდა კაენმა, როგორ უნდა მოეკლა ადამიანი? საერთოდ ესმოდა თუ არა მისი საქციელის არსი?

9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.

დაბადება, თავი მეოთხე

ბიბლია ნათელს ხდის, რამდენად განრისხებულია ღმერთი კაენის ამაზრზენი საქციელის გამო. მას ესჯება სამუდამო გადასახლება და მშობლიური სახლიდან მოშორებით ყოფნა, რათა სრულიად მარტომ იხეტიალოს დედამიწაზე. კაენი შესჩივის ღმერთს და ამბობს, რომ მძიმეა ეს ხვედრი, რადგან ყოველ შემხვედრს შეეძლება მისი მოკვლა. ღმერთი მას ნიშანს ადებს და ასე იცავს პოტენციური ზიანისგან. გამოცანების რიცხვი კიდევ უფრო იზრდება: თუკი დასაწყისში პლანეტაზე მხოლოდ ადამი და ევა და მათი ორი ვაჟი – კაენი და აბელი – იყვნენ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც კაენი უფრთხის? და კიდევ ერთი რამ, რაც საუკუნეების მანძილზე კაცობრიობას მოსვენებას არ აძლევდა – რა იყო კაენის ნიშანი?

საბოლოოდ კაენი სახლდება ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. დაბადების 16 იდუმალი მუხლი უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს სცემს. თუმცა მასში იგრძნობა ერთი მკაფიო გზავნილი: «კი, შენ შენი ძმის დარაჯი ხარ.»

თეოლოგთა ნაწილის აზრით, ეს ამბავი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან საზღვრავს ომისა და მშვიდობის, ძალადობაზე უარის თქმისა და კეთილი ნების პრინციპებს. ხოლო იესო ქრისტეს, მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის პაციფიზმი კაენისა და აბელის მონაკვეთიდან იღებს სათავეს, რადგან შეიცავს თანასწორობისა და არაძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებას. მაგრამ იმავდროულად კაენის ნიშანი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ერებისა და რასების ეშმაკეულად შერაცხვისა და განადგურებისთვის. საიდან იღებს სათავეს ეს შემაცბუნებელი, წინააღმდეგობრივი და უცნაური ისტორია?

საკვირაო სკოლის ქადაგებებიდან თეოლოგიურ დებატებამდე მსოფლიოს წამყვანი რელიგიები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, მათ წმინდა წიგნებში დამალულ საიდუმლოებს ჩასწვდომოდნენ. ებრაული, ქრისტიანული და ისლამური ტრადიციები მას სხვადასხვა ინტერპრეტაციებს აძლევდნენ. სწავლულთა სხვადასხვა თაობები იწერდნენ, ალამაზებდნენ და ავრცობდნენ ამ ისტორიას. ყოველი ახალი ტრადიცია მას დამაინტრიგებელ და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელ დეტალს უმატებდა, რათა წინააღმდეგობები და ხარვეზები აღმოფხვრილიყო. საუკუნეების განმავლობაში მტრობის, ომებისა და სისხლისღვრის მიუხედავად, ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები თანხმდებიან ერთ რამეზე: ყველაფრის მიღმა დგას ერთი ღმერთი და ადამიანები ადამისა და ევას შთამომავლები არიან. მოყვარული და მიმტევებელი ღმერთის ფილოსოფიები მსოფლიოს უდიდესი რელიგიების მიღმა მდგარი ფუნდამენტური და გამაერთიანებელი ძალაა. მიუხედავად ამისა, თითოეული რელიგია ბიბლიური ისტორიების განხილვას დამოუკიდებლად უმკლავდება.


უძველესი ტექსტების პირველი დიდი თავსატეხია – რატომ იქნა უარყოფილი კაენის მიერ მარცვლეულის სახით გაღებული მსხვერპლი, როცა აბელის სისხლიან შესაწირს მოწონება ხვდა წილად? ყურანის ზოგიერთ ინტერპრეტაციაში აბელის მსხვერპლი არამარტო მიღებულია, არამედ მოწონება უჩვეულო ფორმითაა გამოხატული: „ღმერთმა თავისი თანხმობა ხილულად გამოაცხადა – ციდან ცეცხლი დაეშვა და შესაწირი შთანთქა.” მისი ძმა კაენი ცუდ დღეში ჩავარდებოდა, როცა ღმერთის მიერ მიცემულ ცეცხლოვან ნიშანს დაინახავდა. ყურანსა და ბიბლიაში კაენი ვერ ხვდება, რატომ უარყოფს მის მსხვერპლს ღმერთი და ამის გამო ეჭვი და სიბრაზე ეუფლება.

სანამ მკვლევარები თანხმდებიან, რომ ბიბლია ღმერთის მოქმედების მიზეზს არ გვაწვდის, ისინი თვლიან, რომ ამ გამოცანაზე პასუხს შეიძლება იმ შემთხვევაში მივაგნოთ, თუკი საკითხს სხვანაირად შევხედავთ. ბევრი განმმარტებლის აზრით, ამ ამბის მთავარი არსი ისაა, რომ ეს იყო ღმერთის გამოწვევა კაენის მიმართ, რათა გაეაზრებინა და ეღიარებინა, რომ მის ძმას აქვს ნიჭი, ტალანტი, ძღვენი, რომელიც მას არ გააჩნია. იმის მაგივრად, რომ ეჭვიანობით შეპყრობილიყო, კაენს შეეძლო, ესარგებლა მისი ძმის შესაძლებლობით, რომელიც ღმერთისთვის თავის მოწონებაში გამოიხატებოდა. ეს იყო გაკვეთილი, რომლითაც ადამიანები ისწავლიდნენ, რომ ყველა სხვადასხვანაირი იბადება და ჰარმონიული არსებობისთვის საჭიროა, ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი.

ებრაელი და მუსლიმი განმმარტებლების ნაწილი გვთავაზობს სხვა მიზეზს, თუ რატომ მოიწონა ღმერთმა აბელის საქციელი, ხოლო კაენისა – არა. მათი აზრით, რადგან ღმერთი ძმების გულებს ხედავდა, იცოდა მათი შინაგანი ბუნებაც. აბელი სამართლიანი ადამიანი იყო, კაენი კი არა, რაც შესაწირის მიღებაზეც აისახა. მაგრამ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა კაენს ისეთი, რომ ღმერთი გაენაწყენებინა? ტრადიციები ამ შემთხვევაში სხვა ვერსიას გვთავაზობენ. ზოგიერთი ებრაელი და მუსლიმი სწავლულის მიხედვით, მიზეზი ისაა, რაც ხშირად ხდება ორ მამაკაცს შორის დაპირისპირების ხელშემწყობი: ქალი. კაენს იმ ქალთან ყოფნა სურს, რომელიც აბელისთვისაა განკუთვნილი და ღმერთის რისხვას იმსახურებს. განმმარტებლები გვამცნობენ, რომ აბელსა და კაენს ჰყავდათ და, რომელსაც ავანი ერქვა.

აღსანიშნავია, რომ დაბადების წიგნს ინცესტისა და და-ძმის ქორწინების საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან ადამიანთა რაოდენობის სიმცირის გამო გამრავლება სხვანაირად ვერ მოხერხდებოდა. ამ შემთხვევაში კაენის აღშფოთება უფრო გასაგები ხდება – ღმერთმა ამჯობინა აბელი როგორც მსხვერპლის მიღების, ისე ქორწინების საკითხში. ღმერთი აფრთხილებს კაენს, მოიშოროს ცოდვილი ფიქრები, მაგრამ ის უარზეა და თხოვს თავის ძმას, გაჰყვეს მინდორში, გონებაში კი ცუდი აზრი უტრიალებს.

საუკუნეების განმავლობაში კაენისა და აბელის ამბავს ისლამური ტრადიციების შედეგად ემატებოდა ახალი დეტალები, რომლებიც ხაზს უსვამდა აბელის მშვიდობიან ხასიათს. ძმებს კამათი მოსდით, რაც ჩხუბში გადაიზრდება, აბელი კი მიწაზე წვება და ამბობს: „ალაჰ, დაე მომივიდეს ის, რაც შენი ნებაა.” გასაკვირია, მაგრამ ძმის მხრიდან პასიურობის მიუხედავად კაენი დასრულებაზე სულაც არ ფიქრობს და ძმის მოსაკლავად იწევს. კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ ამ ახალგაზრდა სამყაროში ჯერ არავინ გარდაცვლილიყო და არც მკვლელობა მომხდარიყო.

