პატარძალი ბავშვების საიდუმლო სამყარო

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქორწინება იყო უკანონო და საიდუმლო ყველასთვის, გარდა მიწვეული სტუმრებისა, ცერემონია რაჯასტანში ღამით იმართებოდა. ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ პატარა სოფელში სამი პატარძალი გოგონა შუადღით ემზადებოდა, რათა რამდენიმე საათში წმინდა ფიცი დაედოთ. ისინი ჩაცუცქულები იყვნენ გვერდიგვერდ ტალახიან მიწაზე, სოფლის მაცხოვრებელი ქალები კი მათ გარშემო იდგნენ და სარის ტანისამოსი ეკავათ, რომელიც ფარდის მაგივრობას წევდა. შემდეგ მეტალის ქვაბიდან საპნიანი წყალი დაასხეს თავზე. საპატარძლოებიდან ორი, დები – რადჰა და გორა, 15 და 13 წლისები იყვნენ, მესამე კი, მათი ბიძაშვილი, რაჯანი – სულ რაღაც 5-ის. მას ვარდისფერი პერანგი ეცვა, რომელზეც მხართან პეპელა იყო ამოქარგული.

საქმროები გზად იყვნენ სოფლიდან რამდენიმე მილის მოშორებით. ცხენებით ან სპილოებით ქორწილში მათ არავინ შეუშვებდათ, ამიტომ მანქანით უნდა მისულიყვნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შემოხვდათ, იყო გოგონების მამა, ღარიბი შეჭაღარავებული მამაკაცი სწორი ზურგითა და მოხრილი ულვაშებით. ეს ფერმერი, რომელსაც პირობითად დავარქვამთ ბატონ M-ს, ერთდროულად ამაყიც იყო და ღელავდა. მან იცოდა, რომ თუკი მოუსყიდავი პოლიციელები გაარკვევდნენ, რაში იყო საქმე, ცერემონია შუაში შეწყდებოდა, ორგანიზატორებს დააპატიმრებდნენ და ოჯახს სახელი გაუტყდებოდა.

რაჯანი ბატონ M-ის შვილიშვილი იყო, მისი ყველაზე უფროსი ქალიშვილის შვილი. გოგონას მრგვალი ყავისფერი თვალები ჰქონდა, პატარა განიერი ცხვირი, კანი კი რძიანი შოკოლადის ფერი. ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. დედამისი, ტრადიციის მიხედვით, ქმრის სოფელში გადასულიყო, ხოლო რაჯანის მამა, როგორც ამბობდნენ, მსმელი და ცუდი ფერმერი იყო. სოფლელების თქმით, ყველაზე მეტად რაჯანი უყვარდა ბაბუას, ბატონ M-ს. სწორედ ამიტომ საქმრო პატივსაცემი ოჯახიდან შეურჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ გაუნას (ცერემონიალი, რომელიც მოიცავს პატარძლის გადასვლას საცხოვრებლად თავისი ოჯახიდან ქმრის სახლში) შემდეგ ის მარტო აღარასდროს იქნება. ბავშვების შემთხვევაში გაუნა ტარდება რამდენიმე წლის მერე, როცა პატარძალი უკვე მომწიფებულია.

ქორწინებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროდ ითვლება გაზაფხულის ყველაზე ცხელი თვე, სანამ მუსონის წვიმები დაიწყება. ინდოეთში 18 წლის ქვემოთ ასაკის გოგონას გათხოვება ეკრძალება, ამიტომ ცერემონიები ჩუმად ტარდება, რასაც ხელს მეზობლების თანხმობა უწყობს. საქმე უფრო მარტივადაა, როცა დანიშნულ გოგონას მიღწეული აქვს სიმწიფის ასაკამდე, მაგრამ რაც შეეხება რაჯანის ასაკის გოგონებს, აქ ინფორმაცია უკიდურესად გასაიდუმლოებულია. მათი სახელები მოსაწვევ ბარათებშიც არაა ნახსენები.

