ავაზამ სიჩქარის რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა


ავაზამ, სახელად სარამ, რეკორდი დაამყარა 100 მეტრიან მანძილზე სირბილში და 5.95 წამი აჩვენა, რის ფონზეც „სამარცხვინოდ” ჩანს იამაიკელი სპრინტერის უსაინ ბოლტის 9.58 წამიანი მონაცემი.

11 წლის ავაზა ოჰაიოს შტატში მდებარე ცინცინატის ზოოპარკის მკვიდრია. სპეციალურად მოწყობილ სარბენ მდელოზე მან მაქსიმალური 100 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა, გვამცნობს ზოოპარკის წარმომადგენლობისა და National Geographic-ის ჟურნალის მიერ შედგენილი ერთობლივი მოხსენება, რომელიც ხუთშაბათს (2 აგვისტო) გავრცელდა. National Geographic-ი სარასა და სხვა ავაზებს ფოტოებს უღებდა ნოემბრის ნომრისთვის, სადაც სიჩქარის უპრეცედენტო მაჩვენებლებზე იქნება საუბარი.

სარას სპრინტი (მცირე დისტანციაზე სირბილი) წარმოადგენს 100 მეტრის ყველაზე სწრაფად დაფარვის შემთხვევას. აქამდე არ დაფიქსირებულა სხვა რომელიმე ცხოველი, რომელიც ამ მანძილს იგივე ან უფრო ნაკლებ დროში გაირბენდა. თუმცა ეს სულაც არ ყოფილა სიურპრიზი კეტრინ ჰილკერისთვის, რომელიც ცინცინატის ზოოპარკის კატების დაცვის პროგრამის დამაარსებელია. ის სარას ჯერ კიდევ ლეკვობიდან ზრდიდა.

„სარასავით ვერავინ დარბის. ყოველთვის ვიცოდი, რომ 6 წამზე ნაკლებ დროში შეეძლო გარბენა, მაგრამ ახლა, როცა ეს მოხდა და საკუთარი თვალებით ვიხილე, უბრალოდ საოცრებაა”, ამბობს ჰილკერი. „სირბილისას ლაქებიან რაკეტას ჰგავდა. აქამდე არცერთი ცოცხალი არსება არ მინახავს, რომელიც ასეთი სწრაფი იქნებოდა.”

გადაღებებში 5 ავაზა მონაწილეობდა და თითოეული დღეში რამდენიმე სპრინტს ასრულებდა. როგორც ეტყობოდათ, ეს მათთვის კარგი გასართობი იყო – ხტებოდნენ ფურგონიდან და ედევნებოდნენ ბეწვიან სათამაშო ძაღლს.

ავაზები ხმელეთის უსწრაფეს ცხოველებად არიან მიჩნეული, აჩქარებით შეუძლიათ მეტოქეობა გაუწიონ Lamborghini-ს მოდელებს. ისინი 100 კმ/სთ-ს საშუალოდ 3 წამში აღწევენ ხოლმე, სიჩქარის მაქსიმუმი კი ზოგჯერ 120 კმ/სთ-მდე ადის. თუმცა, ისევე როგორც ადამიანებში, ავაზებშიც არიან გამორჩეული ინდივიდები, რომლებსაც განსაკუთრებით განვითარებული ფიზიკური მონაცემები აქვთ. ცინცინატის ზოოპარკში ჩატარებულ შეჯიბრებში ავაზების მიერ დაფიქსირებული დრო მერყეობდა 5.95-დან 9.97 წამამდე.

მიუხედავად იმისა, რამდენად განმაცვიფრებელია სარას რეკორდი, შეიძლება თითქმის დაზუსტებით ითქვას, რომ ველურ ბუნებაში უკეთესი შედეგებიც ფიქსირდება ხოლმე. მშიერი ავაზა, რომელიც ლეკვების გამოსაკვებად ანტილოპას მისდევს, უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ზოოპარკში გაზრდილი და სათამაშოს გამოდევნებული მისი თანამოძმე.

აღსანიშნავია, რომ სარას მანამდეც ჰქონდა რეკორდი დამყარებული – 2009 წელს მან 6.13 წამში დაფარა 100 მეტრი.

 

10 thoughts on “ავაზამ სიჩქარის რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა

  1. vaa ramagaria 😀 useinam tavi damalos jobia 😀 charlie saintereso posti iyo. shemdegi siaxle iset ambebze gaakete romelic sazogadoebis farto masebistvis ucnobi rom aris. kaia mase gaagrdzele

    Like

დატოვე კომენტარი