ყურანის განმმარტებლების მიხედვით, მხოლოდ ერთ ზებუნებრივ არსებას შეეძლო, ესწავლებინა ადამიანისთვის ძმის მკვლელობა – იმას, ვინც სამოთხეში გველში შესვლა მოახერხა. 2000 წლის განმავლობაში კაენისა და აბელის მოკლე და ამოუცნობი ისტორია საგონებელში აგდებდა ბიბლიისა და ყურანის მკითხველებს იდუმალებისა და საიდუმლოებების გამო. როგორც ყურანის კომენტატორები განმარტავენ, აბელი უარს ამბობს ძმისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე, მიუხედავად იმისა, რომ კაენი მას ახრჩობს. როცა ეს უკანასკნელი აღმოაჩენს, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად ძმის მოკვლა არ შეუძლია, ეშმაკი ჩნდება და მასთან საუბარს იწყებს, ასწავლის, როგორ მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე. ეშმაკი შთააგონებს კაენს, აიღოს ქვა და აბელს შუბლში ჩაარტყას.

ისლამური განმარტებები იძლევიან ინფორმაციას იმაზე, თუ როგორი შოკისმომგვრელი იყო ეს სიტუაცია. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მსოფლიოში პირველად შემოაღწია დარდისა და ტკივილის ემოციებმა, რასაც სატანა აღტაცებით ადევნებდა თვალს. როცა ეშმაკი სტუმრობს ევას, მან ჯერ არ იცის, რომ მისი უმცროსი შვილი ცოცხალი აღარაა, და ამცნობს:
– შენი შვილი, აბელი, აღარასდროს დაბრუნდება შენთან.
– რას გულისხმობ? – კითხულობს ევა.
– ის ცოცხალი აღარაა, მოკლეს.
– რას ნიშნავს მოკლეს? რას ნიშნავს სიკვდილი?
– ის ვეღარ დაგელაპარაკება, არც დაბრუნდება. ვერ შეჭამს, ვერ გაიცინებს, ვერ ისუნთქებს.
ევა ტირილს იწყებს.

ყურანის კომენტარების მიხედვით, ევას ცრემლები იყო პირველი ცრემლები, რომელიც ადამიანს წამოსვლია. ისლამური ტრადიციით, სწორედ ასე იქცა სევდა ადამიანის ცხოვრების შემადგენელ ნაწილად. მონოთეისტური ტრადიციების მიხედვით, ეს არის სიკვდილის, მკვლელობის, ძმის მოკვლისა და დარდის პირველი მაგალითი. მას შემდეგ მწუხარება მრავლდება და ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში: ცრემლები, ტანსაცმლის შემოხევა, კბილების ღრჭიალი და სისხლისღვრა – ეს ყველაფერი ადამიანის მიერ ღმერთის მოწყალების ხელმეორედ უარყოფის შედეგია, რაც ძმის მოკვლით იყო გამოხატული. ძველი აღთქმის დანარჩენი ეპიზოდები სავსეა ისტორიებით, რომლებიც კაენისა და აბელის ძალადობრივი ამბის ექოს წარმოადგენს – ძმები ერთმანეთს უპირისპირდებიან ოჯახებით, სისხლით, მემკვიდრეობით, ისინი აღვსილი არიან ეჭვიანობით, თუმცა დროთა განმავლობაში რაღაც ბრძნული ხდება: განრისხებული ძმები პატიებას სწავლობენ.

დაბადების წიგნის 25-ე თავში მოთხრობილია ტყუპი ძმების, იაკობისა და ესავის ამბავი, რომლებიც მათი მამის, ისააკის მემკვიდრეობას ვერ იყოფენ. ისინი ჩხუბს იწყებენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედის (რებეკას) მუცელში არიან. რებეკა ხვდება, რომ არდაბადებულ ჩვილებს უთანხმოება აქვთ, თუმცა მიზეზს ვერ იგებს და ღმერთის წინასწარმეტყველთან მიდის რჩევისთვის. მისგან ასეთ პასუხს იღებს: „ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.” ფაქტობრივად მის მუცელში ორი ერი ებრძოდა ერთმანეთს.


მშობიარობისას პირველი გამოვიდა შემდგომში ქრისტიანობასთან ასოცირებული ესავი, რის გამოც ის გახდა უპირატესი და მიიღო მემკვიდრეობა. თუმცა იაკობი, რომელიც იუდაიზმის სიმბოლოა, არ თმობდა და ბრძოლას აგრძელებდა. საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც, როცა მუშაობით დაღლილ უფროს ძმას მემკვიდრეობა ცერცვის შეჭამადში გაუცვალა. ესავი შიმშილით კვდებოდა, მაგრამ ამის გამო მისი გამართლება არ ხდება. მემკვიდრეობის საჭმელში გაცვლა ზოგჯერ აღიქმება, როგორც მამისეული ტრადიციების მიმართ უპატივცემულობა. ესავი ფიცს დებს, რომ როცა საშუალება მიეცემა, ძმას მოკლავს, რის გამოც იაკობი ქანაანს აფარებს თავს. თუმცა 20 წლის შემდეგ ის ვეღარ უმკლავდება ნოსტალგიას და უკან დაბრუნებას გადაწყვეტს. ესავი, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობა დაკარგა, ძლევამოსილი და მდიდარი გახდა და იაკობის უკან დაბრუნებას არმიის მეშვეობით დაუპირისპირდა. თუმცა ძმის დანახვისას სიხარულმა სძლია: „სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.” აქ ვხვდებით ძმობას უფრო უწყინარი და მშვიდი მნიშვნელობით, ვიდრე ეს კაენისა და აბელის შემთხვევაში იყო. თუმცა შერიგების ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა ჯერ კიდევ წინაა.

დაბადების წიგნის მომდევნო ეპიზოდში მოთხრობილია იოსების ამბავი. ყველაფერი იწყება ცნობილი ჭრელი კვართით, რომელიც იაკობის საჩუქარი იყო მისი უმცროსი ვაჟის, იოსებისთვის და წარმოადგენდა მთელი მემკვიდრეობის მიღების სიმბოლოს. იოსების უფროს ძმებს სიბრაზე და შური ავსებთ. ისინი იპარავენ კვართს და ნიღბავენ ისე, თითქოს მათი ძმა დაიღუპა, სინამდვილეში კი მონათმფლობელებს მიჰყიდიან. იოსები ეგვიპტეში აღმოჩნდება, მალე კი საპყრობილეში ამოყოფს თავს. ორწლიანი ტანჯვის შემდეგ მას ფარაონი იხმობს. მან გაიგო, რომ ამ ტუსაღს სიზმრების ახსნის ნიჭი აქვს. იოსები უსმენს ფარაონის მონაყოლს და ხვდება, რომ სიზმარი მას ღმერთისგან მოევლინა. იოსები აფრთხილებს, რომ ნილოსის წყლები დაშრება და დადგება 7 წლიანი შიმშილი, თუმცა იმასაც ამცნობს, როგორ დაიცვას სამეფო. ფარაონი აღფრთოვანებული რჩება და მას ფარაონობის შემდეგ უმაღლეს ტიტულს, თავისი სახლის მოურავობას ანიჭებს. იოსები გავლენიანი და მდიდარი ხდება, მალე კი შურისძიების საშუალებაც ეძლევა.

იოსები შეიტყობს, რომ მისი ძმები ეგვიპტეში მოდიან, რათა შიმშილს დააღწიონ თავი. მან იცის, რომ შეუძლია, ისევე მოუღოს ბოლო თავის ძმებს, როგორც კაენმა – აბელს, თუმცა ამის ნაცვლად სტუმართმოყვარეობას იჩენს. „ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.” იოსებმა იმათი სიცოცხლე იხსნა, ვინც ადრე მოკვლა დაუპირა, ძმების დაპირისპირებაც არ გადაზრდილა სიძულვილში, ძალადობაში ან აღმატებულობის განცდაში.

ღალატის სხვა ცნობილი შემთხვევა, რა თქმა უნდა, იესოს ცხოვრებაში გვხვდება. ის, ვინც ძმობასა და მიტევებას ასწავლიდა, გასცა მისმა მოციქულმა და ზოგიერთის აზრით, სულიერმა ძმამ – იუდამ. იესო მორჩილად შეეგება თავის სიკვდილს და წინააღმდეგობა არ გაუწევია, გამოავლინა ისეთი სულგრძელობა, რომელიც ყურანის თქმით, სათავეს იღებს აბელისგან. ჯვარცმისას წარმოთქმული მისი ფრაზა „მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან” შეიძლება კაენსაც მიესადაგოს, რადგან მან ნამდვილად არ იცოდა, ადამიანი როგორ მოეკლა ან სიკვდილი რას ნიშნავდა. თუმცა ინსტიტუციონალური ქრისტიანობის საწყისი ეტაპიდანვე ყოველთვის იყვნენ სასულიერო პირები და სწავლულები, რომელთაც ზემოთხსენებული საკითხები ყველაზე ნაკლებად ადარდებდათ. მათი უმთავრესი ამოცანა იყო: რას წარმოადგენდა კაენის, პირველი მკვლელის, ნიშანი?