რაჯანს ცერემონიის დაწყებამდე ძილი მოერია. მისმა ბიძამ გოგონა ხელში აიყვანა და მთვარის შუქზე გაუყვა გზას იმ ადგილის მიმართულებით, სადაც იცდიდა ინდოელი მოძღვარი, ენთო წმინდა ცეცხლი, სტუმრები კი სკამებზე ისხდნენ. გოგონას მომავალი ქმარი, 10 წლის ბიჭიც იქვე იდგა და თავზე ოქროსფერი ჩალმა ეფარა. როდესაც ამ ყველაფერს უცნობი, უცხოელი პირი აკვირდება, ერთი სურვილი უჩნდება: გოგონას ხელი ჩაავლოს, ხელი კრას ყველას, ვინც გზაზე გადაეღობება და გაიტაცოს სამშვიდობოს, ცერემონია კი ჩაშალოს. 6 საათია დარჩენილი ქორწილამდე, გარშემო შებინდებულია. რაჯანს სურათებს იღებენ, გოგონას სახე მშვიდია, თვალები – ფართო, ოდნავ გადაკრავს ღიმილი.

***

ბავშვების ქორწინება გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე, განსხვავებული ენის, რელიგიის, სოციალური ფენის ადამიანებში. ინდოეთში, როგორც წესი, საქმრო საცოლეზე 4-5 წლით უფროსი უნდა იყოს. იემენში, ავღანეთში და მსგავს ქვეყნებში, სადაც ასეთი შემთხვევები მრავლადაა, პატარა გოგონას ქმარი შეიძლება იყოს ახალგაზრდა მამაკაცი, საშუალო ასაკის ქვრივი ან სულაც მოძალადე, რომელმაც ის გააუპატიურა და მიჩქმალვის მიზნით ცოლად მოჰყავს. ეს უკანასკნელი ძირითადად ეთიოპიაში ხდება. ზოგჯერ ასეთი ქორწინებები ბიზნეს-გარიგებასაც წარმოადგენს: მაგალითად, გარკვეული ოდენობის ვალის სანაცვლოდ მოვალე მხარეს 8 წლის გოგონას მიათხოვებენ. 2008 წელს მსოფლიო შეძრა 10 წლის იემენელი გოგონას, ნუჯუდ ალის, შემთხვევამ. ის 30-იოდე წლის მამაკაცს მიათხოვა მამამ ძალით, გოგონა კი გაყრას ითხოვდა. შემთხვევის შესახებ მსოფლიოს ყველა ცნობილი გაზეთი წერდა და ტელევიზია აშუქებდა. დაიწერა წიგნიც, სახელად „მე ვარ ნუჯუდი, 10 წლის და განქორწინებული”. მოგვიანებით ის 30 ენაზე ითარგმნა.

იმ საზოგადოებებში, სადაც მშობლების მიერ მოწყობილი პატარა ბავშვების ქორწინებები გავრცელებული ტრადიციაა, როგორც წესი, განათლების პრობლემა დგას. მაგალითად იქ, სადაც რაჯანი ცხოვრობს, მხოლოდ 5 კლასიანი განათლების მიღებაა შესაძლებელი. ავტობუსი ყოველდღე გადის ქალაქისკენ და ბოლო გაჩერება აქვს სკოლასთან. ავტობუსი, როგორც წესი, გადაჭედილია ხალხით. სკოლაში არაა საპირფარეშო ოთახი, რათა ახალგაზრდა გოგონამ სანიტარული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. სწავლა ფასიანია, ამიტომ პრაქტიკული ოჯახები მხოლოდ ბიჭებს აფინანსებენ. ინდოეთში, სადაც ხშირია ქორწინების შემდეგ რამდენიმე წელი მშობლიურ სახლში ცხოვრება, სანამ პატარძალი ქმართან გადავა, არსებობს ტერმინი „პარაია დჰანი”, რომელიც ასეთ გოგონებს შეესაბამება. მისი პირდაპირი მნიშვნელობაა „ვიღაც სხვის კმაყოფაზე”.

გავითვალისწინოთ ერთი დეტალიც: ის აზრი, რომ ქალს უფლება აქვს, აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრი, რაც სიყვარულსა და თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში დღემდე ითვლება უკიდურეს სისულელედ. ინდოეთის უმეტეს ტერიტორიაზე საქმროს ისევ მშობლები ირჩევენ. ქორწინების სიძლიერე აქ გამოიხატება ორი ოჯახის და არა ორი პიროვნების გაერთიანებაში. ამიტომაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხანშიშესული და უფროსი ადამიანები, რათა ახალგაზრდებმა ემოციურობით საქმე არ ჩაშალონ.

