ინტერნეტ-მითი: დაიხურება თუ არა ფეისბუქი 2012 წლის 15 მარტს?


ბოლო პერიოდში ინტერნეტს ფართოდ მოედო სენსაციური ამბავი, რომ თითქოს მარკ ცუკერბერგი მომავალი წლის 15 მარტს Facebook-ის გაუქმებას აპირებს. ეს ამბავი ქართული ტელევიზიითაც გადმოიცა. გავრცელებული ინფორმაციით, მარკმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეისბუქი კონტროლს აღარ ექვემდებარება და ამ კომპანიის მარ­თვის გამო მიღებულმა სტრესმა მისი ცხოვრება დაანგრია, ამიტომაც ამ სიგიჟეს ბოლო უნ­და მოუღოს.

ასევე სახელდება მეორე მიზეზი, რომ ფეისბუქს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს, რის გამოც სოციალური ქსელის მუშაობა შენელდა. განცხადებაში მითითებული იყო ცუკერბერგის მოსაზრებაც, რომ ფეისბუქის გაუქმების შემდეგ ხალხი გარეთ გამოვა და ვირტუალური მეგობრების მაგივრად ნამდვილ მეგობრებს გაიჩენენ, ეს კი ყოველთვის კარგია.

რა ხდება რეალურად?

ინტერნეტში არც ისე იშვიათია ცრუ ინფორმაციები, რომ თითქოს რომელიმე ცნობილი და პოპულარული საიტი იხურება, იწყებს მომხმარებელთა ანგარიშების მასიურად წაშლას, მომსახურებას ფასიანს ხდის და ა.შ. მსგავსი ჭორები ფეისბუქზეც რამდენჯერმე გავრცელდა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფეისბუქის დახურვასთან დაკავშირებული ჭორის პირველწყარო და გავრცელების მთავარი ხელშემწყობი იყო საიტი Weekly World News, რომელმაც ეს ინფორმაცია 2011 წლის 8 იანვარს გამოაქვეყნა.

რას წარმოადგენს Weekly World News? ეს არის სახუმარო ხასიათის სადეზინფორმაციო საიტი, რომლის სტატიებსაც იუმორისტული დანიშნულება აქვთ და არა უტყუარი ინფორმაციის გაცნობა (მიუხედავად მათი სლოგანისა – The World’s Only Reliable News! :D). სტატიები ხშირად ფანტასტიკური, ზებუნებრივი და პარანორმალური ხასიათისაა.

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა და Weekly World News-ის სტატიები მანამდეც მიუღიათ სერიოზულად. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ცნობილი სიახლეებიდან აღსანიშნავია: ნოემბერში დედამიწას უცხოპლანეტელთა ხომალდი დაესხმება თავს, ჯორჯ კლუნი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას აყენებს, კადაფი ჩაკ ნორისმა მოკლა, ოსამა ბინ ლადენი ჩაკ ნორისმა მოკლა, მეხიკოს ზომბები შეესივნენ და ა.შ.

ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმა 10 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომ ისინი სულაც არ გეგმავენ საიტის დახურვას ან რაიმე მსგავსს. პირიქით, ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ.

Weekly World News-ის სტატიის თავდაპირველ ვერსიაში სოციალური ქსელის დახურვის თარიღად 2011 წლის 15 მარტი ეწერა, მაგრამ ამ დღემ რომ ჩაიარა და ფეისბუქს არაფერი მოუვიდა, თარიღი ერთი წლით გაზარდეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ სტატიამ საკმაოდ დიდი აურზაური გამოიწვია და მითქმა-მოთქმა ჯერაც არ წყდება.

თუ გავითვალისწინებთ ფეისბუქის ზრდის ტემპს, ნაკლებად სავარაუდოა, 27 წლის მილიარდერი მის გაუქმებას აპირებდეს.

ასე რომ სანერვიულო არაფერია, ფეისბუქი ისევ ჯანზეა 🙂

8 thoughts on “ინტერნეტ-მითი: დაიხურება თუ არა ფეისბუქი 2012 წლის 15 მარტს?

  1. ისე არაფერ შუაშია მაგრამ ბინ ლადენი და ჩაკ ნორისი ერთ დღეს დაბადებულები არიან 😀

    Like

  2. ჯერ დავიწყებ იმით რომ ”აგაშენა ღმერთმა” ამის დაწერისთვის! 🙂 ჭორად გავიგე და ვერსად ვერ ვნახე ინფორმაცია ამის თაობაზე. რომ გაუქმებულიყო გული ნამდვილად არ გამისკდებოდა, უფრო პირიქითაც.. მაგრამ მაინც :))))))

    Like

  3. ikkkkkk

    ძაან დამეზარა პოსტის წაიკითხვა მიუხედავად იმისა რომ მაინტერესებდა პასუხი და ბოლო წინადადებამ გამახარა! :დ

    Like

დატოვე კომენტარი