დაბადების წიგნში აბელის სიკვდილის შემდეგ ღმერთსა და კაენს შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკება იწყება. ღმერთი კაენს არ კლავს ჩადენილი საშინელი საქციელის გამო, არამედ უსჯის გადასახლებას, გაძევებას ნოდის მიწაზე. კაენს ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი გამბედაობა, რათა ღმერთს დაცვა სთხოვოს. „აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.” ღმერთი აკმაყოფილებს მის თხოვნას და უჩვეულო ფორმით იცავს. „უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.” ბიბლია არ იძლევა დაწვრილებით ცნობას, თუ რა იყო ეს ნიშანი.


ძველ ეპოქაში მცხოვრები რაბინების ნაწილი თვლიდა, რომ კაენს რქები ამოუვიდა და ამ ფორმით თავის დაცვას ახერხებდა. სხვები მიიჩნევდნენ, რომ ის კეთროვანი გახდა, რაც თავისთავად იქნებოდა უცნობების მხრიდან დისტანციის დაჭერის მიზეზი. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ირწმუნებოდნენ, რომ ეს არ იყო ფიზიკური ნიშანი, არამედ ღმერთმა ისე მოაწყო, რომ კაენს ყოველთვის ანათებდა თავზე მზის სხივები, სადაც კი წავიდოდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დაინახავდა, რომ მას ღმერთი იცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ნიშნის ფუნქცია აშკარად იყო კაენის დაცვა აბელის შურისმაძიებლებისგან, კაენის სახელი მაინც შეიბღალა და საუკუნეების მანძილზე ჭორებისა და მრავალგვარი ინტერპრეტაციის ობიექტს წარმოადგენდა. ქრისტიანი წმინდა მამა ნეტარი ავგუსტინე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კაენი და მისი ნიშანი დაუკავშირა იმ ძალებს, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო. დაახლოებით 400 წელს ნეტარი ავგუსტინე ეკლესიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში აღმოჩნდა. კრიტიკოსებისგან დაცვის მიზნით ავგუსტინე შეეცადა, დედამიწაზე არსებული ბოროტების პასუხისმგებლობა ებრაელებზე გადაეტანა. მისი აზრით, ებრაელები მკვლელი კაენის შთამომავლები იყვნენ, გულკეთილი აბელი კი იესოსა და მის ეკლესიას გამოხატავდა. როგორც კაენმა მოკლა აბელი, ისე ებრაელებმა იმსხვერპლეს იესო და ჯვარს აცვეს. კაენს მიესაჯა ხეტიალი, მარტოობა, ვერ სახლდებოდა ერთ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში, რაც მოგვიანებით ებრაელების ბედისწერად იქცა.

წიგნში „ღვთის ქალაქი” ნეტარი ავგუსტინე წერს: „ის იყო იმ ებრაელთა პირველსახე, ვინც მოკლა ქრისტე, მწყემსი აბელის სიმბოლო.” ავგუსტინეს ნაშრომი ხელშემწყობი გახდა იმდროინდელი ანტისემიტური მოძრაობებისთვის, რომლებიც შემდგომ მთელ მსოფლიოს მოედო. XIII საუკუნეში რომის პაპმა ინოკენტი III-მ გამოაცოცხლა ავგუსტინესეული ხედვა კაენსა და აბელზე და ბრძანა, რომ ყველა ებრაელს განსხვავებული ტანისამოსის ტარებით გამოეყო საკუთარი თავი საზოგადოებისგან. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ ესპანეთში ანალოგიურად მოიქცა საღვთო რომის იმპერატორი ალფონსო X. „ყველა ებრაელი, რომელიც არ ატარებს განმასხვავებელ ნიშანს, ყოველ აღმოჩენაზე გადაიხდის 10 ოქროს მარავედს (ფულადი ერთეული), ხოლო თუ ამის საშუალება არ აქვს, 10 შოლტით დაისაჯოს.”

ადრეული ქრისტიანები არ ყოფილან ამ საქმეში გამონაკლისები და კაენის ნიშნის მოტივით მომდევნო პერიოდში სხვებიც ჩადიოდნენ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე. მე-17 საუკუნეში მონათმფლობელობას ემხრობოდა მრავალი ინგლისელი, რომლებიც იმავდროულად აქტიურად სტუმრობდნენ ეკლესიას. მათი აზრით, აფრიკელები იყვნენ კაენის ნიშნის მატარებლები. 1852 წელს ბრიგამ იანგმა, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის (იგივე მორმონების ეკლესიის) პრეზიდენტმა, განაცხადა: „მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ზანგებს უწოდებენ, კაენის შვილები გახლავთ.”

XX საუკუნეში დაბადების წიგნის დამახინჯებულმა ინტერპრეტაციამ მორიგი საშინელი შედეგი გამოიღო. 1941 წელს ნაცისტებმა უბრძანეს ყველა გერმანელ ებრაელს, მოეხდინათ თავიანთი თავის იდენტიფიცირება ყვითელი ვარსკვლავით. პროპაგანდის რაიხსმინისტრი იოზეფ გებელსი გაზეთებში სტატიებს აქვეყნებდა, სადაც ყვითელ ვარსკვლავს კაენის ნიშანს ადარებდა და დასცინოდა ბერლინელ ებრაელებს, რომლებიც ვარსკვლავის დამალვას ცდილობდნენ ხოლმე. „ქუჩაში ყველა ებრაელი გაზეთს ყიდულობს, რათა კაენის ნიშანი ასე დაიფარონ.”


გადიოდა დრო, კაენისა და აბელის ამბის ანტისემიტური და რასისტული ინტერპრეტაციები ისევ მძლავრობდა და სიძულვილით აღვსილი სხვადასხვა დაჯგუფებების შთაგონების წყარო ხდებოდა. თავიანთი მოსაზრებების მხარდასაჭერად ისინი ხშირად იმეორებდნენ, რომ კაენის ნიშანი შავი კანი იყო, შავკანიანები მისი შთამომავლები იყვნენ, ებრაელები და აფრიკელები კი ღმერთისგან იყვნენ დაწყევლილები კაენის ქმედებისა და იესოს მკვლელობის გამო.

დღევანდელ ეპოქაში ქრისტიანი და ებრაელი სწავლულების უმეტესობა მიიჩნევს, რომ კაენისა და აბელის ისტორიის მიღმა არსებულ სულიერ კონცეფციებს ყურადღებას იშვიათად აქცევდნენ და მთლიანად აცდნენ მის უფრო ღრმა მნიშვნელობას. კაენის ნიშანი ზოგჯერ აღიქმება, როგორც წყევლის, დასჯის სიმბოლო, თუმცა არანაკლებ ხშირად განმარტავენ, როგორც ღმერთის მოწყალების ნიშანს, რადგან მას მოაქვს დაცვისა და მფარველობის შეგრძნება. მაგრამ რატომ უნდა დაეცვა ღმერთს ცივსისხლიანი მკვლელი კაენი? ბევრისთვის ეს საკითხი ყველაზე დიდი საიდუმლო იყო, რაც კაენისა და აბელის ამბის მიღმა იმალებოდა.

ერთ-ერთ სავარაუდო პასუხს ვხვდებით ანტიკური ხანის რაბინებთან, რომლებიც ვრცლად განმარტავდნენ დაბადების წიგნს. მათი ვერსიით, მიზეზი ისაა, რასაც თანამედროვე სასამართლოშიც წააწყდებით. საქმე იმაშია, რომ სანამ კაენი აბელს მოკლავდა, ადამიანთაგან არავინ მომკვდარიყო. შესაბამისად, თუკი კაენმა არ იცოდა, რას აკეთებდა, ეს იყო არა პირველი ხარისხის მკვლელობა, არამედ უბედური შემთხვევა. ძველ ებრაულ სასამართლოებში შემთხვევითობის შედეგად გამოწვეული მკვლელობის სასჯელი სიკვდილი არ იყო.

დღესდღეობით თანამედროვე ებრაელი სწავლულები გვთავაზობენ კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც უპირისპირდება უძველეს ქრისტიანულ გაგებას ძველი აღთქმის ღმერთის შურისმაძიებელ ღვთაებად წარმოჩენაზე. ამ ვერსიის მიხედვით, კაენმა მოინანია დანაშაული. მაგრამ ამ შემთხვევაში გარკვეული ცვლილება ხდება ებრაული ტექსტის თარგმნაში. სიტყვა „ავონე” გარდა სასჯელისა, შეიძლება ითარგმნოს, როგორც ბოროტება. ხოლო მუხლი „მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი” შეიცვლება შემდეგნაირად: „მძიმე ასატანია ჩემს მიერ ჩადენილი ბოროტება”, რაც იმას ნიშნავს, რომ კაენს არ შეეძლო ამ ცოდვის სიმძიმის ატანა. რაბინული თეოლოგიის მიხედვით, ვერავინ ჩაეფლობა ცოდვაში ისე ღრმად, რომ მონანიების შემთხვევაში არ მიეტევოს.