14 წლის იემენელი დედა აბანავებს უმცროს შვილს. მარჯვნივ უფროსი შვილია, 2 წლის ბავშვი.

ასე რომ ბევრ საზოგადოებაში, სადაც სიღარიბე „ზეიმობს”, სადაც არაქალწულები მიიჩნევიან ქორწინების ჩამშლელად, თაობები მიჰყვებიან ერთსა და იმავე ტრადიციას – ბებიები და დეიდები წინასწარ გეგმავენ, ვინ იქნება საქმრო იმ მოტივით, რომ მე ასე გავთხოვდი და მანაც ასე უნდა ქნასო. თუმცა ბავშვების ქორწინების საწინააღმდეგო კამპანიის მონაწილეებიც ზოგჯერ რთული პრობლემის წინაშე დგებიან. „ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი შეეცადა ქორწინების ჩაშლას”, – იხსენებს შრილა დას გუპტა, ორგანიზაცია ICRW-ის ყოფილი წევრი. „გოგონას მამამ მას უთხრა: თუკი გადავიფიქრებ და ჩემს შვილს მოგვიანებით დავაქორწინებ, ამ პერიოდის განმავლობაში აიღებ შენ მასზე პასუხისმგებლობას? თანამშრომელი ჩვენთან მობრუნდა და გვითხრა: რა უნდა ვქნა, თუკი 14 წლის ასაკში მას გააუპატიურებენ? ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.”

***

სამხრეთ იემენის ერთი მაცხოვრებელი მამაკაცი, სახელად მუჰამადი, ყვება: „ის, რაც ამ სოფელში მოხდა, დიდხანს მემახსოვრება. აქ ერთი გოგონა ცხოვრობდა, სახელად აიშა.” წინასწარმეტყველ მუჰამადის ყველაზე უმცროს ცოლსაც აიშა ერქვა, თუმცა ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ის 10 წლისაა, ძალიან პატარა. კაცი, ვინც ცოლად მოიყვანა, 50 წლისაა. დიდი ღიპი აქვს, აი ასეთი” და მუჰამადი აღწერისთვის ხელებით ღიპის ფორმას ხაზავს ტანთან. „თითქოს თაგვი ქორწინდება სპილოზე.”

მუჰამადი აღწერს გარიგებას, რომელსაც შიგარი ჰქვია – ორი მამაკაცი ხვდება და ერთმანეთის ნათესავ გოგონებს ახვედრებენ, რომლებიც მოგვიანებით პატარძლები გახდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცედურა გოგონების გაცვლაა. „ეს კაცები ერთმანეთის ქალიშვილებზე დაქორწინდნენ. ასაკით რომ შესაბამისები ყოფილიყვნენ, ალბათ არავინ გამოთქვამდა პრეტენზიას. მაგრამ გოგონები არ უნდა ქორწინდებოდნენ 9 და 10 წლის ასაკში. შეიძლება არც 15-16 წლის ასაკში.”

50 ოჯახი ცხოვრობს ქვისა და ბეტონის სახლებში იმ სოფელში, რომელსაც National Geographic-ი ეწვია. ადგილობრივი ხელმძღვანელი, იგივე შეიხი, მოკლე და წითური წვერის მქონე იყო, ქამარში ტრადიციული იემენური ხანჯლის გვერდით მობილური ჰქონდა გარჭობილი. ის ჟურნალისტებს გაუძღვა დაბალჭერიან სახლში, რომელიც ქალებით, ბავშვებით, გოგონებით იყო სავსე. ისინი იატაკსა და საწოლებზე ისხდნენ. შეიხი მათ შორის ჩაჯდა, წარბები შეიჭმუხნა და ჟურნალისტს ჰკითხა: „შვილები გყავს?” „ორი”, მიუგო მან. შეიხი შეშფოთდა: „მხოლოდ ორი?” შემდეგ თავით მიანიშნა ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც ბავშვი ეჭირა, ხოლო ორი იქვე წამომჯდარიყო. „ეს გოგონა 26 წლისაა, მას 10 შვილი ჰყავს.”

გოგონას სახელია სუადი. ის შეიხის შვილია. როცა 14 წლის იყო, მამამისის გადაწყვეტილებით, მის ბიძაშვილზე დაქორწინდა. „მე მომეწონა ის ბიჭი”, ამბობს სუადი დაბალი ხმით, მას შემდეგ, რაც შეიხი შეხედავს. „მე ბედნიერი ვარ.”

