მკვლევარებმა სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნეს


სტოუნჰენჯი იმისთვის აიგო, რომ განემტკიცებინათ ახალი აღმოსავლურ-დასავლური გაერთიანება, რომელიც ერთმანეთში მებრძოლი ბრიტანული ტომებისგან ჩამოყალიბდა. საუკუნეების განმავლობაში არსებული დაპირისპირებისა და ბრძოლების შემდეგ ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოდ ყალიბდებოდა, სტოუნჰენჯს კი ამაში დახმარება უნდა გაეწია – ასეთია მეცნიერთა 10 წლიანი კვლევის შედეგები.

ახალი აღმოჩენა უარყოფს ამ მეგალითურ ნაგებობაზე გავრცელებულ პოპულარულ ჰიპოთეზებს, როგორიცაა არამიწიერი ცივილიზაციის მიერ აგება, ეგვიპტური ცივილიზაციის გავლენა, ზაფხულის ნაბუნიობასთან კავშირი და ა.შ. მეცნიერებმა ასევე უარყვეს ცნობილი იდეა, რომ მონუმენტი იყო პრეისტორიული ობსერვატორია, მზის ტაძარი, განკურნების ადგილი ან უძველეს დრუიდთა ტაძარი.

მათი თქმით, ქვები წარმოადგენენ სხვადასხვა კლანების წინაპრების სიმბოლიზებას, რომლებიც ადრეულ ეპოქაში მოსახლე მიწათმოქმედი ოჯახები იყვნენ და ქვის ხანის მიწურულს ცხოვრობდნენ. მათში აღინიშნებოდა რელიგიური ნიშნით განსხვავებები და შიგადაშიგ სხვადასხვა სახის კონფლიქტები.

შეფილდის უნივერსიტეტის (სამხრეთ იორკშირი, ინგლისი) პროფესორმა მაიკ პარკერ პირსონმა განაცხადა: „როცა სტოუნჰენჯი შენდებოდა, კუნძულზე ერთიანი კულტურა ვითარდებოდა – ორკნიდან სამხრეთ სანაპირომდე ერთნაირი სტილის სახლები, კერამიკა და კულტურის სხვა ნიმუშები იყო გავრცელებული. ეს კი ძალიან განსხვავდებოდა წინა საუკუნეებში არსებული რეგიონალიზმისგან.”

„მონუმენტის მშენებლობამ ხელი შეუწყო თანამშრომლობისა და გაერთიანების ახალი სულის ჩამოყალიბებას. სტოუნჰენჯის აგება საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, მოითხოვდა ათასობით მუშას, რათა უზარმაზარი ქვები გადაეტანათ ისე შორს, როგორიცაა დასავლეთ უელსი, შემდეგ გამოეთალათ, ფორმა მიეცათ და აღემართათ.”


ამ ადგილის განსაკუთრებული მნიშვნელობა კარგად მოეხსენებოდათ ბრიტებს, რადგან მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამებოდა შუა ზაფხულის მზის ამოსვლისა და შუა ზამთრის მზის ჩასვლისას სხივების მიმართულებას.

„როცა ამ არაჩვეულებრივ ბუნებრივ წყობას წავაწყდით, სადაც მზის გავლილი გზა ხმელეთზეც აისახება, მივხვდით, რომ უძველესი ხალხის მიერ სტოუნჰენჯის ასაშენებლად ამ ადგილის არჩევის მიზეზი მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იყო. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არის სტოუნჰენჯის 8 მონუმენტი ნაბუნიობის მიხედვით განლაგებული. ადამიანები მას მსოფლიოს ცენტრად აღიქვამდნენ.”

როგორც ჩანს, სტოუნჰენჯის აგების პერიოდში – 5000-4500 წლის წინ – ზამთრის ნაბუნიობა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმდროინდელი ხალხისთვის, ვიდრე ზაფხულისა, როგორც აქამდე ეგონათ.

„ამას ისიც ადასტურებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ღორის ძვლები. ღორის ხორცს კი შუა ზამთარში მიირთმევდნენ დარინგტონ-უოლსის ახლომდებარე დასახლებაში, ხოლო სტოუნჰენჯის მონუმენტების უმეტესობა ესადაგება შუა ზამთრის პერიოდის მზის ამოსვლა-ჩასვლას და არა შუა ზაფხულისას. სტოუნჰენჯის მთავარი ღერძი, რომელსაც ქმნის მონუმენტის უდიდესი ქვათა წყობა, დიდი ტრილიტონი, შუა ზაფხულის მზის ამოსვლის საპირისპირო მხარეს დგას.”