არსებობს სხვა მინიშნებებიც, რომ ღმერთმა კაენს ცოდვა მიუტევა. დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ კაენს შეეძინება ვაჟი, სახელად ენოქი, და მის პატივსაცემად ქალაქს აშენებს. ეს არის პირველი ქალაქი და ცივილიზაციის საძირკველი. არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის კაენისა და აბელის ისტორიაში არსებობს სიმართლის მარცვალი, რომელსაც ეგვიპტის პირამიდებში აღმოაჩენთ. ზოგი კი მას ედემის ადგილმდებარეობადაც მიიჩნევს. ეგვიპტე ის ქვეყანაა, სადაც ებრაელები თაობების მანძილზე ცხოვრობდნენ. აქ დასახლდა კაენის სულიერი შთამომავალი, იოსები, რომლებმაც შემდგომ თავისი ძმები და ხალხიც შეიფარა. დაახლოებით 400 წლის შემდეგ ფარაონი მათმა აღზევებამ შეაშინა და მონებად აქცია. ფარაონის ქალიშვილმა კი მდინარეში ბავშვი იპოვა და სამეფო წესით აღზარდა. ასე იწყება მოსეს – ებრაელთა მხსნელისა და დიდი გამოსვლის ლიდერის – ისტორია.

წმინდა წერილის მიხედვით, ღმერთი მოსეს ბიბლიის პირველ 5 წიგნს კარნახობდა სინაის მთაზე. თუმცა მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ მოსემ ეგვიპტელებს მხოლოდ ებრაელი ერი არ წაართვა. შესაძლოა, მან ისესხა გარკვეული დეტალები ეგვიპტური რელიგიიდან, დეტალები, რომლებიც საოცრად ჰგავს კაენისა და აბელის შემთხვევას. ეგვიპტელები თავიანთ რელიგიურ ამბებს უკვდავყოფდნენ კედლებზე, აკლდამებზე, პირამიდების შიდა ნაწილებზე გამოსახვით. ეგვიპტურ გამოსახულებებში შეხვდებით კრეაციონისტულ მითებს, ამბებს პირველ ქალაქზე, რომლის პარალელებიც ძველ აღთქმაშია.


უნისის პირამიდა დაახლოებით 4000 წლისაა. ამ უძველესი ნაგებობის კედლებზე მრავალ მაგიურ ფორმულას წააწყდებით. თუმცა მათ შორის ასევე არის გასაოცარი ისტორია ეჭვიანობასა და ძმის მკვლელობაზე, რომელიც ძალიან ჰგავს ბიბლიურ ამბავს. ეგვიპტური იეროგლიფები გვიამბობენ ორი ძმის – ოსირისისა და სეთის – ისტორიას. ოსირისი მფარველობდა მიწათმოქმედებას და მართავდა ქვეყნიერებას, სეთი კი ომისა და უთანხმოებების ღმერთი იყო. ერთ დღეს სეთი შურით აივსო და მოკლა ოსირისი, დაყო 42 ნაწილად და მთელ მსოფლიოში მიმოაბნია. აქ ვხვდებით კიდევ ერთ დეტალს, რომლის პარალელიც ბიბლიის ებრაულ და ისლამურ კომენტარებშია: ეგვიპტური ღმერთები სასიკვდილოდ ებრძოდნენ ერთმანეთს, რადგან ორივეს უყვარდა ერთი ქალი – მათი და, სახელად ისიდა.

დღესდღეობით არქეოლოგები და სწავლულები კიდევ უფრო მეტ მსგავსებას პოულობენ. სხვადასხვა კულტურებში მათ პარალელები აღმოაჩინეს ბიბლიის სხვა მონაკვეთებთან მიმართებაშიც: ადამიანის დაცემა, ედემიდან გაძევება და კაცობრიობის ცხოვრების ახალ წესში კაენის როლი. თითქმის ყველა რელიგიას აქვს კრეაციონისტული მითი, რომელიც გვამცნობს, რომ თავიდან იყო იდეალური სიტუაცია და ადამიანი ღმერთ[ებ]ს ემორჩილებოდა, ხალხი ერთმანეთს სიყვარულით ეპყრობოდა და ჰარმონია სუფევდა.

ეგვიპტურ რელიგიაში ოსირისი მკვდრეთით აღდგა და ეგვიპტის პირველი ქალაქი, ჰელიოპოლისი, ააგო. ამჟამად მისი ნანგრევები კაიროს გარეუბანშია შემორჩენილი. დაბადების წიგნშიც კაენი პირველი ქალაქის მშენებელია, გარდა ამისა, მას ბევრი ატრიბუტი აქვს, რაც ოსირისს: მისდევს მიწათმოქმედებას, ხალხს უქადაგებს, რომ იყვნენ კარგი ადამიანები, დასახლდნენ ერთ ადგილას და მოეშვან მომთაბარეობას. თუმცა მიუხედავად იმისა, რამდენად ბევრი პარალელია ეგვიპტურ და ებრაეულ ისტორიებში, მკვლევართა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს ყველაფერი დასაბამს უფრო შორეულ წარსულში იღებს. ამისთვის უნდა გადავიდეთ ადამიანის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს რევოლუციურ მომენტში – მიწათმოქმედების დაწყების პერიოდში.

გლეხი კაენი ღმერთს შესაწირად სთავაზობს ხილსა და მარცვლეულს, მწყემსი კაენი კი – კრავს. ეს ამბავი შეიძლება შევადაროთ 9000 წლის წინ მომხდარ შემთხვევას, რომელსაც „ნეოლითური რევოლუცია” ეწოდება. ადამიანთა ორი ჯგუფი, მიწათმოქმედები და მეჯოგეები, ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. ეს ყველაფერი კი ცივილიზაციის აკვანში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ხდებოდა. ქვის ხანის მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების წესიდან ხალხი ახალ სტილზე გადადიოდა და გარემოს კონტროლს სწავლობდა. ისინი აღარ აგროვებდნენ საკვებს, არამედ მის წარმოებას იწყებდნენ. იყვნენ ისეთები, ვინც ცხოველებს აშინაურებდა – მწყემსები, და ისეთები, ვინც მცენარეებს უვლიდა – მიწათმოქმედები. ექსპერტთა მოსაზრებით, მაშინ, როცა მწყემსები სოფლებს გადიოდნენ და თავიანთ ცხოველებს უფლებას აძლევდნენ, გლეხების მოყვანილი ნათესებით პირი ჩაეტკბარუნებინათ, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებებს. მწვავე შეტაკებები მრავალი ადამიანის სიკვდილით სრულდებოდა და დროთა განმავლობაში ლეგენდის სახეს იღებდა. თუმცა საბოლოოდ მომთაბარეებმა ერთ ადგილას დასახლება გადაწყვიტეს და ფერმერობის უფრო გამოცდილი მეთოდები აითვისეს. სოფლები პატარა ქალაქებად გარდაიქმნებოდა, მოსახლეობა მატულობდა, მალე კი ადრეული ცივილიზაციის ახალმა კულტურამ დაიწყო განვითარება.

მწყემსებსა და მიწათმოქმედებს შორის არსებულ დაპირისპირებებს თიხის ფირფიტებზე იწერდა ის ხალხი, რომელმაც დამწერლობა მოიგონა – შუმერები. შუმერები მესოპოტამიაში (თანამედროვე ერაყი) ცხოვრობდნენ 6000 წლის წინ. დამწერლობის გარდა მათი გამოგონილია ბორბალი, ირიგაცია, კანონები, მორალური მსჯელობა, ანდაზები, რელიგიური რწმენის სისტემები, ახსნა, თუ რატომ არსებობს სიკეთე და ბოროტება. ქვის დაფებზე ამოტვიფრული შუმერული ჩანაწერები თანდათან მითად გარდაიქმნა და ამ ფორმით საოცრად ჰგავდა კაენისა და აბელის ამბავს.

შუმერულ მითოსში მწყემსი ღმერთი დუმუზი ბრძოლას მართავს თავის ძმასთან, მიწათმოქმედ ღმერთ ენკიმდუსთან, რათა დაისაკუთროს მისი და, ქალღმერთი ინანა. მაგრამ როგორ გადარჩა ასეთი მითი ათასობით წლების განმავლობაში და შემდეგ მონოთეისტური ტრადიციების ნაწილად იქცა? ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დაბადების წიგნში ასახული ამბები თაობებს ზეპირად გადაეცემოდა. მას ტომის უხუცესები უყვებოდნენ ახალგაზრდა წევრებს, რაც ცხადია, დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს იწვევდა, საბოლოოდ კი წერილობით შენახვაც გადაწყვიტეს და შესაძლოა, სწორედ ასე გაჩნდა დაბადების წიგნი. ბიბლიური ცნობები კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარალელს გვაწვდიან: როგორც ჩანს, ათასობით წლების განმავლობაში კოცონთან მოყოლილმა ისტორიამ ცვლილებები ბევრ რამეში განიცადა, თუმცა შემოინახა მითითება, თუ სად დაიწყო ეს ყველაფერი – ადგილი, რომელსაც ერქვა ედემი.