ამის შემდეგ შეიხმა ქორწინებასთან დაკავშირებით დაიწყო საუბარი. მისი თქმით, არცერთი მამა არ დააძალებს შვილს დაქორწინებას, თუკი მას ეს არ სურს. ხოლო პრობლემები ადრეულ ასაკში ბავშვების გაჩენასთან დაკავშირებით გაზვიადებული უნდა იყოს. პატარძლის გადმოსახედიდან, გათხოვება მარტივი პროცესი არაა, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. „ცხადია, ყველა გოგოს ეშინია პირველი ღამის, მაგრამ შემდეგ ეჩვევიან. ცხოვრება გრძელდება.”

ამ დროს შეიხის ტელეფონი აზუზუნდა. მან ქამრიდან ამოიღო და გარეთ გავიდა. ჟურნალისტმა შარფი მოიძრო, წინ გადადგა ნაბიჯი და ჩუმი ხმით იკითხა: „როგორ ემზადებით საქორწინო ღამისთვის? გასწავლიან, რა გელით?” ქალები შესასვლელისკენ იყურებიან, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ჩვენ არაფერი ვიცით. კაცებმა იციან და ისინი ძალადობენ ქალებზე.”

შემდეგ საუბრის თემა აიშას ამბით იცვლება. აქ ყველა ერთად იწყებს ლაპარაკს, რომ ეს იყო საშინელი მოვლენა, რომ მსგავსი რამ უნდა აიკრძალოს, რომ ისინი უძლურები იყვნენ და ხელი ვერ შეუშალეს. „როცა აიშამ მისი საქმრო იხილა, ტირილი დაიწყო”, ამბობს ფატიმა, აიშას უფროსი და. „ვიღაცამ პოლიციას შეატყობინა, მაგრამ მამამისმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩააცვა, რომ მაღალი გამოჩენილიყო, სახის დასაფარად კი პირბადე ააფარა. ამასთან გააფრთხილა, რომ თუ ციხეში ჩაჯდებოდა, იქიდან გამოსვლისას აიშას მოკლავდა. პოლიცია ისე წავიდა, რომ არავინ დაუკავებია. აიშა კი აქედან ორი საათის სავალი გზით დაშორებულ სოფელში გათხოვდა. მას მობილური აქვს, ყოველდღე მირეკავს და ტირის.”

***

„ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით რაიმე სახის საფრთხე რომ არსებობდეს, ალაჰი აკრძალავდა მას” – აცხადებს იემენის პარლამენტის წევრი მოჰამად ალ-ჰამზი. „ის რაც არ აუკრძალავს ალაჰს, ვერ აიკრძალება ჩვენს მიერ.” ალ-ჰამზი კონსერვატიული აზროვნების მქონე რელიგიური პირია და ენერგიულად ეწინააღმდეგება განსაზღვრულ ასაკამდე ქორწინების აკრძალვას (დღევანდელი პოზიციით, 17). თუმცა ყოველგვარი მისი ცდა ჯერჯერობით კრახით დასრულდა. ისლამი კრძალავს ცოლ-ქმრულ ურთიერთობას მანამდე, სანამ ცოლი არ მომწიფდება, თუმცა ყურანში არაა განსაზღვრული სპეციფიკური ასაკი. ასევე ცნობილია, რომ წინასწარმეტყველ მუჰამადის ერთ-ერთი ცოლი, აიშა, 9 წლის იყო გათხოვებისას.

სხვა იემენელი მუსლიმები ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ აიშა ცოლ-ქმრულ ურთიერთობის დაწყებისას მოზრდილი იყო, სადღაც 20 წლამდე. თუმცა იქვე ამატებენ, რომ აიშას მაგალითი უადგილოა. დღევანდელობაში პატარა გოგონაზე დაქორწინება რწმენის შეურაცხყოფაა. „ისლამში ადამიანის სხეულს დიდი პატივი აქვს მიგებული, ის ძვირფასეულობის მსგავსია.” – ამბობს ნაჯიბ საედ განემი, იემენის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ნაჯიბი ასახელებს ასეთი შემთხვევების უარყოფით სამედიცინო შედეგებს, მაგალითად ვაგინალური კედლების დაზიანებას. ასევე შინაგანი გარღვევები, რაც იწვევს სამუდამო შეუკავებლობას. ახალგაზრდა პატარძლებმა არც ის იციან, როგორაა ორგანიზმი მოწყობილი და რა პრინციპით მუშაობს, როგორ ვითარდება ბავშვი მასში.