პროფესორმა მაიკ პარკერ პირსონმა და მისი გუნდის წევრებმა მტკიცედ უარყვეს ის აზრი, რომ სტოუნჰენჯის აგებაში რაიმე გავლენა ჰქონდათ უძველეს ეგვიპტელებს ან უცხოპლანეტურ ცივილიზაციებს. „ნებისმიერ არქიტექტურულ შტრიხს, რისი გავლენაც სტოუნჰენჯში იგრძნობა, წააწყდებით მანამდე აგებულ მონუმენტებსა და შენობებში ბრიტანეთის ტერიტორიაზე, დასაბამს კი უელსსა და შოტლანდიაში იღებენ.”

„ნეოლითის პერიოდში ბრიტანეთის მოსახლეობა იზოლირებული იყო დანარჩენი ევროპისგან საუკუნეების მანძილზე. შეიძლება ბრიტანელები გაერთიანდნენ, მაგრამ მათ არანაირი ინტერესი არ ჰქონიათ, კუნძულის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს დაკავშირებოდნენ. როგორც ჩანს, სტოუნჰენჯი ქვის ხანის ბოლო ამოსუნთქვა იყო, ამის შემდეგ კი დაიწყო ახალი ტექნოლოგიების ხანა – მეტალის იარაღები და ბორბალი.”

ადრე არსებული თეორიები გვთავაზობდნენ, რომ ქვების დიდი წრე გამოიყენებოდა პრეისტორიული ობსერვატორიის, მზის ტაძრის, სამკურნალო ადგილის ან დრუიდთა ტაძრის დანიშნულებით. მეცნიერებმა ყველა ეს ვერსია გამორიცხეს იმ 10 წლიანი არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე, რომლის მეშვეობითაც მრავალი ახალი ინფორმაცია მიიღეს. ეს კვლევა – Stonehenge Riverside Project – ყველაზე ხანგრძლივი იყო, რაც კი ბრიტანულ მონუმენტზე ჩატარებულა.


Stonehenge Riverside Project-ის ფარგლებში სტოუნჰენჯის სიახლოვეს, დარინგტონ-უოლსთან, აღმოაჩინეს ნასახლარები და დიდი სოფელი, ასევე ადგილი, სადაც წარსულში მსგავსი მეგალითური ნაგებობა იყო. მას ბლუჰენჯი (ასევე ბლუსტოუნჰენჯი) უწოდეს. Stonehenge Riverside Project-ის მიზანი იყო არამარტო სტოუნჰენჯისა და მისი ლანდშაფტის გამოკვლევა, არამედ ქრისტეს შობამდე 3000-2500 წლებში აგებული მონუმენტის ფართო სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ანალიზი. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მკვლევარები შეფილდის, მანჩესტერის, საუთჰემპტონისა და ბორნმუტის უნივერსიტეტებიდან, ასევე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.

9 thoughts on “მკვლევარებმა სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნეს

  1. საინტერესო სტატიაა მაგრამ ქვის ხანის პერიოდში ბორბალიც კი რო არ იყო გამოგონებული როგორ დააყენეს მაგხელა ქვები მაინც გაუგებარია

    Like

  2. კარგი პოსტია ჩარლი, ზუსტად ეხლა ვამზადებ პოსტების სერიას სტოუნჰეჯზე ჩემი ინგლისური საღამოების ბლოკისთვის . ისე სიმართლე გითხრა, ცოტა გული დამწყდა ასეთი დასკვნის გამო. აქაურობა ზუსტად იმ იდუმალებით იყო განსაკუთრებული, რაც გააჩნდა. დრუიდების ტაძრის თეორიის დამტკიცება უფრო მომეწონებოდა ვიდრე ერთიანობის სიმბოლოსი, თუ რაღაც ამდაგვარი :)))

    Like

  3. საინტერესო იყო…
    იმედია არ მიწყენთ… ეს და კიდევ რამდენიმე ამ ბლოგური სტატია გამოვაქვეყნე ერთ-ერთ ახალ ქართულ სოციალურ ქსელზე, რომელსაც ქველი ჰქვია და რომლის ქველმოქმედებაც გამოიხატება სწორედ იმაში რომ ვქველმოქმედებთ ასეთი საინტერესო სტატიებით 😉 … >> http://www.qwelly.com/group/es_sainteresoa/forum/topics/6506411:Topic:21833

    Like

  4. datuna

    იმ ქვების დაყენება ხო მაგრამ ზემოთ როგორ დააადეს ისაა საინტერესო მე იდეაც მაქვს მაგრამ ცოტათი სულელურად მეჩვენება 😀

    Like

დატოვე კომენტარი