ბიბლია გვამცნობს, რომ ედემი მდებარეობდა 4 მდინარის სათავესთან. მათ შორისაა ტიგროსი და ევფრატი. თუმცა აქ ჩნდება ერთი პრობლემა – სად მდებარეობდა დანარჩენი ორი მდინარე? ფიშონსა და გიხონს თანამედროვე რუკაზე ვერ შეხვდებით. არსებობს მოსაზრება, რომ გიხონს ესადაგება არაქსი, რომელიც მტკვრის უდიდესი შენაკადია და კასპიის ზღვაში ჩაედინება. ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ირანიდან მომავალი სეფიდრუდი (იგივე ქიზილ-უზუნი, ქეზელ-უშონი) ფიშონს უნდა შეესაბამებოდეს. უძველესი ენების შესწავლა აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ასო „პ”-ს ხშირად ენაცვლებოდა „უ”, რაც ადვილად შესაძლებელს ხდის, რომ ბიბლიური მდინარე ფიშონი გადაიქცა უშონად.


ამ ვერსიის ყველაზე ცნობილი დამცველია ბრიტანელი ეგვიპტოლოგი დევიდ როლი. დოქტორ როლის მიხედვით, ედემის ბაღი იქ მდებარეობდა, სადაც ახლა დასავლეთ ირანია. მისი აზრით, სწორედ აქ უნდა იღებდეს დასაბამს კაენისა და აბელის ამბავი. თუმცა სწავლულთა ნაწილს სხვა მოსაზრება აქვს.

არქეოლოგი იურის ზარინში ედემის ბაღს ათავსებს უფრო სამხრეთით, სადაც ევფრატი და ტიგროსი სპარსეთის ყურეს უერთდებიან. ზარინშის განცხადებით, თანამგზავრიდან გადაღებული ახლო აღმოსავლეთის ფოტოები აჩვენებს, რომ ამ რეგონში ერთ დროს ჩრდილოეთ არაბეთის გავლით მდინარე მიედინებოდა იმ ტერიტორიებზე, სადაც ამჟამად მშრალი ხეობებია. ეს მდინარე ბიბლიური ფიშონი იყო, ხოლო გიხონი თანამედროვე კარუნია. რადგანაც კარუნი სპარსეთის ყურეში ჩაედინება, იურის ზარინში მიიჩნევს, რომ ედემი ამჟამად წყალქვეშაა მოქცეული.

გეოლოგიური მონაცემების თანახმად, 7000 წლის წინ სპარსეთის ყურე სულაც არ წარმოადგენდა წყლის უზარმაზარ სივრცეს. აქ აყვავებული მწვანე ხეობა იყო, სავსე მდინარეებითა და სუფთა ნაკადულებით. ტერიტორიაზე დასახლებული პირველი ადამიანები იქნებოდნენ მონადირეები და შემგროვებლები, რომლებიც ამ ოაზისის ბუნებრივი რესურსების კვლევაში დიდ დროს გაატარებდნენ. გეოლოგების გარდა ბიბლიის მკვლევარი მეცნიერების უმეტესობაც ეთანხმება მოსაზრებას, რომ კაენისა და აბელის ამბავი დასაბამს იღებს 7000 წლის წინანდელ მესოპოტამიაში. ამ დროს აქ ვრცელდებოდა კაენის მეთოდი – მიწის რეგულირებული დამუშავება, რომელმაც დაასუსტა მომთაბარეთა მწყემსური ტრადიციები. როცა ადამიანმა ბუნების კონტროლი ისწავლა და მოსავალი თავისი მოთხოვნილებისამებრ მოჰყავდა, მას აღარ სჭირდებოდა ხეტიალი და საკვების ძიება. მალე მათ დაიწყეს სოფლებისა და ქალაქების შენება, სულ უფრო მეტად ავითარებდნენ ცივილიზაციასა და ტექნოლოგიას, რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა ხელოვნების, მუსიკისა და დამწერლობის კულტურის ჩამოყალიბებას.

კაენისა და აბელის ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც არ გვხვდება დაბადების წიგნში, სამაგიეროდ ისლამური ტრადიციების ნაწილს წარმოადგენს. კაენი, როცა თავისი ცოდვის სიმძიმეს პირველად აცნობიერებს, ადამიანისა და ღმერთის თვალიდან კვალის დამალვას ცდილობს. მან არ იცოდა, აბელის გვამისთვის რა მოეხერხებინა, შემდეგ კი დაინახა ყორანი, რომელმაც მეორე ყორანი მოკლა, ნისკარტით პატარა ორმო ამოთხარა, შიგ ჩამარხა და ქვიშა მიაყარა. ამის დანახვისას კაენს დაებადა აზრი, რომ შეეძლო, ანალოგიურად მოქცეულიყო და ძმის სხეული დაემარხა და ასეც მოიქცა. განმმარტებლების თქმით, სწორედ აქედან იღებს დასაბამს გარდაცვლილის დამარხვა. აღსანიშნავია, რომ ცოდვის დამალვის მცდელობაში კაენი პირველი არ ყოფილა და მანამდე იგივე მისმა მშობლებმა გააკეთეს.

ედემის ბაღში ადამი და ევა არღვევენ ღმერთის მითითებას და აკრძალული ხის ნაყოფს აგემოვნებენ. როცა ღმერთი ეკითხება მათ, თუ რატომ ჩაიდინეს მსგავსი რამ, დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ბრალს სდებენ გველს, რომ მან აცდუნა ისინი. კაენიც ანალოგიურად გაურბის პასუხისმგებლობას მისი ძმის მკვლელობაზე. ეს თვისება კი, როგორც ბიბლიიდან ჩანს, ღმერთის ძლიერ რისხვას იწვევს. როგორც ბიბლიის ერთ-ერთი განმარტება გვამცნობს, რეალურად კაენი უფრო შორს წავიდა და გარდა მკვლელობისა და აღიარების უარყოფისა, კიდევ ერთ ცოდვა ჩაიდინა. „უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.” სისხლის შესატყვისი ებრაული სიტყვა არის „დამეემ” და ამ მუხლის უფრო ზუსტი თარგმანი ასე იქნება: „შენი ძმის სისხლები მიწიდან შემომღაღადებს”. რას ნიშნავს სისხლები? კაენმა ხომ მხოლოდ ერთი პიროვნება მოკლა? შესაძლო ახსნა ისაა, რომ მასში იგულისხმება როგორც აბელის, ისე მისი სავარაუდო შთამომავლების სიცოცხლე. რადგანაც აბელი მოკვდა, მისი შთამომავლები ვეღარასდროს დაიბადებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლელობა უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის ხელყოფა. ძმის მოკვლით კაენმა მთელი მსოფლიო გაანადგურა.

კაენისა და აბელის მონაკვეთში კიდევ ისმება ერთი დამაფიქრებელი და კადნიერი კითხვა: „ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?” ტექსტი გასაგებად ამბობს, თუ ვინ ვართ ადამიანები – ერთმანეთზე მზრუნველი და ყურადღებიანი არსებები, მაგრამ რა არის ღმერთის პასუხისმგებლობა? რატომ არ სახელდება ის თავისი შვილების დარაჯად? რატომ უშვებს, რომ კარგ ადამიანებს ბევრი უბედურება შეემთხვათ? რატომ არ უშლის ის ხელს მკვლელობის მოხდენას? რატომ მოხდა ჰოლოკოსტი და 9/11? ბიბლიური პოზიცია ისაა, რომ ამის განხორციელებას ხელი ადამიანებმა უნდა შეუშალონ და ბოროტების მოხდენის პასუხისმგებლობაც კაცობრიობაზეა, მსგავს უბედურ შემთხვევებში ნაკლებად უნდა ელოდონ ღმერთის მიერ განხოციელებულ სასწაულებრივ ჩარევას.