იემენში არაა მიღებული სექსის თემაზე ღია საუბარი, მასზე არც განათლებული დედები და გოგონები საუბრობენ. ამ ქორწინებების რეალურ ხასიათზე – რომ მშობლები შვილებს ათხოვებენ მათზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე – იშვიათად საუბრობდნენ, ვიდრე სამი წლის წინ 10 წლის ნუჯუდ ალიმ არ მოაწყო აჯანყება ბავშვების გათხოვების წინააღმდეგ. იემენელ ხალხში გასაოცარი არ იყო ის, რომ ნუჯუდი მამამისმა სამჯერ უფროს მამაკაცს ძალით მიათხოვა. არც ის, რომ ქმარმა მასზე ძალა იხმარა, მიუხედავად დადებული პირობისა, რომ მომწიფებამდე ხელს არ დააკარებდა. არც ის, რომ ქორწინების მეორე დღეს ნუჯუდის დედამთილმა და მულმა ზეწარი შეამოწმეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ქალიშვილი იყო, შემდეგ კი სააბაზანოში წაიყვანეს. არა, ამაში გასაკვირი ვერაფერი ნახეს. სამაგიეროდ აღშფოთდნენ იმით, რომ გოგონამ ბრძოლა დაიწყო ამ ტრადიციის წინააღმდეგ.

ნუჯუდი ქმრისგან გამოიქცა და სახლში მიბრუნდა. მამამისმა ჩხუბი და ყვირილი დაუწყო, რადგან ოჯახის ღირსება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ გოგონა როგორ შეასრულებდა მოვალეობებს. დედა კი შეშინებული იყო და ჩარევა ვერ გაბედა. მან ნუჯუდი დალოცა, ტაქსის ფული მისცა და უთხრა, სად უნდა წასულიყო. როცა გაოცებულმა მოსამართლემ ჰკითხა, რას აკეთებდა დიდი ქალაქის სასამართლოში სრულიად მარტო, გოგონამ უპასუხა, რომ ქმართან გაყრა სურდა. მის საქმეს გადახედა ცნობილმა იემენელმა ადვოკატმა ქალმა. ამბავი გაშუქდა საინფორმაციო გამოშვებებში, ჯერ იემენში, შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში. ნუჯუდმა უკან არ დაიხია და როცა საბოლოოდ განქორწინება დადასტურდა, სასამართლო დარბაზში ხანგრძლივი ტაში დაუკრეს. გოგონა შეერთებულ შტატებში მიიწვიეს, რათა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსულიყო.

იემენელი ნუჯუდ ალი

ვისაც ნუჯუდთან ჰქონდა შეხება, ყველა გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა მისი სერიოზულობითა და სიმტკიცით. იმის მიუხედავად, რომ მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი, ჟურნალისტებსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებს ისევ ხალისიანად ხვდება და უშუალობას ინარჩუნებს. ამჟამად ის ისევ სახლში ცხოვრობს და სკოლაში დადის. მამამისს სახელი გაუტყდა და უარეს შერცხვენას არჩია, შვილი მიეღო. ნუჯუდი ხშირად მიმართავს იემენელ მშობლებს: „ნუ დააქორწინებთ თქვენს შვილებს ადრე. ამით ხელს უშლით განათლების მიღებაში და უნგრევთ ბავშვობას.”

ნუჯუდის საქციელმა სხვა ადამიანებსაც მისცა ძალა, წინ აღდგომოდნენ დრომოჭმულ ტრადიციებს. National Geographic-ის ჟურნალისტი შეხვდა 12 წლის იემენელ გოგონას, რეემს, რომელიც ქმარს გაეყარა ნუჯუდის შემთხვევიდან რამდენიმე თვეში. ამისთვის მან გადაიტანა მძიმე პროცესები სასამართლოში, სადაც უმტკიცებდნენ, რომ ის არაა მომწიფებული საიმისოდ, გადაწყვიტოს თავისი ცოლ-ქმრული ურთიერთობის მომავალი. ინდოეთში შეხვდა 13 წლის სუნილს, რომელმაც 11 წლის ასაკში შეჰფიცა მშობლებს, რომ არ გაყვებოდა მათ მიერ არჩეულ სასიძოს, რომელიც უკვე გზაში იყო. ხოლო თუ ძალას დაატანდნენ, პოლიციაში უჩივლებდა.

ორგანიზაცია ICRW-ის თვალსაზრისით, 18 წელს ქვემოთ გოგონას ქორწინება მიეკუთვნება ბავშვების ქორწინების კატეგორიას. მკვლევართა მონაცემებით, განვითარებად სამყაროში ყოველ წელს 10-დან 12 მილიონამდე გოგონა ქორწინდება ამ ასაკში. როცა მოზარდს აიძულებენ, გათხოვდეს და შვილი გააჩინოს, უსპობენ შანსს, რომ მიიღოს კარგი განათლება და ჰქონდეს მაღალი ანაზღაურება. თუმცა ადრე გათხოვების მიზეზი ყოველთვის დესპოტი მშობლები არ არიან. ზოგჯერ ამას გოგონა აკეთებს თავისი ნებით, რადგან მისგან ასე ელიან ან უბრალოდ, იმ საზოგადოებაში, რომელსაც ეკუთვნის, უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.

ადრეულ ასაკში ქორწინებას გაკრიტიკებაზე მეტად აბრკოლებს ადგილობრივი სტიმულები. ინდოეთში წვრთნიან ჯანდაცვის თანამშრომლებს, სახელად სატჰინებს, რომლებიც მეთვალყურეობენ ოჯახების კეთილდღეობას. მათ მოვალეობაში შედის, შეახსენონ სოფლელებს, რომ ბავშვების ქორწინება არამარტო დანაშაულია, არამედ დიდი ზიანიც მათი ქალიშვილებისთვის. სწორედ რაჯასტანელი სატჰინის დამსახურებაა, რომ 11 წლის სუნილის მშობლებმა უარი თქვეს საქორწინო გარიგებაზე და სკოლაში მიაბრუნეს.

რაჯასტანელი სუნილი

***

ერთ-ერთი, ვისაც შეუძლია, აჩვენოს ბალანსი, თუ როგორ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და პატივსაცემი ქალი ისეთ კულტურაში, სადაც ადრეული ქორწინება ხშირია, არის 17 წლის რაჯასტანელი გოგონა, სახელად შობჰა ჩოუდარი. შობჰა სკოლაში სწავლობს, გათხოვილია 8 წლის ასაკიდან. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მის ქორწილში ათობით სოფლელი გოგონა მოსულიყო სტუმრად, ღარიბ დასახლებულ ადგილში დიდი ლხინი იყო გამართული. მაშინ შობჰამ არ იცოდა, რა იყო ქორწილი, თუმცა მაინც უხაროდა. ქმარი მასზე რამდენიმე წლით უფროსია. მან მოახერხა გაუნას, ანუ ქმრის სახლში გადასვლის ცერემონიალის გადადება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაუნაზე საბოლოოდ ამბობს უარს. მიიჩნევს, რომ ეს მოვალეობაა და უნდა შეასრულოს. ქმარი გაუნათლებელია, თუმცა გადაწყვეტილი აქვს, თავად ასწავლოს.

გოგონას სურვილი აქვს, სკოლის შემდეგაც გააგრძელოს სწავლა. მას სურს, ინდური პოლიციის ძალებში მოსინჯოს ბედი, რათა უკეთ აღუდგეს წინ ბავშვების ქორწინების შემთხვევებს. სკოლაში სწავლის პერიოდში შობჰა დღიურებს წერდა. ერთ-ერთ გვერდზე ასეთი რამ წერია: „ჩემს თვალწინ არასდროს არავის მივცემ უფლებას, ბავშვი გაათხოვოს. მე თვითონ დავიხსნი ყოველ გოგონას.”

შობჰას მშობლები ამაყობენ გოგონას გამბედაობით. ამასთან, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სახლში ელექტროენერგია არსებობს, ასე რომ მასაც და მის უმცროს და-ძმებსაც შეუძლიათ დაბნელების შემდეგ იმეცადინონ. „მე შემიძლია ნიშნების მოხაზვა”, – ამბობს შობჰას დედა. „მან ჩემი სახელის წერა მასწავლა.”