ამით ვუახლოვდებით აბელისა და კაენის ისტორიის დასასრულს. უძველესი ებრაული ტექსტების მიხედვით, კაენი დასახლდა და ცოლად შეირთო თავისი და, გაუჩნდა ვაჟი, გააშენა ქალაქი და საფუძველი ჩაუყარა ცივილიზაციას. მასზე დადებულმა ნიშანმა, მიუხედავად იმისა, როგორი ფორმა ჰქონდა, საშუალება მისცა კაენს, გაეკვალა ის გზა, რომელმაც კაცობრიობის ცხოვრება სამუდამოდ გააუმჯობესა. თუმცა ადამიანები ხშირად ივიწყებდნენ იმ გაკვეთილებს, რაც კაენმა ისწავლა, ან სულაც ისეთ განმარტებას აძლევდნენ, რომ თავიანთი შურისმაძიებელი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

ყველაზე დიდი ირონია ალბათ ისაა, რომ აბრაამისეული რელიგიები ერთმანეთის სულიერი ნათესავები არიან. მათ წმინდა წიგნებში ადამიანები ადამისა და ევას შთამომავლებად სახელდებიან, ყველგან აღიარებულია კაენისა და აბელის ამბის გაკვეთილი, მაგრამ ამის მიუხედავად ეს რელიგიები საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის დაპყრობას, განადგურებასა და საბოლოოდ მოსპობას ცდილობდნენ, რაც ადასტურებს, რომ კაენის ეპიზოდში დაშიფრული გზავნილი დაივიწყეს. ათასწლეულის მანძილზე სისხლიანი ანტისემიტიზმი მძლავრობდა, შუა საუკუნეებში ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, რაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა ისლამის ოქროს ხანის დასასრულებლად. ამჟამად კი ახლო აღმოსავლეთში ადგილი აქვს შემზარავ რელიგიურ კონფლიქტებს, რაც ხშირად მასშტაბური სისხლისღვრით სრულდება. დღეს ყველაზე ნაკლებად ახსოვთ ის გაკვეთილი, რომელიც პირველი სიკვდილის, პირველი მკვლელობის, პირველი მწუხარებისა და პირველი მონანიების მიღმა დგას. დავიწყებული აქვთ, რომ ბიბლიის მიხედვით, ყველა ადამიანი ერთმანეთს ენათესავება და ერთმანეთზე ზრუნვა ყველას ვალია, ეს ეხება როგორც ახლობელს, ისე დედამიწის მეორე ბოლოში მცხოვრებ ადამიანს.

მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

მსგავსი სტატიები:
წმინდა გრაალი
წმინდა შუბის ისტორია
ბიბლიის გამოცანები: ნოეს ძიებაში
ბიბლიის გამოცანები: ისრაელის მეფეები
ბიბლიის გამოცანები: დაკარგული ქალაქები
ბიბლიის გამოცანები: აღთქმის კიდობანზე ნადირობა
ბიბლიის გამოცანები: ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან
ბიბლიის გამოცანები: იოანეს გამოცხადების საიდუმლო

55 thoughts on “ბიბლიის გამოცანები: კაენი და აბელი

  1. ლაშა

    თუ არ იცით მაშინ ამაში გაგარკვევთ, ადამსა და ევას კაენისა და აბელის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდათ.

    Like

    1. დაბადება
      თავი მეხუთე

      1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
      2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.
      3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.
      4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
      http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-5.htm

      აშკარად მოგვიანებით გაჩნდნენ )) შეთი მაშინ დაიბადა, როცა კაენის ამბავი მომხდარი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა

      Like

  2. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ მოსემ ეგვიპტელებს მხოლოდ ებრაელი ერი არ წაართვა.

    არ ველოდი ასეთ ალოგიკურ ფრაზას შენს პოსტში, კარგად გადაამოწმე რამე შეცდომაა თუ მკვლევარები სრული იდიოტები იყვნენ.

    Like

        1. რთულად მოხდა და მაგიტომ :)) ფარაონმა არ დათმო, მერე ღმერთმა დაატეხა სასჯელები, ეგვიპტელი ჩვილები დაიხოცნენ და ა.შ. კიდევ ზღვაშიც ხომ გაეკიდა და იქ ლაშქარი დაიხრჩო.

          მაგრამ ჩემი აზრით, აქ მოსე მეტაფორულად არის ნახსენები, რადგან ებრაელების ეგვიპტიდან მასიური გამოსვლის რეალურობა ეჭვქვეშ დგას არქეოლოგიური მონაცემების სიმწირის გამო. ამ საკითხზე ცალკე დოკუმენტური ფილმი აქვს Nat Geo-ს

          Like

  3. ოსირისი,სეთი და ისიდა ვგონებ მითოლოგიაა და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ეგვიპტელები აიღებდნენ ბიბლიიდან სიუჟეტს და არა პირიქით, როგორც პოსტშიაა ნახსენები.

    Like

      1. giorgi

        tami bibliis shesadgeni cignebis,sxvarasxva legendebis da mitebis ertad tavmoyra daaxloebit dzveli celtagricxvis mexute saukuneshi daicyo da daaxloebit meore saukuneshi dasrulda da miigo dzveli agtqmis porma,egvipturis kultura da mat shoris mitologiis chamoyalibeba ki daaxloebit dxveli celtagricxvis mesame atascleulidan icyeba dzalian bevri rame shevida bibliashi egvipturi legendebidan,ase rom…. ))))))

        Like

        1. მაეჭვებს წყაროს სიზუსტე. თანაც ბიბლია ლეგენდებით,წიგნებით და მითებით არ შედგება, რაღაცეები გეშლება.

          Like

          1. giorgi

            yvela religia legendebit,cignebit da ragaceebit shedgeba,ase iyo pirvelyopili kerptayvanismcemlobidan dgemde arsebul yvela religiashi, rac sheexeba cyaroebs-rogorc chans msoplio istoriastan shedarebit naklebad megobrob,torem cyaroebis povna ar gagicherdebodaaaaaaa))

            Like

                  1. giorgi

                    mokled tami albat iegovelis,an minimum ateistis shtabechdilebas vtoveb,magram arc erti var,arv meore martlmadidebeli var da ase movkvdebi,magram aris qristianobashi bevri pasuxgaucemeli kitxva,bevri lapsusic,bevri sxva religiidan gadmotanili,es yvelaperi bunebrivia da yoveltvis xdeboda,adamiani ki misi bunebidan gamomdinare mudam dziebashia,echvi da skepticizmic bunebrivia da amistvis mavanni qvebs ar unda isrodnen qristes saxelit.

                    Like

                    1. იმედია ჩემგან არაფერი არ მოგხვდა:-)
                      პირადში მომწერე და იქ გვაგრძელოთ.
                      მიყვარს თეოლოგიური საუბრები

                      Like

  4. ძალიან მაგარი პოსტია.

    მე სულ მაინტერესებდა, თუ ადამისა და ევას შემდეგ სამყარო ინცესტის შედეგად შეიქმნა, რატომ ითვლება იგივე დღეს საშინელ ცოდვად?

    Like

    1. მადლობა :)) მოსეს დროს აიკრძალა, რადგან ადამიანები გამრავლდნენ და შეიძლებოდა მაგის გარეშეც

      Like

      1. ირაკლი

        რელიგიაზე წერა მომგებიანია)) მალე ამ არხის ჟურნალის გამოსვლას ველით საქართველოში და აშკარად კონკურენტი გამოგიჩნდება)) თუ შენ თავად ხარ რედაქტორი)))

        Like

        1. მაგიტომ არ ვწერ, ამოჩემება ვიცი ხოლმე ერთი თემის 😀 მანამდე სულ ცხოველებზე ვწერდი, იმის წინ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებზე, იქამდე ადამიანზე ჩატარებულ ექსპერიმენტებსა და წამებაზე და ა.შ. ))

          Like

  5. giorgi

    tami bibliis shesadgeni cignebis,sxvarasxva legendebis da mitebis ertad tavmoyra daaxloebit dzveli celtagricxvis mexute saukuneshi daicyo da daaxloebit meore saukuneshi dasrulda da miigo dzveli agtqmis porma,egvipturis kultura da mat shoris mitologiis chamoyalibeba ki daaxloebit dxveli celtagricxvis mesame atascleulidan icyeba dzalian bevri rame shevida bibliashi egvipturi legendebidan,ase rom…. ))))))

    Like

  6. mgeli

    თუ პირიქით ეგვიპტელებმა სახე უცვალეს ბიბლიურ თქმულებებს და მერე თავიანთ მოგონილ ღმერთებს დაუკავშირეს ისინი სტატია უბრალოდ კარგად რომ წაგეკითხა მიხვდებოდი ადამის და ევას ისტორია ბევრად ძველია და ის უძველესი დროიდან იღებს სათავეს მაშინ არც ეგვიპტური ცივილიზაცია არსებობდა და არც რაიმე სხვა ეროვნება

    Like

  7. ძალიან მომეწონა შენი ბლოგი, სამუშაო მაყრია თავზე და მე კიდე ახალ-ახალ პოსტებს ვხსნი და ვკითხულობ, თან ვრცელი პოსტებია და ისე იკითხება, ჩაგითრევს და ბოლომდე თუ არ წაიკითხე შანსი არაა ვერ გახვალ :))) კარგი აღმოჩენა იყო დღეს შენი ბლოგი :))

    Like

  8. MaaR

    არ ვეთანხმები ამაზე: ორივე ძმა იმას ირჩევს მსხვერპლად, რისი გაღებაც თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეუძლია – კაენს მოსავალი მიაქვს, აბელს კი კრავები. ღმერთი იწონებს აბელის შემოთავაზებას, მაგრამ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარყოფს კაენისას. ეს არის ამ ამბის მრავალი საიდუმლოდან პირველი: რატომ ამჯობინა ღმერთმა ერთი შესაწირი მეორეს და ერთი ძმა მეორეს? ამ საკითხზე დაბადების წიგნი დუმს.