სწავლა შობჰასთვის გატაცებაცაა და გაუნას გადადების ტაქტიკაც. თუმცა გაგრძელებისთვის მას სპონსორი სჭირდება. National Geographic-ის ჟურნალისტი მას აფინანსებს სწავლის ერთი წლისთვის საჭირო თანხით. „ვნახოთ, რა მოხდება.” – ამბობს შობჰა. „თუმცა, რაც გინდა მოხდეს, შეგუება მომიწევს. ქალებმა მსხვერპლი უნდა გაიღონ.” „კი მაგრამ, რატომ ქალებმა?” „იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია კაცებზე.”

ამჟამად შობჰას გავლილი აქვს კომპიუტერული კურსები და მომზადება პოლიციის გამოცდებისთვის. მისი ინგლისური ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება. ქმართან იშვიათად აქვს კავშირი. ჯერჯერობით არც გაუნა ჩატარებულა. შობჰა ვიდეოს უგზავნის ჟურნალისტს, სადაც ფართოდ იღიმება და ამბობს: „არაფერია შეუძლებელი, ყველაფერი გამოვა.”

ვიდეოს მიღებიდან ორი დღის შემდეგ იემენის გაზეთები წერენ, რომ ახლადგათხოვილი გოგონა საავადმყოფოში მოხვდა. სექსუალურმა ძალადობამ გოგონას შინაგანი ორგანოები დააზიანა, რის გამოც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სისხლდენისგან გარდაიცვალა. გოგონა 13 წლის იყო.

ავღანელმა პოლიციელმა ქალმა, მალალაი კაკარმა, დააპატიმრა მამაკაცი, რომელმაც მისი 15 წლის ცოლი სცემა ურჩობისთვის. მოგვიანებით კაკარს სასიკვდილოდ გაუსწორდა თალიბანი.

26 thoughts on “პატარძალი ბავშვების საიდუმლო სამყარო

  1. თორნიკე

    ერთ-ერთი საუკეთესო პოსტია, რაც ოდესმე წამიკითხავს. საიდანმე თარგმნე თუ შენ ხარ ავტორი?

    Like

  2. არა რა, ვგიჟდები ამ ბლოგზე!
    სტატია ძალიან საინტერესო იყო, სამწუხაროა, რომ დღესდღეობით კვლავ ვხვდებით მსგავს ფაქტებს : (

    Like

    1. მადლობა დიდი 🙂

      ოდესმე, როცა განათლება ყველა ქვეყანაში გაიდგამს ფესვს, ამოიძირკვება ესეთებიც, მაგრამ ჯერ ვერ ხდება სამწუხაროდ

      Like

  3. რა უბედურებაა,ჯერ განათლება ხომ არ აქვთ,მერე სქესობრივი ცხოვრების გაგებაშიც არ არიან და რა არის მათი ცხოვრება ვიღაც მამრის,რომელთანაც არანაირი საერთო არ გააჩნიათ სურვილის დაკმაყოფილება და შვილის გაზრდა ისიც ვინუჟდენში?

    გასაგებია რომ ძნელია ამ დრომოჭმულ ადათ-წესებს ებრძოლო,მაგრა სად არიან ადამიანთა უფლებების დამცველები…

    Like

    1. რავი ახერხებენ მაგათგან დამალვას და ჩუმად დაქორწინებას 😦 განათლების დონის აწევა შველის საგრძნობლად, იმედია მომავალშიც გააგრძელებენ განათლებაზე ზრუნვას

      Like

  4. გამოხმაურება: National Geographic – აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  5. გამოხმაურება: 2011 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  6. გამოხმაურება: 2012 წლის World Press-ის გამარჯვებული ფოტოები « ჩრდილოეთის ციალი

  7. ადვოკატი ნინო პეპანაშვილი

    ყოჩაღ, ავტორო! მასალები ერთმანეთზე უკეთესია! გთხოვთ მიპასუხოთ: თუ შეიძლება მასალების გამოყენება წყაროს მითითებით? (ჟურნალისთვის, რომელიც იარსებებს არამარტო ელექტრონული, არამედ ნაბეჭდი ფორმითაც?)

    Like

  8. არასდროს წამიკითხასვ ასეთი საინტერესო პოსტი – ასე ფანტასტიურად თარგმნილი. მთელი სულითა და გულით გილოცავ, რომ ასეთი რთული სტატია საამაყოდ ზე გამოგივიდა. ბრავო!

    Like

დატოვე კომენტარი