    რატომ? სულაც არა… უბრალოდ კაენმა მოვალეობის მოხდის გამო შესწირა მსხვერპლი. აბელმა კი მთელი გულით, ღვთის გამო…. ხომ არს ამათ შორის განსხვავება?

    Like

    1. imeda

      მსხვერპლშესაწირი უნდა ყოფილიყო ის რაც სისს დაღვრიდა ამიტომ დაიწუნა ღმერთმა კაენის მსცვერპლი და არა იმიტომ რომ ერთი უფრო მეტად უყვარდა მეორეზე. ეგ ერთი .ეორეც კიდე მკვლელობის შემდეგ აშკარად იკვეთება კაენის აგდებული დამოკიდებულება უფლის მიმართ თავისი საუბრიდან გამომდინარე. მსხვერპლი მიიტანა მაგრამ არა გულით და სიყვარულიტ არამედ სავსებით ყოველგვარი გრძნობის და სიყვარულის გარეშე. სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი ეკლესიაში სიარული სანთლების ანთება და პირჯვრის გადაწერა მხოლოდ რიტუალია და არა უფლის მიმართ სიყვარული და მისი ერთგულებაა. ამ გველაფერს ცივი გულით და უგრძნობლად ვაკეთებთ….. მაგიტომაც ისჯება საქართველო 30 წელია და სანამ არ მოვალთ აზრზე ეგრე იქნება სულ……. მოჩვენებითი ქრისტიანობა დასჯადია და თან უმკაცრესად…… ცოცხალ ღმერთტან ურთიერთობაზე ვარს ვაცხადებთ და გავაკერპეთ ტაძრები ხატები ტიტუალები მღვდლები. გავაკერპეთ საქართველო და ის კი დაგვავიწყდა ტომ ამ ყველაფრის საწყისი ღმერთია და ის უნდა იყოს საწყისი ნებისმიერი ჩვენი წამოწყების…..

      Like

  9. sadsads

    რაღაც არ მომწონს არ ჩანს წმინდა მამათა განმარტების სული. ასევე ყურანი რა მოსატანია. ეშმაკი გამოეცხადა მუჰამედს, იძალადა მასზე და მაგით შეიქმნა ყურანი და ცრუ სწავლებაა შესაბამისად.
    არც წამიკითხავს პოსტი რადგან რაგაც არა მართმადიდებლური მხრიდან არის დანახული და უამრავი მცდარი და ცრუ შეხედულება იქნება მასში მისი დასაწყისიდან გამომდინარე და არასწორი აღქმიდან გამომდინარე.

    Like

    1. :დ

      ეს მეცნიერული განხილვაა, შენი კომენტარიდან კი აშკარაა, რომ მეცნიერებისგან შორს ხარ

      Like

  10. გამოხმაურება: ბიბლიის გამოცანები: მკვდარი ზღვის გრაგნილები « ჩრდილოეთის ციალი

  11. კაენისა და აბელის ამბავი არ მჯერა და მომკალით. ერთხელ ერთ ფანატიკოს ვკითხე, რანაირად გამრავლდა ორი ადამიანისგან ამდენი ხალხითქო და პასუხი იყო ასეთი: ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერიაო. რას იზამ ,,რკინის ლოგიკაა”

    Like

  12. Samara morgan

    „მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ზანგებს უწოდებენ, კაენის შვილები გახლავთ.”კრეაციონულ და ევოლუციურ თეორიას შორის პარალელი რომ გავავლოთ,ევოლუციური თეორიის თანახმად პირველი ადამიანი ჰომო საპიენსი ცხადია შავკანიანი იქნებოდა,პარალელურად კრეაციონულ თეორიაში თუ აბელი იყო შავკანიანი,და ისევ და ისევ კრეაციონისტების თქმით ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა,ღმერთი “ზანგი” გამოდის…Trolololo

    Like

  13. sandro

    ეს ყველაერი იმდენად უცნაურია რომ,მე პირადად ვერ დავიჯერებ ღმერთის ასებობას

    Like

  14. zaza

    ჩემი აზრით ღმერთის არსებობა ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან ადამიანი მართალია თავისუფალი არსებაა, მაგრამ ამავდროულად შეიძლება ითქვას არ არის თავისუფალი, მხოლოდ თავისუფალი ნება აქვს, რადგან ღმერთსა და ადამიანს სული აკავშირებს ერთმანეთთან, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა მაინც ღმერთისკენ მივისწრაფით, როგორც წყალი ყოველთვის თავის კალაპოტს რომ ეძებს, ჩვენ ღმერთის ნაწილი ვართ, მიუხედავად იმისა რომ ამბობენ, ღმერთი არ მწამს და ასე შემდეგ…
    ყოველთვის არის კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის ჩვენ ამას ვიჯერებთ თუა არა…
    როგორც ტყუპები გრძნობენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა ისინი ერთმანეთისგან შორს არიან თუ არა, როგორც მშობელი რომ უფრო გრძნობს შვილის ტკივილს ვიდრე თვითონ შვილი საკუთარ ტკივილს…
    არიან ადამიანების კატეგორია რომლებიც სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავენ არ დაიჯერებენ, ადამიანი ყოველთვის რაღაცას ეძებს და ამ ძებნაში (არასწორად ეძებს) რადგან ვერ ხედავენ ღმერთს, ვერ ხედავენ იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებსაც ადვილად უნდათ ყველაფრის მოპოვება სიძნელეებს გაურბიან, ღმერთთან მისვლა და დანახვა არ არის ადვილი რადგან რწმენა, მოთმინება და სიყვარულია საჭირო, სიტყვით თითქოს ძალიან უბრალოდ, ადვილად ჟღერს მაგრამ საქმით ძალიან ძნელია, მაგალითად, მოერიო საკუთარ თავს, ძალიან ძნელია, ძალიან კიარა ამაზე მეტი სიძნელე არ არსებობს… საკუთარ თავზე გამარჯვება სწორედ იმას ნიშნავს რომ ღმერთთან ახლოს იყო, ადამიანი ბოროტი არ არსებობს, მხოლოდ ცხოვრების განმავლობაში იძენს ბოროტულ თვისებებს ან როგორიც იყო, კეთილი, ისეთივე რჩება…
    ერთი უხეში შედარება რომ გავაკეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგალითად, ადრე, თუ დაკვირვებულხართ საბჭოთა კავშირის დროს, რატომ იყო ქალის მიმართ უფრო მეტი ინტერესი ვიდრე ეხლა?..
    იმიტომ რომ უფრო ძნელად მისაწვდომი, მოსანადირებელი იყო ხო?
    მაგრამ ინტერესი უფრო ძლიერი იყო, ხო?
    პატივისცემაც უფრო მეტი იყო ქალის მიმართ ვიდრე ეხლა…
    როდესაც ქალმა და კაცმა გათანაბრება დაიწყეს ერთმანეთის მიმართ, დაიკარგა ყველაფერი, ინტერესიც და პატივისცემაც, მაშინდელთან შედარებით, მაგრამ სამწუხაროდ რაც დრო გადის კიდევ უფრო იკარგება ეს ყველაფერი, ვიცი დღეს ბევრ ქალს ესეთი ლაპარაკი არ სიამოვნებს მაგრამ თუ დაფიქრდებიან ნამდვილად ამის ბრალია, სიმართლე მწარეა მაგრამ ესეთია, როდესაც კაცი გრძნობს რომ ქალზე ზევით დგას უფრო ძლიერია (მე ვლაპარაკობ ნორმალურ კაცზე და ქალზე, ნუ დაიწყებთ რაღაც ფაქტების მოყვანას, იმან ის მოკლა ამან ეს მოკლა…) მაშინ ყოველთვის ფიქრობდა ქალის დაცვაზეც და პატივსიცემაზეც, ეხლა როდესაც თანასწორობაზე ლაპარაკობენ არ ფიქრობენ იმას რომ ეს ადამიანურია, უნდა თუ არ უნდა კაცი მაინც ფიქრობს იმას რომ თუ ჩემნაირი გინდა რომ გახდე, ჩემი თანასწორი, მაშინ რასაც მე ვაკეთებ როგორც მე ვცხოვრობ, მძიმე, უხეში სამუშაოები იქნება თუ რაც იქნება ცხოვრებაში, მაშინ შენც ისე იცხოვრეო… და რას ვიღებთ დღეს ამით, უკვე სახეზეა, ნათლად ჩანს რომ აღარანაირი პატივისცემა ქალის მიმართ, აღარანაირი ზრუნვა ქალის მიმართ კაცივით ხდება ქალი, სამწუხაროდ რაც დრო გადის როლები იცვლება, კაცი ქალივით ხდება ქალი კაცივით, დაიკარგა ქალის მიმართ სიყვარული, ინტერესი…
    კაცი მაშინ არის ძლიერი როცა ქალზე ზრუნავს, ქალს იცავს, ეხლა ფაქტიურად აღარ ჭირდება ქალს დაცვა, ზრუნვა, იმიტომ რომ მას თანასწორობა უნდა…
    ღმერთმა კაცს ქალი ნაზი არსებად რატომ გაუჩინა?.. იმიტომ რომ დაეცვა და ეზრუნა მასზე, თუკი კაცი ქალს იცავს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას რომ არ არიან თანასწორნი ხო?…
    ღმერთი რატომ არის ღმერთი? იმიტომ რომ მას გააჩნია ნება სიყვარულისა, ნება მოთმინებისა, ნება სიკეთისა, ნება თავმდაბლობისა…
    ადამიანს სწორედ ეს სჭირდება რომ განღმერთდეს, სიყვარული, მოთმინება, თავმდაბლობა და რწმენა…
    ძალიან ბევრი ფაქტია ისტორიაში ადამიანებისა რომლებიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდნენ რომ არ არსებობს ღმერთი, შემდეგ მომხდარა ისე რომ უნახავთ, შეუგრძვნიათ ღმერთი და იმის შემდეგ ან გაქრისტიანებულან ან მთელი ცხოვრება ღმერთის რწმენაში გაუტარებიათ…
    ღმერთი, იმიტომ არის ღმერთი რომ მიუწვდომელია (მათთვის ვინც ამტკიცებს რომ არ არსებობს), ძნელი სანახავია, ღმერთთან ყველას რომ შეეძლოს მისვლა მაშინ ღმერთი აღარ იქნებოდა, სწორედ ეგ არის ინტერესი ადამიანისთვის რომ ვერ წვდება და ცდილობს მიწვდეს, აქ არის მთელი აზრი ცხოვრებისა… სიყვარულით და სიკეთით, თავმდაბლობით, რწმენით უნდა მიწვდე, სხვანაირად არაფერი გამოვა… ვინც ამბობს რომ ღმერთი არ არსებობს, სწორედ მათ უფრო მეტად აინტერესებს ღმერთის არსებობისა, (ვისაც სჯერავს რომ არსებობს, მათმა უკვე იციან რომ არსებობს) მხოლოდ გარეგნულად არიან აგრესიულები იმიტომ რომ ვერ გრძნობენ ღმერთს და ასე გამოხატავენ…
    ან როგორ შეუძლიათ დაამტკიცონ რომ ღმერთი არ არსებობს?
    ხალხი რომ არიან ვინც გრძნობენ ღმერთს და ახლოს არიან ღმერთთან?… მათზე ვერ ვიტყვით ფანატიკოსები არიანო, რადგან მათაც იგივე შეუძლიათ თქვან იმათზე ვისაც არ სწამს ღმერთისა, რადგან გრძნობენ, და ელაპარაკებიან ღმერთს…
    მაგალითად ჰაერს ხომ ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ, შეიგრძნობ შენი სიცოცხლე დამოკიდებულია და მის გარეშე ვერ იცოცხლებ, და ხომ გვჯერავს ყველას რომ არსებობს ჰაერი?…
    ესეა ღმერთი, ჩვენს მიმართ…
    ღმერთის არსებობის მტკიცებულებები უფრო ბევრია ვიდრე არარსებობის…
    ღმერთი არ ერევა ჩვენს საქმეში, მან ხომ მოგვცა თავისუფალი ნება, ჩვენ თავისუფლები ვერ ვიქნებით ჩვენ მხოლოდ ნება გვაქვს თავისუფალი, ნება არის სული, რომელიც გვაკავშირებს ღმერთთან, ჩემი აზრით რადგან ღმერთის გარეშე დავიკარგებით, გავქრებით, მარტო ხორცი, ლეში ვიქნებით…
    ეს არის როგორი რაღაცა იცით, ადამიანმა რომ მოიგონოს ძალიან მაგარი რობოტი, ისე რომ თვითონ ფიქრობდეს, დაპროგრამება რომ არ სჭირდებოდეს, დაახლოებით მსგავსი ადამიანისა და ადამიანმა მისცეს ნება თავისუფალი, წადი და სადაც გინდა და როგორც გინდა ისე იცხოვრეო, დარწმუნებული ვარ ადამიანი ამას არ გააკეთებს, ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, იმიტომ რომ იწვალა, ოფლი დაღვარა და ესე ადვილად არ გაუშვებს…
    ღმერთმა თავისუფალი ნება მოგვცა…
    მაგრამ, რომც გაუშვას ადამიანმა, მაინც თვალყურს ადევნებს რათა თუ დახმარება დასჭირდება მაინც დაეხმარება, თავისი შექმნილია და რამე რომ მოუვიდეს გული დასწყდება…
    რაც ხდება დედამიწაზე ყველაფერი ჩვენით ხდება, ჩვენ ვართ შემოქმედნი ამ ყველაფრისა, უბრალოდ, ადამიანებს ერთი ყველაზე დიდი ცუდი ჩვევა მოგვსდევს დღემდე, ჩვენი ჩადენილი შეცდომის აღიარების მაგივრად სხვისკენ ვიშვერთ ხელს, გვიჭირს ვაღიაროთ რომ შეცდომა დავუშვით, ვცდებით…
    ღმერთი მხოლოდ მაშინ ერევა ადამიანის საქმეში როდესაც ადამიანი ბრმად, შეუგნებლად რაიმე ცუდს აკეთებს, მხოლოდ მაშინ უშლის ხელს, რათა არ გადაიჩეხოს, მაგრამ ადამიანს როდესაც რაიმე მიზანი უკვე გადაწყვეტილი აქვს მაშინ ხელს არ უშლის, არ ერევა, რადგან ეს უკვე შენი ნებაა და არ გირღვევს უფლებას, რადგან მიხვდე რომ ეს შენ გააკეთე, შენი ნებით…
    მე პირადად, ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემი ძალებით რაღაცას ვეღარ ვაკეთებდი მეგონა რომ მორჩა, ამომეწურა ყველა საშუალება და ღმერთს მივენდობოდი, მაშინ უფრო მიმართლებდა (მაგრამ, ამას პირდაპირი მნიშვნელობით გამართლება არ ჰქვია, იმიტომ რომ გამართლება შეიძლება ერთხელ ორჯერ, მაგრამ ხშირად, ეს უკვე გამართლება არ არის, ეს სწორედ ის არის რომ ღმერთზე ხარ მინდობილი) და კარგად გამომდიოდა ყველაფერი, ისე როგორც საჭირო იყო…
    თუ გავიხედავთ უკან, ჩვენს განვლილ ცხოვრებას სწორად და ზუსტად გადავხედავთ, შევაფასებთ, მაშინ დავინახავთ ღმერთის არსებობას, როდის ჩაერია ჩვენს ცხოვრებაში და როდის არა…
    (ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემი აზრია, მე ესე გავიზარდე და ესე მწამს, ესე მჯერავს, ისე რომ არავინ გაღიზიანდეს თუ არ მოეწონება, უბრალოდ თქვას რომ ცდებიი.. :)))

    Like

  15. გამარჯობა,
    წმინდა ცეცხლის შესახებ ხომ არ გაქვს რაიმე სტატია ბლოგზე, ან ხომ არ გაქვს დოკუმენტური ფილმები მის შესახებ?

    Like

  16. სპარტაკი

    მე ასე ვიცი და მაქ ნასწავლი. ჯერ კაენს გაუჩნდა შურის გრძნობა და ცდილობა ყოველთვის მეტი შესაწირი მიეტანა ვიდრე აბელის. აბელის რაც ქონდა მცირედით გამოხატავდა ალალაი და კეთილი გულით. კაენი კიდე ცდილობდა რაც შეიძლებოდა ბევრი და მრავალ ფეროვანი ხილბოსტანი ქონოდა.ამოს გამო არ იღებდა კენის ძღვენს. შემდეგ გაუჩნდა ბრაზი ბოროტება მერე მკვლელობა და ასე ნელ ნელა მოვიდა კაციბრიობაში შური .ბრაზი ბოროტება .

    Like

  17. imeda

    მოგესალმებით მეგობრებო. აბელის და კაენის ისტორიით იწყება ეს პოსტი და წერია რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწუნა ღმერთმა კაენის შესაწირი. საქმე იმაშია რომ ადამიანის ცოდვა დაცემის შემდეგ ცოდვის გამოსყიდვა ხდებოდა მხოლოდ სისხლით ქრისტეს შობამდე. (ქრისტემ თავისი განკაცებით და ჯვარცმით გამოისყიდა ჩვენი ცოდვილი ბუნება ანუ სისხლი დაიღვარა). ანუ კაენის შესაწირი არ იყო სწორი და კაენს არ ქონდა გააზრებული სწორად ცოდვა დაცემის მსხვერპლშესაწირი რომ უნდა ყოფილიყო ისეთი რაც სისხლს დაღვრიდა. აბელის შესაწირი სწორი იყო და კაენის არა. ესაა მიზეზი რის გამოც ღმერთმა არ მიიღო კაენის მსხვერპლი.

    Like

დატოვე კომენტარი